არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდის დაიბადა იესო?

როდის დაიბადა იესო?

ბიბლიის თვალსაზრისი

როდის დაიბადა იესო?

„იესო ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (Encyclopedia of Early Christianity). მიუხედავად ამისა, ქრისტიანული სამყაროს მილიონობით წარმომადგენელი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. მაგრამ ბიბლიაში ეს თარიღი არსად არის მითითებული. ნამდვილად დეკემბერში დაიბადა იესო?

ბიბლია იესოს დაბადების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, მაგრამ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ის დეკემბერში არ დაბადებულა. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რატომ იქნა მიჩნეული 25 დეკემბერი იესოს დაბადების თარიღად.

რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო დეკემბერში არ დაბადებულა?

იესო იუდეის ქალაქ ბეთლემში დაიბადა. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: „იმ მხარეში მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ“ (ლუკა 2:4—8). ამაში უცნაური არაფერია. „წელიწადის უმეტეს დროს ფარა ღია ცის ქვეშ იყო“, — ნათქვამია წიგნში „ყოველდღიური ცხოვრება იესოს დროში“. მაგრამ იქნებოდნენ მწყემსები გარეთ დეკემბრის ცივ ღამეს? იმავე წიგნში აღნიშნულია: „ზამთარში მწყემსები ფარას გადახურულ ფარეხში ამყოფებდნენ; მარტო აქედანაც შეიძლება იმის დანახვა, რომ იესო ზამთარში არ დაბადებულა, რადგან სახარების თანახმად, მწემსები ველად იყვნენ“.

ამას ლუკას სახარებაში აღნიშნული კიდევ ერთი დეტალი ადასტურებს: „იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანებულება, რომ აღწერილიყო მთელი დედამიწის მოსახლეობა (ეს პირველი აღწერა სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს ჩატარდა). ყველა თავ-თავის ქალაქში წავიდა აღსაწერად“ (ლუკა 2:1—3).

ავგუსტუსმა, როგორც ჩანს, ასეთი ბრძანებულება იმ მიზნით გამოსცა, რომ განესაზღვრა საბეგრო შემოსავალი და ჯარის რაოდენობა. მარიამი დაემორჩილა ამ ბრძანებას, მიუხედავად იმისა, რომ დღე-დღეზე ბავშვს ელოდებოდა. თავის ქმართან, იოსებთან ერთად ნაზარეთიდან ის ბეთლემისკენ მიმავალ 150 კილომეტრიან გზას დაადგა. ახლა დავფიქრდეთ: განა ლოგიკური იქნებოდა, რომ კეისარ ავგუსტუსს, რომელიც იშვიათად ერეოდა იუდეველთა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, თითქმის აჯანყებული ხალხისგან აღწერის მიზნით ამხელა მანძილის გავლა შუა ზამთარში მოეთხოვა?

აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსებისა და ბიბლიის მკვლევარების უმეტესობა არ მიიჩნევს 25 დეკემბერს იესოს დაბადების თარიღად. ამის დამადასტურებელ ფაქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენს ხელთ არსებულ შესაბამის ენციკლოპედიაში. ერთ კათოლიკურ ენციკლოპედიაში აღნიშნულია: „არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა“ (Our Sunday Visitor’s Catholic Encyclopedia).

რატომ მაინცდამაინც 25 დეკემბერი?

25 დეკემბერი იესოს დაბადების დღედ მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ დააწესეს. რატომ? მრავალი ისტორიკოსი აღიარებს, რომ წელიწადის ამ დროს წარმართულ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ.

მაგალითად, ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: «ამ თარიღის შემოღების მიზეზად სახელდება ის, რომ 25 დეკემბერს ქრისტიანულ დღესასწაულად გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული „დიეს სოლის ინვიკტი ნატი“ („უძლეველი მზის დაბადება“). ეს იყო პოპულარული დღესასწაული, როდესაც რომის იმპერიაში ზამთრის მზებუდობას აღნიშნავდნენ. ამ დროს მზის ხელახლა დაბადებას ზეიმობდნენ, ზამთარს აცილებდნენ და გაზაფხულისა და ზაფხულის მოსვლას ეგებებოდნენ».

ენციკლოპედია „ამერიკანაში“ კი აღნიშნულია: „რთულია იმის ზუსტად დადგენა, თუ რატომ დააწესეს 25 დეკემბერი შობის დღედ, მაგრამ გავრცელებულია აზრი, რომ ეს დღე დაამთხვიეს წარმართულ დღესასწაულებს, რომლებიც ზამთრის მზებუდობის დროს აღინიშნებოდა. ამ დროს, როცა დღე მატებას იწყებდა, მზის ხელახლა დაბადებას ზეიმობდნენ . . . ამ პერიოდში იმართებოდა რომაული სატურნალიაც (მოსავლიანობის ღმერთის, სატურნისა და მზის აღორძინებისადმი მიძღვნილი დღესასწაული)“. ასეთი დღესასწაულების დროს ჩვეულებრივი იყო ღრეობა, უზნეობა და უკიდურესი აღვირახსნილობა. სხვათა შორის, დღესაც ხშირად იძენს ასეთ ხასიათს საშობაო დღესასწაული.

რით უნდა გამოიხატებოდეს ქრისტეს პატივისცემა?

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, ზოგი ფიქრობს, რომ მაინც უნდა აღნიშნონ შობა. მათი აზრით, თუ ეს დღესასწაული ღირსეულად აღინიშნება, ამით ქრისტეს პატივს მიაგებენ.

ბიბლიიდან ჩანს, რომ იესოს დაბადება მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. როდესაც იესო დაიბადა, ზეცაში უამრავი ანგელოზი გამოჩნდა და სიხარულით განადიდა ღმერთი. ისინი ამბობდნენ: „დიდება ზეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:13, 14). მიუხედავად ამისა, ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ქრისტეს მიმდევრებს მისი დაბადების დღე უნდა ეზეიმათ. მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილია კონკრეტული მითითება, რომ უნდა აღინიშნოს იესოს სიკვდილის დღე, რასაც იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად აკეთებენ (ლუკა 22:19). სწორედ ეს არის იესოსთვის პატივის მიგების ერთ-ერთი საშუალება.

სიკვდილის წინა ღამეს იესომ თქვა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:14). მან აგრეთვე დასძინა: „თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ“ (იოანე 14:15). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტესთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა ის არის, რომ გავეცნოთ მის სწავლებებს და დავიცვათ.

გიფიქრიათ?

▪ რატომ არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ იესო დეკემბერში დაიბადა? (ლუკა 2:1—8).

▪ რა არის დაბადების დღის აღნიშვნაზე მნიშვნელოვანი? (ეკლესიასტე 7:1).

▪ რაში უნდა ვლინდებოდეს იესო ქრისტეს პატივისცემა? (იოანე 14:15).

[ჩანართი 11 გვერდზე]

ბიბლია ნათელყოფს, რომ იესო დეკემბერში არ დაბადებულა

[სურათი 10 გვერდზე]

განა მწყემსებს ღამით თოვლში ეყოლებოდათ ფარა?

[საავტორო უფლება]

Todd Bolen/Bible Places.com