გადაურჩა გადაშენებას ევროპული დომბა?
გადაურჩა გადაშენებას ევროპული დომბა?
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის პოლონეთიდან
ბრაკონიერებმა საწადელი აისრულეს. მათ მიაგნეს იმ ცხოველის ნაკვალევს, რომელსაც ეძებდნენ. გზა დაუყოვნებლივ განაგრძეს და როგორც იქნა იპოვეს უზარმაზარი არსება, რომლის ნახვასაც დიდი ხანია ლამობდნენ. მას ტანზე მუქი ყავისფერი ბეწვი ჰქონდა, ხოლო კისერსა და ყელზე — შავი. მისი მოხრილი რქები ზემოთ იყო აღმართული. ბრაკონიერებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ მას ხელში ჩაიგდებდნენ, მის ხორცსა და ტყავს ძვირად გაყიდიდნენ.
უცებ გაისმა გასროლის ხმა. დაჭრილმა ცხოველმა თავის გადასარჩენად ტყეს მიაშურა, მაგრამ ამაოდ. მეორე ტყვიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა; ნახევარტონიანი, უსულდგმულო ცხოველი მიწაზე დაენარცხა. ბრაკონიერები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს შემთხვევა ისტორიაში შევიდოდა. მათ მოკლეს უკანასკნელი ევროპული დომბა, რომელიც პოლონეთის დაბლობის ბინადარი იყო. ეს მოხდა 1919 წლის აპრილში. საბედნიეროდ, ამ დროისთვის ზოგი დომბა ზოოპარკებსა და სამხეცეებში ჯერ კიდევ იმყოფებოდა.
ევროპული დომბა („Bison bonasus“) თავდაპირველად ფართოდ იყო გავრცელებული ევროპის უმეტეს ნაწილში. ზრდასრული ხარი დაახლოებით 900 კილოგრამს იწონის და სიმაღლეში, სადაც ამობურცული მინდაო აქვს, 2 მეტრზე მეტია. ამ უზარმაზარ ძუძუმწოვრებს ტყის „იმპერატორები“ ეწოდებათ.
დომბას საკმაოდ არაპროპორციული ტანი აქვს. მისი სხეულის წინა ნაწილი უკანა ნაწილთან შედარებით განიერი და დიდია. ეს კი თავის მხრივ იმითაცაა განპირობებული, რომ მხრების ზემოთ მას ამობურცული მინდაო აქვს. დომბის უკანა ნაწილი მოკლე ბეწვითაა დაფარული, ხოლო წინა ნაწილი — გრძელი, აბურძგნილი ბეწვით.
გადაშენების პირას მისული დომბა
გამოკვლევის თანახმად დღეისათვის რამდენიმე ათასი ევროპული დომბაა შემორჩენილი. ტყეების გაჩეხვამ ისინი საცხოვრებლის გარეშე დატოვა. გარდა ამისა, მათზე ბრაკონიერები შეუბრალებლად ნადირობდნენ. მერვე საუკუნისთვის გალიის (დღევანდელი საფრანგეთისა და ბელგიის) ტერიტორიაზე დომბა საერთოდ გადაშენდა.
მე-16 საუკუნეში პოლონეთის მეფეებმა დომბის დასაცავად გარკვეული ზომები მიიღეს. პირველი მეფე, რომელმაც დომბის დაცვაზე იზრუნა, იყო სიგიზმუნდ II ავგუსტი. მან გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ის, ვინც ამ ცხოველს მოკლავდა, სიკვდილით დაისჯებოდა. რატომ გამოსცა მეფემ ასეთი ბრძანება? ვეტერინარი ზბიგნიევ კრაშენსკი, რომელიც ბელოვეჟის ეროვნულ პარკში მუშაობს, ამბობს: „ამ ბრძანების მიზანი ის გახლდათ, რომ ცხოველები
არ გადაშენებულიყვნენ და მეფეს სამეფო კარის წარმომადგენლებთან ერთად შეძლებოდა მათზე ნადირობა“. ასეთი მკაცრი სასჯელის მიუხედავად დომბაზე მაინც განაგრძობდნენ ნადირობას. ამის შედეგი კი ის იყო, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს ევროპული დომბა მხოლოდ ბელოვეჟის ტყესა (აღმოსავლეთ პოლონეთში) და კავკასიაში შემორჩა.მე-19 საუკუნეში მდგომარეობა თანდათანობით უკეთესობისკენ შეიცვალა. მას შემდეგ რაც, რუსეთის იმპერიამ ბელოვეჟის ტყე თავის საკუთრებად გამოაცხადა, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ევროპული დომბის დასაცავად ბრძანება გასცა. შედეგებმაც არ დააყოვნა. ევროპული დომბის პოპულაცია საგრძნობლად გაიზარდა და 1857 წლისთვის მათმა რიცხვმა მთავრობის მფარველობის წყალობით თითქმის 1 900-ს მიაღწია. მოგვიანებით, დომბებს ზამთარში რომ საკვები არ მოკლებოდათ, მთავრობამ სათანადო ზომები მიიღო. გაიყვანეს თხრილები, რომ ცხოველებს წყალი მუდმივად ჰქონოდათ. აგრეთვე დაამუშავეს ნიადაგი და დარგეს მცენარეები, რომ მათ საკვები არ გამოლეოდათ.
სამწუხაროდ, დომბების ასეთი ნებივრობა ხანმოკლე აღმოჩნდა. შემდეგი 60 წლის განმავლობაში მათი რიცხვი განახევრდა. პოლონეთის გარეულ დომბებზე საბოლოო იერიში პირველი მსოფლიო ომის დროს მიიტანეს. გერმანიაში გამოიცა ბრძანება, რომ „ბუნების ეს უნიკალური ქმნილებები შთამომავლობისთვის შემოენახათ“, მაგრამ ამის მიუხედავად, დომბის ჯოგებს მაინც ხოცავდნენ გერმანელი ჯარისკაცები. გარდა ამისა, მათზე ნადირობდნენ რუსი მებრძოლები და შეუბრალებელი ბრაკონიერები. როგორც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, 1919 წელს პოლონეთში უკანასკნელი ევროპული დომბა მოკლეს.
დომბის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევა
ამ ცხოველის გადასარჩენად 1923 წელს ევროპული დომბის დაცვის საერთაშორისო საზოგადოება შეიქმნა. თავდაპირველად მათ აღრიცხეს, თუ რამდენი სუფთა სისხლის დომბა იყო შემორჩენილი *. ასეთი აღწერის შედეგად დადგინდა, რომ მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ზოოპარკებსა თუ სამხეცეებში დარჩენილი იყო 54 სუფთა სისხლის დომბა, თუმცა ყველა მათგანი ვერ შეძლებდა გამრავლებას. ზოგი მათგანი საკმაოდ ბებერი იყო, ზოგს კი სხვადასხვა დაავადება ჰქონდა. ბოლოს მხოლოდ 12 დომბა შეარჩიეს გასამრავლებლად. ცნობილია, რომ დღესდღეობით დაბლობში ბინადარი ყველა ევროპული დომბა მხოლოდ ხუთი დომბისგან გამრავლდა.
1929 წლის შემოდგომაზე დაბლობის ორი ევროპული დომბა ველურ ბუნებაში, საგანგებოდ დაცულ ბელოვეჟის ტყის ნაკრძალში გაუშვეს. ათი წლის შემდეგ მათი რიცხვი თექვსმეტამდე გაიზარდა.
გადაურჩა დომბა გადაშენებას?
21-ე საუკუნის დასაწყისში მთელ მსოფლიოში დაახლოებით 2 900 ევროპული დომბა იყო. დაახლოებით 700 მათგანი პოლონეთში ბინადრობდა. წლების განმავლობაში დომბას ჯოგები მომრავლდა ბელორუსიაში, ლიტვაში, რუსეთში, უკრაინასა და ყირგიზეთში.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპულ დომბას საფრთხე აღარ ემუქრება. მათ სიცოცხლეს ჯერ კიდევ უქმნის საფრთხეს ინფექციის გადამტანი მწერები და სხვადასხვა დაავადებები. დომბებს არც საკმარისი საკვები და წყალი აქვთ. გარდა ამისა, ბრაკონიერები ჯერ კიდევ ნადირობენ მათზე. სერიოზულ პრობლემას აგრეთვე წარმოადგენს გენეტიკური ფაქტორებით გამოწვეული დეფექტები, რაც ხელს უშლის ამ ცხოველის სიცოცხლისუნარიანობას და მის პოპულაციას. ამ მიზეზების გამო ევროპული დომბა წითელ წიგნშია შეტანილი.
მრავალი ადამიანის ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს დომბის სახეობამ ჩვენამდე მოაღწია. ზემოთ მოხსენიებული ვეტერინარი კრაშენსკი შეგვახსენებს: „ევროპული დომბა იმის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს, რომ ძალიან ადვილია, ესა თუ ის სახეობა მოკლე დროში გადაშენების პირას მივიდეს, მის გადარჩენას კი ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება“. ამ და სხვა მრავალი ცხოველის მომავალი გაურკვეველია. თუმცა დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ „ტყის იმპერატორი“ გადაშენებას გადაურჩა.
[სქოლიო]
^ აბზ. 13 ევროპული დომბისგან შემორჩა მხოლოდ ორი ქვესახეობა — დაბლობის ევროპული დომბა და კავკასიური ანუ მთის დომბა. უკანასკნელი კავკასიური დომბა 1927 წელს მოკვდა. ამ დომბის სიკვდილამდე ამ სახეობის კავკასიური მამრი დაბლობის დომბასთან შეაჯვარეს და მიიღეს ჰიბრიდი. ასეთი სახით გამრავლებული კავკასიური დომბა ჯერ კიდევ ბინადრობს სხვადასხვა ადგილებში.
[სურათი 10 გვერდზე]
ევროპული დომბა ბელოვეჟის ეროვნულ პარკში
[საავტორო უფლება]
All photos: Białowieski Park Narodowy