რატომ ცოცხლობენ ასე დიდხანს კუნძულ ოკინავაზე?
რატომ ცოცხლობენ ასე დიდხანს კუნძულ ოკინავაზე?
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იაპონიიდან
▪ ერთი გამოკვლევის თანახმად, 2006 წელს ოკინავას (იაპონია) კუნძულზე ასი წლის და ას წელს გადაცილებული 740 ადამიანი ცხოვრობდა. ამათგან 90 პროცენტი ქალი იყო. ამ კუნძულზე მთლიანად 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ გამოკვლევის თანახმად, რომელსაც მაკოტო სუზუკი ხელმძღვანელობდა, ოკინავაზე ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 50 ასაკოვანი მოდიოდა, რომლებიც 100 წლის ან უფრო მეტი ხნისანი იყვნენ. უმეტეს განვითარებულ ქვეყანაში ყოველი 100 000 მოსახლიდან 10—20 ასაკოვანი საუკუნეს გადაცილებულია.
ოკინავაზე ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომელიც „მსოფლიოში ას წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა შესახებ ყველაზე ხანგრძლივ გამოკვლევად“ ითვლება, ცხადყო, რომ „საუკუნეს გადაცილებული ასაკოვნების უმეტესობა საკმაოდ ჯანმრთელები“ იყვნენ. სუზუკის ხელმძღვანელობით მკვლევართა ჯგუფი დაინტერესდა, თუ რა იყო კუნძულ ოკინავაზე მცხოვრებ ასაკოვანთა ჯანმრთელობის საიდუმლო. მათ შეისწავლეს საუკუნეს გადაცილებული 900-ზე მეტი ხანდაზმულის, აგრეთვე 70 წლის ან უფრო მეტი ხნის ასაკოვანთა ყოფა-ცხოვრება. გარდა ამისა, მათ გამოიკვლიეს, თუ რა როლს თამაშობდა ამ მხრივ გენეტიკა. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ასაკოვნები ძირითადად გამხდრები, ძლიერები და ჯანმრთელები იყვნენ. მათ არ ემუქრებოდათ არტერიების დაცობის საშიშროება და ძალიან ცოტას თუ ჰქონდა კიბო და გულის დაავადება. განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ 100 წელს მიღწეულ ასაკოვნებთან შედარებით, ოკინავაზე მცხოვრები ამავე ასაკის ხანდაზმულების მხოლოდ მცირე რაოდენობას აღენიშნებოდა დემენცია (ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა). რა არის ამის მიზეზი?
ამ მხრივ ერთ-ერთ უმთავრეს როლს გენეტიკა ასრულებს. გარდა ამისა, არის კიდევ სხვა ფაქტორებიც. ისინი არ ეწევიან თამბაქოს, გადაჭარბებულად არ იღებენ ალკოჰოლს და სრულფასოვანი საკვებით იკვებებიან. მათი კვების რაციონში შედის ნაკლებად კალორიული საჭმელები, დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. აგრეთვე საჭმელებში იყენებენ უჯერ ცხიმებს. ხალხს ჩვევაში აქვს, რომ გაძღომამდე არ ჭამონ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბრედლი ვილკოქსი, რომელიც ზემოაღნიშნულ გამოკვლევაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს: „ჭამა აღარ უნდა გააგრძელოთ, როგორც კი იგრძნობთ, რომ დანაყრდით. დაახლოებით 20 წუთია საჭირო, სანამ კუჭი მიაწვდის ინფორმაციას ტვინს, რომ დანაყრებულია“.
კუნძულ ოკინავას მცხოვრებნი მისდევენ მებაღეობას, ყოველდღე დადიან ფეხით, ტრადიციულ ცეკვებს ცეკვავენ ან სხვა რაიმე აქტიური საქმით არიან დაკავებულნი. აგრეთვე, ისინი არიან ოპტიმისტები, ადვილად ეგუებიან სხვადასხვა სიტუაციას და სტრესს იოლად უმკლავდებიან. ოკინავას მცხოვრებნი, განსაკუთრებით კი ქალები, „აქტიურ ცხოვრებას ეწევიან“.
„მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას სასწაულმოქმედი წამალი არ განაპირობებს“, — ამბობს ვილკოქსი. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, მათ სიცოცხლის უნარიანობაზე გავლენას ახდენს გენები, ჯანსაღი საკვები და ვარჯიში; გარდა ამისა, ისინი თავს არიდებენ მავნე ჩვევებს და „სტრესს იოლად უმკლავდებიან“.