არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კორეაში ძირეული ცვლილებების დროს

კორეაში ძირეული ცვლილებების დროს

კორეაში ძირეული ცვლილებების დროს

მოგვითხრო ჩონგ-ილ პაკმა

„ლაჩარო, ფრონტზე სიკვდილის გეშინია?! სამხედრო სამსახურს რომ თავი აარიდო, რელიგიას იმიზეზებ“. ამ სიტყვებით მადანაშაულებდა კონტრდაზვერვის კაპიტანი. ეს იყო 1953 წლის ივნისში, 55 წელზე მეტი ხნის წინათ.

ეს ამბავი კორეის ომის დროს შემემთხვა. კაპიტანმა რევოლვერი ამოიღო და მაგიდაზე დადო. „ფრონტზე არა და აქ კი მოკვდები, — მითხრა მან. — აზრი ხომ არ შეიცვალე?“

„არა“, — მტკიცედ მივუგე. მაშინ კაპიტანმა ოფიცერს ჩემი სიკვდილით დასჯა უბრძანა.

ასეთ მდგომარეობაში იმის გამო აღმოვჩნდი, რომ სამხედრო სამსახურზე უარი განვაცხადე. კაპიტანს ვუთხარი, რომ სიცოცხლე უკვე ღმერთს მივუძღვენი და ჩემი რწმენიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა, ღვთის მსახურების გარდა თავი სხვა რამისთვის გამეწირა. რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მალე ოფიცერი დაბრუნდა და თქვა, რომ განაჩენის აღსასრულებლად ყველაფერი მზად იყო.

იმ დროს სამხრეთ კორეაში ცოტა რამ თუ იცოდნენ იეჰოვას მოწმეების შესახებ. ხალხს არ ესმოდა, რატომ არ გვრთავდა სინდისი სამხედრო სამსახურში მსახურების ნებას. სანამ მოგიყვებოდეთ, რა მოხდა შემდეგ, გეტყვით, რამ მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

მოზარდობის წლები

დავიბადე 1930 წლის ოქტომბერში სეულთან (კორეის იმდროინდელი დედაქალაქი) ახლოს მდებარე პატარა ქალაქში. დედმამიშვილებს შორის მე უფროსი ვიყავი. პაპაჩემი თავგამოდებული კონფუციანელი იყო და მეც ამ მოძღვრების თანახმად მზრდიდა. იგი წინააღმდეგი იყო, რომ განათლება მიმეღო, ამიტომ მის სიკვდილამდე სკოლაში არ მივლია. სკოლაში 10 წლისა მივედი. 1941 წელს იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაებნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ვინაიდან მაშინ კორეა იაპონიის დაქვემდებარებაში იყო, ყოველ დილით მოსწავლეებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ იაპონიის იმპერატორის განსადიდებელ ცერემონიალში. მამიდაჩემი და ბიძაჩემი იეჰოვას მოწმეები გახდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ისინი დააპატიმრეს. იაპონელები მოწმეებს იმდენად სასტიკად ექცეოდნენ, რომ ზოგი მათგანი მოკვდა კიდეც, მათ შორის ბიძაჩემიც. მოგვიანებით მამიდა ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად.

1945 წელს კორეა იაპონიის უღლისგან გათავისუფლდა. მამიდაჩემისა და სხვა მოწმეების დახმარებით, რომლებიც ციხეს გადაურჩნენ, გულმოდგინედ დავიწყე ბიბლიის შესწავლა და 1947 წელს მოვინათლე. 1949 წლის აგვისტოში სეულში პირველი მისიონერები დონ და ერლინ სტილები ჩამოვიდნენ. ისინი „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადში“ სწავლობდნენ, რომლის დამთავრების შემდეგ კორეაში დანიშნეს. მათ სხვა მისიონერებიც მოჰყვნენ.

1950 წლის 1 იანვარს სხვა კორეელ და-ძმებთან ერთად დავიწყე პიონერად (იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახური) მსახურება. ჩვენ პირველები ვიყავით მათ შორის, ვინც კორეაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სრული დროით მსახურება დაიწყო.

ომის პერიოდი

მალე, 1950 წლის 25 ივნისს, კვირა დღეს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ომი დაიწყო. იმ დროს მთელ კორეაში იეჰოვას მოწმეთა მხოლოდ ერთი კრება იყო ქალაქ სეულში, რომელიც 61 წევრისგან შედგებოდა. შეერთებული შტატების საელჩომ უსაფრთხოების მიზნით მისიონერებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ადგილობრივი მოწმეების უმეტესობამაც დატოვა სეული და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მიმოიფანტნენ.

სამხრეთ კორეის მთავრობა ახალგაზრდა მამაკაცებს სეულიდან წასვლის უფლებას არ აძლევდა. მოულოდნელად სეულში კომუნისტური ჯარები შემოვიდნენ და ქალაქი დაიკავეს. ერთ პატარა ოთახში სამი თვე ვიმალებოდი. იმ მძიმე წუთებშიც კი ვახერხებდი ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას. აქ ვუქადაგე სკოლის მასწავლებელს, რომელიც კომუნისტებს ემალებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ის ჩემს ოთახში გადმოსახლდა. მას ყოველდღე ვუტარებდი ბიბლიის შესწავლას. ის მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.

ბოლოს ჩრდილოეთ კორეელმა კომუნისტებმა ჩვენი სამალავი აღმოაჩინეს. ვუთხარით, რომ ბიბლიის მკვლევარები ვიყავით და ღვთის სამეფოს შესახებ ვესაუბრეთ. ჩვენდა გასაოცრად, არ დაგვაპატიმრეს. ისინი ბიბლიით დაინტერესდნენ. ზოგი მათგანი რამდენჯერმე მოვიდა, უფრო მეტი რომ გაეგოთ ღვთის სამეფოზე. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა გვიცავდა.

მალე სეული გაეროს ჯარებმა დაიკავეს. 1951 წლის მარტში ქალაქ ტეგუში წასვლის უფლება მომცეს. იქ რამდენიმე თვის განმავლობაში და-ძმებთან ერთად ვქადაგებდი. ამავე წლის ნოემბერში, ომის დამთავრებამდე, დონ სტილი კორეაში დაბრუნდა.

დონს სამქადაგებლო მსახურების რეორგანიზებაში ვეხმარებოდი. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და „ინფორმატორი“ („ჩვენი სამეფო მსახურების“ ძველი სახელწოდება), რომლებშიც მოცემული იყო ქადაგებასთან დაკავშირებული მითითებები, უნდა თარგმნილიყო კორეულ ენაზე, დაბეჭდილიყო და გაკეთებულიყო ასლები. ეს ლიტერატურა სხვადასხვა ქალაქში მდებარე კრებებში იგზავნებოდა. მე და დონი დროდადრო გამხნევების მიზნით კრებებს ვინახულებდით.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 1953 წლის იანვარში ნიუ-იორკში მიმიწვიეს სკოლა „გალაადში“, სადაც მისიონერებს ამზადებდნენ. ბილეთი უკვე დაჯავშნილი მქონდა, რომ მოულოდნელად კორეის მთავრობისგან სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყება მივიღე.

სიკვდილის პირისპირ

სამხედრო კომისარიატში ოფიცერს ავუხსენი, რომ ნეიტრალიტეტის გამო უარს ვამბობდი სამხედრო სამსახურზე. მან კონტრდაზვერვას გადასცა ჩემი საქმე იმის გასარკვევად, კომუნისტი ხომ არ ვიყავი. ასე აღმოვჩნდი სიკვდილის პირისპირ, რაზეც დასაწყისში მოგახსენეთ. კონტრდაზვერვის კაპიტანმა გადაიფიქრა ჩემი სიკვდილით დასჯა, უცბად ფეხზე წამოდგა, ოფიცერს ჯოხი მიაწოდა და ჩემი ცემა უბრძანა. მართალია, აუტანელი ტკივილები მტანჯავდა, მაგრამ მიხაროდა, რომ შევძელი ამ ყველაფრის ატანა.

კონტრდაზვერვამ უკან გამგზავნა კომისარიატში. იქაურმა ოფიცრებმა, რომლებიც პატივს არ სცემდნენ ჩემს რწმენას, საიდენტიფიკაციო ნომერი მომცეს და გადამგზავნეს კუნძულ ჩეჟუდოზე განთავსებულ სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე. მეორე დღეს ჯარისკაცებს სამხედრო ფიცი უნდა დაედოთ, რაზეც მე უარი ვთქვი. ამის გამო სამხედრო ტრიბუნალს გადამცეს და სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს.

ათასობით ადამიანმა ერთგულება შეინარჩუნა

იმ დღეს, როცა გალაადში უნდა წავსულიყავი, თავზე თვითმფრინავმა გადამიფრინა. ეს ის თვითმფრინავი იყო, რომლითაც მე უნდა გავმგზავრებულიყავი. მართალია, გალაადში ვერ წავედი, მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ, რადგან მიხაროდა ის, რომ იეჰოვასთვის არ მიღალატია. მე ერთადერთი მოწმე არ ვიყავი, ვინც უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. მომდევნო წლებში 13 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ მსგავსი პოზიცია დაიკავა. ყველამ ერთად ჯამში 26 000 წელზე მეტი გაატარა ციხეში.

ციხეში ორი წლის ყოფნის შემდეგ, 1955 წელს, როგორც სამაგალითო პატიმარი შემიწყალეს და გამათავისუფლეს. სრული დროით მსახურება გავაგრძელე; 1956 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეაში იეჰოვას მოწმეების ოფისში მიმიწვიეს, 1958 წელს კი კვლავ მიმიწვიეს „გალაადში“. მისი დამთავრების შემდეგ ისევ კორეაში დამნიშნეს.

ცოტა ხნის შემდეგ გავიცანი სამაგალითო და, ინ-ჰუენ სანგი. ჩვენ 1962 წლის მაისში დავქორწინდით. ის ბუდისტების ოჯახში იყო აღზრდილი; მას ჭეშმარიტება თანაკლასელისგან ჰქონდა გაგებული. დაქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ყოველ კვირა კორეაში სხვადასხვა კრებებს ვინახულებდით, რომ და-ძმები გაგვეძლიერებინა. 1965 წლიდან ვმსახურობთ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, რომელიც სეულიდან 60 კილომეტრში მდებარეობს.

ძირეული ცვლილებები

როცა წარსულს ვიხსენებ, გაოცებული ვარ იმ ცვლილებების გამო, რომლებიც ჩემს ქვეყანაში მოხდა. მეორე მსოფლიო ომისა და ჩრდილოეთ კორეასთან ომის შემდეგ სამხრეთი კორეა თითქმის მიწასთან იყო გასწორებული. ქალაქები ნანგრევებად იყო ქცეული, გზები კი მწყობრიდან იყო გამოსული. ელექტროენერგია და გათბობა გრაფიკით, ზოგჯერ კი საერთოდ არ გვქონდა. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. თუმცა 50 წელიწადში ქვეყანა ფეხზე დადგა და არნახული წინსვლა განიცადა.

დღეს ეკონომიკის განვითარების მხრივ, სამხრეთი კორეა მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. გაშენდა თანამედროვე ქალაქები, გაიყვანეს სწრაფმავალი სარკინიგზო ხაზები. კორეაში იწარმოება ელექტრომოწყობილობები და ავტომობილები. როგორც ავტომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანა, სამხრეთი კორეა მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ სამხრეთ კორეაში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ბევრი რამ გაკეთდა.

1953 წელს, როცა მე გამასამართლეს, კორეის ხელისუფლებას არ ესმოდა, რატომ არ გვაძლევდა სინდისი სამხედრო სამსახურში წასვლის უფლებას. ზოგი ჩვენგანი კომუნისტებად შეგვრაცხეს; ზოგი ისე სცემეს, რომ რამდენიმე მათგანი მოკვდა კიდეც. ნეიტრალიტეტის გამო ციხეს ვერც მათი შვილები და შვილიშვილები გადაურჩნენ.

ბოლო წლებში მასმედია ობიექტურად აშუქებდა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ იეჰოვას მოწმეთა პოზიციას, რომლებიც სამხედრო სამსახურზე ყველა ქვეყანაში უარს ამბობენ. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნებულ წერილში ერთმა მოსამართლემ, რომელმაც ჩვენი ძმა ნეიტრალიტეტის დაცვის გამო გაასამართლა, საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

იმედი მაქვს, რომ სინდისით მიღებულ გადაწყვეტილებებს სამხრეთ კორეაშიც გაუწევენ ანგარიშს, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება. ვლოცულობ, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ მხედველობაში მიიღოს ახალგაზრდების რელიგიური მოსაზრებები და არ დააპატიმროს ისინი ნეიტრალიტეტის დაცვის გამო, რათა „კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ“ (1 ტიმოთე 2:1, 2).

ჩვენ, იეჰოვას მსახურები, მთელი გულით ვუჭერთ მხარს მის უზენაესობას და მას ჩვენს მმართველად ვაღიარებთ (საქმეები 5:29). გვინდა, რომ ჩვენი ერთგულებით მისი გული გავახაროთ (იგავები 27:11). მიხარია, რომ იმ მილიონებს შორის ვარ, რომლებიც ‘მთელი გულით ენდობიან იეჰოვას და არა საკუთარ გონებას’ (იგავები 3:5, 6).

[ჩანართი 13 გვერდზე]

„ჩვენდა გასაოცრად, არ დაგვაპატიმრეს. ისინი ბიბლიით დაინტერესდნენ“

[ჩანართი 14 გვერდზე]

იმ კორეელმა მოწმეებმა, ვინც უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე, ჯამში 26 000 წელზე მეტი გაატარეს ციხეში

[სურათი 12 გვერდზე]

ციხეში, 1953 წელი

[სურათი 15 გვერდზე]

იმ კრებასთან ერთად, რომელსაც მე და დონ სტილი 1952 წელს ომიანობის დროს ვინახულებდით

[სურათი 15 გვერდზე]

დაქორწინებამდე, 1961 წელი

[სურათი 15 გვერდზე]

მიმომსვლელ ზედამხედველთან ერთად, რომლის თარჯიმანიც ვიყავი, 1956 წელი

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე