გზა ოჯახის ბედნიერებისკენ
გზა ოჯახის ბედნიერებისკენ
ქორწინება შეიძლება შევადაროთ სათავგადასავლო მოგზაურობას, რომელსაც თან ახლავს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოგზაურობის დროს შეიძლება გაჩნდეს მოულოდნელი, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებები. მიუხედავად ამისა, ბევრი სიამოვნებით აგრძელებს მოგზაურობას. მსგავსად ამისა, ბედნიერი ოჯახი ის კი არ არის, რომელსაც პრობლემები არა აქვს, არამედ ის ოჯახი, რომელმაც იცის, როგორ მოაგვაროს პრობლემები.
რა დაეხმარება ცოლ-ქმარს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად ბედნიერები იყვნენ? მათ სჭირდებათ ხელმძღვანელობა, როგორც მოგზაურს — გზამკვლევი. ყველაზე სანდო „გზამკვლევს“ კი ცოლ-ქმარს ქორწინების ფუძემდებელი, იეჰოვა ღმერთი აძლევს, და ეს არის ბიბლია. მაგრამ, თუ ცოლ-ქმარი არ გაითვალისწინებს ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს, ეს წიგნი თავისთავად სასწაულს ვერ მოახდენს (ფსალმუნი 119:105; ეფესოელები 5:21—33; 2 ტიმოთე 3:16).
განვიხილოთ ბიბლიიდან პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეთ.
▸ წმინდა იყოს შენთვის ცოლქმრული კავშირი. „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6). ქორწინებას ღმერთმა მაშინ ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ევა შექმნა და ადამს მიუყვანა (დაბადება 2:21—24). იესო ქრისტემ, რომელიც განკაცებამდე ამ მოვლენის თვითმხილველი იყო, ხაზი გაუსვა იმას, რომ ცოლ-ქმარი ბოლომდე ერთმანეთის ერთგულნი უნდა დარჩენილიყვნენ. მან თქვა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მათე 19:4—6).
სიტყვებით, „ვინც ღმერთმა შეაუღლა“, იესოს იმის თქმა არ უნდოდა, რომ ქორწინების საკითხი ზეცაში წყდება; მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ქორწინების ინსტიტუტი ღმერთმა დააფუძნა. აქედან გამომდინარე, ცოლქმრობა ყველასთვის წმინდა უნდა იყოს *.
რასაკვირველია, არც ერთ ცოლ-ქმარს არ ენდომება, რომ ერთ უღელში იყვნენ, მაგრამ ამავე დროს ცივი და უსიყვარულო ურთიერთობა ჰქონდეთ. ორივეს უნდა, რომ ბედნიერები იყვნენ. ამას კი იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუ გამოიყენებენ შემოქმედისგან მიღებულ პრაქტიკულ რჩევებს.
არასრულყოფილების გამო ცოლ-ქმარს შორის აზრთა სხვაობა და გაუგებრობა გარდაუვალია. ოჯახური ბედნიერება დამოკიდებულია არა მაინცდამაინც იმაზე, თუ რამდენად კარგად ეწყობიან მეუღლეები ერთმანეთს, არამედ იმაზე, თუ როგორ აგვარებენ წამოჭრილ პრობლემებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ცოლ-ქმარმა ისწავლოს უთანხმოებების მოგვარება სიყვარულით, რადგან სიყვარული „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).
▸ მეუღლეს პატივისცემით ელაპარაკე. „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18). გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, როგორც იწყებს ცოლ-ქმარი საუბარს, ისევე ამთავრებს. თუ მეუღლეები ერთმანეთს პატივისცემით დაელაპარაკებიან, ნაკლები ალბათობა იქნება იმისა, რომ მათი საუბარი ცუდად დამთავრდეს. ალბათ, იცი, რა გულსატკენია, როდესაც საყვარელი ადამიანი რაღაცას დაუფიქრებლად გეუბნება. ამიტომ ლოცვით სთხოვე ღმერთს დახმარება და შეეცადე, მეუღლეს ყოველთვის ღირსეულად, პატივისცემით და თბილად ელაპარაკო (ეფესოელები 4:31). ერთი იაპონელი ქალი, ჰარუკო *, რომელიც 44 წელია გათხოვილია, ამბობს: „ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მაგრამ ვცდილობთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს. ეს ჩვენ შორის ჰარმონიულ ურთიერთობას უწყობს ხელს“.
▸ იყავი კეთილი და თანამგრძნობი. „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ“ (ეფესოელები 4:32). სერიოზული უთანხმოების დროს ადვილია გამოხვიდე მდგომარეობიდან. ანეტი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, 34 წელია გათხოვილია და ბედნიერი ოჯახი აქვს; ის ამბობს: „დაძაბული ურთიერთობის დროს შეიძლება ისეთი რამ თქვა, რაც გაამწვავებს მდგომარეობას“. მაგრამ ამ დროს მეუღლისადმი კეთილად და თანაგრძნობით მოპყრობა ხელს შეუწყობს მშვიდობიან ურთიერთობას.
▸ იყავი თავმდაბალი. „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3). მეუღლეებს შორის კონფლიქტს ხშირად იწვევს ის, რომ ერთმანეთს ადანაშაულებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლობა გამოიჩინონ და გამოსავალი ერთად ეძებონ. თავმდაბლობა დაეხმარება მათ, რომ არ დაიწყონ საკუთარი სიმართლის მტკიცება.
▸ ნუ განაწყენდები. „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას“ (ეკლესიასტე 7:9). თუ მეუღლე რაღაცაზე მიგითითებს, ნუ შეეწინააღმდეგები და თავდაცვაზე ნუ გადახვალ. პირიქით, მოუსმინე და ვიდრე რამეს ეტყოდე, კარგად დაფიქრდი. სამწუხაროდ, ბევრი ცოლ-ქმარი გვიან ხვდება, რომ მთავარი კამათში გამარჯვება კი არა, მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებაა.
▸ იცოდე, როდის გაჩუმდე. „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). ოჯახის ბედნიერებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მაშ, რატომ ამბობს ბიბლია, რომ არის „დუმილის დრო“? (ეკლესიასტე 3:7). „დუმილის დროში“ იგულისხმება ის დრო, როცა გულისყურით უსმენ შენს მეუღლეს, რაც კარგ ურთიერთობას უწყობს ხელს. ეს საშუალებას აძლევს მეუღლეს, გაიგოს, რას გრძნობს მისი მეორე ნახევარი.
▸ გაიზიარე მეუღლის გრძნობები. „მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ“ რომაელები 12:15). თუ გინდა, რომ გაიგო, რას გრძნობს მეუღლე, თავი მის ადგილას წარმოიდგინე. როდესაც მეუღლეები ერთმანეთის გრძნობებს იზიარებენ და ერთმანეთის შეხედულებებს პატივს სცემენ, ეს ოჯახში თბილ გარემოს ქმნის. ნელლა, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს და 32 წელია დაოჯახებულია, თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „როდესაც მე და მანუელი პრობლემებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო, რომ გავიგო, რას ფიქრობს და რას გრძნობს“. როდესაც მეუღლე გელაპარაკება, მაშინ დგება შენთვის „დუმილის დრო“, რათა მოუსმინო და გაიზიარო მისი გრძნობები.
(▸დააფასე მეუღლე და გამოხატე მადლიერება. „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15). ოჯახური კვანძების განმტკიცებას ხელს უწყობს ურთიერთდაფასება. ზოგი არ ავლენს მეუღლისადმი მადლიერებას ყოველდღიური საქმეებისთვის, რადგან ფიქრობს, რომ მისმა მეორე ნახევარმა ეს ისედაც იცის. ფსიქოლოგი ელენ უოქტელი აღნიშნავს: „ცოლ-ქმარს რომ ესმოდეს, რამდენად აუცილებელია მადლიერების გამოხატვა, არ გაუჭირდებოდა ამის გაკეთება“.
ცოლებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ იმაში დარწმუნება, რომ ქმრებს უყვართ და აფასებენ. როდესაც ქმარი ცოლს აქებს და მისი ღირსებების შესახებ ლაპარაკობს, ამ დროს ცოლიც კარგად გრძნობს თავს და ქმარიც; ეს კი მათ ოჯახს განამტკიცებს.
ცოლის დარწმუნება სიყვარულში, როგორც სიტყვით, ისე საქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია. ნაზ კოცნას, მოფერებას და თბილ გაღიმებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ იმის თქმას, რომ გიყვარს. ეს მას დაარწმუნებს, რომ შენთვის ძვირფასია და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია. როცა ერთად არ ხართ, დაურეკე ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნე და უთხარი, რომ ერთი სული გაქვს, როდის ნახავ, ან ჰკითხე: „როგორ არის საქმე?“ როცა შეყვარებული იყავი, ალბათ არაერთხელ გამოგივლენია ასეთი თბილი გრძნობები, მაგრამ თუ დაოჯახების შემდეგ ეს არ გაგიკეთებია, კარგი იქნება, კვლავ გამოავლინო ასეთი გრძნობები. დააკვირდი, რა მოსწონს შენს მეუღლეს.
გავიხსენოთ ისრაელის მეფის, ლემუელის დედის სიტყვები: «დგება მისი ქმარი და აქებს მას: „მრავალმა ასულმა გამოიჩინა სიმარჯვე, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე“» (იგავები 31:1, 28, 29). ბოლოს როდის შეაქეთ ერთმანეთი?
▸ აპატიე. „მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26). შეცდომებს ცოლიც უშვებს და ქმარიც. ამიტომ პატიება ორივეს უნდა შეეძლოს. კლაივსა და მონიკას, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ და 43 წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან, გამოადგათ ეს ბიბლიური რჩევა. კლაივი გვიზიარებს: „ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეფესოელების 4:26-ში ჩაწერილი პრინციპი. ჩვენ მაშინვე ვპატიობთ ერთმანეთს, რადგან ვიცით, რომ ასეთი საქციელი ღმერთს სიამოვნებს. ამის შემდეგ თავს მშვიდად ვგრძნობთ და სუფთა სინდისით ვიძინებთ“.
ერთი ბრძნული იგავი ამბობს: „დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11). ანეტი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იზიარებს ამ სიტყვებს: „პატიების გარეშე ოჯახი ბედნიერი ვერ იქნება, რადგან თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ პატიობს, გულისწყრომა მატულობს და მათ შორის უნდობლობა ჩნდება, რასაც ოჯახი დანგრევამდე მიჰყავს. პატიება ოჯახს აძლიერებს და ცოლ-ქმარს ერთმანეთთან აახლოებს“.
თუ მეუღლეს აწყენინე, ნუ იფიქრებ, რომ წყენა თავისთავად გაუვლის. მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად ცოლ-ქმარმა უნდა გააკეთოს ის, რაც არცთუ ისე ადვილია, კერძოდ, აღიარონ შეცდომა. თავმდაბლობა გამოიჩინე და უთხარი მეუღლეს: „მაპატიე, საყვარელო, ცუდად გამომივიდა“. ბოდიშის მოხდით მეუღლის პატივისცემას დაიმსახურებ. ეს ხელს შეუწყობს გულწრფელ ურთიერთობას და შინაგან სიმშვიდეს იგრძნობ.
▸ იყავი მეუღლის ერთგული. „ისინი [ცოლ-ქმარი] ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6). ღვთისა და კაცთა წინაშე ქალ-ვაჟმა ერთმანეთს აღუთქვა, რომ ჭირშიც და ლხინშიც ერთად იქნებოდნენ *. მეუღლეს მხოლოდ იმიტომ როდი უნდა უერთგულო, რომ ქორწინების მოწმობა გაქვს. ამისკენ უნდა აღგძრას სიყვარულმა და პატივისცემამ, რომელსაც უნდა ავლენდე როგორც მეუღლისადმი, ისე ღვთისადმი. ამიტომ ნუ დაუწყებ სხვას არშიყობას და ფეხქვეშ ნუ გათელავ თქვენს წმინდა კავშირს. მეუღლის გარდა ნურავისზე იფიქრებ (მათე 5:28).
▸ მეუღლეზე ზრუნვა ცოლქმრულ კავშირს აძლიერებს. „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4). ცოლქმრული კავშირის გასაძლიერებლად აუცილებელია, რომ ერთმა მეორის ინტერესი საკუთარზე წინ დააყენოს. პრემჯი ოცი წელია, რაც დაქორწინებულია. იგი თავის ცოლს, რომელიც სრულ განაკვეთზე მუშაობს, საოჯახო საქმეებში ეხმარება. პრემჯი ამბობს: „რიტას საჭმლის მომზადებაში, დალაგებასა და სხვა საქმეების კეთებაში ვეხმარები, რათა საყვარელი საქმეებისთვისაც დარჩეს დრო და ენერგია“.
მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის
ცოლქმრული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ზოგჯერ შეიძლება გრძნობ, რომ ნებისყოფა არ გყოფნის, მაგრამ სირთულეების გამო უგულისყუროდ ნუ მოეკიდები შენს ოჯახურ ვალდებულებებს და წყალში ნუ ჩაყრი ყველაფერს, რაც აქამდე შენი ოჯახისთვის გიკეთებია.
სიდი, რომელსაც 33 წელია ბედნიერი ოჯახი აქვს, ასეთ რჩევას იძლევა: „თუ გინდა, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეს და საამისოდ ძალისხმევას არ იშურებ, იეჰოვა გაკურთხებს“. თუ ჭირშიც და ლხინშიც ერთად იქნებით, ბედნიერი ოჯახი გექნებათ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 გაყრისა და ხელახლა დაქორწინების მიზეზად იესომ დაასახელა სიძვა, ანუ სქესობრივი კავშირი მეუღლის გარდა სხვასთან (მათე 19:9).
^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 22 ბიბლია მეუღლეებს გაყრის უფლებას მხოლოდ ღალატის შემთხვევაში აძლევს, ოღონდ ეს ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს (მათე 19:9). იხილეთ 1997 წლის აპრილი — ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი — მრუშობა მისატევებელია თუ არა?“.
[ჩანართი 6 გვერდზე]
როგორც მოგზაური საჭიროებს გზამკვლევს, ისე ცოლ-ქმარი საჭიროებს რჩევებს ბიბლიიდან
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
როდესაც პრობლემაზე ლაპარაკს აპირებ . . .
▪ ისეთი დრო შეარჩიე, როდესაც არც ერთი არ იქნებით დაღლილი.
▪ ნუ გააკრიტიკებთ ერთმანეთს; დადებითად განეწყვეთ ერთიმეორის მიმართ.
▪ ნუ შეაწყვეტინებთ ერთმანეთს საუბარს; ყურადღებით მოუსმინეთ.
▪ აგრძნობინე მეუღლეს, რომ გესმის მისი.
▪ შეეცადე, გაუგო მეუღლეს მაშინაც კი, როცა განსხვავებული აზრი გაქვს.
▪ გამოიჩინე გონიერება და იყავი დამთმობი.
▪ თუ მეუღლეს გული ატკინე, ბოდიში მოუხადე.
▪ გამოხატე მადლიერება და თბილი გრძნობები.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
ოჯახის ბედნიერებისთვის . . .
▪ გამოიყენე ის ბიბლიური რჩევები, რომლებიც ოჯახს განამტკიცებს.
▪ დრო დაუთმე მეუღლეს.
▪ იყავი თბილი და მოსიყვარულე.
▪ იყავი სანდო და ერთგული.
▪ იყავი კეთილი და პატივისცემით მოექეცი მეუღლეს.
▪ მიეხმარე მეუღლეს საოჯახო საქმეებში.
▪ ისე ისაუბრეთ, რომ ორივე კმაყოფილი დარჩეთ.
▪ ნუ დაკარგავ იუმორის გრძნობას; დრო ერთად გაატარეთ.
▪ ძალ-ღონე არ დაიშურო ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
დაფიქრდი
▪ ყველაზე მეტად რა მხრივ მჭირდება გაუმჯობესება?
▪ რა ნაბიჯები უნდა გადავდგა ამისათვის?