არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვემსახურო ღმერთს სიხარულით?

როგორ ვემსახურო ღმერთს სიხარულით?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვემსახურო ღმერთს სიხარულით?

ჯოში მხარ-თეძოზეა წამოწოლილი თავის საძინებელში. დედამისი ოთახის კართან დგას და მკაცრად ეუბნება: „ჯოშ, ადექი! ხომ იცი, რომ ამ საღამოს კრების შეხვედრა გვაქვს?!“ ჯოში 16 წლისაა; ის იეჰოვას მოწმეების ოჯახში იზრდება. ისინი ქრისტიანულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან. თუმცა, ამ ბოლო დროს ჯოშს მაინცდამაინც გული არ მიუწევს შეხვედრებისკენ.

— აუ, დე! აუცილებელია წამოვიდე? — წუწუნებს ჯოში.

— გეყოფა წუწუნი, დროზე ჩაიცვი! არ მინდა, ისევ დაგვიანებით მივიდე კრებაზე! — ეუბნება ჯოშს დედამისი და ტოვებს ოთახს.

— იცი, რა დედა, ეს შენი რელიგიაა და არა ჩემი! — დაუფიქრებლად ამბობს ჯოში, როცა დედამისი ჯერ კიდევ შორიახლოსაა. ნაბიჯების ხმა წყდება და ჯოში ხვდება, რომ დედამ გაიგო მისი ნათქვამი. მაგრამ დედა არაფერს ეუბნება და მიდის.

ჯოში ნანობს, რომ ასეთი რამ თქვა. მას ნამდვილად არ უნდა დედის წყენინება, მაგრამ არც ბოდიშის მოხდა უნდა. ჯოშს ისღა დარჩენია, რომ შეხვედრაზე წავიდეს.

ჯოში ოხვრით დგება საწოლიდან და იცვამს. ის თავისთვის ბურტყუნებს, ისე რომ დედამ არ გაიგონოს: „ადრე თუ გვიან მაინც იმას გავაკეთებ, რაც მე მინდა. მე არ ვგავარ კრების სხვა წევრებს. ქრისტიანობა ჩემი მოწოდება არ არის!“

ნაცნობია შენთვის ეს სიტუაცია? ხომ არ გეუფლება დროდადრო ისეთი გრძნობა, რომ უხალისოდ ემსახურები ღმერთს, მაშინ როცა სხვები ამას სიხარულით აკეთებენ? მაგალითად:

▪ ბიბლიის შესწავლა შენთვის მორიგი საშინაო დავალების მომზადების მსგავსი ხომ არ არის?

▪ ფეხს ხომ არ ითრევ კარდაკარ მსახურებაში წასასვლელად?

▪ ხშირად უინტერესო ხომ არ არის შენთვის ქრისტიანული შეხვედრები?

თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხ. თუ მცირეოდენ ცვლილებებს მოახდენ, ღვთის მსახურებაში სიხარულს იგრძნობ. რა შეგიძლია გააკეთო?

გადასალახავი სირთულე #1: ბიბლიის შესწავლა

რატომ არ არის ადვილი? შეიძლება არ ხარ ბეჯითი, შესაძლოა ყურადღება ადვილად გეფანტება, გიჭირს ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა და გონების მოკრება. შესაძლოა ფიქრობ: „ის არ კმარა, რომ სკოლაში დავდივარ?!“

რატომ უნდა შეისწავლო ბიბლია? არა მარტო იმიტომ, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებითაა დაწერილი, არამედ იმიტომაც, რომ ის „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება ბევრ რამეს დაგანახვებს. მაგრამ ისიც უნდა აღიარო, რომ უშრომლად არაფერი მიიღწევა. მაგალითად, თუ გინდა, რომ სპორტის რომელიმე სახეობას დაეუფლო, უნდა ისწავლო თამაშის წესები და ხშირად ითამაშო. ან თუ გინდა, რომ ჯანმრთელი იყო, უნდა ივარჯიშო. შესაბამისად, მეტი რომ გაიგო შემოქმედის შესახებ, ღვთის სიტყვა უნდა შეისწავლო.

რას ამბობენ შენი თანატოლები? „სკოლაში ვხედავდი, რომ ბავშვები იმას აკეთებდნენ, რაც მოეპრიანებოდათ. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნამდვილად მინდა, ვიყო იეჰოვას მოწმე? მართლა ჭეშმარიტებაა ის, რასაც მშობლები მასწავლიან? მე საკუთარ თავში უნდა გავრკვეულიყავი“ (ტშედზა).

„ვიცოდი, რა იყო ჭეშმარიტება, მაგრამ ამაში თავად უნდა დავრწმუნებულიყავი. არჩევანი მე უნდა გამეკეთებინა და არა ჩემს მშობლებს“ (ნელისა).

რა უნდა გააკეთო? თავად დაგეგმე პირადი შესწავლა. თვითონ შეარჩიე, რა საკითხს გამოიკვლევ. რით დაიწყებ? კარგი იქნება, თუ საფუძვლიანად შეისწავლი ბიბლიას და კიდევ ერთხელ გადაამოწმებ იმას, რაც გწამს. ამისათვის შეგიძლია გამოიყენო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ *

სამოქმედო გეგმა. თავდაპირველად ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური თემებიდან შეარჩიე ისეთი თემა, რომლის შესახებაც მეტის გაგება გსურს; შეგიძლია თვითონ ჩამოწერო შენთვის სასურველი თემები.

□ არსებობს ღმერთი?

□ საიდან ვიცი, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია?

□ რის საფუძველზე მჯერა, რომ სამყარო შემოქმედების გზით გაჩნდა და არა ევოლუციის გზით?

□ რა არის ღვთის სამეფო და როგორ შემიძლია დავამტკიცო მისი არსებობა?

□ როგორ ავუხსნიდი სხვას, რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

□ რატომ ვარ დარწმუნებული, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა?

□ როგორ დავრწმუნდე, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?

□ ․․․․․

გადასალახავი სირთულე #2: ქადაგება

რატომ არ არის ადვილი? შეიძლება გაშინებს სხვებთან ბიბლიაზე საუბარი ან იმაზე ფიქრი, რომ ქადაგების დროს კლასელი დაგინახავს.

რატომ უნდა იქადაგო? იესომ თავის მოწაფეებს ასეთი დავალება მისცა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). მაგრამ არსებობს კიდევ სხვა მიზეზებიც, რის გამოც უნდა ვიქადაგოთ. გამოკითხვამ ცხადყო, რომ ზოგ ქვეყანაში მოზარდების უმრავლესობას სწამს ღმერთი და სჯერათ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, მაგრამ არა აქვთ ნათელი მომავლის იმედი. ბიბლიის გულმოდგინე შესწავლის დახმარებით შენ შეგიძლია ბევრი ისეთი რამ გაუზიარო თანატოლებს, რაზეც მათ პასუხი არა აქვთ.

რას ამბობენ შენი თანატოლები? „მე და ჩემმა მეგობარმა მოვამზადეთ საინტერესო შეთავაზებები; ჩვენ ვისწავლეთ საპირისპირო აზრის გასაბათილებლად დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა და განმეორებითი მონახულების ეფექტურად გაკეთება. როგორც კი მსახურებისთვის მომზადება დავიწყე, ჩემთვის უფრო საინტერესო გახდა ქადაგება“ (ნელისა).

„მხარში მიდგას ერთი და, რომელიც ჩემზე ექვსი წლით უფროსია. მას მსახურებაში გავყავარ ხოლმე, ზოგჯერ ერთადაც ვსაუზმობთ. ის ბიბლიური მუხლებით მამხნევებს, რაც მეხმარება, სწორი თვალსაზრისი მქონდეს ამა თუ იმ საკითხზე. ამ დის მაგალითმა დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დავინტერესდე ადამიანებით. ძალიან ვემადლიერები!“ (შანტა).

რა უნდა გააკეთო? მშობლების ნებართვით კრებაში რომელიმე თანამორწმუნეს, რომელიც შენზე უფროსია, სთხოვე, რომ შენთან ერთად იმსახუროს (საქმეები 16:1—3). ბიბლიაში ნათქვამია: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავები 27:17). უფროსი ასაკის და-ძმებთან ურთიერთობა ბევრ რამეში წაგადგება, რადგან მათ მდიდარი გამოცდილება აქვთ. „მათთან მართლაც კარგად ვგრძნობ თავს“, — ამბობს 19 წლის ალექსისი.

სამოქმედო გეგმა. იმსახურე მშობლებთან ერთად. ჩამოწერე შენი კრების იმ წევრების სახელები, ვინც მსახურებაში გაგიყვანდა.

․․․․․

გადასალახავი სირთულე #3: ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება

რატომ არ არის ადვილი? მთელი დღე სკოლაში ყოფნა და შემდეგ ერთი ან ორი საათი ბიბლიური მოხსენებების მოსმენა შეიძლება არც ისე ადვილი იყოს.

რატომ უნდა დაესწრო შეხვედრებს? ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელები 10:24, 25).

რას ამბობენ შენი თანატოლები? „შეხვედრებისთვის რომ მოვემზადო, ზოგჯერ თავს ძალას ვატან. როცა მომზადებული ვარ, ჩემთვის შეხვედრები უფრო საინტერესოა, რადგან წინასწარ ვიცი, რა იქნება განხილული და თავადაც ვმონაწილეობ“ (ელდა).

„დაკვირვებული ვარ, რომ როდესაც კომენტარებს ვაკეთებ, ჩემთვის უფრო საინტერესო ხდება შეხვედრები“ (ჯესიკა).

რა უნდა გააკეთო? წინასწარ მოემზადე შეხვედრებისთვის და თუ შეგიძლია, კომენტარიც გააკეთე. ეს დაგეხმარება, კრების აქტიური წევრი იყო.

მაგალითად, რა უფრო სასიამოვნოა — სპორტული თამაშის ტელევიზორში ყურება თუ ამ თამაშში მონაწილეობა? რასაკვირველია, ბევრად სასიამოვნოა მონაწილეობა. კარგი იქნება, თუ ასეთივე დამოკიდებულება გექნება კრების შეხვედრების მიმართაც.

სამოქმედო გეგმა. ქვემოთ დაწერე, კონკრეტულად როდის შეგიძლია ყოველ კვირა სულ რაღაც 30 წუთი გამოუყო კრების თითოეული შეხვედრისთვის მომზადებას.

․․․․․

ბევრი ახალგაზრდა თავად დარწმუნდა ფსალმუნის 34:8-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“ რა უფრო სასიამოვნოა — როცა ვიღაცა მადის აღმძვრელი კერძის შესახებ გელაპარაკება თუ თავად როცა გაუსინჯავ გემოს ამ კერძს? იმავეს თქმა შეიძლება ღვთის თაყვანისმცემლობაზეც. შენც „იგემე“ და დარწმუნდი, რომ სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობას სიხარული მოაქვს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ბედნიერი იქნება“ არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი (იაკობი 1:25).

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

დაფიქრდი

▪ რატომ შეიძლება მოზარდისთვის მომაბეზრებელი იყოს სულიერი ღონისძიებები?

▪ ამ სტატიაში განხილული თაყვანისმცემლობის სამი ფორმიდან რომელში გჭირდება გაუმჯობესება, და როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?

[სქოლიო]

^ აბზ. 19 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 20, 21 გვერდებზე]

თუ გინდა, რომ ჯანმრთელი იყო, უნდა ივარჯიშო. და თუ გინდა, რომ სულიერად იყო ჯანმრთელი, ღვთის სიტყვა უნდა შეისწავლო