არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

შობის წინა დღეს გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტისთვის აქვს რელიგიური დატვირთვა. 1980 წელს ეს მაჩვენებელი 47 პროცენტი იყო (საინფორმაციო სატელევიზიო არხი N24, გერმანია).

„[აშშ-ს] ისტორიაში პირველად, ყოველი 100-დან ერთზე მეტი მოზარდია ციხეში . . . ამ ქვეყანაში პატიმართა რიცხვი 1,6 მილიონს აღწევს“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).

ესპანეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „მოსახლეობის 100 პროცენტს“ ორგანიზმში „ამა თუ იმ სახეობის ერთი პესტიციდი მაინც აქვს“. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა“ (გრანადის უნივერსიტეტი, ესპანეთი).

„იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლებელია სანდო ინფორმაციის მოპოვება, თამბაქოზე დაწესებული საგადასახადო შემოსავალი 500-ჯერ მეტია, ვიდრე ის თანხა, რაც თამბაქოს რეალიზაციის შეზღუდვას ხმარდება“ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, შვეიცარია).

ისლამის მიმდევართა რიცხვმა კათოლიკების რიცხვს გადააჭარბა. 2006 წელს მსოფლიო მოსახლეობის 19,2 პროცენტი ისლამის მიმდევარი იყო, მაშინ როცა კათოლიკეთა რაოდენობამ 17,4 პროცენტი შეადგინა (საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“, ბრიტანეთი).

ფრანი — გემის გამწევი ძალა

დღეს, როცა საწვავზე ფასები დღითი დღე იზრდება და გარემოს დაცვასაც სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, გემთმშენებლები ეძებენ გზებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები საწვავი გამოიყენონ და შეამცირონ მავნე აირების რაოდენობა. ამ მიზნით მათ ბუნებრივ ძალას — ქარს მიმართეს. ახლახან სცადეს ფრანის მეშვეობით ხომალდის გაწევა, — აღნიშნული იყო ერთ გერმანულ გაზეთში (Frankfurter Allgemeine Zeitung). გემზე დამაგრებული ფრანი, რომელიც 300 მეტრის სიმაღლეზეა გაჭიმული, გემის ძრავის ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ 160 კვადრატული მეტრის ფრანით ერთმა სატვირთო გემმა ატლანტის ოკეანე გადაკვეთა.

გვალვას გადარჩენილნი

„ერთ-ერთი სახეობის აფრიკული ბუზის (Polyedilum vanderplanki) მატლი ხანგრძლივ გვალვას უძლებს. სიცხეში ის ისე მჭიდროდ იხვევა, რომ შაქარყინულის კრისტალს ემსგავსება“, — ნათქვამია „საიენს ნიუსში“. აუტანელი სიცხის დროს ეს მატლი უჯრედებში არსებულ სითხეს გამჭვირვალე ნივთიერებით ცვლის, რომელიც გამდნარი შაქრის კრისტალს ჰგავს. მის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი მთლიანად წყდება. ასეთ მიძინებულ მდგომარეობაში მატლს შეუძლია 17 წელიც კი იყოს. როცა წვიმა მოდის, ის კვლავ იღვიძებს.

საუკეთესო ადგილი ასტრონომიული დაკვირვებებისთვის

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დომე არგუსში, რომელიც ზღვის დონიდან 4 000 მეტრზე მდებარეობს, დაამონტაჟა თვითმართვადი ობსერვატორია. ეს ადგილი აღმოსავლეთ ანტარქტიკის უმაღლესი წერტილია და სამხრეთ პოლუსიდან დაახლოებით 1000 კილომეტრში მდებარეობს. იქ ძალიან ცივა და ზოგჯერ უჩვეულო სიბნელეც ისადგურებს; ჰავა საკმაოდ მშრალი და რბილია; გრძელი ღამეები 4 თვეს გრძელდება. როგორც ამბობენ, დედამიწაზე დომე არგუსი საუკეთესო ადგილია ასტრონომიული დაკვირვებებისთვის. ერთ-ერთი ასტრონომიული ცენტრის (Chinese Center for Antarctic Astronomy) ხელმძღვანელმა ლიფან ვანგმა აღნიშნა, რომ ამ ობსერვატორიიდან გადაღებული სურათები არაფრით ჩამოუვარდება კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს, თანაც ეს გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ხელოვნური თანამგზავრით კოსმოსში ტელესკოპის გაშვება.