არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხეები უჩვეულო ფესვებით

ხეები უჩვეულო ფესვებით

ხეები უჩვეულო ფესვებით

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

ისინი თავშესაფარს სთავაზობენ გადაშენების პირას მისულ მრავალ ძუძუმწოვარს, ფრინველსა თუ ქვეწარმავალს. ისინი გარემოს სისუფთავესაც უწყობენ ხელს იმით, რომ ფილტრავენ წყალს. ფლორიდის სამხრეთ ნაწილში (აშშ) მეთევზეთა საყვარელი თევზის 75 პროცენტი და სარეწაო თევზის 90 პროცენტი მათზეა დამოკიდებული. ისინი ქმნიან ბარიერს, რომელიც სანაპირო ზოლს ქარიშხლებისა და ძლიერი ტალღებისგან იცავს. იცით, რაზე ვსაუბრობთ? მანგროს ხეებზე!

მანგრო, რომელიც მსოფლიოს თითქმის ნახევარზე მეტ ტროპიკულ სანაპიროებზე იზრდება, ხეებისა და ბუჩქების სახით გვხვდება და აერთიანებს რამდენიმე ოჯახს. ძირითადად, ის იზრდება ხმელეთსა და ზღვას შორის, წყლის მოქცევის ადგილებში, სადაც მლაშე და მტკნარი წყალი ერთმანეთს ერევა. აქ წყალი ისეთი მარილიანია, რომ მრავალი მცენარე ამას ვერ აიტანდა, მაგრამ მანგრო ადვილად ეგუება ასეთ გარემოს. როგორ? სხვადასხვა საოცარი თავისებურების წყალობით, რომელთა ცალკეული თუ ერთდროული მოქმედება ხელს უწყობს იმას, რომ მანგრომ თავი კარგად იგრძნოს ასეთ პირობებში.

„მარილწყალში“ ამოსული

ზოგ მანგროს აქვს ფილტრი, რომელიც იცავს მას იმისგან, რომ ფესვიდან მასში მარილმა არ შეაღწიოს. ის იმდენად კარგად აშორებს წყალს მარილს, რომ მგზავრს შეუძლია წყურვილი მოიკლას, თუ მანგროს ფესვს გადახსნის და იქიდან გამტკნარებულ წყალს შესვამს. სხვა სახეობის მანგროები იწოვს და აგროვებს მარილს, შემდეგ კი გამოყოფს მას ძველ ფოთლებსა თუ მცენარის სხვა ნაწილებში, რომლებიც ხეს შემდგომ სცილდება.

სხვა მანგროები კი მარილს იწოვენ, მაგრამ მალევე გამოყოფენ მას. ასეთ შემთხვევაში მარილი, ჩვეულებრივ, ფოთოლზე მდებარე მარილის გამომყოფი ჯირკვლებიდან გამოიდევნება. თუ ასეთ ფოთოლს ენას აუსვამთ, შენიშნავთ, რომ ის ძალიან მლაშეა. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ყველა სახეობის მანგრო უვნებელი არ არის! მაგალითად, ერთ-ერთი სახეობის მანგროს ფოთლებიდან გამოყოფილი მცენარეული რძეწვენი, ლატექსი, თვალში რომ მოგხვდეთ, ამან შეიძლება დროებით დაგაბრმაოთ. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლატექსს აქვს სამკურნალო თვისებები და მას იყენებენ იარებისა და ნაკბენი ადგილების სამკურნალოდ.

რა უწყობს ხელს მათ არსებობას?

მცენარეთა უმეტესობას არსებობისთვის ჟანგბადით გაჯერებული ნიადაგი სჭირდება. მაგრამ ის ნიადაგი, რომელშიც მანგრო ხარობს, წყლითაა გაჟღენთილი. თავის არსებობას ის უნდა უმადლოდეს ნიადაგიდან მაღლა ამოშვერილ საჰაერო ფესვებს, რომელთა წყალობითაც ჟანგბადს მანგრო პირდაპირ ჰაერიდან იღებს. მანგროს ხეებს სხვადასხვა ფორმის ფესვები აქვთ. ზოგიერთი ფესვი, როგორიცაა მაგალითად მუხლა ფესვი, ნიადაგიდან ჯერ ზემოთ იზრდება, შემდეგ კი ისევ ნიადაგში ჩადის და იქ განაგრძობს ზრდას. ასეთი ზრდის შედეგად ფესვი ზედაპირზე ისე იზნიქება, რომ ერთი შეხედვით, მოხრილ მუხლს წააგავს.

მილისებრი ფესვები ნიადაგიდან ვერტიკალურად ამოდის. სვეტისებრი ფესვები, რომლებიც მოგვიანებით ოჩოფეხა ფესვებად იქცევა, ხის ტანის ქვედა ნაწილიდან იტოტება. ფიცრისებრი ფესვები ხის ძირიდან წრიულად იზრდება და თან გზადაგზა იხვევა. ფესვების ზედა ნაწილი ნიადაგიდან ზემოთ არის ამოწეული. ფესვთა ასეთი განსხვავებული სისტემა ხეს არა მარტო სუნთქვის, არამედ რბილ ნიადაგში მყარად დგომის საშუალებასაც აძლევს.

როგორ მრავლდება მანგრო

მანგროს ერთ-ერთ სახეობას („Xylocarpus granatum“) აქვს დიდი მრგვალი ნაყოფი, რომელიც სავსეა უსწორმასწორო ფორმის თესლებით. დამწიფებისას ნაყოფი სკდება და თესლი წყალში იყრება. ზოგი მათგანი წყალზე ტივტივებს მანამ, სანამ მას წყალი ისეთ ადგილამდე არ მიიტანს, სადაც ის გაღივდება.

მანგროს ხის ზოგიერთი ჯიშის თესლი მაშინ ღივდება, როცა ის ჯერ კიდევ დედა მცენარეზეა. მცენარეთა სამყაროში ეს ძალიან უჩვეულო მოვლენაა. ამ ჯიშის მანგროებზე ამოსული ღივები შემდგომ ხეს წყდება და წყალში რამდენიმე თვის ან ერთი წლის განმავლობაშიც კი ტივტივებს, ვიდრე აღმოსაცენებლად ხელსაყრელ გარემოს არ მიაგნებს.

რამდენადაც გაღივებული თესლი წყალზე ტივტივებს, მას შეუძლია მიაგნოს ნაკლებად მარილიან ადგილს, რომელიც მისთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს. მლაშე წყალში ის ჰორიზონტალურად ტივტივებს, ხოლო როცა ნაკლებად მარილიანში ხვდება, ვერტიკალურად იწყებს ტივტივს, რისი წყალობითაც მას შეუძლია, ლამში გაჩერდეს და ფესვი გაიდგას.

მანგროს როლი ეკოსისტემაში

მანგროს ხეები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოცხალი ორგანიზმების გამოკვებაში. ყველაფრით, რაც მანგროს ხეს სცვივა და ლპება, მიკროორგანიზმები იკვებებიან. მიკროორგანიზმებიც, თავის მხრივ, საკვებს წარმოადგენენ კვებით ჯაჭვში შემავალი სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. მრავალი ცოცხალი არსებისთვის მანგროს ტყეები საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად, გამოსაკვებად და გასამრავლებლად.

მაგალითად, ფრინველების ასობით სახეობა მანგროს ტყეებში ბუდობს და იკვებება, ხოლო ის სახეობები, რომლებსაც მიგრაციის დროს ამ ტერიტორიაზე გადაფრენა უწევთ, დასასვენებლად სწორედ აქ ჩერდებიან. მხოლოდ ბელიზში 500-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს მანგროს ტყეებში. მრავალი თევზის ლიფსიტა სწორედ მანგროს ტყეებში, წყლით გაჟღენთილ ნიადაგში დაყრილი ქვირითიდან იჩეკება. თევზისთვისაც საკვები აქ უხვადაა. 120-ზე მეტი სახეობის თევზი მოიპოვება ინდოეთსა და ბანგლადეშს შორის არსებული სუნდარბანის მანგროს ტყეში.

მანგროს მეზობლად სხვა მცენარეებიც კარგად ხარობენ. ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე, მანგროს ხეებზე 105 სახეობის მღიერი იზრდება. მანგროს ტყის შორიახლოს მრავალი გვიმრა, ჯადვარი, ფითრი თუ სხვა მცენარეც კარგად გრძნობს თავს. მანგროს ხეს ყველგან, სადაც კი ის იზრდება, დიდი წვლილი შეაქვს მცენარეთა და ცხოველთა არსებობაში. გარდა ამისა, მას ადამიანისთვისაც დიდი სარგებლობა მოაქვს.

ადამიანისთვის სასარგებლო

როგორც დავინახეთ, მანგრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოში. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მას ადამიანისთვისაც დიდი სარგებლობა მოაქვს. მაგალითად, მას ხმარობენ შეშად, მისგან იღებენ ნახშირს და ამზადებენ საქონლის საკვებს; გარდა ამისა, მანგროდან მიიღება ტანინი; ამ მცენარეს სხვადასხვა მედიკამენტის დასამზადებელ ნედლეულადაც იყენებენ. მანგროს გავრცელების არეალში ვხვდებით საკვებად ვარგის თევზებს, კიბოსნაირებსა და მოლუსკებს. აქვე მოიპოვება თაფლი. ერთ დროს ზოგ მეზღვაურს იმისაც კი სჯეროდა, რომ ხამანწკები პირდაპირ ხეებზე იზრდებოდნენ, რადგან წყლის მიქცევისას ადვილად შეიძლებოდა ხის ფესვებზე შემორჩენილი ხამანწკების დაჭერა.

მანგროს ხეები ასევე გამოიყენება ქაღალდის, ქსოვილისა და ტყავის წარმოებაში. მას აგრეთვე მშენებლობაშიც იყენებენ. მანგროს ტყეების მიდამოებს ხშირად სტუმრობენ თევზსარეწაო კომპანიები. ეს ადგილები ტურისტებსაც იზიდავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანგროს ხეები ეკოსისტემაში, ერთი მონაცემის თანახმად, ყოველ წელს მაინც 100 000 ჰექტარი ფართობის მანგროს ტყე იჩეხება. ხშირად მათ იმიტომ ჭრიან, რომ, ერთი შეხედვით, უფრო მომგებიანი, მაგალითად სასოფლო-სამეურნეო საქმეები ან სამშენებლო პროექტები განახორციელონ. მანგროს ჭაობიან მიდამოებს ბევრი მიიჩნევს კოღოების ბუდედ ქცეულ ტალახიან და მყრალ ადგილად, რომელსაც ჯობია მოერიდო.

მაგრამ სინამდვილეში მანგროს ხეები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოში. მისი საჰაერო ფესვები, რომლებიც ადვილად ეგუება სხვა მცენარეებისთვის არახელსაყრელ გარემოს, და მთავარღერძიანი ფესვები, რომლებიც წყალს მარილისგან ფილტრავს, ხელს უწყობს რთული და მდიდარი ეკოსისტემის არსებობას. მანგროს ტყეები შესანიშნავ პირობებს ქმნის თევზჭერისთვის. ისინი ასევე ფართოდ გამოიყენება ხის დასამუშავებელ მრეწველობაში. გარდა ამისა, მანგრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ველურ ბუნებაში. მანგროს ხეები აკავებს ქარიშხალს, რომელიც გამოიწვევდა არა მხოლოდ სანაპირო ზოლის ეროზიას, არამედ ათასობით ადამიანის სიცოცხლესაც შეუქმნიდა საფრთხეს. უდავოდ, მანგროს ხეები მრავალმხრივ სასარგებლოა!

[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]

ველური თაფლის ძიება

მსოფლიოს ყველაზე დიდი მანგროს ტყე სუნდარბანში მდებარეობს. ეს ტერიტორია მოიცავს მდინარე განგის დელტის დიდ ნაწილს, რომელიც ინდოეთსა და ბანგლადეშს შორისაა მოქცეული. აქ მცხოვრებ ხალხს შორის არიან მოვალისები, რომელთა საარსებო წყაროსაც მანგროს ტყეები წარმოადგენს. მათი საქმიანობა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სარისკო საქმედ ითვლება.

მოვალისები თაფლის ძიებით არიან დაკავებული. ყოველ წელს, აპრილსა და მაისში ისინი დიდ რისკზე მიდიან და მანგროს ტყის უსწორმასწორო ადგილებში გიგანტური ფუტკრის ფიჭას დაეძებენ. ფუტკრები, რომლის ფიჭის მოსაპოვებლადაც ისინი მიემართებიან, ზომით საკმაოდ დიდები არიან — სიგრძეში ისინი თითქმის 4 სანტიმეტრს აღწევენ. ეს ფუტკრები ძალიან აგრესიულები არიან. ცნობილია, რომ მათ სპილოებიც კი მოუკლავთ!

ამ საშიშროების გამო მოვალისები მანგროსგან აკეთებენ ჩირაღდნებს, რომლის კვამლზე ფუტკრები იქაურობას სცილდებიან. გონიერი თაფლის მაძიებლები ფიჭის გარკვეულ ნაწილს ტოვებენ, რათა ფუტკარმა კვლავ დააშენოს მასზე ახალი ფიჭა. ამგვარად, ისინი ხელს უწყობენ იმას, რომ წლიდან წლამდე შეძლონ თაფლის აღება.

თაფლის მაძიებლებისთვის საფრთხეს მხოლოდ ფუტკარი არ წარმოადგენს. მათ საშიშროებას ასევე უქმნიან ნიანგები და შხამიანი გველები. გარდა ამისა, ტყიდან გამოსულ თაფლის მაძიებლებს, რომლებიც თაფლითა და ცვილით არიან დატვირთულნი, ქურდებიც უსაფრდებიან. და მაინც, ყველაზე დიდ საფრთხეს მათ უქმნის ბენგალური ვეფხვი, რომლის მსხვერპლი ყოველ წელს 15—20 თაფლის მომპოვებელი ხდება.

[საავტორო უფლება]

Zafer Kizilkaya/​Images & Stories

[სურათი 23 გვერდზე]

მანგრო ისეთ ადგილებში ხარობს, სადაც მცენარეთა უმეტესობა ვერ ძლებს

[საავტორო უფლებები]

Top right: Zach Holmes Photography/Photographers Direct; lower right: Martin Spragg Photography (www.spraggshots.com)/Photographers Direct