ხომ არ მოისპობა სიცოცხლე დედამიწაზე?
ხომ არ მოისპობა სიცოცხლე დედამიწაზე?
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კანადიდან
▪ ოთხი წლის განმავლობაში მეცნიერებმა და ეკოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტებმა გულდასმით შეისწავლეს მსოფლიოს ძირითადი ეკოსისტემები. ამ გამოკვლევას „ჩვენი ათასწლეულის ეკოსისტემების შეფასება“ უწოდეს. მათ კვლევის შედეგები თავიანთ პირველ ანგარიშში გამოაქვეყნეს. ამ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში საკვებზე, სუფთა წყალზე, ხე-ტყეზე, ბუნებრივ თუ სინთეზურ ბოჭკოზე და საწვავზე მზარდმა მოთხოვნამ არნახული გავლენა მოახდინა დედამიწის ეკოსისტემებზე და საგრძნობლად შეუმცირა ჩვენი პლანეტის რესურსები მომავალ თაობებს. ისეთი ბუნებრივი პროცესები, როგორიცაა მცენარეების დამტვერიანება, მათ მიერ გამოყოფილი ჟანგბადით ჰაერის გაწმენდა და ოკეანეების მიერ საკვები ნივთიერებების გადამუშავება, საგრძნობლად ფერხდება. გარდა ამისა, სხვადასხვა ჯიშის მცენარეები თუ ცხოველები მასობრივი გადაშენების პირასაა.
«ადამიანები დედამიწას ისეთი სისწრაფით აჩანაგებენ, რომ ეკოსისტემებმა ცოტა ხანში შეიძლება დაკარგონ თავიანთი ფუნქცია, რაც გამოიწვევს ტყეების გაქრობას, დაავადებებსა და ზღვებში „მკვდარი ზონების“ წარმოქმნას», — ნათქვამი იყო ტორონტოში გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“. გაზეთი დასძენს: „ჭაობიან ადგილებს, ტყეებს, სავანებს, დელტებს, იმ სანაპიროებს, სადაც ბევრი თევზი ბინადრობს და ყველა იმ საარსებო გარემოს, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს ამარაგებს ჰაერით, წყლითა და საკვები ნივთიერებებით, ისეთი ზიანი მიაყენეს, რომ მათი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია“. ის სპეციალისტები, რომლებმაც ზემოაღნიშნულ კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, ემხრობიან იმ აზრს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ეკოსისტემები გადაარჩინონ, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ „მათ რადიკალურად უნდა შეცვალონ ბუნებისადმი დამოკიდებულება“.
გადარჩება ჩვენი პლანეტა? რასაკვირველია! ღმერთმა ჩვენ მოგვანდო თავის ქმნილებებზე ზრუნვა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუფრთხილდეთ დედამიწას (ფსალმუნი 115:16). მაგრამ ეკოსისტემების აღდგენა მხოლოდ ღვთის ჩარევის შედეგად მოხდება. ჩვენი „დიდებული შემოქმედი“ გვპირდება, რომ ყურადღებას მიაპყრობს დედამიწას და ‘სიუხვეს მისცემს’ მას (იობი 35:10; ფსალმუნი 65:9—13). იეჰოვა ყურადღებას მიაპყრობს ზღვებსაც და ოკეანეებსაც და ყველაფერს, რაც მათშია, რადგან ისინიც მას ეკუთვნის (ფსალმუნი 95:5; 104:24—31). ღვთის დაპირებები აუცილებლად შესრულდება, რამეთუ ღმერთმა „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2).
დამაიმედებელია იმის ცოდნა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არ მოისპობა. ღვთისადმი მადლიერება ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს აღგვძრავს, განვადიდოთ ღმერთი სიბრძნის, ძალისა და სიკეთისთვის, და ხოტბა შევასხათ ყოველივე იმისთვის, რაც უდიდესი სიყვარულით შექმნა (ფსალმუნი 150:1—6).
[სურათის საავტორო უფლება 12 გვერდზე]
Globe: NASA photo