ემუქრება დედამიწას განადგურება?
ემუქრება დედამიწას განადგურება?
გლობალურ დათბობას უდიდესი საფრთხე უწოდეს. ჟურნალ „საიენსის“ თანახმად, მეცნიერებს აღელვებთ „ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად განვითარებული მოვლენები“. სკეპტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ იმას, რაც მეცნიერებს აშინებთ. მართალია, მრავალი ვერ უარყოფს გლობალურ დათბობას, მაგრამ მათ ვერ გაუგიათ, რა იწვევს მას და რა იქნება ამის საბოლოო შედეგი. ისინი ამბობენ, რომ ადამიანური ფაქტორი შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს, მაგრამ არა ძირითადი. რატომ არსებობს აზრთა სხვაობა?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური პროცესები, რომლებიც დედამიწაზე კლიმატს ქმნის, რთულია და ბოლომდე არ არის შესწავლილი. გარდა ამისა, გარემოს დაცვით დაინტერესებული პირები თავიანთ სასარგებლოდ ხსნიან მეცნიერულ ფაქტებს, მაგალითად, დედამიწაზე ტემპერატურის მატების მიზეზს.
სინამდვილეში მატულობს ტემპერატურა?
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) მიერ გაეროსთვის არც ისე დიდი ხნის წინ მიწოდებული ცნობის თანახმად, გლობალური დათბობა ფაქტია და ამაში ბრალი, ძირითადად, ადამიანებს მიუძღვით. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ დასკვნას, განსაკუთრებით იმას, რომ გლობალურ დათბობაზე პასუხისმგებლობა ადამიანს ეკისრება, აღიარებენ, რომ ქალაქებში ტემპერატურის მომატება შეიძლება მათი ზრდით იყოს განპირობებული. გარდა ამისა, ბეტონი და ფოლადი ადვილად შთანთქავს მზის სითბოს და ღამის განმავლობაში ნელა ცივდება. სკეპტიკოსების აზრით, ქალაქებში ტემპერატურის მომატება არ არის რეალური სურათის ამსახველი და სოფლის მონაცემებს არ მოიცავს, შედეგად, მსოფლიო სტატისტიკაც დამახინჯებულია.
მეორე მხრივ, კლიფორდი, ალასკას სანაპიროებთან მდებარე კუნძულზე მცხოვრები ხანდაზმული მამაკაცი, ამბობს, რომ თავად არის კლიმატის შეცვლის მოწმე. მისი თანასოფლელები ჩრდილოეთის ირემსა და ლოსზე სანადიროდ გაყინული ზღვის გავლით კონტინენტზე გადადიან. მაგრამ ტემპერატურის მომატებამ კუნძულელთა ჩვეული ცხოვრება შეცვალა. „ჩუკოტკის ზღვაზე შეიცვალა მოქცევები, ყინულის მდგომარეობა და წყლის გაყინვის დრო“, — ამბობს კლიფორდი. მისი თქმით, ადრე ზღვა ოქტომბრის მიწურულისთვის უკვე გაყინული იყო, ახლა კი დეკემბრის ბოლომდე არ იყინება.
2007 წელს დათბობა აშკარად ცხადი გახდა ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელშიც, რომელიც მთლიანად პირველად სწორედ ამ წელს გალღვა. თოვლისა და ყინულის საფარის შესახებ მონაცემთა შეგროვების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მეცნიერ-თანამშრომლის სიტყვების თანახმად, „თანდათანობით ხანგრძლივდება დრო, რომლის განმავლობაშიც ყინული დამდნარია“.
სათბურის ეფექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ასეთი ცვლილებების მიზეზად მეცნიერები სათბურის ეფექტის გაძლიერებას ასახელებენ; სათბურის ეფექტი მნიშვნელოვანი ბუნებრივი პროცესია, რომელიც აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის. დედამიწამდე მოღწეული მზის ენერგიის დაახლოებით 70 პროცენტი შთაინთქმება და ათბობს ჰაერს, ხმელეთსა და ზღვას. ამ მექანიზმის გარეშე დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით
0 ფარიენჰაიტი (-18 გრადუსი ცელსიუსის) ტოლი იქნებოდა. ბოლოს, შთანთქმული სითბო ინფრაწითელი სხივების სახით უკან, კოსმოსში ბრუნდება, და ასე ხდება დედამიწის გადახურებისგან დაცვა. მაგრამ, როდესაც ატმოსფერო დაბინძურებულია, კოსმოსში ნაკლები სითბო ბრუნდება; ეს კი დედამიწაზე ტემპერატურის მატებას იწვევს.სათბურის ეფექტის შემქმნელი აირებია: ნახშირორჟანგი, აზოტის ჟანგი, მეთანი, წყლის ორთქლი და სხვა. ბოლო 250 წლის მანძილზე ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია საგრძნობლად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო სამრეწველო რევოლუციამ და საწვავად ისეთი წიაღისეულის გამოყენებამ, როგორიცაა ნახშირი და ნავთობი. როგორც ჩანს, სათბურის ეფექტის გაძლიერებას იწვევს სასოფლო სამეურნეო ცხოველების პოპულაციების ზრდა, რომლებიც საჭმლის მონელების პროცესში მეთანსა და აზოტის ჟანგს გამოყოფენ. ზოგი მეცნიერი დათბობის მიზეზებად სხვა რამეს ასახელებს; ეს მიზეზები კი მანამ არსებობდა, სანამ ადამიანები მოახდენდნენ კლიმატზე ზეგავლენას.
კლიმატის მორიგი ცვლილება?
ალტერნატიული კონცეფციების ავტორები, რომლებიც ანთროპოგენული ფაქტორის ძირითად როლს არ ეთანხმებიან, აღნიშნავენ, რომ დედამიწის ტემპერატურა წარსულშიც მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ისინი მოიხსენიებენ ეგრეთ წოდებულ გამყინვარების პერიოდს, როდესაც დედამიწაზე ტემპერატურა ახლანდელთან შედარებით საგრძნობლად დაბალი იყო; ბუნებრივი გზით დათბობის შესახებ იდეის მხარდასაჭერად მათ მაგალითად ისეთი ცივი რეგიონები მოჰყავთ, როგორიცაა გრენლანდია, სადაც ერთ დროს თბილი კლიმატის მოყვარული მცენარეები ხარობდა. მეცნიერები აღიარებენ, რომ, როდესაც ძალიან დიდი ხნის წინათ მომხდარის შესახებ მსჯელობენ, ნაკლები დამაჯერებლობით შეიძლება იმის თქმა, რა ხდებოდა მაშინ.
რა განაპირობებდა ტემპერატურის მნიშვნელოვან ცვლილებას მაშინ, როდესაც ადამიანები არ ახდენდნენ კლიმატზე გავლენას? შესაძლებელია ამის მიზეზი მზის ლაქები და მზის აფეთქებები იყო, რომლებიც გავლენას ახდენს მზის მიერ გამოსხივებული ენერგიის ინტენსივობაზე. გარდა ამისა, დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, რასაც მრავალი ათასი წელი სჭირდება, და შესაბამისად, იცვლება დედამიწასა და მზეს შორის მანძილი. აგრეთვე დედამიწის ზედაპირის ტემპერატურაზე
გავლენას ახდენს ვულკანიდან ამოფრქვეული მტვერი და ოკეანური დინებების ცვლილებები.კლიმატის მოდელირება
თუ დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურა მატულობს — მნიშვნელობა არა აქვს, რა მიზეზით — რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ჩვენზე და გარემოზე? ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია. მაგრამ დღეს მეცნიერების ხელთაა მძლავრი კომპიუტერები, რომლებსაც ისინი კლიმატური სისტემების ციფრული სიმულაციების შესაქმნელად იყენებენ. მოდელების შესაქმნელად ისინი ფიზიკურ კანონებს, კლიმატურ მონაცემებსა და იმ ბუნებრივ ფენომენებს იყენებენ, რომლებიც გავლენას ახდენს კლიმატზე.
სიმულაციები მეცნიერებს იმ ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას აძლევს, რომლებსაც სხვაგვარად ვერ ჩაატარებდნენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ „შეცვალონ“ მზის მიერ მოწოდებული ენერგიის რაოდენობა, რათა დაინახონ, როგორ გავლენას იქონიებს ეს პოლუსებზე ყინულის საფარზე, ჰაერისა და ზღვის ტემპერატურაზე, აორთქლებული წყლის რაოდენობაზე, ატმოსფერულ წნევასა და ღრუბლების წარმოქმნაზე, ქარსა და წვიმაზე. აგრეთვე „ქმნიან“ ვულკანური ამოფრქვევების სიმულაციებს და აკვირდებიან, რა გავლენას ახდენს ვულკანური მტვერი ამინდზე. კომპიუტერების დახმარებით შესაძლებელია იმ გავლენის შესწავლაც, რომელსაც დედამიწის მოსახლეობის მატება, ტყის გაჩეხვა, სათბურის აირების გამოყოფა და სხვა ფაქტორები ახდენს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი მოდელები უფრო და უფრო ზუსტი და სანდო გახდება.
რამდენად ზუსტია დღევანდელი მოდელები? რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული კომპიუტერში შეტანილი მონაცემების სიზუსტესა და ამ მონაცემების რაოდენობაზე. ამიტომ მათ საფუძველზე გაკეთებული პროგნოზები განსხვავებულია — ზოგი ახლოს არის სინამდვილესთან, ზოგიც სრულიად არარეალურია. ჟურნალ „საიენსში“ ნათქვამია: „სიურპრიზები შეიძლება თვითონ ბუნებამაც მოგვიმზადოს“. ასეთი „სიურპრიზი“ არაერთი ყოფილა, მაგალითად, არქტიკის ყინულოვანი საფარის უჩვეულოდ სწრაფი დნობა, რამაც მრავალი კლიმატოლოგი გააოცა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილ პირებს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ შედეგებზე, რომლებსაც მათი ქმედება ან უმოქმედობა იწვევს, მათ შეუძლიათ დღეს მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხვალინდელ პრობლემებს შეამცირებს.
ამიტომ IPCC-მ კომპიუტერული სიმულაციის ექვსი მოდელი შეისწავლა; იყო ისეთი მოდელები, რომლებშიც ადამიანთა საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ იყო დადგენილი; ისეთები, რომლებშიც ასახული იყო დღეს არსებული შეზღუდვები და ისეთებიც, რომლებშიც მკაცრად იყო შეზღუდული ადამიანთა ბევრი საქმიანობა. თითოეულის შედეგი განსხვავებული კლიმატი და გარემო პირობები იყო. ამ პროგნოზების საფუძველზე სპეციალისტები მთავრობებს სხვადასხვა ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებენ. ამ ღონისძიებებში შედის: წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე შეზღუდვების დადგენა, კანონდამრღვევთა დაჯარიმება, მეტი ბირთვული გენერატორების გამოყენება და ისეთი ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც ნაკლებ ზიანს მიაყენებდა გარემოს.
სანდოა კომპიუტერებით მიღებული ინფორმაცია?
კრიტიკოსების სიტყვების თანახმად, დღეს გამოკვლევები მეტისმეტად მწირ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება; ხდება კლიმატური პროცესების უსაფუძვლო განზოგადება და მრავალი ფაქტორის იგნორირება. ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ კომპიუტერულ სიმულაციებში *.
არათანმიმდევრულობა შეინიშნება. ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელიც IPCC-ს დისკუსიებში იღებდა მონაწილეობას, თქვა: „როცა ვცდილობთ საოცრად რთული კლიმატური პროცესების შეფასებასა და შესწავლას, ზოგ ჩვენგანს უმწეობის გრძნობა გვიჩნდება, და ეჭვი გვეპარება იმაში, გვესმის თუ არა, რა ხდება და რატომ“ზოგი შეედავებოდა ამ მეცნიერს და იტყოდა, რომ ეჭვი უმოქმედობას არ ამართლებს. „ხვალ რომ კატასტროფა მოხდეს, რა პასუხს გავცემთ ჩვენს შვილებს?“ — ამბობენ ისინი. იმის მიუხედავად კლიმატის მოდელები ზუსტია თუ არა, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ დედამიწას სერიოზული საფრთხე ემუქრება. გარემოს დაბინძურებამ, ტყეების გაჩეხვამ, ურბანიზაციამ და სახეობათა გადაშენებამ ზიანი მიაყენა დედამიწის თვითაღდგენის უნარს, და აქ ჩამოთვლილი ფაქტორები მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალ ფაქტორთაგან, რომელთა უარყოფაც შეუძლებელია.
შეიძლება იმის იმედი გვქონდეს, რომ მსოფლიო მოსახლეობა შეიცვლის ცხოვრების წესს და ისე იცხოვრებს, რომ ჩვენი ლამაზი პლანეტაც გადარჩეს და ჩვენც? თუ გლობალური დათბობის მიზეზი ადამიანთა საქმიანობაა, საჭირო ცვლილებების მოსახდენად შეიძლება მხოლოდ წლები გვაქვს დარჩენილი და არა საუკუნეები. საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება და დედამიწის პრობლემების ძირითად მიზეზებთან ბრძოლა; ეს მიზეზებია: ადამიანთა სიხარბე, პირად ინტერესებზე ზრუნვა, უცოდინრობა, არაკომპეტენტური მთავრობის მმართველობა და გულგრილობა. შესაძლებელია მსგავსი ცვლილებების მოხდენა თუ ეს მხოლოდ ოცნებაა? თუ დიახ, ვართ უიმედო მდგომარეობაში? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[სქოლიო]
^ აბზ. 20 ჯონ კრისტი, ალაბამას უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის ეკოსისტემების შემსწავლელი მეცნიერული ცენტრის თანამშრომელი (ჰასტვილი, აშშ); 2007 წლის 1 ნოემბრის „უოლ-სტრიტ ჯორნელი“.
[Box/Picture on page 5]
როგორ გაზომავდით დედამიწის ტემპერატურას?
რომ წარმოიდგინოთ, რამდენად რთულია ამის გაკეთება, დაფიქრდით იმაზე, როგორ გაზომავდით ტემპერატურას ერთ დიდ ოთახში. მაგალითად, სად მოათავსებდით თერმომეტრს? თბილი ჰაერი მაღლა ადის, ამიტომ ჭერთან ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დაბლა. ტემპერატურა განსხვავებული იქნება ფანჯარასთანაც, რომელსაც მზის სხივები ეცემა, და ოთახის დაჩრდილულ ნაწილშიც. ტემპერატურის სხვაობას განაპირობებს ფერიც, რადგან მუქი ზედაპირი მეტ სითბოს შთანთქავს.
ასე რომ, ერთი მონაცემი საკმარისი არ იქნებოდა. საჭირო იქნებოდა, ტემპერატურა რამდენიმე ადგილას გაგეზომათ და შემდეგ საშუალო არითმეტიკული გამოგეთვალათ. მონაცემები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა დღეს თუ სეზონზე. ამიტომ სიზუსტისთვის საჭირო იქნებოდა მრავალი მონაცემის შეგროვება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია მთელი დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანეების ტემპერატურის გაზომვა! მაგრამ ასეთი სტატისტიკური მონაცემები აუცილებელია კლიმატის ცვალებადობის ზუსტად განსასაზღვრავად.
[Credit Line]
NASA photo
[Box on page 6]
გამოასწორებს მდგომარეობას ბირთვული ენერგიის გამოყენება?
მსოფლიოში ენერგიის მოხმარება უფრო და უფრო იზრდება. ვინაიდან ნავთობისა და ქვანახშირის წვის შედეგად სათბურის აირები გამოიყოფა, ზოგი მთავრობა ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ალტერნატივის სახით ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე ფიქრობს. მაგრამ ბირთვული ენერგიის გამოყენებაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
„ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნის“ თანახმად, საფრანგეთი, რომელიც მსოფლიო ბირთვული ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელია, ყოველწლიურად რეაქტორების გასაცივებლად 19 მილიარდ კუბურ მეტრ წყალს იყენებს. 2003 წელს, როდესაც საფრანგეთში ძალიან ცხელოდა, რეაქტორების მიერ გაცხელებულმა წყალმა უჩვეულოდ ასწია მდინარეთა წყლის ტემპერატურა, რამაც გარემოს საფრთხე შეუქმნა, და აუცილებელი გახდა რამდენიმე სადგურის გათიშვა. დედამიწაზე ტემპერატურის მატება მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.
„თუ ბირთვული ენერგიის გამოყენებას ვაპირებთ, კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაჭრა მოგვიწევს“, — თქვა დეივიდ ლოკბაუმმა, ინჟინერმა ატომური ენერგიის დარგში.
[Box/Map on page 7]
სტიქიური უბედურებები 2007 წელს
2007 წელს მრავალი სტიქიური უბედურება მოხდა, რის შედეგადაც „ადამიანთა საქმიანობის მაკოორდინირებელმა გაეროს ოფისმა“ გამოსცა 14 სასწრაფო დახმარების საჭიროების შესახებ თხოვნა, რაც 2005 წელთან შედარებით 4-ით მეტი იყო. ქვემოთ ჩამოთვლილია იმ უბედურებათაგან რამდენიმე, რომლებიც 2007 წელს მოხდა. მხედველობაში მიიღეთ, რომ აქ მოყვანილი ცალკეული შემთხვევები იმაზე არ მეტყველებს, რომ მსგავსი ტენდენცია დიდი ხნის განმავლობაში შეიმჩნეოდა.
▪ ბრიტანეთი: საშინელმა წყალდიდობამ 350 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა; მსგავსი წყალდიდობა 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნახავთ. ინგლისსა და უელსში მაის-ივლისში გადაუღებლად წვიმდა; მსგავსი წვიმიანი სეზონი არ აღრიცხულა მას შემდეგ, რაც 1766 წელს ამინდის დაფიქსირება დაიწყეს.
▪ დასავლეთი აფრიკა: წყალდიდობამ დააზარალა 14 ქვეყანაში მცხოვრები 800 000 ადამიანი.
▪ ლესოტო: მაღალმა ტემპერატურამ და გვალვამ მოსავალი გაანადგურა. დაახლოებით 553 000 ადამიანი საკვებით დახმარებას საჭიროებს.
▪ სუდანი: თავსხმა წვიმებმა 150 000 ადამიანი თავშესაფრის გარეშე დატოვა. სულ მცირე, 500 000-მა მიიღო დახმარება.
▪ მადაგასკარი: კუნძულს ციკლონმა და ძლიერმა წვიმებმა გადაუარა, რის გამოც 33 000 ადამიანს სახლის დატოვება მოუწია და 260 000 მოსავლის გარეშე დარჩა.
▪ ჩრდილოეთი კორეა: გამოთვლების თანახმად, წყალდიდობამ და მეწყერმა დიდი ზარალი მიაყენა 960 000 ადამიანს.
▪ ბანგლადეში: წყალდიდობამ დააზარალა 8,5 მილიონი ადამიანი და 3 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; დაზარალდა 1,25 მილიონი შინაური ცხოველი. დაახლოებით 1,5 მილიონი სახლი დაზიანდა და დაინგრა.
▪ ინდოეთი: წყალდიდობის შედეგად 30 მილიონი ადამიანი დაზარალდა.
▪ პაკისტანი: თავსხმა წვიმებმა 377 000 ადამიანი სახლის გარეშე დატოვა, 296-ის სიცოცხლე კი შეიწირა.
▪ ბოლივია: წყალდიდობამ 350 000-ზე მეტი დააზარალა, ამათგან 25 000-ს იძულებით გადაადგილება მოუწია.
▪ მექსიკა: წყალდიდობამ, სულ მცირე, 500 000 ადამიანი დატოვა უსახლკაროდ.
▪ დომინიკელთა რესპუბლიკა: ხანგრძლივმა თავსხმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის გამოც 65 000 ადამიანი გახდა იძულებული, სახლი დაეტოვებინა.
▪ შეერთებული შტატები: სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარმა 500 000 ადამიანს დაატოვებინა მშობლიური სახლი.
[Credit Line]
Based on NASA/Visible Earth imagery