არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხოჭოს უნიკალური თავდაცვითი სისტემა

ხოჭოს უნიკალური თავდაცვითი სისტემა

ვინ შექმნა?

ხოჭოს უნიკალური თავდაცვითი სისტემა

▪ ხოჭო ბომბარდირი, რომელიც სიგრძით ორ სანტიმეტრსაც კი ვერ აღწევს, ცნობილია თავისი უნიკალური თავდაცვითი სისტემით. როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ბომბარდირი ცხელ, მძაფრი სუნის მქონე სითხესა და ორთქლს აფრქვევს, რითაც ობობებს, ფრინველებსა და ბაყაყებსაც კი იგერიებს.

დაფიქრდით: ხოჭო ბომბარდირს მუცლის არეში აქვს ორი ჯირკვალი. თითოეული მათგანი შეიცავს ორ პაწაწინა განყოფილებას; ერთში მოთავსებულია მჟავა და წყალბადის ზეჟანგი, ხოლო მეორე, სადაც ქიმიური რეაქცია ხდება, ფერმენტნარევი წყლითაა სავსე. ბომბარდირს თავდაცვის მიზნით შეუძლია პირველი განყოფილებიდან სითხე მეორეში შეუშვას, სადაც ხდება ქიმიური რეაქცია, და შემდეგ შეასხუროს მტერს მძაფრი სუნის მქონე ქიმიური ნივთიერება ორთქლთან ერთად, რომელთა საერთო ტემპერატურა 100°C-ს აღწევს. მეორე განყოფილების სიგრძე ერთი მილიმეტრიც კი არ არის, მაგრამ ბომბარდირს შეუძლია ადვილად ცვალოს შესხურების ტემპი, მიმართულება და სითხის კონსისტენცია.

მეცნიერებმა შეისწავლეს ხოჭო ბომბარდირის აგებულება უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სასხურებელი მექანიზმების შესაქმნელად. როგორც აღმოაჩინეს, ბომბარდირს აქვს როგორც გამშვები სარქველი, რომლის მეშვეობითაც პირველი განყოფილებიდან მეორეში უშვებს სითხეს, ისე წნევით მართვადი სარქველი. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ბომბარდირისგან ისესხებენ იდეას და შექმნიან შესაბამის სასხურებელ სისტემას ავტომობილის ძრავებისთვის, ცეცხლსაქრობებისთვის და ისეთი სამედიცინო აპარატებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ინჰალატორი. ლიდზის (ინგლისი) უნივერსიტეტის პროფესორი, ანდი მაკინტოში აღნიშნავს: „აქამდე არავის შეუსწავლია ამ სახეობის ხოჭოს აგებულება ფიზიკური თუ ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ვერ წარმოგვედგინა, თუ მასზე დაკვირვებით ამდენ რამეს გავიგებდით“.

რას ფიქრობთ? შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ ის, რომ ხოჭო ბომბარდირს აქვს სარქველთა ურთულესი სისტემა, ქიმიური რეაქციის გამოწვევისა და შესხურების უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Oxford Scientific/photolibrary