არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ვარსებობთ?

რატომ ვარსებობთ?

რატომ ვარსებობთ?

ბიბლიიდან ჩანს, რომ ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, უმიზნოდ არასოდეს მოქმედებს. ავიღოთ, მაგალითად, წყლის წრებრუნვა, რომლის გარეშეც დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. ბიბლიაში ეს პროცესი პოეტური ენითაა აღწერილი, თუმცა არ არის მეცნიერულ სიზუსტეს მოკლებული: „ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან“ (ეკლესიასტე 1:7, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ბიბლიაში ღვთის დაპირებები სწორედ წყლის წრებრუნვასთან არის შედარებული. როგორც ცნობილია, ოკეანეებიდან, ზღვებიდან, ტბებიდან და მდინარეებიდან წყალი ორთქლდება მზის ენერგიით და შემდეგ ნალექების სახით კვლავ უბრუნდება დედამიწას. როდესაც თავისი დაპირებების უტყუარობას უსვამდა ხაზს, იეჰოვამ ჯერ ეს პროცესი მოიხსენია და შემდეგ ასეთი სიტყვები თქვა: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:10, 11).

ღრუბლებიდან ჩვენს პლანეტას სუფთა წყალი იმისათვის უბრუნდება, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არსებობდეს. შესაბამისად, ღვთის „პირიდან გამოსულ სიტყვასაც“ შეუძლია ჩვენი სულიერი სიცოცხლის შენარჩუნება. ეს იესო ქრისტემაც დაადასტურა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

ღვთისგან სულიერი საზრდოს მიღება დაგვეხმარება, რომ მისი განზრახვის შესაბამისად ვიცხოვროთ. მაგრამ მანამდე ის უნდა გავიგოთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს. მაგალითად, რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა? ჩვენ თუ გვეხება ღვთის განზრახვა?

რა განიზრახა ღმერთმა დედამიწისთვის?

ღმერთს ადამიანებისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა, ამიტომაც დაასახლა პირველი ცოლ-ქმარი, ადამი და ევა ედემში, სამოთხის ბაღში. შემდეგ დავალება მისცა, რომ გამრავლებულიყვნენ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:26—28; 2:8, 9, 15).

რაზე მიუთითებს ეს სიტყვები? განა იმაზე არა, რომ ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ მთელი დედამიწა, რომელზეც ხალხი იცხოვრებდა, სამოთხედ ქცეულიყო? ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).

მაგრამ ადამიანი ღვთის განზრახვის შესრულების მოწმე რომ გახდეს, ანუ მარადიულად იცოცხლოს დედამიწაზე, საჭიროა დაემორჩილოს და პატივი მიაგოს იეჰოვას. ადამი ასე არ მოქცეულა. იგი ეურჩა ღმერთს და ცოდვა ჩაიდინა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამის შთამომავლობამ, ჩვენი ჩათვლით, მემკვიდრეობად ცოდვა და სიკვდილი მიიღო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).

სწორედ ამიტომაა, რომ ყველა ადამიანი კვდება და დედამიწაც ჯერ არ ქცეულა სამოთხედ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ღვთის განზრახვა შეიცვალა?

გავიხსენოთ ღვთის სიტყვები: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა . . . უშედეგოდ არ დამიბრუნდება, . . მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“. ღმერთი აგრეთვე გვპირდება: „გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“ (ესაია 45:18; 46:10; 55:11). ღვთის სურვილი სწორედ ის არის, რომ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე ხალხი მას მარადიულად ემსახურებოდეს სიხარულით, როგორც ეს ღმერთმა თავდაპირველად განიზრახა (ფსალმუნი 37:29; ესაია 35:5, 6; 65:21—24; გამოცხადება 21:3, 4).

როგორ შესრულდება ღვთის განზრახვა?

იეჰოვამ შეუდარებელი სიბრძნე და სიყვარული გამოავლინა, როდესაც მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ ადამიანები ცოდვისგან, არასრულყოფილებისა და სიკვდილისგან დაეხსნა. მან შესაძლებელი გახადა, რომ ადამიანი დაბადებულიყო იმ ცოდვისგან თავისუფალი, რომელიც ადამისგან მემკვიდრეობით თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო. ეს იყო გამოსასყიდი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იქნებოდა მარადიული სიცოცხლის მიღება (მათე 20:28; ეფესოელები 1:7; 1 ტიმოთე 2:5, 6). რა სახით იქნა გამოსასყიდი გაღებული?

იეჰოვას ანგელოზმა, გაბრიელმა, ქალწულ მარიამს აცნობა, რომ შობდა ვაჟს, მიუხედავად იმისა, რომ ‘კაცი არ გაჰკარებოდა’. ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძის, ძლევამოსილი სულიერი ქმნილების სიცოცხლე ზეციდან სასწაულებრივად გადაიტანა მარიამის საშვილოსნოში. მარიამი დაფეხმძიმდა (ლუკა 1:26—35).

ცხრა თვის შემდეგ ქვეყნიერებას მოევლინა ადამის მსგავსი სრულყოფილი ადამიანი. წლების შემდეგ მან თავისი სრულყოფილი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო და ამგვარად „მეორე კაცად“ იქცა, რითაც შესაძლებელი გახდა, რომ ყველა, ვინც ღვთის ერთგული იქნებოდა, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან გათავისუფლებულიყო (1 კორინთელები 15:45, 47).

რასაკვირველია, ჩვენთვის სულერთი არ უნდა იყოს ის, რომ ღმერთმა ამხელა სიყვარული გამოავლინა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ჩვენ რით ვპასუხობთ ღვთის სიყვარულს? განა არ უნდა გამოვხატოთ მადლიერება ასეთი ძვირფასი ძღვენისთვის? ახლა მოვიყვანოთ ორი შემთხვევა.

აზრიანი ცხოვრება

წინა სტატიაში ნახსენები დენიზის ცხოვრებამ აზრი მხოლოდ მას შემდეგ შეიძინა, რაც მან ღვთის კანონების დაცვა და მისი განდიდება დაიწყო. იგი ჰყვება: „ბიბლიიდან გავიგე, რომ თავდაპირველი განზრახვის გარდა დღეს ღმერთს თავისი თაყვანისმცემლებისთვის კონკრეტული საქმე აქვს. არ არსებობს იმაზე აზრიანი ცხოვრება, ვიდრე ის, რომ ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება იმისთვის გამოვიყენო, რომ მისი განზრახვის შესაბამისად ვიცხოვრო და განვადიდო იგი“.

არც ჩვენთვისაა შეუძლებელი, რომ ჩავწდეთ ღვთის ნებას და შევასრულოთ. მართალია, ჯერჯერობით ბოლომდე არ გვესმის, რამხელა სარგებლობას მოიტანს გამოსასყიდი, რომლის წყალობითაც ადამიანები გასრულყოფილდებიან სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, მაგრამ იქამდე ჯერ ის სულიერი მოთხოვნილებები უნდა დავიკმაყოფილოთ, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო.

პირველ სტატიაში ნახსენებმა დეივმაც დაიკმაყოფილა სულიერი მოთხოვნილება. მან იპოვა პასუხი კითხვაზე, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. ის ამბობს: „ვიდრე ღვთის განზრახვას გავიგებდი, მთელი ჩემი ცხოვრება აზრს მოკლებული იყო. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, თუმცა ის სიცარიელე, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი, სინამდვილეში სულიერი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობით იყო გამოწვეული. მას შემდეგ შინაგანი სიცარიელე არასოდეს მიგრძნია. ვიცი, რატომ ვარსებობ და ისიც ვიცი, რას უნდა ვაკეთებდე“.

არასრულყოფილ ადამიანს ჰგონია, რომ იცის, რა არის ბედნიერების გასაღები, მაგარამ ბედნიერნი მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუ გავიზიარებთ ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლის აზრის შესახებ. ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ მან კონკრეტული განზრახვით შეგვქმნა, რომ განგვედიდებინა მისი სახელი და კარგი ურთიერთობა გვქონოდა მასთან, რაც სულიერ მოთხოვნილებებს დაგვიკმაყოფილებდა. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ როგორც დღეს, ისე მომავალში მარადიულად, საკუთარ თავზე გამოვცადოთ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმუნი 144:15)

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

უბედურებათა მიზეზი

უბედურებები კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვიჩნდება კითხვა, რისთვის ვარსებობთ. ვიქტორ ფრანკლმა დაწერა: „თუ საერთოდ მოეძებნება ახსნა სიცოცხლის აზრს, მაშინ უბედურებებსაც უნდა ჰქონდეს თავისი ახსნა. უბედურება ხომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ბედისწერა და სიკვდილი“.

ბიბლია გვისხნის, თუ რა იწვევს უბედურებებსა და სიკვდილს. მაგრამ ამაში ღმერთი არ არის დამნაშავე. ეს არის იმ დამღუპველი გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც პირველმა ცოლ-ქმარმა, ადამმა და ევამ მიიღეს, როდესაც თავიანთი შემოქმედისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს. ამ მიდრეკილებამ თავი იჩინა ყველა მათ შთამომავალში და სწორედ ეს არის ადამიანთა უბედურების ძირითადი მიზეზი.

მართალია, იმის ცოდნა, თუ რატომ ვარსებობთ, ვერ მოგვიგვარებს ყველა პრობლემას, მაგრამ მათი არსებობის მიზეზი მაინც გვეცოდინება და, ამავე დროს, უფრო იოლად შევძლებთ ამ პრობლემებთან გამკლავებას. ამის ცოდნა აგრეთვე მოგვცემს მომავლის იმედს, როდესაც ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ყოველგვარ უბედურებას და ბოლოს მოუღებს სიკვდილს.

[დიაგრამა⁄სურათი 7 გვერდზე]

ბიბლიაში ღვთის დაპირებები შედარებულია წყლის წრებრუნვასთან

[დიაგრამა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

წვიმა წყლის აორთქლება წყლის აორთქლება

↓ ↑

↓ ↑

ტბები, მდინარეები

→ → ოკეანეები

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ დედამიწა გადაიქცევა სამოთხედ, სადაც ბედნიერი და ჯანმრთელი ხალხი იცხოვრებს?

[სურათი 9 გვერდზე]

„არ არსებობს იმაზე აზრიანი ცხოვრება, ვიდრე ის, რომ ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება იმისთვის გამოვიყენო, რომ მას ვემსახურო“ (დენიზი)