ტაილანდური სამზარეულო
ტაილანდური სამზარეულო
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მალაიზიიდან
თუ ბანგკოკის (ტაილანდი) რომელიმე ხალხმრავალ ქუჩაზე გაივლი, მოულოდნელად სასიამოვნო სურნელების ტყვეობაში აღმოჩნდები. ეს სურნელება ქუჩის იმ მხარეს მიგიყვანს, სადაც მზარეული ტრადიციულ ტაილანდურ კერძებს ამზადებს. ეს კერძები იმდენად მიმზიდველი და მადის აღმძვრელია, რომ ერთი სული გაქვს, როდის გაუსინჯავ გემოს.
ტაილანდურ კერძებს განსაკუთრებულ გემოს აძლევს საგულდაგულოდ შერჩეული მწვანილეული, მცენარეების ფესვები, ფოთლები და თესლეული. ამ ინგრედიენტების წყალობით კერძებს ერთდროულად დაჰკრავს მოტკბო, მომჟავო, მომწარო და მლაშე გემო, და ისეთი არომატი აქვს, რომ ძნელია თავი შეიკავო და არ გასინჯო. რატომ არის ტაილანდური სამზარეულო ასეთი უჩვეულო? გადავინაცვლოთ წარსულში.
მსოფლიოს სამზარეულოთა ნაზავი
ტაილანდს ისეთი ადგილმდებარეობა აქვს, რომ ძველად მოგზაურები აზიის მრავალ ქვეყანაში მოსახვედრად გვერდს ვერ აუვლიდნენ. საუკუნეების მანძილზე ჩინელები, ლაოსელები, კამპუჩიელები, ინდონეზიელები, ევროპელები და სხვა ხალხები ტაილანდის გავლით გადადიოდნენ სხვა ქვეყნებში. ბევრი იქ მკვიდრდებოდა. ტაილანდში ისინი თავიანთ ეროვნულ კერძებს ამზადებდნენ. ასე შეამკო სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების გემომ და სურნელმა ტაილანდური სამზარეულო.
შორეულ წარსულში ინდოელი მოგზაურებიც ასწავლიდნენ ტაილანდელებს, როგორ შეეკაზმათ კარრით (სანელებელი) კერძები. მე-16 საუკუნეში პორტუგალიელებმა ტაილანდში წიწაკა ჩაიტანეს. შესაძლოა პომიდორიც მათი ჩატანილი იყოს. დღესდღეობით ტაილანდის სამზარეულო საოცრად მრავალფეროვანია. კერძების უმეტესობა შენელებულია ყვითელი, მწვანე და წითელი წიწაკით და ამავე ფერის კარრის საწებლებით. კარრი და წიწაკა ტაილანდურ კერძებს აღმოსავლური სამზარეულოსთვის დამახასიათებელ გემოს აძლევს.
ათასგვარი არომატით გაჯერებული სამზარეულო
ტაილანდურ სუფრას ამშვენებს წვნიანი, სალათა, მოხრაკული ხორცი, ბოსტნეული, კარრი და სხვადასხვა საწებელი. მაგიდაზე ყოველთვის დევს ცხელი ბრინჯი. დესერტი შეიძლება დამზადებული იყოს შაქრისა და კვერცხისგან; აგრეთვე ქოქოსის რძისა და ნაყოფისგან.
ყველასთვის ცნობილია, რომ გემრიელი საჭმლის მოსამზადებლად საჭიროა ახალი პროდუქტები, ტაილანდში კი ეს ყველაფერი ადვილი საშოვნელია. ქალაქების ბაზრებში იყიდება ახალი ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ისეთი სანელებლები, როგორიცაა ლიმონის ურო, ქინძი, ნიორი, ზარდანჩო, გალანგას ფესვები, კარდამონი, თამარჰინდი და ზირაკი. აგრეთვე უხვად ნახავთ მწარე წიწაკას და მჟავე ლაიმს, ტაილანდური სამზარეულოს ძირითად ინგრედიენტებს.
ტაილანდში იქნება თუ თქვენსავე სამშობლოში, გირჩევთ გასინჯოთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი „ტომ იამ ქუნგი“ — კრევეტების წვნიანი მომჟავო-მომწარო გემოთი. შეგიძლიათ მიირთვათ აგრეთვე სანელებლებით შეკაზმული პაპაიას (ნესვის ხე) სალათა, ვერმიშელი შემწვარი ქათმის ან იხვის ხორცთან, ღორის დაკეპილ ხორცთან ან თევზთან ერთად. კიდევ ერთი გამორჩეული კერძია „მაჰო“, რომლის მნიშვნელობაცაა „ცხენები მიჰქრიან“. ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა ღორის ხორცი, კრევეტები და მიწის თხილი, რასაც ანელებენ წითელი წიწაკითა და ქინძით და დებენ ანანასის ნაჭერზე. დესერტად
შეგიძლიათ დააყოლოთ წებოვანი ბრინჯი, რომელსაც ქოქოსის რძესთან და მანგოსთან ერთად მიირთმევენ.როგორ უნდა მიირთვათ ტაილანდური კერძები, ნასიამოვნები რომ დარჩეთ? ქვეყნის ზოგ ნაწილში ჩვეულებისამებრ ხელით ჭამენ, თითებით იღებენ წებოვან ბრინჯს, მომრგვალო ფორმას აძლევენ, საწებელში აწებენ და მადიანად შეექცევიან. ვერმიშელი შეგიძლიათ სპეციალური ჩხირებით ჭამოთ, მაგრამ თუ გაგიჭირდებათ, ჩანგლითა და კოვზით მიირთვით.
ნერწყვი ხომ არ მოგადგათ? გემოს თუ გაუსინჯავთ ამ ლამაზი აზიური ქვეყნის უგემრიელეს კერძებს, აღმოსავლური სამზარეულოს სხვა კერძების გასინჯვის სურვილიც გაგიჩნდებათ.
[სურათები 23 გვერდზე]
1 „ტომ იამ ქუნგი“
2 ვერმიშელი ღორის დაკეპილი ხორცითა და კრევეტებით
3 სანელებლებით შეკაზმული პაპაიას სალათა
4 „მაჰო“
5 წებოვანი ბრინჯი ქოქოსის რძითა და მანგოთი