ბრიტანეთის არხები დღემდე განსაცვიფრებელი
ბრიტანეთის არხები დღემდე განსაცვიფრებელი
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრიტანეთიდან
მე-19 საუკუნის დამდეგისთვის ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში არაერთი არხი იყო გაყვანილი; მათი საერთო სიგრძე დაახლოებით 6 000 კილომეტრს შეადგენდა. რა მიზნით ააგეს ეს არხები და ვინ იყენებს მათ დღეს, 21-ე საუკუნეში?
სამრეწველო გადატრიალებამ მე-18 საუკუნის ბრიტანეთი ახალი ამოცანის წინაშე დააყენა. ნედლეულისა და მზა პროდუქციის გადასაზიდად იაფ და სწრაფ სატრანსპორტო საშუალებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ დრომდე ტვირთი ცხენებითა და საზიდრებით გადაჰქონდათ. მაგრამ ზამთარში გზები ისეთი ოღრო-ჩოღრო და ტალახიანი იყო, რომ გადაადგილება ჭირდა. სამაგიეროდ, ერთ ცხენს ბაგირით სწრაფად და შეუფერხებლად 30 ტონა ტვირთით სავსე ნავის თრევა შეეძლო.
1761 წელს ბრიჯუოტერის ჰერცოგის დაკვეთით ააგეს სანაოსნო არხი. ამ არხის საშუალებით ქვანახშირი უნდა ჩაეტანათ მანჩესტერში, რომელიც ჰერცოგის მაღაროდან 16 კილომეტრით იყო დაშორებული. ამან არა მარტო მოგება მოუტანა ჰერცოგს, არამედ გაანახევრა კიდეც მანჩესტერში ქვანახშირის ფასი. 1790 წლისთვის აიგო არხთა კომპლექსი, რომელიც ერთმანეთთან აერთებდა ოთხ მთავარ მდინარეს, ინგლისის ინდუსტრიულ ცენტრს კი ნავსადგურებთან აკავშირებდა. ასე დაიწყო ბრიტანეთში არხების ეპოქა.
არხების გაყვანა და დანიშნულება
არხებს გამოცდილი ინჟინრები აგებდნენ. მათ შორის იყო ჯეიმზ ბრინდლი, თვითნასწავლი ინჟინერი, რომელიც ამ მეტად რთულ საქმეს წინასწარი გაანგარიშებისა და ნახაზების გარეშე შეეჭიდა. ინჟინრებმა შეიმუშავეს ჩინებული მეთოდები, რათა რელიეფის სხვადასხვაობის მიუხედავად გრძელი არხები გაეყვანათ. ამისათვის მათ ააგეს აკვედუკები, გვირაბები, რაბები და ხიდები, რომლებიც დღესაც საამაყო ნაგებობებად ითვლება.
20 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრი სიგანის ხის ვიწრო ნავებს გადაჰქონდათ დიდი ტვირთი: ქვანახშირი, კირი, კირქვა, კაოლინი (თეთრი ცეცხლგამძლე
თიხა), რკინის მადანი, აგურები და ფქვილი. ცხენები არხის გასწვრივ ბილიკზე მიდიოდნენ და ისე მიათრევდნენ ბაგირით ნავებს. ამ ნავებს „მფრინავ ნავებსაც“ უწოდებდნენ, რადგან მათი საშუალებით გადაჰქონდათ მალფუჭებადი და სასწრაფოდ გადასატანი საქონელი. ეს ნავები ღამითაც კი არ ჩერდებოდა.გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ერთ ცხენს მეორე ცვლიდა. ცხენებს ადვილად სვლადი ნავები 15 კმ/სთ სიჩქარით მიჰყავდათ. ეს ნავები თითქმის 120 კაცს იტევდა. „მფრინავი ნავების“ მსგავსად, მათაც ჰქონდათ გავლის უპირატესობა. ბრიჯუოტერის არხში კი ამ ნავებს ცხვირზე დამაგრებული საჭრისით შეეძლოთ გაეჭრათ სხვა ნებისმიერი ნავის ბაგირი, რომელიც მათ გადაადგილებას შეაფერხებდა. არხების წყალობით უბრალო ხალხს პირველად მიეცა იაფად და მოხერხებულად მგზავრობის შესაძლებლობა.
ცხოვრება ვიწრო ნავებზე
მენავეებს მეტად რთული და ხშირად სახიფათო საქმის კეთება უწევდათ. ვინაიდან სულ გზაში იყვნენ, თითქმის არ ჰქონდათ განათლების მიღების შესაძლებლობა და მოწყვეტილნი იყვნენ გარე სამყაროს.
ვიწრო ნავების მფლობელებმა შექმნეს თავისებური ხალხური ხელოვნება. ნავებზე ღია ფერებში ხატავდნენ პეიზაჟებს და გეომეტრიულ ფიგურებს. მოხატული იყო კაბინაც, რომელიც ნავს კიჩოსთან ჰქონდა. ეს იყო მენავისა და მისი ცოლ-შვილის საცხოვრებელი, რომლის ფართობიც სულ რაღაც 6 კვადრატული მეტრი იყო. ფართის სიმცირის გამო კაბინაში მათ ჰქონდათ საკეცი საწოლები და ზანდუკები, რომელსაც ამავე დროს დასაჯდომად იყენებდნენ. თაროები მორთული იყო ბადისებრი ქსოვილით, ქურა კი თითბრისა და ფაიფურის ბზინვარე ორნამენტებით იყო გაფორმებული. ეს ყველაფერი სიმყუდროვეს ქმნიდა. მენავის გამრჯე ცოლს ათასი საქმე ჰქონდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ტვირთი ხშირად აბინძურებდა ნავს. მიუხედავად ამისა, ქმარ-შვილიც სუფთად ჰყავდა და ნავიც გაწკრიალებული ჰქონდა. საჭის სახელურზე შემოვლებული ნაქსოვი წნულიც კი გაქათქათებული იყო.
დღემდე შემონახული
1825 წელს, როდესაც არხების გაყვანა თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, ჯორჯ სტივენსონმა
სტოქტონიდან დარლინგტონამდე რკინიგზა გაიყვანა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი რკინიგზა, რომელზეც ორთქლმავლები მოძრაობდა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ტვირთი, ძირითადად, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაჰქონდათ. დროთა განმავლობაში არხები გამოუყენებელი გახდა და დაზიანდა. ზოგიერთი არხი სარკინიგზო კომპანიებმა შეისყიდეს კონკურენტების ჩამოსაშორებლად. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი ახალი და უკეთესი გზები გაიყვანეს, რის გამოც არხებს თითქმის აღარავინ იყენებდა. ყველაზე დიდი ოპტიმისტიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ბრიტანეთის არხები ამდენ ხანს იარსებებდა.მაგრამ ცალკეული ადამიანებისა თუ ადამიანთა ჯგუფების მიერ ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად არხები დღემდე ფუნქციონირებს. ზოგიერთი ნავით დღესაც გადააქვთ ტვირთი, ზოგი კი მუდმივ საცხოვრებლად ან დამსვენებლებისთვის სამოგზაუროდ გამოიყენება. დღესდღეობით ამ არხების გავლით, რომელთა საერთო სიგრძეც 3 000 კილომეტრია, შესაძლებელია ბრიტანეთის ბუნების ულამაზესი ხედების ნახვა. ვიწრო ნავის მოყვარულებმა ძველი ტრადიციები აღადგინეს; პერიოდულად აწყობენ კულტურულ დღესასწაულს და ხალხს სანაოსნო ტრადიციებს აცნობენ. ეს კაშკაშა ფერებით მოხატული სასეირნო ნავები ისეთი პოპულარული გახდა, რომ არხებში დღეს უფრო მეტი ვიწრო ნავი დაცურავს, ვიდრე მაშინ, როდესაც ასეთი ნავებით ტვირთი გადაჰქონდათ. არხების აღდგენა დღეს ისეთივე ტემპით მიმდინარეობს, როგორი ტემპითაც 200 წლის წინათ მათი გაყვანა.
მიუხედავად ამისა, ნავებით მოსეირნეთა რიცხვი არც ისე ბევრია. მიზეზი ისაა, რომ აღდგენილი არხების გასწვრივ გააშენეს პარკები, სადაც ხალხს შეუძლია ისეირნოს და დატკბეს მათთვის უცნობი ქალაქისა და სოფლის ხედებით. იმ ბილიკებზე, სადაც ერთ დროს ცხენები დადიოდნენ და ნავებს ბაგირით მიათრევდნენ, დღეს ნახავთ ფეხითა თუ ველოსიპედით მოსეირნეებს და მეთევზეებს. არხებში წყლის დონის შესანარჩუნებლად აგებული წყალსატევები ფლორისა და ფაუნისთვის შესანიშნავ გარემო პირობებს ქმნის. არხების ირგვლივ ნახავთ ათასგვარ მცენარეს, სხვადასხვა ფრინველსა თუ ცხოველს.
ბრიტანეთში არხების გაყვანა ახალი ეპოქის დაწყებას მოასწავებდა, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ დღევანდელ ეპოქაში სრულიად სხვა დანიშნულებას შეიძენდა?! ეს არხები ერთგვარი თავშესაფარია იმ ხალხისთვის, ვისაც სურს, დროებით მაინც დააღწიოს თავი ცხოვრების ორომტრიალს, რომლის შექმნასაც თავად ამ არხებმა შეუწყო ხელი.
[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]
არხებზე აგებული გვირაბები
ძალიან ცოტაა ისეთი გვირაბი, რომელსაც შიგნით, კედლის გასწვრივ, ბილიკი მიუყვება. ამიტომ ძრავიანი ნავების გამოგონებამდე ვიწრო ნავების გვირაბში გაყვანა საკმაოდ სახიფათო იყო. მენავეები ნავის ცხვირზე ორ ფიცარს ამაგრებდნენ, შემდეგ ზედ გულაღმა წვებოდნენ, ხელებს მაგრად სჭიდებდნენ და კედელზე ფეხების მიბჯენით მიჰყავდათ ნავი. გვირაბში ბნელოდა, ნავში კი მხოლოდ ერთი სანთელი ენთო, ამიტომ ფეხის ერთი არასწორი მოძრაობა და მენავე შეიძლებოდა წყალში ჩავარდნილიყო. ზოგჯერ ასეთი შემთხვევები მენავის სიკვდილით მთავრდებოდა, რადგან მენავე გვირაბის კედელსა და ნავის კორპუსს შორის ვარდებოდა. ბრიტანეთის არხების გვირაბების საერთო სიგრძე ერთ დროს 68 კილომეტრი იყო. ყველაზე გრძელ გვირაბებში ნავების გასაყვანად ქირაობდნენ გამოცდილ მენავეებს. დღეს ყველაზე გრძელი, ხუთკილომეტრიანი გვირაბი არის სტანდეჯში (იორქშირის საგრაფო).
[საავტორო უფლება]
Courtesy of British Waterways
[ჩარჩო⁄სურათები 15 გვერდზე]
რაბები და ნავების ამწევი ნაგებობა
რას აკეთებენ მაშინ, როდესაც არხს გზად მაღლობი ხვდება? ამ დროს წყალს ისეთ მიმართულებას აძლევენ, რომ ამ მაღალ ადგილს გვერდი აუაროს და ერთ დონეზე დარჩეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნავს მეტი მანძილის გავლა უწევს. ზოგჯერ გვირაბები გაჰყავთ, ზოგჯერ კი აგებენ რაბებს, რომლითაც წყლის დონეს არეგულირებენ. რაბი არის სპეციალური კამერა, რომელსაც ორივე ბოლოში ჭიშკარი აქვს და სხვადასხვა დონის წყალსატევებს აერთებს. როდესაც ნავი რაბში შედის, ორივე ჭიშკარი იკეტება. ნავის ასაწევად ან დასაწევად რაბში წყლის დონეს ზრდიან ან ამცირებენ.
მაგრამ თუ შეუძლებელია ძველი რაბების აღდგენა? სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ შოტლანდიაში, სადაც დიდი ხნის წინათ მიგდებული ორი არხი აღადგინეს. ეს არხები ერთმანეთთან აკავშირებს გლაზგოსა და ედინბურგს. ადრე ქალაქ ფოლკირკში თერთმეტი რაბი იყო, რომლებიც ერთმანეთთან აერთებდა იუნიონის არხსა და ფორტისა და კლაიდის არხს. ეს არხები ორ ზღვას აკავშირებს ერთმანეთთან, რომელთაგან ერთი შოტლანდიის აღმოსავლეთითაა, მეორე კი — დასავლეთით. ვინაიდან შეუძლებელი გახდა თერთმეტი რაბის აღდგენა, საუკეთესო გამოსავალი მოძებნეს და ააგეს არაჩვეულებრივი დიზაინის „ფოლკირკის ბორბალი“, რომელიც ნავს წრიული მოძრაობით სწევს მაღლა. „ბორბლის“ დიამეტრი 35 მეტრია. მას შეუძლია ერთდროულად ოთხი ნავი მაღლა ასწიოს და ოთხიც დაბლა დასწიოს, რასაც თხუთმეტი წუთი სჭირდება.
ფოლკირკის ბორბალს ლონდონის გაზეთ „ტაიმზმა“ უდიდესი საინჟინრო მიღწევა უწოდა. ეს ნაგებობა ტბაშია მოქცეული, სადაც ოცზე მეტი ნავი დგას.
[საავტორო უფლება]
Top right: Courtesy of British Waterways
[ჩარჩო⁄სურათები 16, 17 გვერდებზე]
რატომ გვიზიდავს ნავებით სეირნობა?
ბოლო წლებში მე და ჩემი მეუღლე შვებულებას საოცრად მშვიდ გარემოში ვატარებთ და ნავებით ვსეირნობთ ხოლმე არხებში. ჩვენ არ გვაწუხებს მანქანების ხმაური. ვიწრო ნავით არხს ნელა მივუყვებით 5 კმ/სთ სიჩქარით. რატომ მივცურავთ ასე ნელა? ნავმა სწრაფად რომ გაცუროს, წყლის ნაკადმა შეიძლება არხის ნაპირები დააზიანოს. ფეხით მოსიარულეები, რომლებიც ძაღლებს ასეირნებენ, ხშირად ჩვენზე სწრაფად მიდიან.
ნელი სვლის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია ბუნების მშვენიერი ხედებით ტკბობა; ამ დროს ფეხით მოსიარულეებსაც ვესალმებით. იქ სეირნობა ერთი სიამოვნებაა! ჩვეულებრივ, ნავს სამხრეთ უელსში, მონმუთშირისა და ბრეკონის დამაკავშირებელ არხზე ვქირაობთ. ეს არხი, რომლის სიგრძეც 50 კილომეტრია, გადაჭიმულია უელსის საზღვრიდან ბრეკონის მთებამდე (886 მ). ყოველთვის სასიამოვნო განცდა გვეუფლება, როდესაც რაბებს მივადგებით და ჩვენი ნავი ზევით ან ქვევით იწევა (იხილეთ ჩარჩო მე-15 გვერდზე).
ნავები კომფორტულია და ყოველმხრივაა აღჭურვილი. ზოგს ორსაწოლიანი ორი საძინებელიც კი აქვს თავისი საშხაპითა და საპირფარეშოთი. საღამოობით შეიძლება აცივდეს, ამიტომ გაყვანილია ცენტრალური გათბობა. საჭმელს ძირითადად ჩვენ ვამზადებთ, მაგრამ თუ საჭმლის მომზადების ხალისი არა გვაქვს, ვაჩერებთ ნავს, და იქვე ახლოს რომელიმე სასადილოში გემრიელ კერძს შევექცევით.
სიმშვიდე განსაკუთრებით სისხამ დილით იგრძნობა, როდესაც არხი სარკესავითაა და შიგ ხეებისა და მთების ანარეკლი მოჩანს. ირგვლივ ისეთი სიწყნარეა, რომ ჩიტების ჟღურტულის მეტს ვერაფერს გაიგონებ. ჩვენ წინ კი დინჯად დაცურავენ ყანჩები, თითქოს იქაურობას ყარაულობენო (გამოგზავნილია).
[საავტორო უფლებები]
Courtesy of British Waterways
Top right: By kind permission of Chris & Stelle on Belle (www.railwaybraking.com/belle)
[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]
Courtesy of British Waterways