არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკვდილი ყველაფრის დასასრულია?

სიკვდილი ყველაფრის დასასრულია?

ერთ მოხუცს, რომელიც 85 წლისა იყო, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ის სისტემატურად იტარებდა ჰემოდიალიზის პროცედურებს (სისხლის გაწმენდის მეთოდი თირკმლის უკმარისობის დროს). მაგრამ ერთ დღესაც უარი თქვა ამ პროცედურაზე, რის გამოც ორ კვირაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამ დროს მის გვერდით მხოლოდ მისი ვაჟი იყო.

გარდაცვალებამდე ის და მისი ვაჟი ხშირად საუბრობდნენ მნიშვნელოვან საკითხზე — მთავრდება თუ არა სიცოცხლე სიკვდილით. ამაზე ადრეც არაერთხელ უსაუბრიათ. ეს მოხუცი საკმაოდ განათლებული კაცი იყო, თუმცა სკეპტიკურად განწყობილი. ამის მიზეზი ის იყო, რომ ევოლუციის თეორიისაც სჯეროდა და ამავე დროს, რელიგიურ თვალთმაქცობასაც ხედავდა; ის საკუთარ თავს აგნოსტიკოსს უწოდებდა და ეჭვქვეშ აყენებდა ღვთის არსებობას.

შვილს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მამა დაეიმედებინა, ენუგეშებინა. ამიტომ ხშირად ცდილობდა მამისთვის დაენახვებინა, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება. როდესაც მოხუცმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო ჯანმრთელობისა და ახალგაზრდული ენერგიის დაბრუნება ინატრა.

ნუგეში სიკვდილის მოლოდინში

ალბათ ყველა მოხუცი ინატრებდა ჯანმრთელობისა და ახალგაზრდული ენერგიის დაბრუნებას და ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც მშვიდობას ბოლო არ ექნება. ადამიანები არ ვგავართ ცხოველებს, რომლებიც, როგორც ბიბლიაში წერია, ინსტინქტით მოქმედებენ (2 პეტრე 2:12, „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ჩვენ ვგლოვობთ გარდაცვლილ ახლობლებს, ვფიქრობთ მომავალზე, ვერ ვეგუებით იმას, რომ დავბერდებით, დავავადდებით და მოვკვდებით. მაგრამ ეს ყოველივე მწარე სინამდვილეა.

როგორც წესი, ადამიანი სიკვდილზე ფიქრს მაშინ იწყებს, როცა მას ან მის ახლობელს ეს საშიშროება ემუქრება. ბიბლიაში ნათქვამია: „ნადიმზე წასვლას გლოვის სახლში წასვლა სჯობია . . . ცოცხალმა ეს გულთან ახლოს უნდა მიიტანოს“ (ეკლესიასტე 7:2). რატომ ამბობს ბიბლია, რომ სიკვდილი გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ უნდა დავფიქრდეთ სიკვდილზე?

ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ყველას გვაქვს მშვიდობიან გარემოში უსაფრთხოდ ცხოვრების თანდაყოლილი სურვილი. სიკვდილი არავის გვინდა. რთულია და თითქმის შეუძლებელი იმ აზრთან შეგუება, რომ ერთ დღესაც აღარ იქნები. ბიბლიაში ახსნილია ამის მიზეზი: „[ღმერთმა] მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:11). ჩვენ ყველას გვინდა სიცოცხლე. განა ასე ძლიერ გვენდომებოდა სიცოცხლე, ჩვენს შემოქმედს მარადიული სიცოცხლისთვის რომ არ შევექმენით? მაგრამ რამდენად რეალურია, რომ ვიცხოვროთ მარადიულად და ბედნიერად, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე?

იმედის საფუძველი

გასულ წელს ამერიკის პენსიონერთა ასოციაციის ჟურნალში დაიბეჭდა სტატია „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“. როგორც ამ სტატიაში იყო აღნიშნული, 50 წელს გადაცილებულ რესპოდენტთა თითქმის სამი მეოთხედი (73%) დაეთანხმა იმ აზრს, რომ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. თითქმის ერთი მეოთხედი კი (25%) იმ აზრს იზიარებდა, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. მაგრამ სურთ კი ამ უკანასკნელთ, რომ ეს ასე იყოს?

ამავე სტატიაში მოყვანილი იყო ერთი ნიუ-იორკელი კათოლიკის სიტყვები: „სასულიერო პირები ირწმუნებიან, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. რა ვიცი, ათას რამეს ქადაგებენ. შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, რას იწამებ. მესაზე რომ დავდივარ, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მწამს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის, მაგრამ ეს ასე არ არის. თუმცა, თუ ეს სიმართლეა, მაგას რა სჯობია?!“.

ამ კათოლიკის მსგავსად, ბევრია სკეპტიკურად განწყობილი, ისევე როგორც სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც თავის შვილს ხშირად უმეორებდა შემდეგ სიტყვებს: „რელიგია მხოლოდ მათთვის არის, ვინც ვერ ეგუება იმ აზრს, რომ მოკვდება“. მიუხედავად ამისა, არა მარტო მას, არამედ სხვა სკეპტიკოსებსაც მოუწიათ იმის აღიარება, რომ ყოვლისშემძლე შემოქმედი დგას იმ პროცესების მიღმა, რომელსაც ახსნას ვერ უძებნიან.

ავიღოთ ადამიანის ტვინი. ჩასახვიდან სულ რაღაც სამ კვირაში ემბრიონის ტვინის უჯერედების ჩამოყალიბება იწყება. ეს უჯრედები საოცარი სისწრაფით მრავლდება, ზოგჯერ იმდენად სწრაფად, რომ წუთში ორას ორმოცდაათი ათასი უჯრედი წარმოიქმნება. ცხრა თვის შემდეგ ბავშვი ათვისების საოცარი უნარით იბადება. მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა, ჯეიმზ უოტსონმა, ადამიანის ტვინს სამყაროში აღმოჩენილ მექანიზმთა შორის ურთულესი უწოდა.

ასეთ საოცრებებზე ფიქრისას ბევრს უჩნდება ღვთის მიმართ მოწიწების გრძნობა. თქვენც ხომ არ გეუფლებათ ასეთი გრძნობა? ხომ არ მიდიხართ იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც ერთ დროს იობი მივიდა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“, შემდეგ კი თავის დასმულ შეკითხვას თვითონვე უპასუხა: „დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:14, 15).

ნამდვილად არ იქნება საფუძველს მოკლებული, თუ ვიტყვით, რომ სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული. ვნახოთ ამის დამამტკიცებელი არგუმენტები.