რობოტები — რამდენად შორს წავიდა რობოტექნიკა?
რობოტები — რამდენად შორს წავიდა რობოტექნიკა?
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იაპონიიდან
რას წარმოადგენს თქვენთვის რობოტი? ზოგისთვის რობოტები ერთგული მეგობრები არიან, ზოგისთვის კი — საშიში მტრები, რადგან ფიქრობენ, რომ რობოტების სახით ინტელექტუალური კონკურენტები გამოუჩნდებათ და მათ ადგილს დაიკავებენ. თუმცა ბევრისთვის რობოტი მეცნიერული ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი.
რობოტექნიკის საერთაშორისო ფედერაციის 2006 წლის მონაცემებით, დღესდღეობით ერთ მილიონამდე სამრეწველო რობოტი არსებობს და მათგან თითქმის ნახევარი აზიის ქვეყნებშია. რა საჭიროა ამდენი რობოტი?
რა სამუშაოებს ასრულებენ რობოტები?
წარმოიდგინეთ მუშა, რომელსაც შეუძლია მთელი კვირა 24 საათის განმავლობაში დაუღალავად იმუშაოს, თანაც ყოველგვარი წუწუნის გარეშე. სწორედ ასეთი მუშები არიან სამრეწველო რობოტები, რომლებიც დიდი რაოდენობით აწარმოებენ მექანიკურ თუ ელექტროხელსაწყოებს, აგრეთვე საოჯახო ნივთებს. რობოტები მართლაც რომ ამართლებენ თავიანთ სახელწოდებას, რომელიც წარმოდგება ჩეხური სიტყვიდან „რობოტა“, რაც „მონურ შრომას“ ნიშნავს. როგორც ვარაუდობენ, 2005 წელს საავტომობილო ინდუსტრიაში ყოველ 10 მუშაზე 1 რობოტი მოდიოდა.
დღეს რობოტების მუშაობის სფერო მხოლოდ ფაბრიკა-ქარხნებით როდი შემოიფარგლება. თანამედროვე რობოტები აღჭურვილნი არიან ხმის ამომცნობი აპარატებით, გიროსკოპებით, უკაბელო საკომუნიკაციო თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემებით, სხვადასხვა ტიპის სენსორებით, რომელთა საშუალებითაც რობოტები რეაგირებენ ტემპერატურაზე, წინააღმდეგობაზე, ულტრაბგერებზე, ქიმიურ ნივთიერებებსა თუ რადიაციაზე. დღეს ბევრად მძლავრი და მრავალფუნქციური რობოტები არსებობს. ეს რობოტები ისეთ სამუშაოებს ასრულებენ, რომელთა წარმოდგენაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად მიაჩნდათ.
▪ მომსახურების სფერო. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში რობოტი ფარმაცევტი მექანიკური მკლავებით სულ რამდენიმე წამში იღებს მედიკამენტებს და პაციენტებს აწვდის. შეერთებული შტატების ფოსტაში უამრავი რობოტი მუშაობს, რომლებიც იღებენ, ახარისხებენ და ერთმანეთზე ალაგებენ ამანათებისთვის განკუთვნილ სადგამებს. გველის ფორმის მკლავიან რობოტებს კი შეუძლიათ დახურულ სივრცეში, მაგალითად, თვითმფრინავის ფრთებში მოთავსებული მექანიზმები შეამოწმონ იმის დასადგენად, არის თუ არა ყველაფერი მწყობრში, და ზოგჯერ შეაკეთონ კიდეც.
▪ მეგობარი. იაპონიის ერთ-ერთ მოხუცებულთა სახლში ხანდაზმულები პატარა ფუმფულა სელაპ რობოტებს ეფერებიან ხოლმე. ეს სელაპი რობოტები რეაგირებენ შეხებაზე, ხმაზე, ტემპერატურაზე, და იმაზეც კი, თუ ხელში როგორ უჭირავთ. ისინი ნამდვილი სელაპებივით მოძრაობენ, ღუღუნებენ, თვალებს ახამხამებენ და ფარფლებს ათამაშებენ. როგორც ამბობენ, სელაპი რობოტი აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას, რომ გვერდით ვიღაც ჰყავდეს, და ამავდროულად ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
▪ სამედიცინო სფერო. სამმკლავიანი რობოტი თავზე ადგას პაციენტს. იქვე შორიახლოს დგას სპეციალური სამართავი პულტი, რომლის ხედისმაძიებლის საშუალებით ქირურგი ყურადღებით აკვირდება პაციენტის გულის სამგანზომილებიან გამოსახულებას. ქირურგი რობოტის მეშვეობით აკეთებს ოპერაციას გულზე, რათა სარქველის ნორმალური მუშაობა აღადგინოს. ეს სისტემა მინიმალური ქირურგიული ჩარევის საშუალებას იძლევა, რადგან რობოტი დიდი სიზუსტით მუშაობს. შესაბამისად, ჭრილობაც შედარებით მცირე ზომისაა, სისხლის დანაკარგიც ნაკლებია და პაციენტის გამოჯანმრთელებაც უფრო სწრაფად ხდება.
▪ სახლში. საკმარისია თითი დააჭირო ღილაკს და მრგვალი ფორმის რობოტი მტვერსასრუტის მოვალეობას შეასრულებს. რობოტი ოთახში მოძრაობს როგორც სპირალურად, ისე კედლების გასწვრივ, და იმახსოვრებს ოთახში ავეჯის განლაგებას. აგრეთვე იმახსოვრებს კიბეების ადგილმდებარეობას და გვერდს უვლის. სამუშაოს დამთავრებისთანავე რობოტი ავტომატურად ითიშება და თავის ადგილს უბრუნდება, სადაც იტვირთება. დღესდღეობით ორ მილიონზე მეტი ასეთი რობოტია ხმარებაში.
▪ კოსმოსში. ექვსბორბლიანი თვითმავალი რობოტი სახელწოდებით „სპირიტი“ მარსის ზედაპირს იკვლევს. ეს რობოტი სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილი მკლავის საშუალებით ნიადაგისა და ქვების სტრუქტურას სწავლობს. ბორტზე დამაგრებული ფოტოაპარატებით „სპირიტმა“ 88 500-ზე მეტი ფოტოსურათი გადაუღო პლანეტის ზედაპირს, კრატერებს, ღრუბლებს, მტვრის ქარიშხალსა და მზის ჩასვლას. ეს მარსის შემსწავლელი მეორე რობოტია.
▪ სამაშველო საქმე. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ფოლადის კოჭებისა და ბეტონის ნანგრევების გახურებული გროვის ქვეშ კალათბურთის ბურთისხელა 17 სამაშველო რობოტი ცოცხალ ადამიანებს ეძებდა. მას შემდეგ სამაშველო რობოტები (სურათი ქვემოთ) ბევრად გაუმჯობესდა.
▪ წყალქვეშ. თვითმავალი წყალქვეშა მექანიზმის საშუალებით მეცნიერები ოკეანის სიღრმეებს სწავლობენ. ეს მექანიზმი თვითმართვადია. მის ბორტზე ეკიპაჟი არ იმყოფება. იგი ატარებს როგორც კვლევით, ისე აღდგენით სამუშაოებს, ამოწმებს ტელესაკომუნიკაციო კაბელებს, მიჰყვება ვეშაპების კვალს და ეძებს ნაღმებს.
უტოლდებიან თუ არა ადამიანს?
საუკუნეების მანძილზე ადამიანს ოცნებად ჰქონდა ქცეული ჰუმანოიდის ანუ ადამიანის მსგავსი რობოტის შექმნა. მაგრამ ოცნება ოცნებად რჩებოდა. ამერიკულ ეკონომიკურ ჟურნალში, „ბიზნეს უიკში“, ნათქვამი იყო: „მართალია ადამიანმა შექმნა სუპერ კომპიუტერები, ააგო ცათამბჯენები, დააპროექტა ქალაქები, მაგრამ ეს არაფერია იმ ურთულეს ამოცანასთან შედარებით, რომ რობოტებმა ადამიანის მსგავსად იმოძრაონ, ხელოვნური თვალით აღიქვან ობიექტი, ჰქონდეთ ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა ყნოსვა, სმენა, შეხება, და ის, რითაც ადამიანურ ინტელექტს მიუახლოვდებიან“.
ავიღოთ ერთი შეხედვით მარტივი ჰუმანოიდი, რომელსაც სიარული შეუძლია. პირველად ასეთი რობოტი 1997 წლის სექტემბერში იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს. მის შექმნას მთელი 11 წელი დასჭირდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ხანგრძლივ კვლევა-ძიებებსა თუ დახარჯულ მილიონობით დოლარზე. მას შემდეგ ისეთი რობოტებიც კი შექმნეს, რომლებსაც კიბეზე ასვლა, სირბილი, ცეკვა, ლანგრით საჭმლის მირთმევა, ურიკის ტარება და დაცემის შემთხვევაში წამოდგომაც კი შეუძლიათ.
რობოტები მომავალში
ამერიკის შეერთებული შტატების „აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია“ ამჟამად მუშაობს „რობონავტის“, ადამიანის მსგავსი რობოტის შექმნაზე, რომელიც კოსმოსში სახიფათო სამუშაოებს შეასრულებს. ბილ გეიტსი, პიონერი პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიის დარგში, იმედოვნებს, რომ მალე „რობოტები შეძლებენ, ხანდაზმულებს ფიზიკური დახმარება აღმოუჩინონ და მეგობრობაც კი გაუწიონ“.
მსგავსი ინფორმაცია იაპონიის მთავრობამაც გაავრცელა. მათი თქმით, 2025 წლისთვის ადამიანებს ისეთი რობოტები ეყოლებათ სახლში, რომლებიც შეძლებენ ავადმყოფის მოვლას, ძიძის მოვალეობის შესრულებას და საოჯახო საქმეების კეთებას. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ 2050 წლისთვის ფეხბურთელი რობოტების გუნდს ვერც ერთი გუნდი ვერ დაამარცხებს. მეცნიერები იმასაც იმედოვნებენ, რომ რამდენიმე ათწლეულში ისეთ რობოტებს შექმნიან, რომელთა ინტელექტუალური შესაძლებლობებიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე დიდი იქნება.
რაც არ უნდა რეალური ჩანდეს ეს პროგნოზები, ყველა არ არის ასე ოპტიმისტურად განწყობილი. იქიდან გამომდინარე, რომ მეცნიერები არაერთ ტექნიკურ სირთულეს აწყდებიან, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი, ჯორდან პალაკი აღნიშნავს: „ჩვენ მხედველობიდან გვრჩება ის ფაქტი, რომ საუკეთესო პროგრამისტი თავად ბუნებაა“.
ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად შორს წავა რობოტექნიკა. თუმცა ერთი რამ დღესავით ნათელია: სიყვარულის, სიბრძნისა და სამართლიანობის გამოვლენის უნარი მხოლოდ ადამიანს აქვს და ეს ყოველთვის ასე იქნება. ეს იმიტომ რომ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ღვთის ანარეკლად მხოლოდ ადამიანია შექმნილი (დაბადება 1:27). ჩვენ არა ვართ უემოციო გამომთვლელი მანქანები. ჩვენ გვაქვს ნების თავისუფლება და დაჯილდოებულნი ვართ ცნობიერებითა და ღვთის თაყვანისმცემლობის უნარით. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება მეტად უნდა დავუახლოვდეთ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს (იაკობი 4:8).
[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]
Courtesy Aaron Edsinger
Courtesy OC Robotics
[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]
Courtesy AIST
© 2008 Intuitive Surgical, Inc.
Courtesy iRobot Corp.
[სურათის საავტორო უფლებები 18 გვერდზე]
Top: NASA/JPL-Solar System Visualization Team; left: NASA/JPL/Cornell University
© The RoboCup Federation
Greg McFall/NOAA/Gray’s Reef National Marine Sanctuary
[სურათის საავტორო უფლება 19 გვერდზე]
© 2007 American Honda Motor Co., Inc.