არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეგიძლიათ საიმედო ხელმძღვანელობის პოვნა?

სად შეგიძლიათ საიმედო ხელმძღვანელობის პოვნა?

სად შეგიძლიათ საიმედო ხელმძღვანელობის პოვნა?

ვის შეუძლია გვიხელმძღვანელოს, რომ ნამდვილ წარმატებას მივაღწიოთ — წარმატებას არა ხალხის თვალში, არამედ პირად ცხოვრებაში? როგორც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, ნამდვილად წარმატებული ადამიანი, სულ მცირე, ეთიკური პრინციპებით უნდა ცხოვრობდეს და მას ცხოვრებაში ღირსეული მიზანი უნდა ჰქონდეს. ადამიანის წარმატება დამოკიდებული არ არის პოპულარობაზე, სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე.

სად შეგვიძლია საიმედო პრინციპების პოვნა და ცხოვრების აზრთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების მიღება? შეგვიძლია თავადვე ვუპასუხოთ ამ კითხვებს? უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, როგორც არასრულყოფილები, ცუდის კეთებისკენ ვართ მიდრეკილნი და ამის გამო შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ (დაბადება 8:21). სწორედ ამიტომ, მილიონობით ადამიანი ამაოებას ესწრაფვის, რასაც ბიბლია ‘ხორცის სურვილს, თვალთა სურვილს და ქონებით ტრაბახს’ უწოდებს (1 იოანე 2:16). ეს არ არის წარმატების საწინდარი, პირიქით ამას ადამიანი გულგატეხილობამდე მიჰყავს და მას ბედნიერებას ართმევს. სწორედ ამიტომ, სიცოცხლის აზრთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მისაღებად მრავალი შემოქმედს მიმართავს. *

უნდა მივმართოთ ღმერთს ხელმძღვანელობისთვის?

რატომ არის გონივრული, რომ ხელმძღვანელობისთვის ჩვენს შემოქმედს მივმართოთ? იმიტომ, რომ მან იცის, რატომ შეგვქმნა და, შესაბამისად რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი. მან აგრეთვე იცის, როგორ ვართ შექმნილნი — როგორები ვართ ფიზიკურად და რა გონებრივი შესაძლებლობები და ემოციური მდგომარეობა გვაქვს. ღმერთმა ყველაზე კარგად იცის, თუ რომელი პრინციპებით უნდა ვიცხოვროთ. გარდა ამისა, ღმერთი სიყვარულია, ამიტომ მას სურს, რომ ნამდვილად ბედნიერები და წარმატებულები ვიყოთ (1 იოანე 4:8). როგორ შეგვიძლია მივიღოთ ღვთის მიერ სიყვარულით გაწეული ხელმძღვანელობა? ღმერთი ხელმძღვანელობას წმინდა წერილების, ბიბლიის, საშუალებით გვიწევს, რომლის დასაწერადაც მან დაახლოებით 40 მამაკაცი გამოიყენა * (2 ტიმოთე 3:16, 17). რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ბიბლია საუკეთესო ხელმძღვანელობას გაგვიწევს?

ღვთის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, იესო ქრისტემ, თქვა, რომ „სიბრძნის სიმართლეს . . . მისი საქმეები [შედეგები] ამტკიცებს“ (მათე 11:19; იოანე 7:29). ღვთიური სიბრძნე წარმატებისა და ხანგრძლივი ბედნიერების — ‘ყოველივე კარგის’ — საწინდარია. ადამიანურ სიბრძნეს კი — რაც ღვთის სიბრძნეს ეწინააღმდეგება — იმედგაცრუება და უბედურება მოაქვს (იგავები 2:8, 9; იერემია 8:9).

დავფიქრდეთ ჰიპების ცხოვრებაზე, რომლებიც 1960-იან წლებში გამოჩნდნენ. ჰიპებს არ მოსწონდათ ძველი თაობის ცხოვრების წესი და არც უფროსებს ემორჩილებოდნენ. მათ, სხვა ყველაფერთან ერთად, დაიწყეს ნარკოტიკების გამოყენება. ისინი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ყველანაირ სექსუალურ უზნეობას სჩადიოდნენ. მაგრამ, აჩვენებდა მათი ცხოვრების წესი, რომ ნამდვილი სიბრძნით ხელმძღვანელობდნენ? შესძინა ასეთმა ცხოვრებამ ჰიპების სიცოცხლეს ნამდვილი აზრი და ჩაუნერგა მათ ეთიკური ნორმები, რომელთა დაცვასაც შინაგანი სიმშვიდე და ხანგრძლივი ბედნიერება მოაქვს? ისტორიამ უჩვენა, რომ ასეთი გზით სიარულმა უკეთესობისკენ კი არ შეცვალა ადამიანები, არამედ საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმების დაცემას შეუწყო ხელი (2 ტიმოთე 3:1—5).

ადამიანური სიბრძნისგან განსხვავებით, ბიბლიური სიბრძნე ყოველთვის დადებითად აისახებოდა ადამიანთა ცხოვრებაზე (ესაია 40:8). ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ შემდეგი სტატია. მასში განხილულია ექვსი ბიბლიური პრინციპი, რომლებიც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს დაეხმარა, გამხდარიყვნენ ნამდვილად ბედნიერები და წარმატებულები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების სხვადასხვა ფენას განეკუთვნებიან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილეთ ჩარჩო „მრწამსი, რომელიც უსაფუძვლოს ხდის წარმატების ძიებას“.

^ აბზ. 5 იხილეთ 2007 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის სპეციალური ნომერი, რომელშიც განხილულია თემა „რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას?“. ამ ნომერში მოცემულ სტატიებში ნაჩვენებია, თუ როგორ ადასტურებს არქეოლოგია, ისტორია, მეცნიერება და კიდევ სხვა მრავალი რამ, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით არის დაწერილი.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

მრწამსი, რომელიც უსაფუძვლოს ხდის წარმატების ძიებას

მრავალი ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არსებობს და სიცოცხლე ევოლუციის გზით წარმოიშვა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჩვენი ცხოვრება უბრალოდ ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოშობილა. ასეთ შემთხვევაში, ცხოვრების აზრისა და საყოველთაო პრინციპების ძიება ყოველგვარ აზრს მოკლებული გამოდის.

ზოგს სწამს, რომ ღმერთმა შეგვქმნა, შემდეგ კი მიგვატოვა. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩვენ სულიერი გაგებით ობლები გამოვდივართ. ამავე დროს, არც სიცოცხლის აზრის ძიებას და არც ზნეობრივი ნორმების დადგენას ჰქონია აზრი. დავფიქრდეთ ერთ რამეზე: ღმერთმა ცხოველებს ინსტინქტური სიბრძნე მისცა, რომ ბუნებაში ყველამ თავისი როლი შეასრულოს. სამყაროში ყველა ქმნილება ღვთის სიბრძნეზე მეტყველებს. განა ასეთი შემოქმედი შეგვქმნიდა და შემდეგ ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე დაგვტოვებდა? რა თქმა უნდა, არა! (რომაელები 1:19, 20).

ათეისტური შეხედულებიდან გამომდინარე სიცოცხლის აზრის ძიება და ზნეობრივი ნორმების დადგენა ფუჭია, რაც წარმატების მიღწევას უსაფუძვლოს ხდის.

[სურათი 5 გვერდზე]

ბიბლიური სიბრძნის გამოყენება საიმედოა, რადგან მას კარგი შედეგები მოაქვს