არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იქ, სადაც მზე არ ამოდის

იქ, სადაც მზე არ ამოდის

იქ, სადაც მზე არ ამოდის

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფინეთიდან

„ამოდის მზე და ჩადის მზე; და თვისი ადგილისაკენ მიისწრაფის, საიდანაც ამოვიდა“ (ეკლესიასტე 1:5, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). საინტერესოა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის ბოლომდე ჩრდილოეთის პოლარული წრის ჩრდილოეთით მრავალ ადგილას მზე არც ამოდის და არც ჩადის. იქაურ მოსახლეობას მეტი გზა არა აქვს, უნდა აიტანოს არქტიკული ზამთრის გრძელი ღამეები.

გრძელი ღამეები ჩრდილოეთის პოლარული წრის სამხრეთ ნაწილისთვისაც არის დამახასიათებელი. მაგალითად, პეტერბურგში, ჰელსინკიში, სტოკჰოლმსა და ოსლოში, ქალაქებში, რომლებიც ჩრდილოეთის პოლარული წრიდან სამხრეთით დაახლოებით 800 კილომეტრშია, შუა ზამთარში დღის სინათლეს მხოლოდ 6 საათს ხედავენ.

„ის აზრი, რომ არქტიკული ზამთრის თვეებში უკუნი სიბნელეა, სიმართლეს არ შეესაბამება“, — აღნიშნავს არი, რომელიც შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირუნაში გაიზარდა. თითქმის მთელი დღე ბინდითაა მოცული. ერთი მხატვარი, პაულა, რომელიც ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს, ამბობს, რომ „როცა ლაპლანდია თოვლის საბურველში ეხვევა, ირგვლივ ყველაფერს მკრთალი ლურჯი და იისფერი დაჰკრავს“.

ზოგიერთ ადამიანზე ზამთრის ბნელი დღეები უარყოფითად მოქმედებს. „ჩემზე ძალიან მოქმედებს სეზონური ცვლილებები, — აღნიშნავს ცნობილი ფინელი კომპოზიტორი იან სიბელიუსი. — ზამთარში, როდესაც დღე მოკლეა, გარკვეული პერიოდი ყოველთვის დეპრესია მაქვს“. სიბელიუსი ერთადერთი როდია, ვინც ეგრეთ წოდებული ზამთრის დეპრესიის მსხვერპლი ხდება. სხვათა შორის, ძველი ბერძენი ექიმი ჰიპოკრატეც (ძვ. წ. 460—377 წწ.) იზიარებდა იმ აზრს, რომ სეზონური ცვლილებები გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე.

ზამთრის დეპრესია მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში განისაზღვრა როგორც მოშლილობა. დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ სეზონური დეპრესია ჩრდილოეთში მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს. ამ სინდრომის ნაკლებად მწვავე ფორმა დაახლოებით ოთხჯერ უფრო ხშირია. ზამთრის დეპრესია ამა თუ იმ გამოვლინებით ათასობით ადამიანს აწუხებს.

პეტერბურგელი ანდრეი ამბობს: „მთელი დღე მეძინება“. ფინელი ანიკა კი, რომელსაც ზამთრის მოახლოება სევდას ჰგვრის, აღნიშნავს: „ზოგჯერ გრძელი ღამეების გამო ლამის კლაუსტროფობია (დახურული სივრცის აკვიატებული შიში) დამემართა, რადგან წასასვლელი არსად მაქვს“.

სპეციალისტები არაერთ რჩევას იძლევიან ზამთრის დეპრესიასთან გასამკლავებლად. ზოგი მათგანის აზრით, სასარგებლოა რაც შეიძლება ხშირად გასვლა გარეთ დღის სინათლეზე. ისინი, ვინც ზამთარში ფიზიკურად დატვირთულები არიან, ადვილად უმკლავდებიან ზამთრის დეპრესიას.

იარმო, რომელსაც ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილშიც უცხოვრია და სამხრეთშიც, აღნიშნავს: „რაც უფრო მეტად ბნელა, მით მეტ სანთელსა და ნათურას ვანთებთ“. ზოგს სინათლის თერაპია აძლევს შვებას, ზოგს კი ბნელი ზამთრის დატოვება და შედარებით თბილ ქვეყანაში შვებულებით გამგზავრება. თუმცა ამბობენ, რომ მზიანი ქვეყნიდან უმზეო ქვეყანაში დაბრუნებამ შეიძლება კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედოს გუნება-განწყობილებაზე.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კვებასაც. ვინაიდან D ვიტამინი ორგანიზმში მზის სინათლის ზემოქმედებით გამომუშავდება, მისმა ნაკლებობამ ორგანიზმში შეიძლება ამ ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს. ამიტომ ზოგის აზრით, კარგი იქნება, თუ ზამთარში ჩვენს რაციონში შევიტანთ ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც D ვიტამინს შეიცავს, მაგალითად თევზს, ღვიძლსა და რძის პროდუქტებს.

მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება. როდესაც დედამიწის ჩრდილო-არქტიკული ნაწილი მზისკენ მოექცევა, ზამთრის ხანგრძლივ ღამეებს ხანგრძლივი დღეები შეცვლის. ბოლოს დადგება არქტიკული ზაფხული, სეზონი, რომლის დროსაც შუა ღამითაც კი იქნება შესაძლებელი მზის სინათლით ტკბობა.

[ჩანართი 27 გვერდზე]

თითქმის მთელი დღე ბინდითაა მოცული

[სურათი 26 გვერდზე]

შუადღე არქტიკული ზამთრის თვეებში

[საავტორო უფლება]

Dr, Hinrich Bäsemann/Naturfoto-Online

[სურათი 26 გვერდზე]

მზის სინათლის ნაკლებობა შეიძლება ბევრისთვის დეპრესიის მიზეზი გახდეს