არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ნამდვილი წარმატება?

რა არის ნამდვილი წარმატება?

რა არის ნამდვილი წარმატება?

ოცი წლის ის უკვე პოპულარული მომღერალი იყო. მის ასაკში არცთუ ისე ბევრი ყოფილა მასავით ცნობილი და მდიდარი. მაგრამ თანდათანობით მისი ცხოვრება უკან-უკან წავიდა. ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ის ნარკოტიკების გამოყენებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღების გამო სარეაბილიტაციო ცენტრებში არაერთხელ მოხვედრილა. მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

სამწუხაროდ, ყველასთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის, რაც ამ ახალგაზრდა გოგოს ცხოვრებაში მოხდა. ცნობილი ადამიანების სამწუხარო ისტორიები ხშირად ხდება მასმედიის განხილვის საგანი. დღევანდელ კონსერვატიულ ბიზნეს-სამყაროში ერთი შეხედვით წარმატებული ადამიანებიც კი ვერ აღწევენ თავს სერიოზულ პრობლემებს. ნიუ-იორკში მცხოვრები წარმატებული ბიზნესმენების შესახებ ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: „დიდი მოგება რომ ნახონ, ისინი მზად არიან უარი თქვან კარიერაზე, საკუთარი ოჯახები დაანგრიონ და ნარკოტიკების მოხმარებაც კი დაიწყონ . . . მაშინ როცა პრემიებით განებივრებული უოლ-სტრიტზე მომუშავე ბანკირები თავს უზრუნველად გრძნობენ, სხვები, ფული რომ გამოიმუშაონ, ემოციურად იფიტებიან და დეპრესიაშიც კი ვარდებიან; გარდა ამისა, ზოგი იმ დონემდე მიდის, რომ ცხოვრების ინტერესს კარგავს“.

არის ასეთი პრობლემების მიზეზი ის, რომ ადამიანი არასწორი გზით ცდილობს ბედნიერებისა და წარმატების მიღწევას? ბუნებრივია, არსებობისთვის ფული ყველას გვჭირდება, მაგრამ სიმდიდრის დაგროვებაზეა დამოკიდებული წარმატება? გამოკვლევები სულ სხვა რამეს ცხადყოფს. მაგალითად, ჩინეთში ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში შემოსავლის საშუალო რაოდენობა 250 პროცენტით გაიზარდა, ხალხი მაინც უკმაყოფილო იყო, რადგან უფრო მეტის შეძენის სურვილი გაუჩნდათ.

სინამდვილეში წარმატება არ განისაზღვრება იმით, თუ როგორი სამსახური აქვს ადამიანს ან რამდენად ძვირადღირებულია მისი სახლი, მანქანა თუ მაჯის საათი. განა გონივრული არ არის ადამიანი შეაფასო იმით, თუ როგორი პიროვნებაა ის, მაგალითად, რა პრინციპებით ცხოვრობს და რა მიზანი აქვს ცხოვრებაში?! ადამიანი შეიძლება იყოს ჭკვიანი და ძლიერი, მაგრამ ის შესაძლოა უზნეო ცხოვრებით ცხოვრობდეს, არავინ უყვარდეს და არც ნამდვილი მეგობრები ჰყავდეს. ვინმე შეიძლება საკმაოდ ცნობილი გახდეს და სიმდიდრეც დააგროვოს, მაგრამ როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავს, შესაძლოა თქვას: „ამისთვის ვირჯებოდი? ეს არის ცხოვრების აზრი?“.

სინამდვილეში წარმატებული ადამიანი თავის ცხოვრებას უფრო მნიშვნელოვან რამეზე აფუძნებს, მათ შორის იმ ჯანსაღ პრინციპებზე, რაც მას სათანადო ხელმძღვანელობას უწევს. შედეგად მას აქვს შინაგანი სიმშვიდე, ღირსების გრძნობა და სხვებიც პატივს სცემენ. გარდა ამისა, ასეთი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს; მას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიზანი აქვს; ეს ყოველივე კი მას კმაყოფილებას ანიჭებს და მის სიცოცხლეს ნამდვილ აზრს სძენს. ზოგმა შეიძლება იკითხოს: „რომელია ეს პრინციპები? რა მიზანი უნდა ჰქონდეს ადამიანს ცხოვრებაში?“. შეგვიძლია თავად გავცეთ ამ კითხვებზე პასუხები თუ სხვაგან უნდა ვეძებოთ ისინი? შემდეგ სტატიებში სწორედ ეს საკითხები იქნება განხილული.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

არასწორი შეხედულება წარმატებაზე

მედიცინის მუშაკები იტყობინებიან, რომ შეჯიბრის მოსაგებად უფრო და უფრო მეტი სპორტსმენი იყენებს ისეთ პრეპარატებს, რაც მათ ჯანმრთელობაზე საბოლოოდ საზიანოდ მოქმედებს. ინტერნეტში ერთ-ერთ საიტზე შემდეგი ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული: «არც ისე დიდი ხნის წინ კოლეჯის სტუდენტებს ასეთი კითხვით მიმართეს: „გამოიყენებდით ქიმიურ პრეპარატებს, თუ გეცოდინებოდათ, რომ შეჯიბრში პირველ ადგილს აიღებდით ან რომელიმე გუნდში აგიყვანდნენ, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ დაავადდებოდით?“ თითქმის ყველას პასუხი დადებითი იყო. შემდეგ ასეთნაირად დაუსვეს კითხვა: „მაინც გამოიყენებდით პრეპარატებს, თუ გეცოდინებოდათ, რომ ხუთ წელიწადში მოკვდებოდით?“ 65-მა პროცენტმა ისევ დადებითად უპასუხა» („Education Update“).