არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იწონებს ღმერთი ლოცვისას რელიგიური ნივთების გამოყენებას?

იწონებს ღმერთი ლოცვისას რელიგიური ნივთების გამოყენებას?

ბიბლიის თვალსაზრისი

იწონებს ღმერთი ლოცვისას რელიგიური ნივთების გამოყენებას?

ლოცვის დროს რელიგიური ნივთების გამოყენება ჩვეულებრივი რამ არის ბუდიზმში, ინდუიზმში, ისლამში, იუდაიზმში, კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობაში. თითქმის მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სჯერა, რომ ასეთი ნივთები დაეხმარება მათ ღმერთთან დაახლოებაში, მისი კეთილგანწყობის მოპოვებასა და კურთხევების მიღებაში. რას გვასწავლის ბიბლია ამასთან დაკავშირებით?

ლოცვის დროს სხვადასხვა ნივთების გამოყენებას რამდენიმე ათასი წლის ისტორია აქვს. მაგალითად, ნინევეს გათხრებისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს „ორი გოგონას ქანდაკება, რომლებსაც ფრთები ჰქონდათ. ისინი წმინდა ხის წინ იდგნენ და ლოცულობდნენ . . . მათ მარცხენა [ხელში] კრიალოსნები ან დაწნული გვირგვინები ეჭირათ“ („კათოლიკური ენციკლოპედია“).

რა მიზნისთვის გამოიყენება კრიალოსნები? ამავე ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ნაცვლად იმისა, რომ მორწმუნემ თითებზე დაითვალოს ლოცვები, რომლებსაც ხშირად წარმოთქვამს, ის მიმართავს უფრო იოლ მეთოდს — იყენებს კრიალოსანს“.

ლოცვების დროს აგრეთვე იყენებენ სამლოცველო ბორბლებს, რომლის გამოყენებაც კიდევ უფრო აადვილებს ლოცვას. ბორბლის თითოეული გადატრიალება, იქნება ეს ხელით, ქარისა და წყლის საშუალებით თუ ელექტროენერგიით, წარმოთქმული ლოცვის ტოლფასია. სამლოცველო ბორბლები აგრეთვე ხშირად გამოიყენება მანტრას დროს (ეს არის მაგიური ფორმულა ან სიტყვის მარცვლები, რომლებსაც ადამიანები მრავალჯერ იმეორებენ გონებაში). განვიხილოთ, იწონებს თუ არა ღმერთი ლოცვისას ასეთი ნივთების გამოყენებას.

„ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“

იესო ქრისტემ, რომელსაც მილიონობით არაქრისტიანიც კი ღვთის წინასწარმეტყველად მიიჩნევს, დაგვანახვა, თუ როგორი თვალსაზრისი აქვს ჩვენს შემოქმედს ერთი და იმავე ლოცვების მრავალჯერ გამეორებასთან დაკავშირებით. მან თქვა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“ * (მათე 6:7).

ამგვარად, თუ ღმერთს არ მოსწონს ‘ერთი და იმავე სიტყვების გამეორება გაუთავებლად’, განა მოიწონებს ისეთი ნივთების გამოყენებას, რომლებსაც ლოცვების გამეორების მიზნით იყენებენ? ბიბლიაში ერთხელაც კი არ არის მოხსენიებული ისეთი შემთხვევა, რომ ღვთის ერთგულ მსახურებს ლოცვისას კრიალოსანი, სამლოცველო ბორბალი ან სხვა მსგავსი ნივთი გამოეყენებინოთ. იმის მიზეზი, თუ რატომ არ იყენებდნენ ღვთის მსახურები ლოცვისას ნივთებს, უფრო ნათელი გახდება მას შემდეგ, რაც განვიხილავთ, რა არის სინამდვილეში ლოცვა და რა მიზანი აქვს მას.

როგორი ლოცვები მოსწონს ღმერთს?

როცა იესომ ლოცვის ნიმუში მისცა თავის მოწაფეებს, მან ღმერთი მამად მოიხსენია. ჩვენი შემოქმედი არ არის განკერძოებული არსება ან მისტიკური ძალა, რომლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც საჭიროა მაგიური სიტყვებისა თუ მანტრების წარმოთქმა ან რაიმე რიტუალის შესრულება. პირიქით, ის არის მოსიყვარულე მამა, რომელსაც სურს, რომ ვიცნობდეთ და გვიყვარდეს. „მამა მიყვარს“, — თქვა იესომ (იოანე 14:31). ძველ დროს მცხოვრებმა ისრაელის ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა თქვა: „იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ!“ (ესაია 64:8).

როგორ შეგვიძლია დავუახლოვდეთ ჩვენს ზეციერ მამას? (იაკობი 4:8) ჩვეულებრივი ურთიერთობის დროს ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს. ღმერთთან დაახლოებაც ამის მსგავსად ხდება. ის თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით „გველაპარაკება“, თუ როგორი ღმერთია ის და რა განზრახვა აქვს მას (2 ტიმოთე 3:16). ჩვენ კი მას ლოცვის მეშვეობით ველაპარაკებით მოწიწებით. ასეთი ლოცვები გულწრფელად და მთელი გულით უნდა იყოს წარმოთქმული და არა ფორმალურად და მექანიკურად.

დაფიქრდით: როგორი ურთიერთობა აქვთ მოსიყვარულე ოჯახში ნორმალურ, გონიერ ბავშვებს თავიანთ მშობლებთან? უმეორებენ ისინი მათ გაუთავებლად ერთი და იმავე სიტყვებს? ან ითვლიან ისინი რაიმე ნივთის გამოყენებით, თუ რამდენჯერ უთხრეს მშობლებს ესა თუ ის ფრაზა? რა თქმა უნდა, არა! პირიქით, ისინი მშობლებს გულწრფელად, გააზრებულად და მთელი გულით ეუბნებიან სათქმელს.

ღვთისადმი წარმოთქმული ლოცვებიც ამის მსგავსი უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია ზეციერ მამას ვესაუბროთ ყველაფრის შესახებ, რაც გვაწუხებს. ფილიპელების 4:6, 7-ში წერია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა . . . დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. როდესაც რაიმე გვაწუხებს, ბუნებრივია, ამის შესახებ ხშირად ვლოცულობთ. მაგრამ, ეს არ არის ერთი და იმავე სიტყვების გამეორება (მათე 7:7—11).

ბიბლიაში ჩაწერილია მრავალი ლოცვა, რომელიც ღმერთს მოსწონს, მათ შორისაა ფსალმუნები და იესოს მიერ წარმოთქმული ლოცვები * (მე-17 და 86-ე ფსალმუნების ეპიგრაფები; ლუკა 10:21, 22; 22:40—44). ერთ-ერთი ასეთი ლოცვა ჩაწერილია იოანეს მე-17 თავში. გამოყავით რამდენიმე წუთი ამ თავის წასაკითხავად. კითხვის დროს ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გადმოღვარა გული იესომ ღვთის წინაშე. ამ ლოცვიდან აგრეთვე აშკარად დაინახავთ, რომ იესოს ძალიან უყვარდა თავისი მიმდევრები. მან ღმერთს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ‘წმინდა მამა, დაიცავი ისინი ბოროტისგან’, სატანისგან (იოანე 17:11, 15).

ჩანს იესოს ლოცვებიდან, რომ ის ზერელედ და მექანიკურად იმეორებდა ერთი და იმავე სიტყვებს? რა თქმა უნდა, არა. იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ყველამ, ვისაც სურს, რომ დაუახლოვდეს ჭეშმარიტ ღმერთს, საფუძვლიანი ცოდნა უნდა შეიძინოს მის შესახებ. შემდეგ ამ ცოდნამ, რომელიც სიყვარულს გააღვივებს მასში, უნდა აღძრას ის, რომ უარყოს ყველა რელიგიური წეს-ჩვეულება, რაც ღვთისთვის მიუღებელია. ასეთი ადამიანების შესახებ იეჰოვა ამბობს: „მე ვიქნები თქვენი მამა, თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით“ (2 კორინთელები 6:17, 18).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ლოცვის ნიმუშის წარმოთქმისას იესოს არ უთქვამს, „ეს ლოცვა გაიმეორეთ“, რაც ზემოთ მოხსენიებული იესოს სიტყვების საწინააღმდეგო იქნებოდა. პირიქით, მან თქვა: „ასე [ამის მსგავსად] ილოცეთ“ (მათე 6:9—13). რის სწავლა უნდოდა იესოს ჩვენთვის ამ ლოცვით? იესომ დაგვანახვა, რომ პირველ რიგში სულიერი საკითხები უნდა გვაინტერესებდეს და არა მატერიალური კეთილდღეობა.

^ აბზ. 15 მართალია, ძველ დროს ფსალმუნებს ხშირად მღეროდნენ, მაგრამ მას მანტრის მსგავსად არ იმეორებდნენ და არც რაიმე რიტუალის, კრიალოსნებისა თუ სამლოცველო ბორბლების ტრიალის დროს წარმოთქვამდნენ.

გიფიქრიათ?

▪ ეხება ლოცვის დროს ერთი და იმავე სიტყვების გამეორებასთან დაკავშირებული იესოს რჩევა კრიალოსნებისა და სამლოცველო ბორბლების გამოყენებას? (მათე 6:7).

▪ რას უნდა აჩვენებდეს ჩვენი ლოცვები ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე? (ესაია 64:8).

▪ რით გვაკურთხებს ღმერთი, თუ რელიგიურ სიცრუეს უარვყოფთ? (2 კორინთელები 6:17, 18).