არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა შეიძლება იყოს მიზეზი?

რა შეიძლება იყოს მიზეზი?

რა შეიძლება იყოს მიზეზი?

იდეალური ოჯახი არ არსებობს. ყველაზე შეხმატკბილებულ ცოლ-ქმარსაც კი მოსდით უთანხმოება. ზოგიერთ პრობლემას ოჯახი უბრალოდ ვერ გაექცევა. მაგრამ არსებობს სერიოზული მიზეზები, რასაც ოჯახისთვის ძირის გამოთხრა შეუძლია. ეს მიზეზები შეიძლება შევადაროთ ჟანგს, რომელიც თანდათანობით ჭამს რკინას. ვიდრე გავიგებთ, რა არის საჭირო ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად, განვიხილოთ, რამ შეიძლება ოჯახი ნგრევის პირას მიიყვანოს.

დაძაბული დრო

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ჩვენს დროში ადამიანები იქნებოდნენ ‘საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნებოდა მორიგება, იქნებოდნენ ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები’ (2 ტიმოთე 3:2—4). გასაკვირი არ არის, რომ ასეთი თვისებების მქონე ადამიანებმა დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებით ადვილად ატკინონ ერთმანეთს გული. ადვილი შესაძლებელია, რომ მათ შორის მოხდეს გაუგებრობა და გაცივდეს ურთიერთობა.

„დღეს პარადოქსული ფაქტის წინაშე ვდგავართ, — აღნიშნავს ერთი სპეციალისტი. — ერთი მხრივ . . . ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად უამრავი რჩევა არსებობს . . . მაგრამ, მეორე მხრივ, სოციალური და ეკონომიკური გარემო არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბედნიერი ოჯახები გვქონდეს“.

არარეალური მოლოდინი

„კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი, რაც ოჯახურ ბედნიერებას უშლის ხელს, არის არარეალური მოლოდინი“, — აღნიშნავს ერთი ფსიქოლოგი. ბევრ წყვილს იმედგაცრუება ეუფლება, როდესაც დაქორწინების შემდეგ მათი მოლოდინი არ მართლდება. დროთა განმავლობაში ისინი ხვდებიან, რომ მათი მეორე ნახევარი ისეთი არ ყოფილა, როგორიც წარმოედგინათ. განსაკუთრებით იმის გამო უტყდებათ გული, რომ დაქორწინებამდე ვერ ხედავნენ მეუღლის ნაკლოვანებებს ან თუ ხედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ შეეგუებოდნენ.

როგორც ბიბლიაში წერია, ოჯახის შექმნას „ხორციელი გასაჭირი“ მოაქვს (1 კორინთელები 7:28). ეს იმიტომ, რომ ორი არასრულყოფილი ადამიანი, ადრე თუ გვიან, გამოავლენს თავის უარყოფით თვისებებს.

გარდა ამისა, ბევრი არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს. ბევრს დაოჯახებამდე იმდენად აჯადოებს ბედნიერი ცხოვრების მოლოდინი, რომ აღარ ფიქრობენ იმ პასუხისმგებლობასა და ძალისხმევაზე, რაც ოჯახის ბედნიერებისთვის არის საჭირო. მაგრამ, როდესაც მწარე სინამდვილეს თვალს უსწორებენ, იმედგაცრუება ეუფლებათ და გამოსავალსაც ვეღარ პოულობენ. რაც უფრო მეტი ილუზია აქვთ, მით მეტად უტყდებათ გული.

ურთიერთობის ნაკლებობა

კიდევ რამ შეიძლება შეუშალოს ცოლ-ქმარს ხელი, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ? ზოგიერთი ცოლ-ქმრის ურთიერთობას ურთიერთობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ხშირად მეუღლეები ერთმანეთს ზერელედ უსმენენ, მათი საუბრები მშრალი და თბილ გრძნობებს მოკლებულია. შინაარსიანი და გულწრფელი საუბრის ნაცვლად ყველაფერზე გაუთავებლად კამათობენ. ზოგჯერ არასწორად აღქმული აზრი უთანხმოების წინაპირობა ხდება. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადადიან, რის შედეგადაც მათ შორის ურთიერთობა ცივდება.

სამწუხაროდ, ბევრი ან ვერ ხედავს თავისი მეუღლის ღირსებებს, ან თუ ხედავს, არ აფასებს. ბევრი ქალი გაღიზიანებულია იმის გამო, რომ სამუშაოც და ოჯახიც მათ აწევთ ტვირთად. ცოლების უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ქმრები არ აკმაყოფილებენ მათ ემოციურ მოთხოვნილებებს.

და მაინც, რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის? განვიხილოთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ბიბლიიდან.

[ჩანართი 4 გვერდზე]

ზოგიერთი ცოლ-ქმრის ურთიერთობას ურთიერთობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ

[ჩანართი 5 გვერდზე]

ბევრი არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს