რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ „[არქტიკული] ყინულის მოცულობა გასულ [2007] წელს იმდენად შემცირდა, რომ წინა წლების ყველა მონაცემს გადააჭარბა“ (მარკ სერეზი, NATIONAL SNOW AND ICE DATA CENTER, აშშ).
▪ ეკონომიკის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, „თუ მსოფლიოს მოსახლეობა იმდენ საქონელს შეიძენს, რამდენსაც ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა, მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო იქნება 5,3 დედამიწა . . . თუ იმდენს შეიძენენ, რამდენსაც ფრანგები და ბრიტანელები, ეს ციფრი იქნება 3,1, თუ იმდენს, რამდენსაც ესპანელები — 3, თუ იმდენს, რამდენსაც გერმანელები — 2,5 და თუ იმდენს, რამდენსაც იაპონელები — 2,4 (საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“, ბრიტანეთი).
„უფრო საზიანო, ვიდრე სასარგებლო“
„დაკონსერვებული სისხლის გადასხმა შეიძლება უფრო საზიანო აღმოჩნდეს ბევრი პაციენტისთვის, ვიდრე სასარგებლო“, — ნათქვამია დიუკის უნივერსიტეტის (დარემი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ) ბაზაზე არსებულ სამედიცინო ცენტრის ანგარიშში. სტატისტიკამ აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც სისხლი გადაუსხეს, „გაცილებით მეტი იყო გულის შეტევის, გულის უკმარისობის, ინსულტისა და სიკვდილის შემთხვევები“, ვიდრე იმ პაციენტებში, ვისაც სისხლი არ გადაუსხეს. ამის მიზეზი ის არის, რომ „როგორც კი ვენიდან სისხლს იღებენ, წითელ უჯრედებში აზოტის ჟანგი დაშლას იწყებს“. აზოტის ჟანგი აუცილებელია იმისათვის, რომ სისხლძარღვები არ შევიწროვდეს და წითელმა უჯრედებმა თავისუფლად მიაწოდოს ჟანგბადი ქსოვილს. „მილიონობით პაციენტი ისხამს სისხლს და არც კი იციან, რომ ასეთი სისხლი სათანადოდ ვერ აწვდის ორგანიზმს ჟანგბადს“, — ნათქვამია ამავე ანგარიშში.
ტელევიზორზე შეყვარებული ბჰუტანელები
აღმოსავლეთ ჰიმალაის ძნელადმისადგომ ნაწილში მდებარე ბჰუტანის პატარა სამეფოში ათწლეულების განმავლობაში არ იყო ტელევიზია. მაგრამ მას შემდეგ, რაც იქაური მოსახლეობის უმრავლესობამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ვერ უყურეს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, მთავრობამ 1999 წელს სატელევიზო გადაცემები გაუშვა ეთერში. დღეს ბჰუტანელებს შეუძლიათ 40 არხს უყურონ; ისინი გატაცებულები არიან ამერიკული ფილმებითა და ინდური ტელესერიალებით. იმის მაგივრად, რომ ოჯახის წევრები ძველი ჩვეულებისამებრ ერთად დასხდნენ, იმღერონ და ისაუბრონ, ტელევიზორს არიან მიჯაჭვულნი. კატარის ყოველდღიურ ჟურნალ „პენინსულაში“ მოყვანილი იყო ერთი ბუდისტი ქალის სიტყვები, რომელიც სინანულით ამბობდა, რომ ტელევიზორი იმდენ დროს ართმევს, რომ ლოცვისთვის თითქმის აღარ რჩება დრო. მაშინაც კი, როცა ლოცულობს, გონებით ტელევიზორთანაა. ჟურნალში აგრეთვე აღნიშნული იყო: „არსებობს იმის დიდი საშიშროება, რომ ბჰუტანელებმა სხვა ქვეყნებს მიჰბაძონ და ისეთი ნივთების შეძენა დაიწყონ, რომლებიც არ სჭირდებათ. ტელევიზია და რეკლამა ბჰუტანელებს ისეთი ნივთების შეძენის სურვილს უღვიძებს, რომლებსაც ვერ შეიძენენ თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გამო“.
საქმეს მოცდენილნი
„ოფისში მუშაობის დროს ზოგჯერ ვერ გაექცევი გაუთავებელ ზარებს, გადაუდებელ საქმეებსა და დაუპატიჟებელ თანამშრომლებს“, — აღნიშნული იყო ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. სტატისტიკის მიხედვით, ოფისში მომუშავენი მოუცდენლად მუშაობას საშუალოდ მხოლოდ სამ წუთს ახერხებენ. ვინაიდან დღეში ორი საათი ეკარგებათ, ზოგი იყენებს კომპიუტერულ ანალიზს, რათა განსაზღვროს, რომელია გადაუდებელი საქმე და რომელი — არა. ოფისში მომუშავეებს ასეთი რჩევები ეძლევათ: „პირდაპირ უთხარით ყველას, რომ ერთი წუთი დრო არა გაქვთ. გამბედაობა მოიკრიბეთ და გამორთეთ ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი“.