როგორ შევეწინააღმდეგო ცდუნებას?
ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ შევეწინააღმდეგო ცდუნებას?
▪ კარინა წვეულებაზე ათიოდე წუთის მისული იყო; ოთახში ორი ბიჭი შემოვიდა, რომლებსაც ხელში სავსე პარკები ეჭირათ. კარინამ კარგად იცოდა, რა იდო ამ პარკებში. მას ყური ჰქონდა მოკრული ამ ბიჭების საუბრისთვის, რომ ამ წვეულებაზე „ბევრი სასმლის“ მოტანას აპირებდნენ. ცხადია, ამის შესახებ კარინას მშობლებისთვის არაფერი უთქვამს. მან თავი იმით დაიმშვიდა, რომ ბიჭები უბრალოდ ხუმრობდნენ; ბოლოს და ბოლოს, ამ სახლში უფროსებიც ხომ იქნებოდნენ.
უცებ კარინას ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა: „რა ცხვირჩამოშვებული დგახარ?“ კარინა მობრუნდა და დაინახა თავისი მეგობარი ჯესიკა, რომელსაც ხელში ახლად გახსნილი ორი ლუდის ბოთლი ეჭირა. ჯესიკამ ერთი ბოთლი გაუწოდა და უთხრა: „ახლა არ მითხრა, რომ შენთვის ჯერ ადრეა ლუდის სმა!“
კარინას უარის თქმა უნდოდა, მაგრამ ზეწოლა უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. პრობლემა ის კი არ იყო, დალევდა თუ არა ალკოჰოლურ სასმელს, არამედ ის, რომ თავის მეგობარს, ჯესიკას თეთრ ყვავად არ მიეჩნია. გარდა ამისა, ჯესიკა ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელზეც შეიძლებოდა იმის თქმა, რომ კარგი გოგოა. და, თუ ის სვამდა, განა არ შეიძლებოდა, თვითონაც დაელია?! „ეს ხომ ლუდია და სხვა არაფერი — არწმუნებდა საკუთარ თავს კარინა. — ეს ხომ არც ნარკოტიკია და არც სექსი“.
აახალგაზრდა შეიძლება სხვადასხვა ცდუნების წინაშე აღმოჩნდეს. ხშირად შეიძლება ცდუნებად საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობა იქცეს. „სკოლაში გოგოები გასაქანს არ მაძლევენ, — ამბობს 17 წლის რემონო *. — უნდათ, რომ შემეხონ; აინტერესებთ, რამდენის უფლებას მივცემ. ისინი ვერ ურიგდებიან იმ აზრს, რომ მათთან არანაირი ურთიერთობა არ მინდა“. იმავე დღეში ჩავარდა 17 წლის დიანაც: „ერთი ბიჭი მოვიდა და ხელი მომხვია. რას აკეთებ, მე ხომ არც კი გიცნობ-მეთქი, ვუთხარი მას და ხელი ვკარი!“
შეიძლება შენც გიწევს განსაცდელებთან გამკლავება და, შესაძლოა, ფიქრობ, რომ მათ ბოლო არ უჩანს. ერთმა ქრისტიანმა თქვა: «განსაცდელი შეიძლება აბეზარ სტუმარს შევადაროთ, რომელიც ყურადღებას არ აქცევს გამოკრულ წარწერას „ნუ შემაწუხებთ!“ და დაჟინებით აკაკუნებს». პირადად შენ,
ხშირად გესმის ასეთი „კაკუნი“? მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ცდუნება „გიკაკუნებს“ კარზე?□ სიგარეტის წევა
□ ალკოჰოლური სასმელების დალევა
□ ნარკოტიკების მიღება
□ პორნოგრაფიის ყურება
□ მრუშობა
□ სხვა ․․․․․
თუ რომელიმე მათგანი გაწუხებს, ნუ დაასკვნი, რომ არ გამოგივა ქრისტიანული ნორმების შესაბამისად ცხოვრება. შენ შეგიძლია არასწორი სურვილების გაკონტროლება და ცდუნებასთან გამკლავება. როგორ? პირველ რიგში გავიგოთ, რატომ ვდგებით ცდუნების წინაშე. განვიხილოთ სამი ფაქტორი.
1. არასრულყოფილება. გასაკვირი არ არის, რომ არასრულყოფილ ადამიანს ცუდის კეთება სურდეს. მოწიფულმა ქრისტიანმა მოციქულმა პავლემაც გულწრფელად აღიარა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21). ცხადია, შეიძლება ყველაზე პატიოსანი ადამიანიც დროდადრო „ხორცის სურვილმა“ და „თვალთა სურვილმა“ აიყოლიოს (1 იოანე 2:16). მაგრამ, თუ კაცი გამუდმებით არასწორზე ფიქრობს, თავს უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაიგდებს, ბიბლიაში ნათქვამია: „სურვილი . . . როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:15).
2. გარემოს გავლენა. სადაც კი გაიხედავ, ყველგან შეიძლება ცდუნების წინაშე დადგე. თრუდი ამბობს: „სკოლაში თუ სამუშაოზე, ხალხი სექსის გარდა არაფერზე ლაპარაკობს. ტელეგადაცემებსა თუ ფილმებში სექსს ყოველთვის მიმზიდველად და სასურველად წარმოადგენენ. იშვიათად თუ წარმოაჩენენ სექსის უარყოფით შედეგებს“. თრუდიმ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, თუ რა დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ყოველივე ამან. ის იხსენებს: „როცა 16 წლის ვიყავი, თავი შეყვარებული მეგონა. დედამ დამსვა და მითხრა, რომ თუ ასე გავაგრძელებდი მოქცევას, შეიძლება დავფეხმძიმებულიყავი. დედის სიტყვებმა თავზარი დამცა! ორი თვის შემდეგ მართლაც დავფეხმძიმდი“.
3. „ახალგაზრდული სურვილები“ (2 ტიმოთე 2:22). ამ ფრაზაში ახალგაზრდის ნებისმიერი სურვილი იგულისხმება. მაგალითად, იმის სურვილი, რომ აღიარონ და ზრდასრულ ადამიანად მიიჩნიონ. ამგვარ სურვილებში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ, თუ არ გააკონტროლე, შეიძლება გაგიჭირდეს ცდუნებასთან გამკლავება. მაგალითად, საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასმის სურვილმა შეიძლება უარი გათქმევინოს იმ ფასეულობებზე, რითაც მშობლებმა აღგზარდეს. სწორედ ეს დაემართა 17 წლის სტივს. მან თქვა: „მონათვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მშობლებს ვეურჩებოდი და ყველაფერს მათი ნების საწინააღმდეგოდ ვაკეთებდი“.
გულახდილად რომ ვთქვათ, აქ ჩამოთვლილი ცდუნებების გაძლება საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. როგორ?
▪ პირველ რიგში, გაარკვიე, რომელი ცდუნების გაძლება გიჭირს ყველაზე მეტად (შეიძლება ამაზე უკვე ნაფიქრიც გაქვს).
▪ შემდეგ საკუთარ თავს დაუსვი კითხვა: „ყველაზე ხშირად როდის ვდგები ამ ცდუნების წინაშე?“ აღნიშნე.
□ სკოლაში
□ ამსახურში
□ როდესაც მარტო ვარ
□ სხვა სიტუაციებში ․․․․․
იმის ცოდნა, თუ როდის დგები ცდუნების წინაშე, დაგეხმარება, თავიდან აირიდო განსაცდელი. მაგალითად, განვიხილოთ სიტუაცია, რომელიც ამ სტატიის დასაწყისშია მოხსენიებული. რით შეიძლებოდა კარინა მიმხვდარიყო, რომ ამ შეხვედრაზე ყველაფერი რიგზე არ იქნებოდა? როგორ შეეძლო ცდუნების თავიდან არიდება?
▪ როდესაც იცი 1) რა ცდუნების წინაშე დადგები და 2) როდის დადგები ამ ცდუნების წინაშე, მზად იქნები მოქმედებისთვის. თავიდან უნდა განსაზღვრო, როგორ შეგიძლია მინიმუმამდე დაიყვანო ან სრულად მოსპო ცდუნების წინაშე აღმოჩენის შესაძლებლობა. ჩამოწერე, რის გაკეთება შეგიძლია.
․․․․․
․․․․․
(მაგალითები: თუ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ყოველდღე გხვდებიან თანასკოლელები, რომლებიც ერთად მოწევას გთავაზობენ, შეგეძლო სხვა გზით წასულიყავი სახლში და ასე აგერიდებინა მათთან შეხვედრა. თუ ინტერნეტით სარგებლობისას ხშირად იღებ პორნოგრაფიულ მასალას, შეგიძლია ინსტალირება გაუკეთო პროგრამას, რომელიც დაბლოკავდა ყველა მსგავს საიტს. აგრეთვე, ინტერნეტში მასალის ძიებისას შეგეძლო უფრო კონკრეტული სიტყვები შეგეყვანა).
ცხადია, ყველა ცდუნების არიდება შეუძლებელია. ადრე თუ გვიან დადგები რომელიმე დიდი ცდუნების წინაშე და ეს, ალბათ, მაშინ მოხდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი. რის გაკეთება შეგიძლია მაშინ?
მზად იყავი. როცა „სატანა ცდილობდა ეცდუნებინა“, იესომ მაშინვე უკუაგდო მისი შემოთავაზება (მარკოზი 1:13). რატომ? იმიტომ, რომ მან კარგად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. იფიქრე ამაზე. იესო რობოტი არ იყო. მას შეეძლო ცდუნებას აჰყოლოდა, მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ყოველთვის მამის ნება შეესრულებინა (იოანე 8:28, 29). იესო ნამდვილად ამას გულისხმობდა, როცა თქვა: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელის“ (იოანე 6:38).
ქვემოთ ჩამოწერე ორი მიზეზი, რის გამოც არ უნდა აჰყვე ცდუნებას, რომლის წინაშეც ყველაზე ხშირად დგები, და ორი სტრატეგია, რომლებსაც ამ ცდუნებასთან გასამკლავებლად გამოიყენებ.
1. ․․․․․
2. ․․․․․
გახსოვდეს, როდესაც ცდუნებას ჰყვები, საკუთარი სურვილის მონა ხდები (ტიტე 3:3). რატომ უნდა ბატონობდეს შენზე შენი სურვილები? შენ თვითონ მართე შენი სურვილები, და სურვილებს არ მისცე შენი მართვის უფლება! (კოლოსელები 3:5).
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
[სქოლიო]
^ აბზ. 6 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.
დაფიქრდი
▪ შეიძლება სრულყოფილი ქმნილებები ცდუნდნენ? (დაბადება 6:1—3; იოანე 8:44).
▪ რა გავლენას ახდენს სხვებზე შენი მხრიდან ერთგულების შენარჩუნება და ცდუნების გაძლება? (იგავები 27:11; 1 ტიმოთე 4:12).
[ჩარჩო 27 გვერდზე]
ჩაატარე ეს ექსპერიმენტი
აიღე კომპასი; მისი ისარი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული. დადე კომპასის გვერდზე მაგნიტი. რა მოხდება? ისარი უკვე არასწორ მიმართულებას გიჩვენებს — ის მაგნიტისკენ არის გადახრილი.
შენი სინდისიც კომპასივითაა. სათანადოდ განსწავლული სინდისი „ჩრდილოეთისკენ“ იქნება მიმართული და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება. მაგრამ საზიანო ურთიერთობები მაგნიტივით შეუცვლის შენს სინდისს „მიმართულებას“ და ზნეობრივ ნორმებს დაგიკნინებს. რის სწავლა შეგიძლია ამ მაგალითიდან? მოერიდე ადამიანებსა და სიტუაციებს, რომლებიც ზნეობრივ ნორმებს დაგიკნინებდა (იგავები 13:20).
[ჩარჩო 27 გვერდზე]
რჩევა
მოიფიქრე, როგორ მოიქცეოდი იმ შემთხვევაში, როცა ვინმე შენს ცდუნებას შეეცდებოდა. ნუ აღელდები. ისეთ რამეს ნუ იტყვი, რომ სხვის თვალში მეტისმეტად მართალი გამოჩნდე. ხშირად გადაჭრით ნათქვამი უარი უკვე საკმარისია და ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო. მაგალითად, თუ თანასკოლელი სიგარეტს გთავაზობს, შეგიძლია უთხრა: „შენ გქონდეს. მე არ ვეწევი!“
[სურათი 28 გვერდზე]
როცა ცდუნებას აჰყვები, საკუთარი სურვილის მონა ხდები