არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რისთვის ვარსებობთ?

რისთვის ვარსებობთ?

რისთვის ვარსებობთ?

რა არის სიცოცხლის აზრი?

ამ კითხვებს ბევრი კიდევ ერთ კითხვას დაუმატებდა: ნუთუ სულ რაღაც 70-80 წელი უნდა ვიცოცხლოთ და მერე მოვკვდეთ? (ფსალმუნი 90:9, 10)

ასეთი შეკითხვები ყველაზე ხშირად მაშინ გვიჩნდება, როცა ვაცნობიერებთ, რამდენად ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე. რასაკვირველია, აუცილებელი არ არის, ჩვენს ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია დატრიალდეს, რომ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ ვარსებობთ. ზოგს შეიძლება მაშინ დაებადოს ეს შეკითხვა, როდესაც იმედგაცრუებული დარჩება, ზოგს კი მაშინ, როდესაც განვლილ ცხოვრებას გაიხსენებს.

დეივს მაღალანაზღაურებადი სამუშაო და კეთილმოწყობილი ბინა ჰქონდა. იგი თავის მეგობრებთან ერთად ხშირად ატარებდა დროს. ის იხსენებს: «ერთხელ, როდესაც ღამით წვეულებიდან სახლში ვბრუნდებოდი, უცბად ასეთი შეკითხვა გამიჩნდა: „ნუთუ სულ ეს არის ჩემი ცხოვრება? მხოლოდ მცირე ხანს უნდა ვიცხოვრო და მერე მოვკვდე? ნეტავ ამაზე მეტი არაფერი არსებობს?“ ეს კითხვები იმიტომ გამიჩნდა, რომ შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი».

თავის წიგნში „სიცოცხლის აზრის ძიება“ ვიქტორ ფრანკლი წერს, რომ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც მასთან ერთად გადაურჩნენ ჰოლოკოსტს, საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლების შემდეგ მსგავს კითხვებზე პასუხების ძიება დაიწყეს. სამწუხაროდ ზოგიერთ მათგანს, სახლში რომ დაბრუნდნენ, ახლობლები დაღუპულები დახვდათ. ფრანკლი წერს: „საცოდავია ის ადამიანი, რომელსაც ნანატრი დღე დაუდგება, მაგრამ ცოტა ხანში საშინელი იმედგაცრუება დაეუფლება!“

ვინ ინტერესდება სიცოცხლის აზრით?

კითხვა, თუ რისთვის ვარსებობთ, ყველა თაობის ადამიანს ებადება. ბიბლიაშიც არიან მოხსენიებული ის ადამიანები, ვისაც სიცოცხლის აზრის გაგება სურდა. ერთ-ერთი მათგანი იყო იობი. მას შემდეგ, რაც დაკარგა სიმდიდრე, შვილები და საშინელი დაავადებაც შეეყარა, იობმა ასეთი კითხვა დასვა: „რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი? რატომ მუცლიდან გამოსვლისთანავე არ გავთავდი?“ (იობი 3:11)

წინასწარმეტყველ ელიასაც ეუფლებოდა მტანჯველი გრძნობები. მას ეგონა, რომ იმ დროს მხოლოდ ის იყო ღვთის თაყვანისმცემელი, რის გამოც საშინელ მარტოობას გრძნობდა. ელიამ ღმერთს შეჰღაღადა: „აღარ შემიძლია! წაიღე ჩემი სული, იეჰოვა“ (1 მეფეები 19:4). ასეთი განცდა, ალბათ, არავისთვის არის უცხო. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „ელიაც ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკობი 5:17).

სწორი გეზით სვლა

ცხოვრება მგზავრობას ჰგავს. კაცი, რომელიც ისე დაადგება შორ გზას, რომ წინასწარ არ განსაზღვრავს დანიშნულების ადგილს, დაემსგავსება იმ ადამიანს, რომელმაც არ იცის, რა არის ცხოვრების ნამდვილი მიზანი. ასეთი ადამიანი, როგორც ერთი მწერალი წერს, აჩქარებული ცხოვრების ტყვე ხდება. იგი წერდა მათ შესახებ, ვის ცხოვრებასაც მოპოვებულმა გამარჯვებებმა აზრი ვერ შესძინა, ვინც წარმატებებს მიაღწია, თუმცა იმის ხარჯზე, რაც მათთვის ბევრად ძვირფასი იყო.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ, თუ სწორი მიმართულებით არ მივდივართ, სიჩქარის მომატებას აზრი არა აქვს. შესაბამისად, თუ სიცოცხლის აზრს მხოლოდ იმაში ვხედავთ, რომ აჩქარებული ცხოვრების რიტმს ფეხი ავუწყოთ, სიცარიელეს ვიგრძნობთ და არა ნამდვილ კმაყოფილებას.

კულტურისა თუ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ყველას აინტერესებს პასუხი კითხვაზე, რატომ ვარსებობთ. ეს კითხვა იმიტომ გვებადება, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს სულიერი მოთხოვნილება, რასაც უზრუნველყოფილი ცხოვრება ვერ დაგვიკმაყოფილებს. ახლა ვნახოთ, როგორ ცდილობდა ზოგიერთი სიცოცხლის აზრის პოვნას.

[ჩანართი 4 გვერდზე]

თუ სიცოცხლის აზრს მხოლოდ იმაში ვხედავთ, რომ აჩქარებული ცხოვრების რიტმს ფეხი ავუწყოთ, სიცარიელეს ვიგრძნობთ და არა ნამდვილ კმაყოფილებას

[სურათი 3 გვერდზე]

იობს აინტერესებდა, რატომ დაიბადა

[სურათი 4 გვერდზე]

ელიას „ჩვენნაირი გრძნობები“ ჰქონდა