ოჯახები ნგრევის პირასაა
ოჯახები ნგრევის პირასაა
„მეტის მოთმენა აღარ შემიძლია!“ დაუჩივლია თქვენთან ასეთი სიტყვებით ოჯახური პრობლემებით გაწამებულ ადამიანს? იქნებ გამწარებულს თქვენც გითქვამთ ასეთი რამ?
ზოგი ოჯახს ნამდვილი სიყვარულით ქმნის, ზოგი კი ემოციებს აყოლილი დგამს ამ ნაბიჯს. ორივე შემთხვევაში მათ იმედი აქვთ, რომ ბედნიერები იქნებიან, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ერთი ფსიქოლოგი ამბობს: „ბევრი წყვილი, რომელიც ჩემთან კონსულტაციაზე მოდის, სრულიად უიმედო მდგომარეობაშია; ბევრ მათგანს ხელი აქვს ჩაქნეული მეუღლეზე, ოჯახზე. მათ სიყვარულის აღარ სწამთ და ზოგჯერ სიცოცხლეც კი აღარ უნდათ“. ასეთ ცოლ-ქმარს ქორწინების მოწმობისა და სახლის გარდა ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებთ.
ყოველდღიური საზრუნავი და სტრესი შეიძლება ბევრი ოჯახის ნგრევის მიზეზი გახდეს. დატვირთული და ცვალებადი სამუშაო გრაფიკი სანიმუშო მეუღლეებსაც კი აღარ უტოვებს დროს ურთიერთობისთვის. ცოლ-ქმარს შორის სიყვარულის განელებისა და ურთიერთპატივისცემის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს აგრეთვე ფინანსური პრობლემები, ბავშვების აღზრდა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სამუშაოს შეცვლა და სუსტი ჯანმრთელობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ცვლილებები, რომლებიც დროს მოაქვს, სტრესულ გარემოს ქმნის, რამაც ოჯახი შეიძლება ნგრევის პირას მიიყვანოს.
ბევრ ქალს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა — სახლშიც და სამსახურშიც. სამსახურსა და შვილებზე გადაყოლილ დედებს დრო სხვა აღარაფრისთვის რჩებათ. დაძაბული გრაფიკი იმდენად აცლის მეუღლეებს ძალას, რომ ერთმანეთს დროს ვეღარ უთმობენ. ბევრი ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობს, რის შედეგადაც ოჯახში სიცივე და იმედგაცრუება ისადგურებს. რატომ ვერ უძლებენ ოჯახები ასეთ ზეწოლას? რა უნდა გააკეთოთ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის?