არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა საფრთხე იმალება სპირიტიზმის მიღმა?

რა საფრთხე იმალება სპირიტიზმის მიღმა?

ბიბლიის თვალსაზრისი

რა საფრთხე იმალება სპირიტიზმის მიღმა?

ერთ-ერთ აზიურ ქვეყანაში ხალხი სულთა განდიდების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღესასწაული თავის კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ორ საგანგებოდ შერჩეულ ქალს სულები ეუფლებიან. ამ დროს ისინი თვალებს ატრიალებენ და მთელი სხეულით კანკალს იწყებენ, თითქოს დენმა დაარტყათო.

პუერტო-რიკოში მედიუმი სპირიტისტული სეანსის საშუალებით კავშირს ამყარებს ქუხილის ღვთაების, ჩანგოს სულთან. მედიუმი აღწერს იმას, რასაც ხედავს, და ოთახში შეკრებილები ცახცახს იწყებენ; ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათში სულები შევიდნენ.

მრავალ ქვეყანაში ოკულტიზმი ფართოდ არის გავრცელებული. იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ინტერესდებიან ზებუნებრივი ძალების არსებობით. ბევრი ცნობისმოყვარეობის გამო ინტერესდება ოკულტიზმით. არასდროს ყოფილა ამდენი წიგნი, თამაში, სატელევიზიო გადაცემა თუ ფილმი, რომელშიც წარმოდგენილია დემონიზმი, მაგია და ზებუნებრივი მოვლენები.

ბიბლია ასწავლის, რომ ოკულტიზმის ნებისმიერი სახეობა სპირიტიზმია. სპირიტიზმს კი უწყინარ გართობას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სპირიტიზმი მხოლოდ იდუმალის შეცნობა როდია. ის დემონებთან, ღვთის მოწინააღმდეგე ბოროტ ანგელოზებთან კავშირს ნიშნავს (გამოცხადება 12:9, 12).

როგორც მეთევზე იყენებს სატყუარას თევზის დასაჭერად, ისე დემონები იყენებენ სპირიტიზმს ადამიანთა შესაცდენად. მეთევზე სხვადასხვა თევზის დასაჭერად ათასგვარ სატყუარას იყენებს. მსგავსად ამისა, ბოროტი სულები სპირიტიზმის სხვადასხვა ფორმის საშუალებით ყველანაირ ადამიანს აქცევენ თავიანთ გავლენაში. დემონების მბრძანებელს ბიბლია „ამ [ბოროტი] ქვეყნიერების ღმერთს“ უწოდებს. ის მზაკვრული ხერხებით უბრმავებს გონებას ურწმუნოებს, რათა მათ ვერ გაიგონ ღვთის სიტყვა და მისი განზრახვა (2 კორინთელები 4:4).

საით მიჰყავს სპირიტიზმს ადამიანი?

ბოროტ სულიერ ქმნილებებს ერთი მიზანი აქვთ: მათ უნდათ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები არ დაუახლოვდნენ თავიანთ შემოქმედს. მათი გავლენით ისინი შეგნებულად თუ შეუგნებლად, არ ემორჩილებიან ღვთის სამართლიან ნორმებს. აქედან გამომდინარე, ის, ვისაც სპირიტიზმთან აქვს კავშირი, ღვთის კეთილგანწყობილებას ვერ დაიმსახურებს. მას ემუქრება იმედგაცრუება და ბოლოს განადგურება (გამოცხადება 21:8).

ლუისი, რომელიც პუერტო-რიკოში ცხოვრობს, ჰყვება: „პატარა ვიყავი, როცა მთელი ჩემი ოჯახი სპირიტიზმს მისდევდა. სპირიტიზმი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მე მომავლის განჭვრეტის უნარი მქონდა, კარტითაც კარგად ვმკითხაობდი. ვიცოდი, რომელი იყო ლატარიის მომგებიანი ბილეთი და ხალხს ფულის მოგებაში ხშირად ვეხმარებოდი. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს უნარი სხვა არაფერი იყო, თუ არა სატყუარა, რომელიც ხელს მიშლიდა ბიბლიური ცოდნის შეძენასა და ღმერთთან დაახლოებაში“ (იოანე 17:3).

ბევრს ჰგონია, რომ სულთა სამყაროსთან კავშირი უწყინარია და სიკეთეც კი მოაქვს. მათ სჯერათ, რომ არსებობენ კეთილი სულები, და ამტკიცებენ, რომ სპირიტიზმი ეხმარება ადამიანს, განათლდეს, გამდიდრდეს და გაბედნიერდეს. მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა! „ბევრს ძვირად უჯდება სპირიტიზმით გატაცება“, — ამბობს ლუისი.

ახალგაზრდა კაცი, სახელად ჩადი, საშინელებებს ხედავდა, ძილში მას ბოროტი სულები ტანჯავდნენ. ის ამბობს: „ყოველ ღამე დემონები მოსვენებას არ მაძლევდნენ“. როგორ დავიცვათ თავი დემონებისგან?

როგორ დავიცვათ თავი?

დემონებისგან რომ გავთავისუფლდეთ, უნდა მოვიშოროთ ყველაფერი, რაც სპირიტიზმს უკავშირდება (გალატელები 5:19—21). იეჰოვა ღმერთი აფრთხილებს თავის მსახურებს, თუ ვისგან უნდა დაიჭირონ თავი შორს: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12).

ბევრი ამ ბიბლიური მუხლის თანახმად მოიქცა და თავიდან მოიშორა სპირიტისტული წიგნები და საგნები. კენი, რომელმაც ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა სპირიტიზმთან, ამბობს: „კარგად გადავამოწმე პირადი ნივთები და გავანადგურე ყველაფერი, რაც სპირიტიზმთან იყო დაკავშირებული“ (იხილეთ საქმეების 19:19, 20).

ყველაზე მეტად ჭეშმარიტ ღმერთთან, იეჰოვასთან ურთიერთობა იცავს ადამიანს. ყურადღება მიაქციეთ, რა უნდა გავაკეთოთ იაკობის 4:7, 8-ის თანახმად: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილებო, და განიწმინდეთ გულები, მერყევებო“.

იეჰოვა ღმერთი ცოდნას აძლევს და იცავს მათ, ვინც მას უახლოვდება. ასეთებისთვის „უცნობი არ არის მისი [სატანის] ზრახვები“ და ადვილად შეუძლიათ ამოიცნონ მისი ნამდვილი სახე (2 კორინთელები 2:11; 11:14). გარდა ამისა, იეჰოვა ყოვლისშემძლეა. თუ რწმენით მოვუხმობთ იეჰოვას, გაგვათავისუფლებს ბოროტი სულებისგან. ზემოთ ხსენებული ჩადი ჰყვება: „ვიცოდი, ვინც იდგა ამის უკან და იეჰოვას დახმარებას ვთხოვდი. მისი წყალობით გავთავისუფლდი დემონებისგან“ (ფსალმუნი 91:1, 2).

ასე რომ, გულმართალ ადამიანებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთი დაიცავს მათ; ამასთანავე, მალე განადგურდებიან დემონები და ყველა, ვინც სპირიტიზმს მიმართავს. წარმოიდგინეთ, რა სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს დედამიწაზე, როცა კაცობრიობა სრულიად გათავისუფლდება სპირიტიზმის მარწუხებისგან! (ესაია 11:9; გამოცხადება 22:15).

გიფიქრიათ?

▪ სპირიტიზმის რა სახეები არსებობს და რატომ უნდა მოერიდონ ქრისტიანები მათ? (კანონი 18:10—12; გამოცხადება 21:8).

▪ ვინ დგას სპირიტიზმის მიღმა? (2 კორინთელები 2:11; 11:14; გამოცხადება 12:9, 12).

▪ როგორ დავიცვათ თავი ბოროტი სულებისგან? (იაკობი 4:7, 8).

[სურათი 10 გვერდზე]

როგორც მეთევზე იყენებს სატყუარას თევზის დასაჭერად, ისე დემონები იყენებენ სპირიტიზმს ადამიანთა შესაცდენად