არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-საიტზე (www.watchtower.org) ინფორმაციის ნახვა დღესდღეობით 314 ენაზეა შესაძლებელი. გასულ წელს 22 მილიონზე მეტჯერ ესტუმრნენ ამ საიტს — დღეში საშუალოდ 60 000-ჯერ.

„დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება მოსახლეობისთვის სუფთა წყლის საკმარისი რაოდენობით მიწოდება . . . იქ, სადაც სასმელი წყლის ნაკლებობაა, ხალხს მის მოსაპოვებლად სერიოზული კონფლიქტები მოსდის, რაც ძალიან ხშირად შეტაკებით მთავრდება ხოლმე“ (ბან კი-მუნი, გაეროს გენერალური მდივანი).

ბედნიერება და ჯანმრთელობა

დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ ბედნიერი და მხიარული ადამიანები უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც მრავალი სტრესი აქვს ცხოვრებაში, სხვებისადმი მტრულად არიან განწყობილი ან პესიმისტები არიან. არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ „მხიარულ ადამიანებს“ სისხლში ჰიდროკორტიზონის დაბალი შემცველობა აქვთ; ჰიდროკორტიზონი არის სტრესის გამომწვევი ჰორმონი, რომელიც შეიძლება მთელი რიგი დაავადებების მიზეზი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მისი დონე სისხლში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი რჩება. აგრეთვე, ასეთი ადამიანების სისხლში დაბალია „იმ ორი ცილის შემცველობა, რომლებიც ორგანიზმში ანთებითი პროცესის გავრცელებაზე მეტყველებს“. ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ენდრიუ სტეპტოუს აზრით „დადებითი განწყობა მხოლოდ მემკვიდრეობითი ფაქტორით არ არის განპირობებული, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიერთობა აქვს ადამიანს სხვებთან და ეწევა თუ არა ისეთ ცხოვრებას, რასაც კმაყოფილება მოაქვს მისთვის“.

მაღალი ტექნოლოგიები მთვარეზე დაკვირვების საშუალებას იძლევა

ასობით წელია, რაც მუსლიმანები ცაზე აკვირდებიან ახალი მთვარის გამოჩენას, რაც რამადანის თვის დასასრულზე მიუთითებს. ტრადიციის მიხედვით, ზოგ მხარეში მთვარეს შეუიარაღებელი თვალით აკვირდებოდნენ და მას შემდეგ, რაც ის გამოჩნდებოდა, რელიგიური ლიდერები მორწმუნეებს ატყობინებდნენ, რომ მარხვა დასრულებული იყო და არანაირი აკრძალვა აღარ მოქმედებდა. მაგრამ, რამდენიმე წლის წინ, სასულიერო პირებმა ნებართვა გასცეს იმასთან დაკავშირებით, რომ დაკვირვების დროს მაღალი ტექნოლოგიები გამოეყენებინათ. ირანელი ასტრონომები და სასულიერო პირები დღესდღეობით მთვარეს აკვირდებიან ისეთი ტელესკოპებით, რომლებშიც ძალიან კარგად ჩანს გამოსახულება. ისინი აგრეთვე იყენებენ ღამით გასანათებელ მოწყობილობებს და ისეთ თვითმფრინავებსაც კი, რომლებიც შუქმგრძნობიარე აპარატურითაა აღჭურვილი. რაც უფრო მალე დააფიქსირებენ ისინი ახალი მთვარის გამოჩენას, მით მალე დაიწყებენ „თავისუფალ ცხოვრებას“.

კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი

შვიდი თვის ბავშვებს, ჯერ კიდე მანამ, სანამ ლაპარაკს ისწავლიან, უკვე განვითარებული აქვთ „კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი“, — იუწყებიან აშშ-ს იელის უნივერსიტეტის მკვლევარები. შვიდიდან ათ თვემდე ასაკის ბავშვებს ასეთი რამ აყურებინეს: დიდთვალება თოჯინა უნდა აცოცებულიყო პატარა ბორცვზე. იქვე იყვნენ სხვა თოჯინები, რომელთაგანაც ზოგიერთი ეხმარებოდა აცოცებაში, ზოგი კი უკან აგორებდა მას. შემდეგ ბავშვებს „აარჩევინეს, თუ რომელ თოჯინებთან ითამაშებდნენ. თითქმის ყველა ბავშვმა ის თოჯინა აირჩია, რომელიც დიდთვალება თოჯინას დაეხმარა აცოცებაში“, — ნათქვამია ერთ გაზეთში. ასე რომ, გარკვეულწილად „ძალიან პატარა ბავშვებსაც კი შეუძლიათ დაინახონ სხვაობა ცუდ და კარგ საქციელს შორის და სათამაშოდ ის თოჯინა ამოირჩიონ, რომელიც კარგად იქცევა“, — აღნიშნულია იმავე გაზეთში („Houston Chronicle“).

„ბოთლში ჩამოსხმულ წყალზე დიდი მოთხოვნილებაა“

„ამერიკელები წელიწადში თითქმის 30 მილიარდ ბოთლ წყალს ყიდულობენ“, — ნათქვამია ჟურნალში „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“. მაგრამ, მრავალმა მომხმარებელმა არც კი იცის, რომ ამ ბოთლების უმრავლესობა უბრალოდ ონკანზეა ავსებული. ასე რომ, „ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ბოთლში ჩამოსხმული წყალი მათი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ის, რომელიც ონკანზე მოდის, მოტყუებულია“, — ნათქვამია ჟურნალში. მრავალ ქვეყანაში სინჯი აიღეს იმის დასადგენად, შეესაბამებოდა თუ არა დადგენილ სტანდარტებს ონკანის წყალი. როდესაც სინჯიდან მიღებული მონაცემები ძვირადღირებული ბოთლის წყლის მონაცემებს შეადარეს, ონკანის წყალიც „ფაქტობრივად სუფთა“ აღმოჩნდა.