არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საშიშროების მომასწავებელი ნიშნები

საშიშროების მომასწავებელი ნიშნები

საშიშროების მომასწავებელი ნიშნები

„ტუვალუელ 73 წლის ვალ ლესს მეცნიერებისგან არ სჭირდება იმის მოსმენა, რომ ზღვის დონე მატულობს. ის სანაპირო, სადაც ბავშვობა გაუტარებია, დღეს უკვე წყალქვეშაა; მარცვლეულის ყანა ზღვის მარილიანმა წყალმა გაუნადგურა. [2007 წლის] აპრილში მას სახლის დატოვება მოუწია, რადგან გაზაფხულზე იქაურობა მოქცეულმა წყალმა წალეკა და თან ქვები და ათასი ნაგავი მოიტანა“ (The New Zealand Herald).

ტუვალუელები ცხოვრობენ კუნძულებზე, რომლებიც ზღვის დონიდან 4 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს; ამიტომ მათთვის გლობალური დათბობა აბსტრაქტული ცნება კი არა, „ყოველდღიური რეალობაა“, — ამბობს „ჰერალდი“ *. ათასობით ადამიანმა დატოვა კუნძულები და ბევრიც ემზადება გასამგზავრებლად.

ბრიზბენში (ავსტრალია) მცხოვრებ რობერტს თავისი ბაღის მორწყვა მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში შეუძლია, და ისიც არა შლანგით, არამედ ვედრით. თუ ის მანქანას ისეთ სამრეცხაოში არ რეცხავს, სადაც წყალს ხელმეორედ იყენებენ, მხოლოდ სარკეების, მინებისა და ნომრების გარეცხვა შეუძლია. რატომ? რობერტი ქვეყნის იმ ნაწილში ცხოვრობს, სადაც საშინელი გვალვები იცის. სხვაგან გვალვის შედეგები ბევრად მწვავედ იგრძნობა. გლობალურ დათბობაზე მეტყველებს ავსტრალიასა და ტუვალუში არსებული ეს პრობლემები?

როგორია ზოგის პროგნოზი?

მრავალი მეცნიერის აზრით, გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზი ადამიანთა საქმიანობაა, რასაც კლიმატსა და გარემოზე კატასტროფული გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ტემპერატურის მატება იწვევს მუდმივი გაყინულობის ინტენსიურ დნობასა და ოკეანეთა მოცულობის ზრდას, რის შედეგადაც ზღვის დონემ შეიძლება მნიშვნელოვნად აიწიოს. ჩაიძირება ზღვის დონიდან არც ისე მაღლა მდებარე კუნძულები, მაგალითად, ტუვალუ; წყლით დაიფარება ნიდერლანდებისა და ფლორიდის მნიშვნელოვანი ნაწილიც, და ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია. მილიონობით ადამიანს მოუწევდა სახლების მიტოვება შანხაიში, კალკუტასა და ბანგლადეშში.

ტემპერატურის მომატებამ შესაძლოა უფრო დიდი შტორმები, წყალდიდობები და გვალვები გამოიწვიოს. ჰიმალაიზე, რომელიც მდინარეთა შვიდ სისტემას კვებავს, გლეტჩერის გაქრობამ შეიძლება მსოფლიო მოსახლეობის 40 პროცენტს სასმელი წყლის დეფიციტი შეუქმნას. საფრთხე ემუქრება ცხოველთა ათასობით სახეობას, მათ შორის თეთრ დათვს, რომელიც საკვების მოსაპოვებლად დროის უმეტეს ნაწილს ყინულზე ატარებს. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მრავალი დათვი საკვების უკმარისობას განიცდის, ზოგს კი საერთოდ არაფერი აქვს საჭმელად.

ტემპერატურის მომატებამ შეიძლება გაზარდოს ისეთი დაავადებების გავრცელების არეალი, რომელთა გადამტანებიც არიან კოღოები, ტკიპები და დაავადების გამომწვევი სხვა ორგანიზმები, მაგალითად, სოკოები. „მეცნიერ ატომმცოდნეთა ბიულეტენში“ ნათქვამია, რომ „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საშიშროება თითქმის ისეთივეა, როგორიც — ბირთვული იარაღით გამოწვეული საშიშროება. მისი გავლენა მოკლე დროის განმავლობაში შეუმჩნეველია, მაგრამ სამი-ოთხი ათწლეულის შემდეგ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ფლორასა და ფაუნას, რომელზეც ადამიანთა სიცოცხლეა დამოკიდებული“. ზოგი მეცნიერის აზრით, მდგომარეობა ბევრად უარესია, რადგან გლობალური დათბობით გამოწვეული ცვლილებები იმაზე უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოელოდნენ.

უნდა დავიჯეროთ ასეთი პროგნოზი? მართლა ემუქრება საფრთხე სიცოცხლეს დედამიწაზე? სკეპტიკოსების აზრით, ასეთი შემზარავი პროგნოზი უსაფუძვლოა; ზოგი კი გაურკვევლობაშია. მაშ, რა არის სიმართლე? ემუქრება საფრთხე დედამიწას და, შესაბამისად, ადამიანებს?

[სქოლიო]

^ აბზ. 3 „გლობალური დათბობა“ დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების საშუალო ტემპერატურის მომატებაზე მიუთითებს.