არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დავმალო, თუ მეგობარმა შესცოდა?

დავმალო, თუ მეგობარმა შესცოდა?

ახალგაზრდების შეკითხვები

დავმალო, თუ მეგობარმა შესცოდა?

„ამის გაკეთება ძალიან რთული იყო. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“ (ჯეიმზი) *.

„თავიდან სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მეგორები ისე მიყურებდნენ, თითქოს არც მიცნობდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ცოდვაზე თვალი არ დამიხუჭავს“ (ენი).

ბიბლიაში ნათქვამია: „ზოგი მეგობარი . . . ძმაზე ახლობელია“ (იგავები 18:24). გყავს ასეთი მეგობარი? თუ ასეა, დიდი სიმდიდრე შეგიძენია.

დავუშვათ, შენმა მეგობარმა უზნეობა ჩაიდინა, სიგარეტი მოწია, დალია, ნარკოტიკი მიიღო ან სხვა რამეში შესცოდა (1 კორინთელები 6:9, 10; 1 ტიმოთე 1:9, 10). როგორ მოიქცევი? პირადად მას დაელაპარაკები, შენს მშობლეს ეტყვი, მის მშობლებს თუ უხუცესებს? * კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დადგება თქვენი მეგობრობა, თუ მომხდარს არ დამალავ? საერთოდ გაჩუმება ხომ არ აჯობებდა?

ვთქვა თუ არა?

შეცდომებს ყველა უშვებს. ბიბლია ამბობს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). მაგრამ ზოგი სერიოზულ ცოდვას სჩადის, ზოგი კი „მცდარ ნაბიჯს“ დგამს, რამაც შეიძლება უფრო მძიმე ცოდვა ჩაადენინოს, თუ დროზე არ იქნება ზომები მიღებული (გალატელები 6:1). დავფიქრდეთ ქვემოთ მოცემულ რეალურ შემთხვევაზე.

ახალგაზრდა ქრისტიანმა, სუზანმა, გაიგო, რომ მის მეგობარს, აგრეთვე ქრისტიანს, საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ჰქონდა ეროტიკული სურათები და უხამსი შინაარსის სიმღერები.

დაფიქრდი: როგორ მოიქცეოდი სუზანის ადგილზე? იღონებდი რამეს მდგომარეობის გამოსასწორებლად? იტყოდი, რომ ეს მხოლოდ მისი საქმეა? რას ეტყოდი სუზანს, შენთვის რომ ეკითხა რჩევა?

․․․․․

სუზანის გადაწყვეტილება: სიტუაციის აწონ-დაწონის შემდეგ მან გადაწყვიტა, მეგობრის მშობლებს დალაპარაკებოდა. „მეშინოდა, რადგან ისინიც ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. ისე მიძნელდებოდა ლაპარაკის დაწყება, რომ ტირილი ამივარდა“.

როგორ ფიქრობ, სწორად მოიქცა სუზანი? ხომ არ ჯობდა, გაჩუმებულიყო?

სწორი დასკვნის გაკეთებაში დაგეხმარება ქვემოთ მოცემული ფაქტორები:

როგორ მოიქცეოდა ნამდვილი მეგობარი? იგავების 17:17-ში ნათქვამია: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“. როდესაც ვინმე შეგნებულად თუ შეუგნებლად ღვთის პრინციპებს არღვევს, ‘გასაჭირში’ ვარდება, მიუხედავად იმისა, ის ამას ხვდება თუ ვერ ხვდება. როგორც ბიბლია ამბობს, არ უნდა იყო „მეტისმეტად მართალი“ და ყველა წვრილმანს არ უნდა გამოეკიდო, მაგრამ არც ის იქნება სწორი, თვალი დახუჭო მეგობრის არაქრისტიანულ საქციელზე (ეკლესიასტე 7:16). გამოსავალი არც განზე დგომა იქნებოდა (ლევიანები 5:1).

შენ რომ მშობელი იყო. . . დაფიქრდი: „მშობელი რომ ვიყო და ჩემს შვილს თავის ვებ-გვერდზე ეროტიკული მასალა ჰქონდეს განთავსებული, დავინტერესდებოდი ამით? მომეწონებოდა, თუ ეს ამბავი ჩემი შვილის მეგობარს ეცოდინებოდა, მე კი არაფერს მეტყოდა?“

გაითვალისწინებ ღვთის პრინციპებს? ამ დროს სიჩუმე ნამდვილად არ გამოგადგება. პირიქით, მტკიცედ უნდა მიჰყვე ღვთის ნორმებს, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი. როცა აკეთებ იმას, რაც სწორია, შემოქმედის გულს ახარებ (იგავები 27:11). გარდა ამისა, თავს უკეთ იგრძნობ, რადგან იცი, რომ ასე მეგობრის საკეთილდღეოდ მოიქეცი (ეზეკიელი 33:8).

„ლაპარაკის დრო“

ბიბლია ამბობს, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:7). ამა თუ იმ სიტუაციაში მოზარდებს ხშირად უჭირთ სწორი არჩევნის გაკეთება. როცა მათი მეგობარი არასწორად იქცევა, ისინი ასე მსჯელობენ: „არ მინდა, ჩემს მეგობარს პრობლემები შეექმნას“ ან „არ მინდა მასთან ურთიერთობა გავიფუჭო“. თუ ასე იფიქრებ, გადაწყვეტილებას ადვილად მიიღებ და დაასკვნი, რომ ახლა „დუმილის დროა“.

მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ასეთ საკითხებს მოწიფული ადამიანის თვალით შეხედავ. მიხვდები, რომ შენს მეგობარს პრობლემები აქვს და შენგან დახმარება სჭირდება. რისი გაკეთება შეგიძლია განსაკუთრებით მაშინ, თუ გაიგებ, რომ შენმა მეგობარმა რომელიმე ბიბლიური კანონი ან პრინციპი დაარღვია?

უპირველესად დაადგინე, რამდენად შეესაბამება ეს ამბავი სინამდვილეს (იგავები 14:15). ერთი მოზარდი, ქეითი, იხსენებს: „მეგობარმა ჭორები გამივრცელა და ჩემმა ნაცნობებმაც დაიჯერეს, რომ ის მართალი იყო. ვშიშობდი, რომ აღარავინ დამიჯერებდა“. ბიბლიაში იესოზე ნაწინასწარმეტყველებია, რომ ის ‘ყურით გაგონილით არ ამხილებდა’ (ესაია 11:3). რისი სწავლა შეიძლება აქედან? ნაჩქარევად არ დაასკვნა, რომ რასაც გეუბნებიან, ყველაფერი მართალია. გაარკვიე, რამდენად შეეფერება გაგონილი ფაქტებს. დავფიქრდეთ კიდევ ერთ რეალურ შემთხვევაზე.

ჯეიმზმა, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, გაიგო, რომ მისმა ახლო მეგობარმა წვეულებაზე ნარკოტიკი მიიღო.

დაფიქრდი: როგორ მოიქცეოდი ჯეიმზის ადგილზე? რას გააკეთებდი იმის გასაგებად, სიმართლე იყო ეს თუ არა?

․․․․․

ჯეიმზის გადაწყვეტილება: თავიდან ჯეიმზმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი იცოდა. „შემდეგ სინდისმა შემაწუხა და მივხვდი, რომ მეგობარს უნდა დავლაპარაკებოდი“, — ამბობს ის.

როგორ ფიქრობ, რით არის კარგი, თუ თავდაპირველად მას დაელაპარაკები, ვისზეც გაიგე, რომ შესცოდა?

․․․․․

მაგრამ, რისი გაკეთება შეგიძლია, თუ გიჭირს მასთან ამ საკითხზე დალაპარაკება?

․․․․․

ჯეიმზის მეგობარმა აღიარა, რომ ნამდვილად მიიღო ნარკოტიკი, მაგრამ ჯეიმზს შეეხვეწა, ამის შესახებ არავისთვის ეთქვა. ჯეიმზს სურდა, რომ თვითონაც სწორად მოქცეულიყო და მისი მეგობარიც. ამიტომ, მან მეგობარს ერთი კვირა მისცა, რომ მისულიყო უხუცესებთან და ეთქვა, რაც მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჯეიმზი გააკეთებდა.

როგორ ფიქრობ, სამართლიანად მოიქცა ჯეიმზი თუ არა?

ჯეიმზის მეგობარი არ მისულა უხუცესებთან. ამიტომ, ჯეიმზს თავად მოუწია ამის გაკეთება. მოგვიანებით მისი მეგობარი გონს მოეგო. უხუცესებმა მას საჭირო დახმარება აღმოუჩინეს, რომ მოენანიებინა და აღედგინა იეჰოვასთან ურთიერთობა.

ჩამშვები ხომ არ გამოვალ?

შეიძლება გაიფიქრო: „თუ მეგობარს გავცემ, ჩამშვები გამოვალ. უფრო ადვილი არ იქნება, თავი ისე დავიჭირო, თითქოს არაფერი ვიცი?“ თუ შენც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, რა შეგიძლია გააკეთო?

პირველ რიგში, გააცნობიერე, რომ საქმიდან თავის დაძვრენა სიყვარულის მაჩვენებელი არ არის; არც სიყვარულის დამამტკიცებელი საქმეების კეთებაა ყოველთვის ადვილი. გაბედულება გჭირდება, რომ მეგობრის არასწორ საქციელზე თვალი არ დახუჭო. ილოცე და ღმერთს გაბედულება და სიბრძნე სთხოვე. ის უსათუოდ დაგეხმარება (ფილიპელები 4:6).

შემდეგ იფიქრე იმაზე, რომ თუ არ გაჩუმდები, ეს ისევ შენს მეგობარს წაადგება. წარმოიდგინე, რომ შენ და შენი მეგობარი ციცაბო ფერდობზე ადიხართ. უცბად, მეგობარს ფეხი დაუცდა და კლდის კიდეს ჩამოეკიდა. აშკარაა, რომ მას დახმარება სჭირდება. რა მოხდება, თუ შერცხვება და გეტყვის, რომ თავად შეეცდება უკან ამოცოცებას? დაუშვებდი, რომ მას სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო?

ასე ხდება მაშინაც, როცა შენი მეგობარი ქრისტიანულ გზას სცდება. ის შესაძლოა ფიქრობს, რომ სულიერ წონასწორობას დახმარების გარეშეც აღიდგენს. მაგრამ ასეთი მსჯელობა არასწორია. მას შეიძლება რცხვენია, რომ მის ამბავს სხვები გაიგებენ. მაგრამ, თუ მოუხმობ მას, ვისაც მისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია, ალბათ დაღუპვისგან იხსნი (იაკობი 5:15).

ასე რომ, თუ შენმა მეგობარმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, არ დამალო! მას მხოლოდ ასე დაეხმარები. ეს იმისი ნიშანი იქნება, რომ იეჰოვას ერთგულიც ხარ და მეგობრისაც. ერთ მშვენიერ დღეს მან შეიძლება მადლობაც კი გითხრას გაწეული დახმარებისთვის.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე: www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 6 იეჰოვას მოწმეთა კრებებში უხუცესები სულიერ დახმარებას უწევენ მათ, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა (იაკობი 5:14—16).

დაფიქრდი

▪ რისი ნიშანი იქნება, თუ თვალს არ დახუჭავ მეგობრის არასწორ საქციელზე?

▪ რომელი ბიბლიური პერსონაჟები გახსენდება, რომლებმაც დაამტკიცეს მეგობრისადმი ერთგულება? რით არიან ეს ადამიანები შენთვის სამაგალითონი?

[სურათი 20 გვერდზე]

თუ შენი მეგობარი ქრისტიანულ გზას ასცდა, უნდა დაეხმარო მას