არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის ბადეები ცარიელი?

რატომ არის ბადეები ცარიელი?

რატომ არის ბადეები ცარიელი?

„წლების განმავლობაში თევზაობის სხვადასხვა სეზონს მოვსწრებივარ. ხან ბევრ თევზს ვიჭერდით, ხან ცოტას. მაგრამ ასეთი კრიზისი არასოდეს ყოფილა“, — ამბობს 65 წლის ჯორჯი, რომელიც ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე თევზჭერით არის დაკავებული. შემდეგ ის დასძენს: „ზღვაში თითქმის აღარ დარჩა ისეთი სახეობის თევზები, როგორიცაა ჩრდილოეთის ორაგული, სიგი, ვირთევზა და ლანგუსტი“.

ჯორჯი ერთადერთი არ არის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. მსგავს შეშფოთებას ზღვისპირეთის თითქმის ყველა რეგიონში გამოთქვამენ. პერუში მცხოვრები 350 ტონიანი სათევზაო გემის კაპიტანი ავგუსტინი ამბობს: „უკვე დაახლოებით 12 წელია, რაც სარდინი საკმარისი რაოდენობით აღარ მოიპოვება. პერუში მთელი წლის განმავლობაში უხვი რაოდენობით იყო თევზი, მაგრამ ახლა თვეები ისე გადის, რომ თევზს ვეღარ ვიჭერთ. ადრე ყოველთვის სანაპიროდან 25 კილომეტრის რადიუსში ვთევზაობდით, მაგრამ ახლა თევზის დასაჭერად 300 კილომეტრზე გვიწევს შეცურვა“.

ანტონიო, რომელიც გალისიაში (ესპანეთი) ცხოვრობს, გვიყვება: „ოცი წელია, რაც თევზჭერას მივდევ. თანდათანობით ზღვაში თევზის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ისე ინტენსიურად ვთევზაობთ, რომ თევზი გამრავლებას ვერ ასწრებს“.

ოკეანეებში თევზების რაოდენობის კლება შეიძლება ისეთივე შესამჩნევი არ იყოს, როგორც ტენიანი ტროპიკების ტყეების გაჩეხვა, მაგრამ მათი გადაშენების საფრთხე საგრძნობლად დიდია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ახლახან გამოცემულ ნაშრომში შემდეგი რამ იყო ნათქვამი: „მდგომარეობა მართლაც რომ სავალალოა. თევზჭერისთვის განკუთვნილ ადგილებში თევზი ძალიან ცოტაა ან აღარ მოიპოვება. მთელ მსოფლიოში ასეთი ადგილების რაოდენობა 75 პროცენტია“.

მოსახლეობის თითქმის მეხუთედი იკვებება თევზით. ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცილებს შეიცავს. აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი საკვების დაკარგვის საფრთხე იქმნება. თევზი ყველგან უხვი რაოდენობით როდი მოიპოვება. სინამდვილეში, შუა ოკეანეების უმეტეს ნაწილში თევზი მცირე რაოდენობითაა. თევზი უმეტესწილად გვხვდება სანაპიროსთან ახლოს და ღრმა წყლებში, სადაც წყალი მდიდარია ცოცხალი თუ არაცოცხალი საკვები ნივთიერებებით. ცოცხალი ორგანიზმები, რომლებითაც თევზი იკვებება, ფიტოპლანქტონით საზრდოობს. როგორ ანადგურებენ მეთევზეები იმ სათევზაო ადგილებს, რომლებზეც მათივე შემოსავალია დამოკიდებული? განვიხილოთ ერთ-ერთი სათევზაო ადგილის ისტორია, რაც გარკვეულწილად პასუხს გაგვცემს ამ კითხვაზე.

დიდ მარჩხობზე ბინადარი თევზი

იტალიაში დაბადებულმა ზღვაოსანმა და მკვლევარმა ჯონ კაბოტმა * გეზი ინგლისიდან აიღო და ატლანტის ოკეანე გადაკვეთა. მან აღმოაჩინა ნიუფაუნდლენდის დიდი მარჩხობი, რომელიც კანადის სანაპიროსთან მდებარეობს. ეს საუკეთესო ადგილი იყო თევზჭერისთვის. ქრისტეფორე კოლუმბი ამ ტერიტორიაზე ჯონ კაბოტის მოგზაურობამდე ხუთი წლით ადრე, 1492 წელს ჩავიდა. მალე ასობით მეთევზე ისე მიაწყდა იმ მხარეს, თითქოს იქ ოქროს საბადოები ყოფილიყო. მათ გამალებით მიაშურეს ამ ადგილს, რომ ნიუფაუნდლენდის დიდ მარჩხობში თევზჭერა დაეწყოთ. არც ერთ ევროპელს ზღვაში ამდენი ვირთევზა მანამდე არასოდეს ენახა.

ვირთევზა ოქროსავით ფასობდა. მისი თეთრი, მჭლე ხორცი დღესაც ძალიან პოპულარულია მსოფლიო ბაზარზე. ატლანტის ოკეანის ვირთევზა ჩვეულებრივ 1,4 კილოგრამიდან 9 კილოგრამამდე იწონის, თუმცა დიდ მარჩხობში ადამიანის ზომის ვირთევზებიც ბინადრობდა. მოგვიანებით გამოიგონეს ისეთი თევზსაჭერი ბადეები, როგორიცაა ტრალი და გრძელი ბადეები, რომლებსაც ათასობით ნემსკავი ჰქონდა გაკეთებული. მათი მეშვეობით საკმაოდ ბევრი თევზის დაჭერა გახდა შესაძლებელი.

სავალალო შედეგები

მეცხრამეტე საუკუნეში ზოგმა ევროპელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ თევზის მარაგი საგრძნობლად იკლებდა. საფრთხე განსაკუთრებით ქაშაყს ემუქრებოდა. ლონდონის სამეფო საზოგადოების მდივანმა პროფესორმა ტომას ჰაქსლმა 1883 წელს ჩატარებულ საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც სათევზაო ადგილებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა, განაცხადა: „თევზის მარაგი იმდენად დიდია, რომ ჩვენ მიერ დაჭერილი თევზი უმნიშვნელოა . . . დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის ნებისმიერ სათევზაო ადგილში, მათ შორის იქ, სადაც ვირთევზა ბინადრობს, თევზი ყოველთვის უხვი რაოდენობით იქნება“.

უმრავლესობას ჰაქსლის სიტყვებში ეჭვი მას შემდეგაც კი არ შეჰპარვია, რაც დიდ მარჩხობზე თევზის რეწვა ორთქლისძრავიანი გემებით დაიწყეს. ვირთევზაზე მოთხოვნილება განსაკუთრებით 1925 წლიდან გაიზარდა, როცა მასაჩუსეტსში (აშშ) მცხოვრებმა კლარენს ბერდსიმ თევზის სწრაფად გაყინვის მეთოდი შეიმუშავა. დიზელზე მომუშავე გემებით შესაძლებელი გახდა კიდევ უფრო დიდი რაოდენობით თევზის დაჭერა. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

1951 წელს ნიუფაუნდლენდის დიდ მარჩხობზე დიდი ბრიტანეთიდან უზარმაზარი გემი ჩავიდა. მისი სიგრძე 85 მეტრი იყო, ტევადობა კი — 2 600 ტონა. ეს იყო მსოფლიოში პირველი გემი, რომელზეც თევზის გასაყინი დანადგარები იყო განთავსებული. გემს კიჩოზე დამაგრებული ჰქონდა ცილინდრი, რომელზეც ჯალამბარის მეშვეობით ეხვეოდა უზარმაზარი ბადე. გემზე აგრეთვე იყო თევზის გადასამუშავებელი მექანიზებული ხაზები, რომელიც თევზს ავტომატურად ამუშავებდა. ამის შემდეგ თევზი სამაცივრო დანადგარებში იყინებოდა. თევზსაძებნი აპარატურის გამოყენებით გემს კვირების განმავლობაში დღითა თუ ღამით შეეძლო თევზის ქარავნის მოძებნა და დაჭერა.

როგორც კი სხვა ქვეყნებში დაინახეს, რომ თევზის რეწვა კარგ მოგებას იძლეოდა, ასობით მსგავსი გემი გამოემართა ამ მხარისკენ. ერთი გემი საათში 200 ტონაზე მეტ თევზს იჭერდა. ზოგიერთი გემის ტევადობა 8 000 ტონა იყო. მათი ბადეები იმდენად დიდი ზომისა იყო, რომ ისინი მთლიანად შემოეხვეოდა უზარმაზარ ავიალაინერს ბოინგ 747-ს.

უკანასკნელი იერიში

„1970-იანი წლების მიწურულს უმრავლესობა ჯერ კიდევ იმას აცხადებდა, რომ ოკეანეებში თევზის რაოდენობა ულევი იყო“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში. დიდ მარჩხობში 1980 წლამდე იზრდებოდა იმ უზარმაზარი გემების რიცხვი, რომლებითაც თევზს იჭერდნენ. მკვლევარები ყველას აფრთხილებდნენ, რომ შეეწყვიტათ თევზაობა, რადგან ვირთევზა უკვე გადაშენების პირას იყო. მაგრამ, ათობით ათასი ადამიანის შემოსავალი ამ სათევზაო ადგილზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არ სურდათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათ მოგებას აღარ მოუტანდა. ბოლოს 1992 წელს მკვლევარებმა გამოაქვეყნეს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვირთევზას რაოდენობა 98,9 პროცენტით შემცირდა. დიდ მარჩხობში ვირთევზაზე თევზაობა აიკრძალა. მაგრამ, უკვე ძალიან გვიან იყო. ამ სათევზაო ადგილის აღმოჩენიდან ხუთასი წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ სათევზაო ადგილში თევზები თითქმის მთლიანად გადაშენდა („Ocean’s End“).

მეთევზეები იმედოვნებდნენ, რომ ვირთევზა მალე ისევ გამრავლდებოდა, მაგრამ თევზების ეს სახეობა 20 წელზე მეტხანს ვერ ცოცხლობს და ნელა მრავლდება. 1992 წლიდან მოყოლებული მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

მსოფლიო კრიზისი

დიდ მარჩხობზე თევზის მარაგის კლება იმის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, თუ რა პრობლემის წინაშე დგას მთელ მსოფლიოში თევზის რეწვის ინდუსტრია. 2002 წელს, ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა თქვა, რომ „მთელ მსოფლიოში იმ ადგილების 60 პროცენტი, სადაც თევზი მოიპოვება, თევზის გადაშენების საფრთხის წინაშე დგას“. საფრთხე ისეთი სახეობის თევზებსაც ემუქრება, როგორიცაა თინუსი, შომშერი, ხრტილიანი თევზები და სკორპენისებრნი.

მრავალმა მდიდარმა ქვეყანამ თავიანთ ტერიტორიაზე არსებულ ადგილებში ამოწურეს თევზის მარაგი და ახლა თევზის მოსაპოვებლად სხვა დაშორებულ ტერიტორიებზე გადაინაცვლეს. მაგალითად, აფრიკის სანაპირო თევზჭერისთვის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ადგილად ითვლება. აფრიკის ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენლები უცხო ქვეყნებს ძალიან ადვილად რთავენ იმის ნებას, რომ მათ ტერიტორიებზე თევზჭერა აწარმოონ, რადგან აფრიკის მთავრობას ეს მოგებას აძლევს. გასაკვირი არაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაღიზიანებულია იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში თევზის მარაგი საგრძნობლად იკლებს.

რატომ არ გვარდება ეს პრობლება?

ერთი შეხედვით, გამოსავალი მარტივია — საჭიროა შეწყდეს თევზის დიდი რაოდენობით დაჭერა. მაგრამ ეს არცთუ ისე ადვილია. თევზის რეწვისთვის დიდი ინვესტიციებია საჭირო. ყველა კომპანიას, რომელიც თევზის რეწვითაა დაკავებული, იმის იმედი აქვს, რომ ფინანსური პრობლემების გამო სხვები შეწყვეტენ ამ საქმიანობას, თავად კი გააგრძელებენ. ამის შედეგი კი ის არის, რომ ყველა კვლავინდებურად განაგრძობს თევზჭერას. გარდა ამისა, მთავრობები ხშირად ძალიან დიდ ინვესტიციებს აბანდებენ თევზის რეწვის საქმეში. ამგვარად, პრობლემის მიზეზს არა მხოლოდ კერძო კომპანიები ქმნიან, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც აგრეთვე დიდი რაოდენობით თევზის დაჭერით არიან დაინტერესებულნი. ერთ-ერთ ჟურნალში ნათქვამია: „როდესაც [გაერო] რომელიმე ქვეყანაში თევზჭერასთან დაკავშირებით წესებს ადგენს, ამ ქვეყნის მოსახლეობა ხშირად მიიჩნევს, რომ ეს წესები აუცილებლად უნდა დაიცვან სხვა ქვეყნებმა, თავად კი ეს აკრძალვა არ ეხებათ“ („Issues in Science and Technology“).

პასუხისმგებლობა მათაც ეკისრება, ვინც გართობის მიზნით თევზაობს. შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევის შესახებ ჟურნალ „ახალ მეცნიერში“ ნათქვამი იყო: „მექსიკის ყურეში იმ სახეობის თევზების 64 პროცენტი, რომლებიც გადაშენების პირასაა მისული, მათ მიერ იყო დაჭერილი, ვინც გართობის მიზნით თევზაობს“. ამგვარად, თევზების გადაშენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც თევზის რეწვის კომპანიებს, ისე მათ, ვინც გართობის მიზნით თევზაობს. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხელს უწყობენ თევზის რეწვის პოპულარიზაციას, ნაცვლად იმისა, რომ რამე იღონონ გადაშენების პირას მისული თევზის დასაცავად.

გადაიჭრება ოდესმე ეს პრობლემა? ბოის ტორნ მილერი თავის წიგნში ამბობს: „თევზის მრავალი სახეობის გადაშენებას საფრთხე მანამდე დაემუქრება, სანამ ადამიანები ამ მხრივ რადიკალურად არ შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას“. საბედნიეროდ, ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, მალე დაამყარებს სამეფოს, რომელიც იზრუნებს მთელი დედამიწის კეთილდღეობაზე (დანიელი 2:44; მათე 6:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ჯონ კაბოტი დაიბადა იტალიაში. მისი სახელი და გვარი იტალიურად გამოითქმის, როგორც ჯოვანი კაბოტო. ის 1480-იან წლებში საცხოვრებლად ბრისტოლში (ინგლისი) გადავიდა. 1497 წელს მან დატოვა იქაურობა და მოგზაურობა დაიწყო.

[ჩანართი 21 გვერდზე]

სათევზაო ადგილებში თევზების გადაშენებას საფრთხე ისევე ემუქრება, როგორც ტენიანი ტროპიკების ტყეებს გაჩანაგება

[ჩანართი 22 გვერდზე]

„თევზჭერისთვის განკუთვნილ ადგილებში თევზი ძალიან ცოტაა ან აღარ მოიპოვება. მთელ მსოფლიოში ასეთი ადგილების რაოდენობა 75 პროცენტია (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია)

[ჩანართი 23 გვერდზე]

მოსახლეობის თითქმის მეხუთედი იკვებება თევზით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცილებს შეიცავს

[სურათი 23 გვერდზე]

კამბოჯა

[სურათი 23 გვერდზე]

გასაყიდად დაჭერილი თევზი, ალასკა

[სურათი 23 გვერდზე]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

© Janis Miglavs/DanitaDelimont.com

[სურათის საავტორო უფლებები 22 გვერდზე]

Top: © Mikkel Ostergaard/Panos Pictures; middle: © Steven Kazlowski/SeaPics.com; bottom: © Tim Dirven/Panos Pictures