გაიცანით ცნობისმოყვარე ცხვირა დათვი
გაიცანით ცნობისმოყვარე ცხვირა დათვი
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრაზილიიდან
წარმოიდგინე, რომ მისეირნობ ტყეში და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად შენკენ მომავალ ცხვირა დათვების ჯგროს ხედავ. შეშინებულს თავში მხოლოდ ერთი აზრი გაგიელვებს: „ვაიმე, ხომ არ მიკბენენ?!“ მაგრამ სანერვიულო არაფერია. თუმცაღა ცნობილია, რომ ცხვირა დათვები იკბინებიან, ამ ცნობისმოყვარე არსებებს მხოლოდ ის აინტერესებთ, რა გაქვს ჩანთაში. ცხვირა დათვები მუდამ საჭმლის ძებნაში არიან. ეს ღორმუცელები ყველაფერს ნთქავენ, რასაც ნახავენ, იქნება ეს მატლები, ხვლიკები, ობობები, თაგვები, ხილი თუ ფრინველების კვერცხები.
ცხვირა დათვი ენოტის მონათესავეა. თუმცა ენოტისგან განსხვავებით ტანი და კუდი ოდნავ გრძელი აქვს, დინგიც საკმაოდ წაგრძელებული და მოქნილი აქვს. ეს ძუძუმწოვარი, რომლის სიგრძე 66 სანტიმეტრია და კუდიც თითქმის იმავე სიგრძისა აქვს, უმეტესწილად ბინადრობს შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე მდებარე ტროპიკებში.
დედალი ცხვირა დათვები ჯოგებად დადიან. თითო ჯოგში ოცამდე დედალია. მამალი ცხვირა დათვები კი ეულად დადიან. ყოველ წელს, დაწყვილების პერიოდში, ერთი მამალი ცხვირა დათვი დედლების ჯოგს შეერევა ხოლმე. შვიდი-რვა კვირის შემდეგ კი მაკე ცხვირა დათვები ტოვებენ ჯოგს და ხეზე ბუდის გაკეთებას იწყებენ. დედალი ცხვირა დათვი საშუალოდ სამ-ოთხ ნაშიერს შობს. გაჩენიდან დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ ახალბედა დედა თავის პატარებთან ერთად კვლავ თავის ჯოგს უბრუნდება. პატარა ცხვირა დათვები ფუმფულა ბურთებივით არიან.
ცხვირა დათვები ტყეში ხეტიალის დროს ყოველთვის სრუტუნ-სრუტუნით დადიან, თან თავიანთ კლანჭებს ღრმად ასობენ მიწაში. მიწათმოქმედებს მათი სტუმრობა დიდად არ ახარებთ, რადგან ისინი ყანებსა და ქათმებს აჩანაგებენ. ცხვირა დათვმა იცის, როგორ გაუსხლტდეს ხელიდან მონადირეს. ამ პატარა ეშმაკუნას სამალავი ხეზე აქვს, თუმცა საფრთხისგან თავის დაღწევის სხვა ხერხებიც იცის. გასროლის ან ტაშის ხმა თუ გაიგო, უმალ დაეცემა ხოლმე მიწაზე და თავს მოიმკვდარუნებს. სანამ მონადირე მასთან ახლოს მივა, სადღაა ცხვირა დათვი . . . გაქრა!
თუ ბრაზილიას ესტუმრები და სადმე ცხვირა დათვების ჯგროს გადაეყრები, ნუ შეგეშინდება. ისინი არაფერს დაგიშავებენ. პირიქით, თუ გემრიელ ლუკმას უწილადებ, უეჭველად ნასიამოვნები დაგრჩებიან.