არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად ვეძებოთ პასუხები?

სად ვეძებოთ პასუხები?

სად ვეძებოთ პასუხები?

რელიგიის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ სიცოცხლის აზრი დაგვანახვოს. თუმცა ადამიანთა უმეტესობა ხვდება, რომ მათი რელიგია ვერ აკმაყოფილებს მათ სულიერ მოთხოვნილებებს. დენიზი, რომელიც კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა, იხსენებს: «ბალტიმორის კატეხიზმოში დასმულია შეკითხვა, თუ რატომ შეგვქმნა ღმერთმა, რომელსაც ასეთი პასუხი ეცემა: „ღმერთმა იმიტომ შეგვქმნა, რომ ჩვენთვის თავისი სიკეთე დაენახვებინა და ზეცაში თავისი მარადიულ ბედნიერებისთვის ჩვენც ვეზიარებინეთ“».

„ჩემთვის ეს ნამდვილად არ იყო საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვარსებობ, — დასძენს დენიზი. — თუ ზეცაში უნდა წავიდე, აქ რისთვისღა ვარ?“ ეს კითხვა მხოლოდ დენიზს არ გასჩენია. ერთი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ორი მესამედი იმ აზრისაა, რომ ეკლესიებისა თუ სინაგოგების უმეტესობა ხალხს სიცოცხლის აზრს ვერ ანახვებს.

ამის გამო ბევრი სხვაგან იწყებს პასუხების ძიებას. ზოგი მეცნიერებას მიმართავს, ზოგიც — სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმართულებას, როგორიცაა მაგალითად, ჰუმანიზმი, ნიჰილიზმი, ეგზისტენციალიზმი და ასე შემდეგ. კი მაგრამ, რატომ განაგრძობენ ძიებას, თუ თითქმის ვერავინ პოულობს დამაკმაყოფილებელ პასუხებს?

თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილება

ფსიქოლოგის, პროფესორ კევინ სიბოულდის აზრით, როგორც ჩანს, ყველა ადამიანს გააჩნია მიდრეკილება, რომ ვიღაცას სცეს თაყვანი. გასულ წლებში მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანებს აქვთ სიცოცხლის აზრის ძიების თანდაყოლილი მიდრეკილება. ადამიანის გენეტიკასა და ფიზიოლოგიაზე დაკვირვებით ზოგი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ადამიანს ზებუნებრივ ძალასთან გარკვეული ურთიერთობის თანდაყოლილი მოთხოვნილება აქვს.

მართალია, მეცნიერებს შორის დავაა იმის თაობაზე, არის თუ არა ადამიანში ჩადებული სულიერი მოთხოვნილება, მაგრამ უმეტესობას ამაში დასარწმუნებლად არ გვჭირდება მეცნიერული მტკიცებები. სწორედ სულიერი მოთხოვნილებით არის განპირობებული ის, რომ გვებადება უმნიშვნელოვანესი კითხვები: რატომ ვარსებობთ? რისთვის ვცხოვრობთ? ვართ თუ არა ანგარიშვალდებულნი ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე?

თუ ყურადღებით დავაკვირდებით სამყაროს, ნაწილობრივ ვიპოვით პასუხებს ამ კითხვებზე. ავიღოთ თუნდაც ერთუჯრედიანი ორგანიზმები ანდა გალაქტიკების გროვები, რომლებიც ჩვენგან მილიონობით სინათლის წლითაა დაშორებული. ნუთუ ეს ყოველივე არ მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ბრძენი შემოქმედი? ბიბლიაში ნათქვამია: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“ (რომაელები 1:20).

როგორ დავიკმაყოფილოთ სულიერი მოთხოვნილებები?

ღმერთმა ადამიანები რომ შექმნა, როგორც ბიბლიაში წერია, „მარადიულობა . . . ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:11). ჩვენ გვინდა, რომ ვიცოცხლოთ და არა პირიქით, მოვკვდეთ. ჩვენ გვაქვს შინაგანი მოთხოვნილება, რომ ვიცოდეთ, რა არის სიცოცხლის აზრი და მივიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.

ადამიანის ბუნებისთვის ეს დამახასიათებელია. გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნელის“ რედაქტორმა მეცნიერული და ტექნიკური მიღწევების მოხსენიების შემდეგ აღნიშნა: „მიუხედავად ამისა, მაინც უპასუხოდ რჩება კითხვები, თუ ვინ ვართ, რატომ ვარსებობთ და საით მივდივართ“. გონივრული იქნება, თუ ამ კითხვებზე პასუხებს ბრძენი შემოქმედისგან, ღვთისგან მივიღებთ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „თვითონ კი არ შეგვიქმნია ჩვენი თავი, მან [ღმერთმა] შეგვქმნა“ (ფსალმუნი 100:3).

სულიერ მოთხოვნილებებს მხოლოდ ის თუ დაგვიკმაყოფილებს, ვინც ეს საოცარი სამყარო შექმნა. სწორედ ამისკენ მოგვიწოდა იესო ქრისტემ. მას ესმოდა, რომ მხოლოდ „სიცოცხლის წყაროს“ — ჩვენს შემოქმედს — შეუძლია ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (ფსალმუნი 36:5, 9; მათე 5:3, 6).

ამისათვის აუცილებელია, მივიღოთ სწორი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვარსებობთ. ვნახოთ, რას გვეუბნება შემოქმედი, თავისი სიტყვის, ბიბლიის ფურცლებიდან.