არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

როგორც სატელიტებიდან მიღებული მონაცემებით გახდა ცნობილი, 2007 წელს არქტიკული ყინული იმდენად დადნა, რომ „მისი ზომა ადრინდელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა“. ყინულმა, რომლის ფართობიც დღეისათვის 4 280 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, 2005 წლიდან (როდესაც მისმა ზომამ ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწია) დღემდე 23 პროცენტით დაიკლო (NATIONAL SNOW AND ICE DATA CENTER, აშშ).

ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე შეიარაღებული ქვეყანაა — ყოველ 100 მოქალაქეზე 90 ცეცხლსასროლი იარაღი მოდის. ამ მხრივ მსოფლიოში „მეორე ადგილს იკავებს“ ინდოეთი, თუმცა იქ „ყოველ 100 კაცზე მხოლოდ 4 იარაღი მოდის“ („ტაიმი“, აშშ).

მაიამიში (ფლორიდა, აშშ) დაიბადა 21 კვირისა და 6 დღის ბავშვი, რომლის წონაც იყო 283,5 გრამი. „ეს, შესაძლოა, ასე ნაადრევად დაბადებული ბავშვის გადარჩენის ერთადერთი ცნობილი შემთხვევაა“. „როგორც წესი, ის ბავშვები, რომლებიც 23 კვირაზე ადრე იბადებიან და 400 გრამზე ნაკლებს იწონიან, ვერ ცოცხლობენ“ (ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“, აშშ).

გამტკნარებული ზღვის წყალი

ეგეოსის ზღვის კუნძულებზე სასმელი წყლის სიმცირის პრობლემასთან გასამკლავებლად ბერძენმა მეცნიერებმა შექმნეს „მსოფლიოში პირველი, თვითმართვადი, წყლის გამფილტრავი სისტემა, რომელიც წყალზე ტივტივებს. ეს ახალი გამოგონება ეკოლოგიას არანაირ ზიანს არ აყენებს“, — იტყობინება ათენის ახალი ამბების სააგენტო. ეს სისტემა, რომელიც მასზე დამაგრებულ მზის ელემენტებსა და ქარის ტურბინებზე მუშაობს, დღეში დაახლოებით 300 კაცისთვის სამყოფ წყალს ფილტრავს. ამ დანადგარს შეუძლია ნებისმიერ ამინდში იმუშაოს. მისი შემოწმება და მართვა შორი მანძილიდანაც შეიძლება. ამასთანავე, შესაძლებელია ამ სისტემის იქ გადატანა, სადაც სასმელი წყლის ნაკლებობაა.

ყინულებში აღმოჩენილი ძვლები

„ციმბირის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში . . . ტემპერატურის ცვალებადობის გამო დნობა იწყო ყინულმა. დნობის შედეგად გამოჩნდა ისეთი პრეისტორიული ცხოველების ძვლები, როგორებიცაა, მაგალითად, მამონტი, მარტორქა და ლომი“, — იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“ ქალაქ ჩერსკიდან (იაკუტია, რუსეთი). კოლექციონერები თუ სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლები მზად არიან, დიდი თანხა გადაიხადონ ნაშთებში, ამიტომ დაინტერესებული პირები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით საგულდაგულოდ იკვლევენ ტუნდრას, რომ ძვირფასი მასალა მოიპოვონ. „მარადი ყინული დნება და ზოგან ტყდება კიდეც, რის შედეგადაც . . . ყოველ რამდენიმე მეტრში ჩანს მიწაში ჩარჩენილი ძვლები“.

ჩამორთმეულ ალკოჰოლს კარგი გამოყენება მოუძებნეს

რამდენიმე წლის წინ შვედი მებაჟეები კონტრაბანდულ ალკოჰოლს უბრალოდ ანადგურებდნენ. ახლა კი ჩამორთმეულ სასმელს „საზოგადოებრივი ტრანსპორტის საწვავად იყენებენ“, — იუწყება სტოკჰოლმიდან საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“-ი. 2006 წელს ჩამორთმეული 700 000 ლიტრი ლიქიორი გარდაქმნეს ალტერნატიულ საწვავად, ბიოგაზად, რომელიც „ავტობუსებისთვის, სატვირთო მანქანებისა და ბიოგაზზე მომუშავე მატარებლებისთვის გამოიყენეს“. ამ საწვავს „კარგი მოგება მოაქვს, რადგან მისი დამზადებისთვის საჭირო მასალის ყიდვა არ არის საჭირო“, — დასძენს ზემოხსენებული სააგენტო. ეს საწვავი იმითაც არის სასარგებლო, რომ მისი გამოყენების შედეგად მცირდება ჰაერში ისეთი მავნე ნივთიერებების რაოდენობა, რომლებიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.

„სიმორცხვის ეპიდემია“

„ელექტრონული ფოსტა, ტექსტური შეტყობინებები და აიპოდი სიმორცხვის გლობალურ ეპიდემიას იწვევს“, — იტყობინება ავსტრალიაში გამომავალი გაზეთი „სანდი ტელეგრაფი“. როგორც ფსიქოლოგი და მკვლევარი რობინ აბრაჰამსი აღნიშნავს, საზოგადოებაში ადამიანების თითქმის ნახევარი მორცხვი გახდა; ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაცილებით დიდია. „ტექნოლოგიის განვითარებამ ხელი შეუწყო იმას, რომ გავექცეთ ჩვენთვის არასასურველ სიტუაციებს. თანამედროვე ტექნიკამ ადამიანები უფრო დაგვაშორა ერთმანეთს, — ამბობს აბრაჰამსი. — ბევრი ერთმანეთთან ლაპარაკს ელექტრონულ ფოსტასა და ტექსტურ შეტყობინებებს ამჯობინებს“.