არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანობის შესვლა ტაიტიში

ქრისტიანობის შესვლა ტაიტიში

ქრისტიანობის შესვლა ტაიტიში

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ტაიტიდან

ევროპელებმა XVIII საუკუნის ბოლოს მასობრივად დაიწყეს ქრისტიანობის გავრცელება. უილიამ კერიმ, მომავალმა მისიონერმა, ბრიტანელი პროტესტანტები ისეთ ტერიტორიებზე ქადაგების სურვილით აანთო, სადაც ბიბლიის შესახებ არაფერი სმენოდათ; ერთ-ერთი ასეთი ადგილი ტაიტი იყო. კერი მოქმედებისკენ იესოს დავალებამ აღძრა, რომელიც მან თავის მიმდევრებს მისცა — მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან (მათე 28:19, 20). მსგავს სულისკვეთებას აღძრავდა კათოლიკე მისიონერებში 1802 წელს ფრანგი მწერლის ფრანსუა რენე შატობრიანის მიერ გამოქვეყნებული რელიგიური აპოლოგია „ქრისტიანობის გენია“.

მალე კათოლიკური და პროტესტანტული მისიონერული ასოციაციები და საზოგადოებები ჩამოყალიბდა. 1797 წელს ლონდონის მისიონერულმა საზოგადოებამ ტაიტიში 29 მისიონერი გაგზავნა. 1841 წელს კი პიკპუსის მამათა სახელით ცნობილი კათოლიკეთა ჯგუფი ჩავიდა ტაიტიში; სამი წლის შემდეგ მორმონებმაც გაგზავნეს მისიონერები. არც ისე დიდი ხნის შემდეგ იქ ჩასულები თავიანთი ძირითადი საქმიანობის ნაცვლად პოლიტიკასა და კომერციაში ჩაებნენ. რატომ უღალატეს მათ თავიანთ მისიას?

მოკავშირე ბელადი

თავიდან პროტესტანტ მისიონერებს დადებითად არავინ ეხმაურებოდა. ერთი მწერლის სიტყვების თანახმად: „ისინი ჯოჯოხეთის ცეცხლსა და ტანჯვაზე უფრო მეტს ქადაგებდნენ, ვიდრე თანაგრძნობასა და მოძმის სიყვარულზე“. გარდა ამისა, მქადაგებლები მალევე მიხვდნენ, რომ არც ერთი ტაიტელი არ მოინათლებოდა ბელადებზე ადრე, რომლებიც მათი სულიერი წინამძღოლებიც იყვნენ. ასე რომ, მისიონერებმა გადაწყვიტეს პირველ რიგში ბელადებისთვის ექადაგათ.

ერთ-ერთმა ბელადმა, პომარე II-მ, სიამოვნებით მიიღო მისიონერები, რადგან მათში პოტენციურ ეკონომიკურ და სამხედრო მოკავშირეებს ხედავდა. თავის მხრივ, მისიონერები ფიქრობდნენ, რომ პომარე მათ თავიანთი მიზნების განხორციელებაში დაეხმარებოდა. გარდა ამისა, მისიონერები ტაიტელებსა და სავაჭროდ ჩასულ მეზღვაურებს შორის თავიდანვე შუამავლის როლს ასრულებდნენ.

პომარე იმედოვნებდა, რომ მისიონერები პოლიტიკური მიზნების მიღწევასა და იარაღის შესყიდვაში დაეხმარებოდნენ; ამიტომ მან ინტერესი გამოავლინა და 1811 წელს მისიონერებს მონათვლა სთხოვა. მომდევნო წელს ამ თხოვნას წერილობითი სახე მისცა. მაგრამ რვა წლის განმავლობაში მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს, რადგან მისიონერები ფიქრობდნენ, რომ გონივრული იქნებოდა, დარწმუნებულიყვნენ, ნამდვილად სურდა თუ არა პომარეს ბიბლიის ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება.

ამასობაში პომარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტაიტისა და უახლოეს კუნძულებზე (საზოგადოების კუნძულებზე) მეფედ ეღიარებინათ. მან მისიონერებს კიდევ ერთხელ სთხოვა, მოენათლათ, და 1819 წელს პომარე მოინათლა კიდეც.

შედეგმაც არ დააყოვნა. დაახლოებით ხუთ წელიწადში საზოგადოების კუნძულების და ტუამოტუს არქიპელაგის დასავლეთ ნაწილის თითქმის მთელმა მოსახლეობამ და ოსტრალის კუნძულების მკვიდრთა ნახევარმა „ქრისტიანობა“ მიიღო.

პომარეს კოდექსი

კუნძულების მოსახლეობის მასობრივი „მოქცევა“ ფასეულობების, ადათ-წესებისა და კანონების შეცვლას მოითხოვდა. ამიტომ პომარემ დახმარებისთვის მისიონერებს მიმართა. მისიონერებსაც დიდი ხანია უნდოდათ ადგილობრივი წეს-ჩვეულებების შეცვლა და მეფის ძალაუფლების შეზღუდვა, რის გამოც მათ მიიღეს პომარეს წინადადება და ჩამოაყალიბეს კანონთა კრებული, რომელშიც ერთი ნაშრომის თანახმად, „ბრიტანეთის კონსტიტუციის ზოგადი პრინციპები, ბიბლიური ნორმები და ქრისტიანული ტრადიციები“ იყო თავმოყრილი. არაერთი შესწორების შემდეგ მეფემ დაამტკიცა კანონთა კრებული; ეს ტაიტელების პირველი კანონთა კოდექსი იყო, რასაც „პომარეს კოდექსი“ ეწოდა.

მეზობელმა კუნძულებმა და არქიპელაგებმა პომარეს კოდექსი საკუთარი კანონმდებლობის ნიმუშად გამოიყენეს. კანონი მკაცრად მოითხოვდა შაბათის დაცვას, არ იწყნარებდა მრუშობას, ბიგამიას, ქურდობასა და ამბოხებას, სიკვდილით სჯიდა მკვლელებს, კრძალავდა ნებისმიერი სახის აღვირახსნილ გართობას.

პოლიტიკაში ჩაბმა

ერთ წიგნში აღინიშნა, რომ პროტესტანტი მისიონერები „კუნძულის პოლიტიკაში იყვნენ ჩაბმული. ისინი სამხედრო სტრატეგები, პოლიტიკოსები, კანონმდებლები და ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლები გახდნენ“ (Where the Waves Fall). კუნძულების სამოქალაქო და სახელმწიფო საქმეებს იქ დასახლებული მორმონები და კათოლიკე მისიონერებიც კურირებდნენ. ტუბაის კუნძულზე (ოსტრალის კუნძულები) მცხოვრებმა ერთ-ერთმა მორმონმა განაცხადა: „მთავრობის სადავეები ეკლესიის ხელშია . . . მე კუნძულის პრემიერ-მინისტრი ვარ“. გამბიეს კუნძულებზე მოღვაწე ერთმა კათოლიკე სასულიერო პირმა ასეთივე დიდი გავლენა მოიპოვა და მინისტრად დაინიშნა.

ისტორიკოს კლარ ლოქსის სიტყვების თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ ქრისტიანობის გასავრცელებლად მისიონერებს მხოლოდ ბიბლია გამოეყენებინათ, თავიანთი „მიზნის მისაღწევად მათ პოლიტიკის გამოყენება არჩიეს“. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამგვარად უფრო სწრაფად მიაღწევდნენ სასურველ შედეგს. მაგრამ მათი ქმედება მათივე ეკლესიის წინამძღოლების მითითებების დარღვევა იყო. დღემდე საფრანგეთის პოლინეზიაში პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

რელიგია და ვაჭრობა

ავსტრალიის კანბერას უნივერსიტეტის პროფესორი ნელ გენსონი აღნიშნავს: „ზოგი მისიონერის პოლიტიკაში ჩაბმის მიზეზი კომერციული ინტერესები იყო“. ბევრმა მისიონერმა ვაჭრობას მიჰყო ხელი; ისინი საქონლით ამარაგებდნენ სავაჭრო გემებს, აქირავებდნენ მათ და აგებდნენ კიდეც. ზოგს მარანთის, ყავის, ბამბის, შაქრის ლერწმისა და თამბაქოს პლანტაციები ჰქონდა.

მისიონერები იმდენად აქტიურად ჩაებნენ კომერციაში, რომ 25 წლის განმავლობაში ავსტრალიასა და ტაიტის შორის სავაჭრო ურთიერთობებს, განსაკუთრებით დამარილებული ღორის ხორცითა და ქოქოსის ზეთით ვაჭრობას, უწევდნენ ხელმძღვანელობას. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ იწონებდნენ მათ საქმიანობას, ამიტომ მათ ლონდონის მისიონერულ საზოგადოებას მიმართეს. სხვები ფიქრობდნენ, რომ რელიგიური მიზნების მისაღწევად ვაჭრობა მნიშვნელოვანი იყო. როგორ?

ჩასვლის დღიდან მისიონერები ადგილობრივ მოსახლეობაზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებდნენ როგორც საკუთარ ნაწარმს, ისე ტექნიკურ ცოდნას. მათ სჯეროდათ, რომ „ცივილიზაცია“ ხალხს უფრო ბედნიერს გახდიდა; ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდნენ, მძიმედ ეშრომათ და გამდიდრებულიყვნენ; ისინი იმასაც კი ამბობდნენ, რომ მატერიალური კეთილდღეობა ღვთის კეთილგანწყობის მაჩვენებელი იყო.

მთელი გულით მოქცევა?

ლონდონის მისიონერული საზოგადოების წარმომადგენელი ერთ-ერთი ისტორიკოსი მოგვიანებით წერდა, რომ ამ კუნძულების მოსახლეობის ნაჩქარევი და მასობრივი მოქცევა „იშვიათად გამოხატავდა სწორად მოქცევის ან ღმერთთან დაახლოების სურვილს“. გენსონის სიტყვების თანახმად, ტაიტელების მოქცევა სხვა არაფერი იყო თუ არა „პომარე II-ის ნება, რაზეც გავლენა იქონია ინგლისელ მისიონერთა რელიგიურმა წეს-ჩვეულებებმა (და არა მრწამსმა)“.

მრავალმა ტაიტელმა ფორმალურად მიიღო ქრისტიანობა; რამდენიმე წელიწადში ტაიტიზე „მამაიად“ წოდებული რელიგიური მოძრაობა დაიწყო და ხალხი კვლავ წარმართობას დაუბრუნდა. მათი თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელ ზნეობრივ გახრწნილებაში მეფის ქალიშვილებიც იღებდნენ მონაწილეობას; „მამაიამ“ ერთმანეთში აურია ქრისტიანობა და ადგილობრივი წეს-ჩვეულებები.

პროტესტანტულ განშტოებებს — მათ შორის ანგლიკანურ ეკლესიას, კალვინისტებსა და მეთოდისტებს — ერთმანეთში გამუდმებული დავა ჰქონდათ, ხოლო პროტესტანტებსა და კათოლიკებს ერთმანეთი სძულდათ. „ადგილობრივი მოსახლეობა ამ რელიგიური ჯგუფების სწავლებებს შორის განსხვავებას ვერ ხედავდა და, შესაბამისად, ვერ იგებდნენ, რატომ ექიშპებოდნენ ერთმანეთს ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძმები იყვნენ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Cambridge History of the Pacific Islanders). მაგალითად, ტაიტიში ჩასული ორი კათოლიკე მისიონერი ცნობილი ყოფილი პროტესტანტი მისიონერის ბრძანებით მაშინვე გააძევეს ქვეყნიდან. შედეგად ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ბოლოს ბრიტანეთი დათმობაზე წავიდა და ტაიტის „მფარველობას“ საფრანგეთი უწევდა.

სასიკეთო შედეგები

ტაიტიში მისიონერთა ჩასვლის ერთ-ერთი სასიკეთო შედეგი ის იყო, რომ პირველი მისიონერები გულმოდგინედ ცდილობდნენ, ხალხისთვის წერა-კითხვა ესწავლებინათ; აგრეთვე მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის, ბავშვების ხოცვისა და კანიბალიზმის აღმოფხვრაში. თუმცა ზოგი მისიონერი ზედმეტად მკაცრი იყო, ისინი კუნძულის მკვიდრთა ზნეობრივი ნორმების ამაღლებას ცდილობდნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მისიონერებმა გააკეთეს, ის იყო, რომ ბიბლია ტაიტურ ენაზე თარგმნეს, რის საშუალებითაც ხალხს ღვთის სახელი გააგებინეს; ამ კუნძულის მოსახლეობისთვის ღვთის სახელი დღემდე კარგად არის ცნობილი * (ფსალმუნი 83:18).

[სქოლიო]

^ აბზ. 27 2003 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ იხილეთ სტატია „უბრალო ადამიანები, რომლებმაც ბიბლია თარგმნეს“.

[სურათი 15 გვერდზე]

„ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“

იესო ქრისტეს ეს სიტყვები მისი ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპია (იოანე 15:19). ეს იმდენად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ იესომ ღმერთს ლოცვაში უთხრა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16). აქედან ჩანს, რომ იესო შორს იდგა პოლიტიკისგან და არც მოწაფეების შესაძენად მიუმართავს მისთვის. ის არც ქონების დაგროვების სურვილს იწონებდა, რაც ქვეყნიერების სულის კიდევ ერთი ანარეკლია. ნაცვლად ამისა, ის უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი მიზანი სულიერი სიმდიდრის დაგროვება იყო (მათე 6:22—24, 33, 34). მისი ჭეშმარიტი მიმდევრები მას ჰბაძავენ.

[სურათი 13 გვერდზე]

პირველი მისიონერების მიღება, 1797 წელი

[საავტორო უფლება]

The Granger Collection, New York

[სურათი 14 გვერდზე]

მისიონერი და გაქრისტიანებული ტაიტელები, დაახლოებით 1845 წელი

[სურათი 14 გვერდზე]

მეფე პომარე II

[სურათი 15 გვერდზე]

ტაიტი და მისი დედაქალაქი პაპეეტე

[საავტორო უფლება]

Photo courtesy of Tahiti Tourisme

[სურათის საავტორო უფლებები 14 გვერდზე]

Left: Photo by Henry Guttmann/Getty Images; right: Collection du Musée de Tahiti et de ses Îles, Punaauia, Tahiti