არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ექვსი რჩევა წარმატების მისაღწევად

ექვსი რჩევა წარმატების მისაღწევად

ექვსი რჩევა წარმატების მისაღწევად

ნამდვილი წარმატება ცხოვრებაში საუკეთესოს მიღწევაა, ეს კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ადამიანი ღვთის ნორმებს ცხოვრებაში იყენებს და შემოქმედის განზრახვის შესაბამისად ცხოვრობს. იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ღვთის გზით დადის, ბიბლია ამბობს: „იქნება ის წყლის ნაკადულებთან დარგულ ხესავით, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმუნი 1:3).

მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ, ნამდვილად შესაძლებელია, რომ ცხოვრებაში წარმატებულები ვიყოთ. გსურთ, რომ თქვენც იყოთ წარმატებული? თუ დიახ, ამაში ბიბლიაში მოცემული შემდეგი ექვსი პრინციპი დაგეხმარებათ. ამ პრინციპების განხილვა დაგარწმუნებთ, რომ ბიბლიური სწავლებები ნამდვილად ირეკლავს ღვთის სიბრძნეს (იაკობი 3:17).

1 გაწონასწორებული თვალსაზრისი გქონდეთ ფულზე

„ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს . . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10). ბუნებრივია, ფული ყველას გვჭირდება საკუთარი თავისა თუ ოჯახის სარჩენად, ამიტომ ფულის ქონა კი არ არის არასწორი, არამედ — ფულის სიყვარული. ვისაც ასეთი სიყვარული უვითარდება, ფული მისი ბატონი ანუ ღმერთი ხდება.

როგორც პირველი სტატიიდან დავინახეთ, ის, ვინც წარმატების საწინდრად სიმდიდრეს მიიჩნევს, ფაქტობრივად წარმატებას იქ ეძებს, სადაც არ არსებობს. ასეთი ადამიანები იმედგაცრუებამდე მიდიან და საკუთარ თავს მრავალ ტკივილს აყენებენ. მაგალითად, სიმდიდრის ასეთ დაუცხრომლად ძიებას, ისინი ხშირად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობას სწირავენ. ზოგს ღამე საკმარისად არ სძინავს, არა იმიტომ, რომ სამუშაო აქვს, არამედ სადარდებელი მოსვენებას არ აძლევს. „ტკბილია მსახურის ძილი, მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს; მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 5:12-ში.

ფული არა მხოლოდ სასტიკი ბატონია, არამედ მაცდუნებელიცაა. იესოც საუბრობდა „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალაზე“ (მარკოზი 4:19). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმდიდრე ბედნიერების საწინდრად ითვლება, მაგრამ მას არასოდეს მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. ის მხოლოდ სიხარბისკენ გვიბიძგებს. „ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 5:9-ში („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).

მოკლედ რომ ვთქვათ, ფულისადმი სიყვარულს უარყოფითი შედეგები მოაქვს — მას ადამიანი გულგატეხილობამდე და იმედგაცრუებამდე მიჰყავს და შეიძლება დანაშაულიც კი ჩაადენინოს (იგავები 28:20). ბედნიერებასა და წარმატებას რომ მივაღწიოთ აუცილებელია ვიყოთ სულგრძელები, მიმტევებლები, ვცხოვრობდეთ მაღალზნეობრივი ნორმებით, ვიყოთ მოსიყვარულეები და ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს.

2 იყავით ხელგაშლილები

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). როცა ადამიანი ზოგჯერ გასცემს რაიმეს, ამას მისთვის იმ მომენტში მოაქვს ბედნიერება, ხოლო თუ მთელი ცხოვრება ხელგაშლილობას ავლენს, ის ყოველთვის ბედნიერია. რა თქმა უნდა, ხელგაშლილობა მრავალი სახით შეიძლება გამოვლინდეს. საუკეთესო საშუალება, რაც ყველაზე მეტად ფასობს, სხვებისთვის საკუთარი დროისა და ძალების გაღებაა.

მკვლევარი სტეფან პოსტი, რომელმაც ალტრუიზმის, ბედნიერებისა და ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებული გამოკვლევები შეისწავლა, საინტერესო დასკვნამდე მივიდა. მისი აზრით ალტრუისტი ადამიანი, რომელიც სხვებზე უანგაროდ ზრუნავს, სხვებთან შედარებით დიდხანს ცოცხლობს, უფრო მეტად აქვს კმაყოფილების გრძნობა, უკეთესი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობით გამოირჩევა და დეპრესიაშიც ნაკლებად ვარდება.

ხელგაშლილი ადამიანი ყოველივე აუცილებლის გარეშე არ რჩება იმის გამო, რომ გაცემა უყვარს. იგავების 11:25-ში წერია: „ხელგაშლილი სული დამსუყდება და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“. ამ სიტყვების თანახმად, ხელგაშლილი ადამიანი, რომელიც ანგარების მიზნით არ გასცემს, სხვების, განსაკუთრებით კი ღვთის, დაფასებასა და სიყვარულს იმსახურებს (ებრაელები 13:16).

3 მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს

„მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13). დღეს ადამიანები ერთმანეთს არ პატიობენ. ნაცვლად იმისა, რომ გულმოწყალება გამოავლინონ, ისინი სამაგიეროს უხდიან ერთმანეთს. რა არის ამის შედეგი? ისინი შეურაცხყოფას შეურაცხყოფით, ძალადობას კი ძალადობითვე პასუხობენ.

ყველაფერი ამით არ მთავრდება. კანადაში გამომავალ ერთ გაზეთში ნათქვამია, რომ „18—30 წლის ასაკის 4 600 ახალგაზრდის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც სხვების მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ და უკმაყოფილოები და ხარბები არიან“, სხვებზე უფრო მეტად აქვთ დაავადებული ფილტვები. ზოგიერთ მათგანს სიგარეტის მწეველებზე უარეს დღეში აქვს ფილტვები. მართლაც, თუ მიმტევებლები ვიქნებით, ეს არა მხოლოდ ჩვენთან ურთიერთობას გახდის სასიამოვნოს, არამედ ამ თვისების გამოვლენა ჩვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.

რა დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად შეძლოთ სხვების პატიება? პირველ რიგში, საკუთარი თავი გულწრფელად გამოიკვლიეთ. ხომ არ აწყენინებთ ხოლმე სხვებს? ხართ მადლიერი როცა გპატიობენ? თუ ასეა, განა თქვენც არ უნდა გამოავლინოთ გულმოწყალება სხვების მიმართ?! (მათე 18:21—35). აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოავლინოთ თავშეკავება. ვიდრე რამეს იტყოდეთ, ათამდე დაითვალეთ ან სხვა ნებისმიერი რამ გააკეთეთ, სანამ დრო არ გავა და არ დაწყნარდებით. გახსოვდეთ, რომ თავშეკავება სიძლიერის მაჩვენებელია. „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“, — ნათქვამია იგავების 16:32-ში. თუ ადამიანი თავშეკავების გამოვლენით „ძლიერს სჯობია“, განა ეს მის წარმატებაზე არ მიუთითებს?!

4 იცხოვრეთ ღვთის ნორმების თანახმად

„იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს“ (ფსალმუნი 19:8). მარტივად რომ ვთქვათ, ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება ჩვენს ჯანმრთელობაზე ყოველმხრივ დადებითად აისახება. ისინი გვიცავს მავნე ჩვევებისგან, მაგალითად ბოროტად არ ვიყენებთ ნარკოტიკებს, არ ვლოთობთ, არ ვცხოვრობთ უზნეო ცხოვრებით და არ ვუყურებთ პორნოგრაფიას (2 კორინთელები 7:1; კოლოსელები 3:5). ისინი, ვისაც ასეთი საზიანო ჩვევები აქვთ, სჩადიან დანაშაულს, სიღატაკეში ცხოვრობენ, სხვებს უნდობლობით უყურებენ, ანგრევენ ოჯახებს, აქვთ ემოციური პრობლემები, ხვდებათ სხვადასხვა სახის დაავადება და ნაადრევადაც კი კვდებიან.

მეორე მხრივ, ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ასეთი ადამიანი სხვებთან კარგი ურთიერთობით ხარობს. მას აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა და შინაგანი სიმშვიდე. ესაიას 48:17, 18-ში ღმერთი გვეუბნება: „მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! — შემდეგ კი დასძენს. — ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“. ჩვენს შემოქმედს ყველაზე საუკეთესო სურს ჩვენთვის. მას სურს, „გვატაროს იმ გზით“, რომელიც ნამდვილ წარმატებას მოგვიტანს.

5 გამოავლინეთ უანგარო სიყვარული

„სიყვარული . . . აშენებს“ (1 კორინთელები 8:1). დაფიქრდი, სიყვარული რომ არ არსებობდეს განა ცხოვრება უაზრობა არ იქნებოდა?! სხვებისადმი „სიყვარული [რომ] არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები . . . ეს არაფერს მარგებს“, — დაწერა მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით (1 კორინთელები 13:2, 3).

აქ საუბარი არ არის რომანტიკულ სიყვარულზე, რომელსაც ცხადია თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში, არამედ ისეთ სიყვარულზე, რომელიც ღვთის პრინციპებზეა დაფუძნებული და უფრო მრავლის მომცველი და ხანგრძლივია * (მათე 22:37—39). გარდა ამისა, ასეთი სიყვარული არ არის პასიური, მხოლოდ მიღებას არ სჯერდება, არამედ აქტიურია და გაცემა ახასიათებს. შემდეგ მუხლებში პავლე აგრეთვე ამბობს, რომ ასეთი სახის სიყვარული სულგრძელი და კეთილია. მას არ შურს, არ ტრაბახობს და არ ყოყოჩობს. ის უანგაროდ ზრუნავს სხვების კეთილდღეობაზე და ადვილად არ ღიზიანდება, არამედ მომთმენია. ის სხვებს აღაშენებს. გარდა ამისა, ასეთი სიყვარული გვეხმარება, კარგი ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან (1 კორინთელები 13:4—8).

მშობლები შვილების მიმართ სიყვარულს იმ მხრივ ავლენენ, რომ მათდამი თბილ გრძნობებს გამოხატავენ, მათ ბიბლიის მაღალ ზნეობრივ ნორმებს უნერგავენ და სათანადოდ ზრდიან. ბავშვები, რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან ყოველმხრივ დაცულნი არიან და გრძნობენ, რომ გულწრფელად უყვართ ისინი და ზრუნავენ მათზე. აგრეთვე, ბავშვები ხედავენ, რომ მათი ოჯახი მტკიცეა (ეფესოელები 5:33—6:4; კოლოსელები 3:20).

ერთი ახალგაზრდა, სახელად ჯეკი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. მას მშობლებმა ბიბლიური პრინციპები ჩაუნერგეს. მას შემდეგ, რაც ჯეკმა სახლი დატოვა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო, მშობლებს წერილი მისწერა: «ყოველთვის ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა [ბიბლიის] შემდეგი მითითება: „პატივი ეცი მამას და დედას . . . რათა ხელი მოგემართოს“ (კანონი 5:16). ამ რჩევის გამოყენების წყალობით დღემდე ყველაფერში ხელი მემართება. ეს ყოველივე კი თქვენ მიერ გამოვლენილი გულწრფელი სიყვარულისა და მზრუნველობის შედეგია. ამას ახლა უფრო მეტად ვაფასებ. დიდი მადლობა, რომ ყოველთვის მხარში მედექით და ჩემთვის ძალ-ღონეს არ იშურებდით». თქვენ რა გრძნობა დაგეუფლებოდათ შვილისგან ასეთი წერილი რომ მიგეღოთ? განა ეს გულს სიხარულით არ აგივსებდათ?!

პრინციპებზე დაფუძნებულ სიყვარულს აგრეთვე „ჭეშმარიტება ახარებს“ — ეს არის ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელიც ღვთის სიტყვაშია მოცემული (1 კორინთელები 13:6; იოანე 17:17). თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, რომ წყვილს ოჯახური პრობლემები აქვს. ისინი გადაწყვეტენ, რომ ერთად წაიკითხონ მარკოზის 10:9-ში მოცემული იესოს სიტყვები: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“. ამის შემდეგ მათ საკუთარი გულები უნდა გამოიკვლიონ. ნამდვილად ‘ახარებთ ჭეშმარიტება?’ ღვთის მსგავსად, ისინიც წმინდად მიიჩნევენ ქორწინებას? მზად არიან ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ პრობლემები სიყვარულით მოაგვარონ? თუ ისინი ამ კითხვებს დადებითად უპასუხებენ, ქორწინებაში წარმატებებს მიაღწევენ და შედეგებითაც გაიხარებენ.

6 იყავით სულიერს მოწყურებულნი

„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანებს აქვთ იმის უნარი, რომ ჩასწვდნენ სულიერ საკითხებს. სწორედ ამიტომ სვამს ადამიანი ასეთ კითხვებს: რა არის სიცოცხლის აზრი? არსებობს შემოქმედი? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? რა გველის მომავალში?

მთელ მსოფლიოში მილიონობით გულწრფელმა ადამიანმა ბიბლიიდან მიიღო ამ კითხვებზე პასუხი. ბოლო კითხვა იმასთან არის დაკავშირებული, თუ რა განზრახვა აქვს ღმერთს კაცობრიობისადმი? ღვთის ამ განზრახვის თანახმად დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. იქ ისეთი ადამიანები იცხოვრებენ, რომლებსაც უყვართ ღმერთი და მისი ნორმების შესაბამისად იქცევიან. ფსალმუნის 37:29-ში ნათქვამია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.

აშკარაა, ჩვენს შემოქმედს სურს, რომ არა მხოლოდ 70 ან 80 წელი ვიყოთ წარმატებულნი, არამედ მარადიულად. ახლა იმის დროა, რომ შემოქმედის შესახებ უფრო მეტი გაიგოთ. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თუ ღვთის შესახებ ცოდნას შეიძენთ და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებთ, დაინახავთ, რომ „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავები 10:22).

[სქოლიო]

^ აბზ. 22 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, ანუ „ახალ აღთქმაში“ სიტყვა „სიყვარული“ თითქმის ყველგან გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან „აგაპე“. „აგაპე“ არის ისეთი სახის სიყვარული, როდესაც ადამიანი გააზრებულად გამოხატავს ამ გრძნობას. ამ დროს ის პრინციპებით ხელმძღვანელობს, გრძნობს ვალდებულებას და იმას, თუ რისი გაკეთებაა მართებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „აგაპე“ გრძნობების გარეშე ვლინდება, პირიქით ის თბილ, ღრმა გრძნობებს მოიცავს (1 პეტრე 1:22).

[ჩარჩო 7 გვერდზე]

კიდევ რა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში?

შეიძინეთ ღვთისადმი ჯანსაღი შიში. „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა“ (იგავები 9:10).

ბრძნულად აირჩიეთ მეგობრები. „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).

მოერიდეთ გადამეტებულ ჭამა-სმას. „ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება“ (იგავები 23:21).

ნუ იფიქრებთ სამაგიეროს გადახდაზე. „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ (რომაელები 12:17).

იყავით მუყაითი მშრომელი. „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“ (2 თესალონიკელები 3:10).

გამოიყენეთ ოქროს წესი. „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

აკონტროლეთ თქვენი ენა. „ვისაც სიცოცხლე უყვარს და კარგი დღეების ნახვა სურს, ენა შეაკავოს ცუდის თქმისგან“ (1 პეტრე 3:10).

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

სიყვარული საუკეთესო წამალია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დინ ორნიში, რომელიც არაერთი წიგნის ავტორია, წერს: „სიყვარულისა და ახლო ურთიერთობის ქონა-არქონაზეა დამოკიდებული ავად ვიქნებით თუ კარგად, დამწუხრებულები თუ გახარებულები, უბედურები თუ ბედნიერები. რომელიმე ახალ პრეპარატს მსგავსადვე რომ შეძლებოდა ადამიანზე მოქმედება, ყველა ექიმი გამოუწერდა მას თავის პაციენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ექიმს დანაშაულად ჩაეთვლებოდა“.

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

რა დაეხმარა მას წარმატების მიღწევაში?

როდესაც მილანკოს სამშობლოში, ბალკანეთში, ომი გაჩაღდა, ის თავისი ქვეყნის ჯარს შეუერთდა. მილანკო ძალიან გაბედული იყო, ამიტომ მას მეტსახელად „რემბო“ (ერთ-ერთი ფილმის გმირის სახელი) შეარქვეს. დროთა განმავლობაში, მას გული გაუტყდა იმის გამო, რომ სამხედროში კორუფციას ხედავდა და მრავალი თვალთმაქცურად იქცეოდა. მილანკო წერს: „ამის გამო ცუდ ცხოვრებას მივყავი ხელი. დავიწყე ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება, სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკების გამოყენება; აგრეთვე, გამიტაცა აზარტულმა თამაშებმა; გარდა ამისა, ვეწეოდი სქესობრივ აღვირახსნილობას. ჩემი ცხოვრება უკან-უკან მიდიოდა და გამოსავალს ვერსად ვხედავდი“.

მილანკომ ამ პერიოდში ბიბლიის კითხვა დაიწყო. მოგვიანებით, როცა ნათესავთან ჩავიდა სტუმრად, მილანკომ თვალი მოჰკრა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“. მას მოეწონა წაკითხული და მალე მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მას ბედნიერება და ნამდვილი წარმატება მოუტანა. ის ამბობს: «ჭეშმარიტებამ ძალები შემმატა. ყველა ცუდი ჩვევა მივატოვე და ახალ პიროვნებად ვიქეცი. მალევე მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ძველი ნაცნობები, რომლებიც ადრე „რემბოს“ მეძახდნენ, დღეს ბავშვობის მეტსახელს „ბაჭიას“ მეძახიან, რადგან ახლა მშვიდი ხასიათი მაქვს».