არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა“

„ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა“

„ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

როდესაც 1798 წელს ბრიტანელმა მკვლევარებმა ბასის სრუტე აღმოაჩინეს, სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელობამ ამით ძალიან გაიხარა. ეს სრუტე, რომელიც კუნძულ ტასმანიასა და ავსტრალიის კონტინენტს შორის მდებარეობს, ინგლისიდან სიდნეიმდე მისასვლელ საზღვაო გზას 1 100 კილომეტრით ამოკლებს.

ბასის სრუტე თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გემებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზად ითვლება. ამას განაპირობებს დასავლეთის ძლიერი ქარი, სწრაფი დინება და წყლის სიღრმე (ის ზოგან საშუალოდ 50—70 მეტრს აღწევს), რაც ზღვაში დიდ ტალღებს წარმოშობს. გარდა ამისა, დიდ საფრთხეს ქმნის კუნძულ კინგის დაკბილული წყალქვეშა კლდეები, რომლებიც დასავლეთის მხრიდან ბასის სრუტის შესასვლელის შუაში წყლის ქვეშაა მოქცეული.

ბასის სრუტის გადაკვეთა დღეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მაშინ ეს რთული იყო, რადგან მხოლოდ იალქნიანი გემები არსებობდა და სანავიგაციოდ მარტივ საშუალებებს იყენებდნენ. დასავლეთის მხრიდან სრუტეში შესვლა მეზღვაურებს დიდი ნერვიულობის ფასად უჯდებოდათ. სწორედ ამიტომ იქ შესვლას „ნემსის ყუნწში ძაფის გაყრას“ ადარებდნენ.

უმოკლესი გზის აღმოჩენა

მე-19 საუკუნის დასაწყისში ინგლისიდან აღმოსავლეთ ავსტრალიაში ჩასასვლელად გემს 19 000 კილომეტრი უნდა გაევლო და ხუთ თვეზე მეტი უნდა ეცურა. ასეთი მოგზაურობა სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. გემებით გადაჰყავდათ ასობით მგზავრი — ძირითადად იმიგრანტები და ტყვეები — რომლებიც გემბანის ქვეშ სივიწროვეში საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. იქ მოდებული იყო ზღვის ავადმყოფობა, აგრეთვე მღრღნელებს გადაჰქონდათ დაავადება და ხალხი საკვების უკმარისობას განიცდიდა; მოგზაურობისას ძალიან ბევრი კვდებოდა. * და მაინც, უკეთესი ცხოვრების იმედი ბევრს ძალებს აძლევდა და ამ ყველაფერს ატანინებდა.

1852 წელს, როდესაც კაპიტანმა ჯეიმს (ბული) ფორბზმა მოკლე გზა აღმოაჩინა, მოგზაურობა შედარებით იოლი გახდა. ფორბზი არ წავიდა ძველი გზით 39-ე პარალელის მიმართულებით, რომელიც კვეთდა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილს და ავსტრალიაში ჩადიოდა. ეს გზა ერთი შეხედვით ავსტრალიაში ჩასასვლელად ყველაზე მოკლე ჩანდა. კაპიტანმა ფორბზმა ინგლისიდან გეზი შორეული სამხრეთისკენ აიღო, გვერდით ჩაუარა ანტარქტიდას და უმოკლესი გზით პირდაპირ ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩავიდა. * აისბერგებისა და დიდი ტალღების მიუხედავად ფორბზის გემი „მარკო პოლო“, რომლის ბორტზეც 701 იმიგრანტი იყო, სულ რაღაც 68 დღის შემდეგ მიადგა მელბურნის (ვიქტორიას შტატი) პორტს. მას ინგლისიდან ავსტრალიაში ჩასასვლელად იმ დროის ნახევარზე ნაკლები დასჭირდა, რასაც ძველი გზით სხვა გემები ანდომებდნენ. ამ გზის აღმოჩენა მართლაც დროული იყო, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი ჩადიოდა ვიქტორიაში ოქროს საძიებლად. ამ ამბის გაგებამ ათასობით ადამიანს, ვინც ოქროს მოპოვებით იყო დაინტერესებული, ხელი შეუწყო, რომ დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში ემოგზაურათ.

როდესაც გემები ინგლისიდან დაიძრნენ, ისინი პირველად დაახლოებით 16 000 კილომეტრის დაშორებით ოტუეის კონცხზე გაჩერდნენ. ზღვაოსნები გემის მდებარეობის განსასაზღვრავად იყენებდნენ სექსტანტს, ხოლო განედის გამოსათვლელად ცხრილს. გემის ქრონომეტრს კი იმისთვის იყენებდნენ, რომ დაედგინათ გრინვიჩის მერიდიანის საშუალო მზისიერი დრო, რათა გრძედი გამოეთვალათ. ისინი ადგილობრივ დროს მზის მდებარეობის მიხედვით თვლიდნენ. ადგილობრივ დროსა და გრინვიჩის დროს შორის არსებული ყოველი ერთსაათიანი სხვაობა რუკაზე გრძედის 15 გრადუსით იყო წარმოდგენილი. გრძედისა და განედის გამოთვლით გამოცდილი მეზღვაურები გემის მდებარეობას სათანადო სიზუსტით ადგენდნენ.

მაგრამ, მოგზაურობის დროს შეიძლებოდა სირთულეებს ეჩინა თავი. შესაძლოა რამდენიმე დღე ღრუბლიანი ამინდი ყოფილიყო და მზე საერთოდ არ გამოჩენილიყო. გარდა ამისა, ძველებური ქრონომეტრები ყოველთვის ზუსტ დროს არ უჩვენებდა. თუ ქრონომეტრი ყოველდღე ერთი წამით წინ წავიდოდა ან უკან დარჩებოდა, და ეს სამი თვის მანძილზე გაგრძელდებოდა, გემი შეიძლებოდა აღებულ კურსს 50 კილომეტრზე მეტით ასცდენოდა. წვიმების, ნისლის ან სიბნელის გამო გზააბნეული გემები შეიძლებოდა ვერ შესულიყო ბასის კონცხში და ადვილად დამსხვრეულიყო ვიქტორიის ან კუნძულ კინგის კლდოვან სანაპიროზე. უდავოა, მრავალი მოგზაური ოტუეის კონცხის დანახვაზე იმავეს წამოიძახებდა, რაც ერთმა კაპიტანმა წამოიძახა: „მადლობა ღმერთს! შეცდომა არ დაგვიშვია“. ეს ყოველივე აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ მე-19 საუკუნის მეზღვაურთაგან უმრავლესობა ისე იყო დახელოვნებული, რომ „ძაფს უშეცდომოდ უყრიდა ნემსის ყუნწში“, ანუ მათ გემები ოსტატურად შეჰყავდათ ბასის სრუტეში. თუმცა, ყველა გემი როდი აღწევდა დასახულ მიზანს.

გემების სასაფლაო

1878 წლის 1 ივნისს იალქნიანმა გემმა „ლოხ არდმა“ ნისლიან ამინდში გეზი ვიქტორიის სანაპირო ზოლისკენ აიღო. იმის გამო, რომ წინა დღიდან მოყოლებული ნისლი ისევ იყო ჩამოწოლილი, კაპიტნისთვის რთული იყო გემის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა. ის ავსტრალიის კონტინენტთან უფრო ახლოს იყო მისული, ვიდრე თავად ფიქრობდა. უცბად ბურუსი აიყარა და სულ რაღაც 2 კილომეტრში 90 მეტრის ციცაბო კლდე გამოჩნდა. გემის ეკიპაჟი გამალებით შეუდგა საქმეს, რომ გემისთვის მიმართულება შეეცვალათ, მაგრამ ქარი და წყლის მიმოქცევა მათ გასაქანს არ აძლევდა. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ „ლოხ არდი“ წყალქვეშა კლდეს შეეჯახა და 15 წუთში ჩაიძირა.

გემზე მყოფი 54 ადამიანიდან მხოლოდ ორი გადარჩა — ტომ პიერსი, რომელიც მეზღვაურობას სწავლობდა, და ევა კარმიქალი, რომელიც ავსტრალიისკენ მიემგზავრებოდა. ორივე მათგანი დაახლოებით 20 წლის იყვნენ. ცივი ზამთარი იდგა. ტომი რამდენიმე საათი გადაბრუნებულ ნავს იყო ჩაბღაუჭებული. ბოლოს, დინებამ ნავი გარიყა ვიწრო ხევამდე, რომელიც კლდეებს შორის იყო მოქცეული. ტომმა პატარა ნაპირი დაინახა, სადაც გემის ნამსხვრევები ეყარა, და იქითკენ გაცურა. ევამ ცურვა არ იცოდა. ის დაახლოებით ოთხი საათი გემის ნამსხვრევზე იყო ჩამოკიდებული მანამ, სანამ ისიც დინებამ იმავე ადგილზე არ გარიყა, სადაც ტომი. ევამ ნაპირზე ტომი დაინახა და ყვირილი მორთო. ტომი წყალში გადაეშვა და გამძვინვარებულ ტალღებთან ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ევამდე მიცურა, რომელიც ნახევრად უგონო მდგომარეობაში იყო. მოგვიანებით ევამ გაიხსენა: „ტომმა შემზარავ გამოქვაბულში შემიყვანა, რომელიც სანაპიროდან 50 მეტრზე მეტით იყო დაშორებული. მან ბრენდის ბოთლი იპოვა, რამდენიმე ყლუპი დამალევინა და გონებაზე მომიყვანა. ტომმა მაღალი ბალახი დაგლიჯა და დაბლა გაფინა, რომ დავწოლილიყავი. მალევე ჩამეძინა და როცა გავიღვიძე რამდენიმე საათი იყო გასული“. ამასობაში ტომი კლდეზე აცოცდა, რომ ვინმესთვის საშველად მოეხმო. „ლოხ არდის“ ჩაძირვიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ ტომი და ევა ახლომდებარე ფერმაში უსაფრთხოდ იყვნენ. ამ კატასტროფის დროს ევამ დაკარგა მშობლები და ხუთი დედმამიშვილი — სამი ძმა და ორი და.

დღესდღეობით, ყოველწლიურად ათასობით დიდი თუ პატარა გემი უსაფრთხოდ შედის ბასის სრუტეში. გზად მათ შეიძლება ასზე მეტი გემის ნამსხვრევებს ჩაუარონ. ზოგ ასეთ ადგილს, როგორიცაა მაგალითად ლოხ არდის ხევი, რომელიც ვიქტორიაში, პორტ კემპბელის ეროვნულ პარკში მდებარეობს, მრავალი ტურისტი ინახულებს. ასეთი ადგილები იმ ხალხის სიმამაცეს შეგვახსენებს, რომლებიც მე-19 საუკუნეში უკეთესი ცხოვრების ძიებაში ზღვით ნახევარ მსოფლიოს უვლიდნენ და გაბედულად შედიოდნენ „ნემსის ყუნწში“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 1852 წელს ერთ-ერთი მოგზაურობისას ინგლისიდან ავსტრალიაში მიმავალ გემზე ერთ წლამდე ბავშვების 20 პროცენტი დაიღუპა.

^ აბზ. 8 ეს უმოკლესი გზა ერთმანეთთან აკავშირებს დედამიწის ორ უშორეს ადგილს.

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

რა არის ცნობილი ტომისა და ევას შესახებ?

„ლოხ არდის“ მსხვრევას მხოლოდ ტომ პიერსი და ევა კარმიქალი გადაურჩნენ. მათი ამბავი მალევე მთელმა ავსტრალიამ გაიგო. წიგნში, „ოტუეის კონცხი — სანაპიროს საიდუმლოებები“, შემდეგი რამ არის ნათქვამი: „გაზეთებმა ტომი გმირად შერაცხეს, ხოლო ევა მომხიბვლელ ქალად მოიხსენიეს. პრესაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ტომი და ევა უნდა დაქორწინებულიყვნენ“. ტომმა ევას ცოლობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა. სამი თვის შემდეგ ევა ირლანდიაში დაბრუნდა და იქ გათხოვდა. 1934 წელს ის 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტომი ისევ ზღვაოსნობას დაუბრუნდა. მან მეორედ განიცადა გემის მსხვრევა და საბედნიეროდ გადარჩა. ტომი მრავალი წელი იყო გემის კაპიტანი. ის 1909 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

[საავტორო უფლება]

Both photos: Flagstaff Hill Maritime Village, Warrnambool

[დიაგრამა⁄სურათი 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფორბზი იალქნიანი გემით „მარკო პოლოთი“ (ზემოთ) ინგლისიდან ავსტრალიაში უმოკლესი გზით ჩავიდა

[დიაგრამა]

ძველი გზა

39-ე პარალელი

უმოკლესი გზა

სამხრეთის პოლარული წრე

ატლანტის ოკეანე

[რუკა]

ატლანტის ოკეანე

ინდოეთის ოკეანე

ანტარქტიდა

[საავტორო უფლება]

From the newspaper The Illustrated London News, February 19, 1853

[დიაგრამა⁄რუკა 16, 17 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბასის სრუტეში დასავლეთის მხრიდან შესვლა „ნემსის ყუნწში ძაფის გაყრასთანაა“ შედარებული

[რუკა]

ავსტრალია

ვიქტორია

მელბურნი

პორტ კემპბელის ეროვნული პარკი

ოტუეის კონცხი

ბასის სრუტე

კუნძული კინგი

ტასმანია

[სურათი 16 გვერდზე]

„ლოხ არდი“ წყალქვეშა კლდეზე შეჯახებიდან 15 წუთში ჩაიძირა

[საავტორო უფლება]

La Trobe Picture Collection, State Library of Victoria

[სურათი 17 გვერდზე]

პორტ კემპბელის ეროვნული პარკი. სურათზე 1-ით ნაჩვენებია, თუ სად დაიმსხვრა გემი „ლოხ არდი“, ხოლო 2-ით ნაჩვენებია ის გამოქვაბული, სადაც ტომ პიერსმა შეაფარა თავი

[საავტორო უფლება]

Photography Scancolor Australia