არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ალკოჰოლის მონობისგან თავისუფალი (მაისი, 2007). დროდადრო ვკითხულობ თქვენს ჟურნალებს, რომლებიც მოწმეებს მოაქვთ. მასმედიით გადმოცემული თავზარდამცემი ახალი ამბებისგან განსხვავებით, თქვენს ჟურნალებში მოცემული ინფორმაცია ძალიან მამშვიდებს და დადებითად განმაწყობს. ალკოჰოლიკი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს პრობლემა ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს აქვთ. ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთმა მამაკაცმა სასმელს სამ თვეში დაანება თავი, არადა ის, როგორც თავად ამბობს, მთელი ცხოვრება ალკოჰოლიკი იყო. თუ ეს სინამდვილეში ასე მოხდა, მაშინ ეს მამაკაცი შექებას იმსახურებს, მაგრამ ეს არარეალურად მეჩვენება. ჩემი აზრით, ეს ამბავი ნებისმიერს გაუტეხს გულს, ვინც ამ პრობლემას ებრძვის. ალკოჰოლიკს, ჩვეულებრივ, სმას რომ თავი დაანებოს, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რადგან მცდელობის მიუხედავად ამ პრობლემამ დროდადრო შეიძლება მაინც იჩინოს თავი.

გ. ე. (შეერთებული შტატები)

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ალკოჰოლისგან თავის დაღწევა ადვილია. ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ის, ვინც ებრძვის ამ პრობლემას, შეიძლება არაერთხელ განიცადოს მარცხი და იმედგაცრუება დაეუფლოს. ისინიც კი, ვინც მალე ანებებს თავს სმას, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ისევ არ დაუბრუნდნენ ძველ ჩვევას. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მას შემდეგ რაც ამ მამაკაცმა თავი დააღწია „ალკოჰოლის მონობას“, ათი წელი გავიდა. აი, რას აღიარებს ის: „ბევრმა არ იცის, რამხელა ბრძოლას ვეწევი; ერთი ყლუპიც რომ დავლიო, ისევ ალკოჰოლის მონა გავხდები. დალევის სურვილი დღემდე მაწუხებს, ამიტომ მხურვალე ლოცვა და დიდი მონდომება მჭირდება, რომ უარი ვთქვა სასმელზე“. ბევრს ლოცვა დაეხმარა, რომ გათავისუფლებულიყვნენ ალკოჰოლის მონობისგან (ფსალმუნი 55:22).

რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას? (ნოემბერი, 2007). 12 წლის ვარ. „გამოიღვიძეთ!“-ის ეს სპეციალური ნომერი ძალიან საინტერესო და შემეცნებითია, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. განსაკუთრებით მომეწონა მე-7 გვერდზე მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიბლია სრული ჰარმონიით გამოირჩევა. ისეთმა საკითხებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, რაზეც ადრე არასდროს მიფიქრია. ერთი სული მაქვს, როდის მივიღებ შემდეგ სპეციალურ გამოშვებას.

დ. ფ. (შეერთებული შტატები)

დაფიქრდი მადლიერი ვარ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი ფორმატისთვის. ზოგი სტატიის ბოლოს მოცემულია კითხვები, რაც პირადად ჩემთვის ძალიან პრაქტიკულია. ეს კითხვები მეხმარება, რომ გავიხსენო სტატიის ძირითადი აზრები და ვიფიქრო მთავარ თემაზე. დღეს ცხოვრების იმდენად სწრაფი რიტმია, რომ სტატიის წაკითხვის დროს შეიძლება გამოგვეპაროს ძალიან მნიშვნელოვანი აზრები.

მ. ა. ს. (ბრაზილია)

სიკვდილი ყველაფრის დასასრულია? (დეკემბერი, 2007). ექვსი თვის წინ დედა დამეღუპა უბედური შემთხვევის დროს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მანუგეშა ამ სტატიამ. ახლა უფრო მჯერა აღდგომის. დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ვნახავ დედას. გულწრფელად გიხდით მადლობას.

ლ. ლ. რ. (ბრაზილია)

ახალგაზრდების შეკითხვები . . . რატომ უნდა ვიცხოვრო ბიბლიური ნორმებით? (ნოემბერი, 2007).  მეგონა, რომ ცუდი არაფერი იყო იმაში, რომ მყოლოდა შეყვარებული, თუ უზნეობას არ ჩავიდენდი. მაგრამ შეყვარებულთან მხოლოდ დროის გატარება არ მაკმაყოფილებდა, რადგან ვნებების მოზღვავებას ვგრძნობდი. დიდი მადლობა, რომ ახალგაზრდებისთვის გასაგები ენით ახსენით, თუ რა ბიბლიური ნორმებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ვისაც ნაკლები გამოცდილება გვაქვს.

ე. ფ. (იაპონია)