რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ 2007 წელს ჩინეთში „მილიარდობით ამერიკული დოლარის მფლობელი 106 ადამიანი იყო, მაშინ, როდესაც [2006 წელს] მათი რიცხვი 15 იყო, ხოლო 2002 წელს — არც ერთი“ („ჩაინა დეილი“, ჩინეთი).
▪ „ინდოელებს, რომლებიც უპატრონოდ დატოვებენ ასაკოვან მშობლებს, ახალი კანონის მიხედვით ციხე ემუქრებათ. ეს კანონი შემუშავდა იმის გამო, რომ მოდერნიზაცია საფრთხეს უქმნის ოჯახური ცხოვრების საუკუნოვან ტრადიციებს“ („რეიტერი“, ინდოეთი).
▪ „დღეს ინგლისში იმდენივე მუსლიმანია, რამდენიც ანგლიკანი“ („ეკონომისტი“, დიდი ბრიტანეთი).
ციმბირული ხეები — ძვირფასი ლითონის „საბადო“
ციმბირის ტყეებში „შესაძლებელია ოქროს ბუნებრივი გზით მოპოვება დამპალი ხეების ფესვებში“, — ნათქვამია რუსეთში გამომავალ ჟურნალში „ვოკრუგ სვეტა“. ულან-უდელმა (ირკუტსკი) და ნოვოსიბირსკელმა მეცნიერებმა დაკვირვებების შედეგად დაადგინეს, რომ მარადმწვანე ხეები, რომლებიც ციმბირის ისეთ ადგილებში იზრდებიან, სადაც მადანი მოიპოვება, ნიადაგიდან სხვადასხვა სახის თხევად ლითონს იწოვენ. როდესაც ხეების ფესვები ლპება და ხეები ხმება, ლითონი ნიადაგის ზედაპირზე რჩება. დამპალი ხის ფესვების მხოლოდ ერთი ტონა ნარჩენებიდან ციმბირელმა მეცნიერებმა მოიპოვეს 5 გრამი პლატინა, დაახლოებით 200 მილიგრამი ოქრო და 3 კილოგრამი ვერცხლი.
პირველადი დახმარება დაკრძალვაზე
ავსტრალიის ერთ-ერთ სასაფლაოზე მომუშავე მესაფლავეებს მისცეს ელექტრული აპარატი, დეფიბრილატორი, რომელიც გამოიყენება გულის კუნთის ფიბრილაციის შესაწყვეტად. რატომ მისცეს მათ ეს აპარატი? ავსტრალიაში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში „სან-ჰერალდში“ აღნიშნულია, რომ ამ აპარატს იყენებენ იმისათვის, რომ დახმარება აღმოუჩინონ გარდაცვლილის დამწუხრებულ ახლობლებს, რომლებსაც შესაძლოა ასეთ დროს გულის შეტევა დაემართოთ. „დაკრძალვაზე დიდია გულის შეტევის რისკი, — აღნიშნავს წმინდა იოანეს სახელობის სასწრაფო დახმარების სამსახურის მთავარი წარმომადგენელი სისენანდა სანტოსი, — დაკრძალვაზე ხალხმრავლობაა, ადამიანები დამწუხრებულები არიან და ხშირად ცხელ ამინდებშიც კი სამგლოვიარო ტანსაცმელი აცვიათ“. დეფიბრილატორი ისეა დაპროგრამებული, რომ ხმოვანი მითითებების მეშვეობით ადამიანი იგებს, თუ როგორ გამოიყენოს ის. ეს აპარატი აგრეთვე აჩვენებს, აქვს თუ არა ადამიანს გულის შეტევის კონკრეტული ნიშნები, რომ ელექტროშოკი გამოიყენონ და მგლოვიარის გულის მუშაობა აღადგინონ.
განქორწინება საზიანოდ მოქმედებს გარემოზე
მსოფლიოში განქორწინებათა მზარდი რიცხვი გარემოზე საზიანოდ მოქმედებს, რადგან ამ დროს, ისედაც შეზღუდული რესურსები მეტი რაოდენობით იხარჯება. განქორწინების შედეგად საცხოვრებელ ადგილთა რაოდენობა იზრდება, ოჯახის წევრთა რაოდენობა კი მცირდება და შესაბამისად თითოეული ადამიანი მეტ რესურსებს ხარჯავს. „მხოლოდ 2005 წლის განმავლობაში განქორწინებულ ოჯახებს [შეერთებულ შტატებში] შეეძლოთ დაეზოგათ 38 მილიონზე მეტი საცხოვრებელი ადგილი, 73 მილიარდზე მეტი კილოვატი ელექტროენერგია და 2 400 000 000 000-ზე მეტი ლიტრი წყალი, თუ ამ რესურსებს იმავე რაოდენობით გამოიყენებდნენ, როგორც დაქორწინებული წყვილები“, — ნათქვამია ერთ-ერთ ჟურნალში („Proceedings of the National Academy of Sciences“). 2000 წელს შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა 6,1 მილიონმა განქორწინებულმა წყვილმა „ბუნებრივი რესურსები გაფლანგა“.
მინიატურული ბიბლია
ერთ ელექტრონულ ჟურნალში, „საიენს დეილიში“, ნათქვამია, რომ ისრაელის ნანოტექნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერებმა სილიციუმის ჩიპზე, რომელიც ქინძისთავზე უფრო პატარაა, ებრაულ ენაზე ჩაწერეს „ძველი აღთქმა“. ამის გაკეთება შესაძლებელი გახდა პატარა ნაწილაკების (რომელსაც გალიუმის იონებს უწოდებენ) ფოკუსირებული სხივის გამოყენებით, რათა ჩიპის ოქროთი დაფარულ ზედაპირზე ტექსტი ამოეტვიფრათ. ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა ური სივანმა აღნიშნა: „ნანო-ბიბლიის შექმნამ ცხადყო, თუ რამდენად შეგვიძლია დღეს მინიატიურიზაცია“. ის აგრეთვე საშუალებას გვაძლევს, „დაგროვილმა ინფორმაციამ ძალიან პატარა მოცულობა დაიკავოს“.
[სურათის საავტორო უფლება 30 გვერდზე]
AP Photo/Ariel Schalit