არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

უნდა ვღიზიანდებოდე, მშობლები სახლში დაბრუნების დროს რომ მიდგენენ?

უნდა ვღიზიანდებოდე, მშობლები სახლში დაბრუნების დროს რომ მიდგენენ?

მეგობრებთან ყოფნის შემდეგ სახლში ბრუნდები. უკვე გვიანია. სახლში დათქმულ დროზე გვიან მიხვედი. მშობლებთან თავის მართლება მოგიწევს. სახლში შესვლამდე უხერხულობას გრძნობ. უცებ გაიფიქრე: იქნებ დედას და მამას უკვე სძინავს. კარს ფრთხილად აღებ და რას ხედავ, მშობლები იქვე დგანან, საათს უყურებენ და ახსნა-განმარტებას ელიან.

ნაცნობია შენთვის ეს სიტუაცია? ყოფილა ისე, რომ შენ და შენი მშობლები ვერ მისულხართ ერთ აზრამდე, და ვერ შეთანხმებულხართ სახლში დაბრუნების დროზე? „შედარებით უსაფრთხო ადგილას ვცხოვრობთ, — ამბობს 17 წლის დებორა, — მაგრამ ჩემი მშობლები მაინც პანიკაში ვარდებიან, თუ სახლში შუაღამისას ვბრუნდები“ *.

რატომ არის რთული, დაემორჩილო მშობლებს და სახლში დათქმულ დროს დაბრუნდე? არასწორად იქცევი, თუ მეტ თავისუფლებას ითხოვ? როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობლები კატეგორიულად გთხოვენ, რომ დადგენილ დროს წუთითაც არ გადააცილო?

გამოსავალი

შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოს იმან, რომ მშობლები სახლში დაბრუნების დროს გიდგენენ, და ეს განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიქრობ, რომ ამის გამო მეგობრებთან ნორმალური ურთიერთობის საშუალება არ გეძლევა. „ნერვები მეშლება, როცა მშობლები შინ დაბრუნების დროს მიდგენენ, — ამბობს 17 წლის ნატაშა. — ერთხელ დედამ და მამამ იცოდნენ, რომ მეზობლად მეგობრებთან ერთად ფილმს ვუყურებდი. ზუსტად ორი წუთით დავაგვიანე და მშობლებმაც დამირეკეს, სადა ხარ ამდენ ხანსო“.

სტეისი პრობლემის სხვა მხარეზე საუბრობს: „სახლში მშობლების დაძინებამდე უნდა მივსულიყავი. თუ შემაგვიანდებოდა, ისინი ძალიან ნერვიულობდნენ. შევიდოდი თუ არა, საყვედურებით მავსებდნენ. ეს ძალიან მაღიზიანებდა, ვერ ვიგებდი, რატომ ვერ იძინებდნენ ჩემ მისვლამდე“. თუ შენც გიწევს მშობლებთან ასეთ საკითხებზე დავა, შენთვის უცხო არ იქნება 18 წლის კატიას გრძნობები. ის ამბობს: „მინდა რომ მშობლები მენდობოდნენ და მეტ თავისუფლებას მაძლევდნენ“.

თუ შენც ამ ახალგაზრდების დღეში ხარ, ჰკითხე საკუთარ თავს:

რატომ მიწევს გარეთ გული?

  • ამ დროს არავისზე არ ვარ დამოკიდებული.

  • სტრესისგან ვთავისუფლდები.

  • მეგობრებთან ყოფნის საშუალება მაქვს.

უჩვეულო არაფერია იმაში, თუ დამოუკიდებლობის, სტრესისგან გათავისუფლებისა და მეგობრებთან ყოფნის სურვილი გაქვს. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო იზრდები, მით მეტი დამოუკიდებლობა გინდა; ამ დროს ჯანსაღი გართობა აუცილებელიც კია. ბიბლიაც მოგიწოდებს, რომ კარგ ადამიანებთან იმეგობრო (ფსალმუნი 119:63; 2 ტიმოთე 2:22). ამის გაკეთება რთული იქნება, თუ მთელი დღე სახლში იქნები გამოკეტილი!

მაშ, როგორღა გექნება თავისუფლება, თუ მშობლები სახლში დაბრუნების დროს გიდგენენ, რაც შენი აზრით, ხელ-ფეხს გიკრავს? გადახედე, ქვემოთ მოცემულ აზრებს.

პრობლემა #1: მშობლები სახლში მისვლის დროს რომ გიდგენენ, თავი პატარა ბავშვი გგონია.

„როცა მეგობრებთან ვიყავი და შინ დაბრუნების დრო ახლოვდებოდა, პატარა ბავშვივით ყველას იმას ვეკითხებოდი, სახლში ვინ წამიყვანდა“, — იხსენებს დღეს უკვე 21 წლის ანდრეა.

გამოსავალი: წარმოიდგინე, რომ მართვის მოწმობას იღებ. ზოგ ქვეყანაში, სანამ კონკრეტულ ასაკს არ მიაღწევენ, კანონი ახალგაზრდებს გარკვეულ შეზღუდვებს უდგენს — სად შეუძლიათ მანქანით მოძრაობა, როდის და ვისთან ერთად. იტყოდი უარს მართვის მოწმობის აღებაზე და იფიქრებდი, შეზღუდვას მირჩევნია, სულ არ ვატარო მანქანაო? რა თქმა უნდა, არა! შენს ასაკში მართვის მოწმობის აღებას დიდ მიღწევად ჩათვლიდი.

მსგავსად ამისა, ეცადე შენს „პრობლემას“ სხვა თვალით შეხედო. მშობლების მიერ დადგენილი წესები შენივე კეთილდღეობას ემსახურება, რათა სწორ გზას არ ასცდე. ყურადღებას შეზღუდვებზე კი ნუ გაამახვილებ, არამედ იმ თავისუფლებაზე, რაც უკვე გაქვს. განა დღეს მეტი თავისუფლება არა გაქვს, ვიდრე მაშინ, როცა უფრო პატარა იყავი?!

რატომ არის კარგი: არ გაგიჭირდება მშობლების დადგენილი წესების გათვალისწინება, თუ ამ წესებს ისე შეხედავ, როგორც წინსვლის შესაძლებლობას და არა დაბრკოლებას. ბუზღუნის გარეშე დაემორჩილე მშობლებს და მომავალში უფრო მეტ თავისუფლებას მიიღებ (ლუკა 16:10).

პრობლემა #2: არ გესმის, რატომ გთხოვენ მშობლები შინ ადრე დაბრუნებას.

ნიკეს, რომელსაც ადრე აღიზიანებდა ასეთი შეზღუდვა, დღეს ამბობს: „მეგონა, დედა მხოლოდ იმიტომ მიდგენდა წესებს, რომ ეხალისებოდა“.

გამოსავალი: გაითვალისწინე იგავების 15:22-ში ჩაწერილი პრინციპი: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“. მშვიდად დაელაპარაკე მშობლებს; ჰკითხე, რატომ უნდა დაბრუნდე სახლში მაინცდამაინც დადგენილ დროს *.

რატომ არის კარგი: მშობლების პასუხის მერე შენთვის ბევრი რამ გახდება ნათელი. „მამამ მითხრა, სანამ სახლში არ მოხვალ, დედა ძალიან ნერვიულობს და ვერ იძინებსო, — იხსენებს სტივენი. — ამაზე არასდროს მიფიქრია“.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ მშობლებს შენს პრობლემაზე მშვიდად უნდა ესაუბრო, ყოველგვარი გაღიზიანებისა და კამათის გარეშე; წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არასასურველი იქნება. „მივხვდი, რომ მშობლებთან კამათით იმ უფლებებსაც ვკარგავდი, რაც მანამდე მქონდა“, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული ნატაშა.

პრობლემა #3: ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ყოველ ნაბიჯს გიკონტროლებენ.

მშობლები გეუბნებიან, რომ მათი დადგენილი წესები — მათ შორის ისიც, როდის უნდა დაბრუნდე სახლში — შენს სასიკეთოდაა. 20 წლის ბრენდი ამბობს: „როცა მშობლებისგან ამას ვისმენ, ასე მგონია, ხმის ამოღებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება არა მაქვს“.

გამოსავალი: კარგი იქნება, ყურად იღო მათეს 5:41-ში ჩაწერილი იესოს რჩევა: „თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი“. ეშლი და მისი ძმა ამ პრინციპით ცხოვრობენ. „ჩვენ სახლში დათქმულ დროზე 15 წუთით ადრე ვბრუნდებოდით“, — ამბობს ის. შენც დაისახე ასეთი მიზანი.

რატომ არის კარგი: ადვილია იმის კეთება, რისი გაკეთებაც გინდა, მაგრამ რთულია ხალისით გააკეთო, ის, რასაც გავალდებულებენ! თუ გადაწყვეტ, რომ შინ დათქმულ დროზე ადრე დაბრუნდე, დროის გამგებელი შენ იქნები და არა შენი მშობელი. საინტერესოა ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი პრინციპი: „შენი კარგი საქმე ნებაყოფლობითი იყოს და არა ნაძალადევი“ (ფილიმონი 14).

სახლში ადრე დაბრუნებით მშობლების ნდობას მოიპოვებ, რასაც შეიძლება მეტი თავისუფლება მოჰყვეს. 18 წლის ვეიდი ამბობს: „თუ მშობლების ნდობას დაიმსახურებ, საჩუქრად მეტ თავისუფლებას მიიღებ“.

ქვემოთ აღნიშნე, პირადად შენ სხვა რა პრობლემას ხვდები.

რაში ხედავ გამოსავალს?

რატომ ფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია?

დადგება დრო, როცა გაიზრდები, სახლიდან წახვალ და მშობლებზე აღარ იქნები დამოკიდებული; მანამდე კი ცოტა უნდა მოითმინო. „შეიძლება სრული თავისუფლება არა გაქვს, მაგრამ თუ მშობლების დადგენილ წესებს ადვილად დაჰყვები, მოზარდობის წლები შენთვის ავად მოსაგონარი არ იქნება,“ — აღნიშნა 20 წლის ტიფანიმ.

 

^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 21 იხილეთ 2006 წლის დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“, ახალგაზრდების შეკითხვები — „რატომ მიდგენენ ამდენ წესებს?“

დაფიქრდი

  • მშობლები რომ წესებს გიდგენენ, ხედავ ამაში მათ მზრუნველობას?

  • როგორ შეგიძლია მოიპოვო მშობლების ნდობა, თუ ერთხელ უკვე დაკარგე ის?