არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება!

სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება!

სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება!

ერთ-ერთი ფილმის სიუჟეტში ახალგაზრდა მამაკაცი დედის საფლავთან დგას და ნაღვლიანი ამბობს: „დედა, ყოველთვის იმას ამბობდი, სიკვდილი ბუნების კანონიაო“. შემდეგ, როდესაც კადრში მცირე ხნით საფლავის ქვა ჩნდება, ეს მამაკაცი სინანულით ამბობს: „ნეტა ეს სიმართლე არ იყოს!“

ამ სიტყვებში გამოხატულია იმ მილიონობით ადამიანის ტკივილი, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. სიკვდილი მართლაც ულმობელი მტერია, მაგრამ ღმერთი დამაიმედებელ დაპირებას გვაძლევს: „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26). რატომ ვკვდებით, თუკი ჩვენი ორგანიზმი ისეა შექმნილი, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ? მოეღება ოდესმე სიკვდილს ბოლო?

რატომ ვბერდებით და ვკვდებით?

ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის შესახებ ბიბლიაში წერია: „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“ (კანონი 32:4; ფსალმუნი 83:18). ვინაიდან ღმერთმა პირველი მამაკაცი, ადამი სრულყოფილი შექმნა, მას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დედამიწაზე ედემის ბაღში, ანუ სამოთხეში მარადიულად ეცხოვრა (დაბადება 2:7—9). მაგრამ რატომ ვერ შეირგო ადამმა სამოთხეში ცხოვრება, რატომ დაბერდა და მოკვდა?

მიზეზი ძალიან მარტივია. ადამი არ დაემორჩილა ღვთის ბრძანებას და აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამა. არადა ღმერთს გაფრთხილებული ჰყავდა ადამი, რომ თუ შეჭამდა ამ ხის ნაყოფს, ‘იმ დღესვე მოკვდებოდა’ (დაბადება 2:16, 17). ადამმა მხარი აუბა თავის ცოლს და ღმერთს ეურჩა. ამიტომ ღმერთმა ორივე გამოაძევა ედემის ბაღიდან. ბიბლიიდან ჩანს, თუ რატომ მიიღო ღმერთმა დაუყოვნებლივ ასეთი გადაწყვეტილება: „[ადამმა] ხელი რომ არ გაიწოდოს, სიცოცხლის ხის ნაყოფიც არ მოწყვიტოს, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს“ (დაბადება 3:1—6, 22).

გასაგებია, რომ ადამი და ევა თავიანთი ურჩობის გამო დაიხოცნენ, მაგრამ მათი შთამომავლები რატომღა ბერდებიან და კვდებიან? მათ ადამისგან მემკვიდრეობით მიიღეს ცოდვა და არასრულყოფილება და ამიტომაც კვდებიან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როგორც ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

როგორც ბიბლიიდან გავიგეთ, ‘სიკვდილს ბოლო მოეღება’, სამუდამოდ მოისპობა (1 კორინთელები 15:26). მაგრამ როგორ? ბიბლია ამაზეც გვაძლევს პასუხს: „ერთ მოქმედებას, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა, ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ“ (რომაელები 5:18). რას ნიშნავს „ერთი მოქმედება“, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ღვთის წინაშე „მართლად აღიარება“ და მარადიული სიცოცხლის მიღება?

ამაში იგულისხმება ის, რაც ღმერთმა გააკეთა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის აღმოსაფხვრელად. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, [არის] მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). იესომ იმის შესახებ, რაც ღმერთმა ხალხის მართლად აღიარებისთვის გააკეთა, თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება [ხალხი] ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

დაფიქრდით, რა ძლიერ ვუყვარვართ ღმერთს და მის ძეს, იესო ქრისტეს, რომელიც საშინლად ეწამა ჩვენი გულისთვის. მოციქულმა პავლემ დაწერა: ‘ღვთის ძემ შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის’ (გალატელები 2:20). იესოს გარდა, სხვას რატომ არ შეეძლო ‘მიეცა თავისი სული ჩვენ გამოსასყიდად’ და აღმოეფხვრა ცოდვის საშინელი შედეგები? (მათე 20:28)

იესო იყო ერთადერთი, რომელსაც მემკვიდრეობით არ მიუღია ადამისგან ცოდვა. ამიტომ მხოლოდ მას შეეძლო თავისი სული გაეღო გამოსასყიდად. ღმერთმა იესოს სიცოცხლე ზეციდან სასწაულებრივად გადაიტანა ქალწულ მარიამის საშვილოსნოში. როგორც ანგელოზმა უთხრა მარიამს, მისი ძე „წმინდა, ღვთის ძე“ იქნებოდა (ლუკა 1:34, 35). ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ მიიღო იესომ მემკვიდრეობით „პირველი კაცისგან, ადამისგან“ ცოდვა და რატომ ეწოდება მას „უკანასკნელი ადამი“ (1 კორინთელები 15:45). მხოლოდ უცოდველ ადამიანს, იესოს შეეძლო გაეღო თავისი სიცოცხლე, როგორც „შესაბამისი გამოსასყიდი“. ის ხომ ისეთივე სრულყოფილი იყო, როგორიც ერთ დროს ადამი (1 ტიმოთე 2:6).

როგორც ვხედავთ, გამოსასყიდით შესაძლებელი გახდა იმის მიღება, რაც ადამმა დაკარგა, კერძოდ, მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე. უმეტესობამ ეს კურთხევები რომ მიიღოს, ჯერ მკვდრეთით უნდა აღდგეს. ეს მართლაც დიდებული იმედია. მაგრამ რამდენად რეალურია ეს იმედი?

რატომ უნდა გვჯეროდეს?

თუკი იეჰოვა ღმერთმა სიცოცხლე შექმნა, ნუთუ ძნელია იმის დაჯერება, რომ ის იმ ადამიანსაც შექმნის ხელახლა, რომელიც ერთ დროს ცოცხალი იყო? ღმერთმა ქალის ორგანიზმი ისე შექმნა, რომ მის საშვილოსნოში ნაყოფი ჩასახულიყო. „დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან“ და ცხრა თვის შემდეგ ქვეყანას მათი მსგავსი პატარა არსება მოევლინა (დაბადება 4:1). დღემდე სასწაულად ითვლება ის, თუ როგორ განვითარდა ნაყოფი ევას საშვილოსნოში. ამ ფენომენს ადამიანის გონება დღემდე ვერ სწვდება ბოლომდე (ფსალმუნი 139:13—16).

ბავშვის დაბადებას ჩვეულებრივ მოვლენად თვლიან, რადგან დღეში ასი ათასობით ბავშვი იბადება. თუმცა ის, რომ ერთ დროს ცოცხალი ადამიანები კვლავ დაუბრუნდებიან სიცოცხლეს, ბევრს დაუჯერებლად მიაჩნია. ერთხელ, როდესაც სინაგოგის წინამძღვარს გოგონა მოუკვდა, იესომ იქ შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ აღარ ეგლოვათ. „მათ ეს სიცილად არ ეყოთ“, რადგან გოგონა მკვდარი იყო. ამ დროს იესომ გარდაცვლილს უთხრა: «„ადექი!“ გოგონა მაშინვე წამოდგა და გაიარა». როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „იქ მყოფთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“ (მარკოზი 5:39—43; ლუკა 8:51—56).

გავიხსენოთ კიდევ ერთი შემთხვევა. როდესაც იესომ ბრძანა, რომ ლოდი მოეშორებინათ ლაზარეს სამარხისთვის, ლაზარეს დამ, მართამ მას უთხრა: „აყროლებული იქნება, უკვე მეოთხე დღეა“. როგორ გაიხარებდნენ იქ მყოფნი, როდესაც იესომ ლაზარეს სიცოცხლე დაუბრუნა! (იოანე 11:38—44). ბევრმა გაიგო იესოს სასწაულების შესახებ. იოანე ნათლისმცემელს საპყრობილეში ყოფნის დროს თავისივე მოწაფეებმა შეატყობინეს, რომ იესოს წყალობით ‘მკვდრები ცოცხლდებოდნენ’ (ლუკა 7:22).

სიცოცხლე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ

რატომ ახდენდა იესო ასეთ სასწაულებს? მოგვიანებით ხომ მაინც დაავადდებოდა და მოკვდებოდა ის ხალხი, რომელსაც აღადგენდა? იესო ამას იმის დასამტკიცებლად აკეთებდა, რომ ადამიანები კვლავ დაიბრუნებდნენ იმას, რაც ადამმა დაკარგა — მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე. ის ფაქტი, რომ იესო მკვდრებს აღადგენდა, იმას ადასტურებს, რომ მომავალში მილიონები „დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

თუ ღვთის ერთგულები დავრჩებით, მათ შორის ვიქნებით, ვინც მარადიულად იცხოვრებს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ასეთი ერთგულების წყალობით მივიღებთ „სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც“, რომელსაც აგრეთვე „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ ეწოდება (1 ტიმოთე 4:8; 6:19).

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჭეშმარიტი სიცოცხლე ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში.

[სურათი 6 გვერდზე]

„იქ მყოფთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“