არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვიპოვეთ ის, რასაც ვეძებდით

ვიპოვეთ ის, რასაც ვეძებდით

ვიპოვეთ ის, რასაც ვეძებდით

მოგვითხრო ბერტ ტოლმენმა

ყოველთვის თბილად ვიხსენებ ბავშვობას, რომელიც კანადის ერთ-ერთ რეზერვაციაში გავატარე. ჩვენი ხალხი კანადაში, ალბერტის პროვინციაში მცხოვრებ ბლექფუტის ტომს განეკუთვნება. ჩვენი დასახლებიდან არც ისე შორს იყო კანადის კლდოვანი მთები და ლუიზიანას ტბა.

ოჯახში ცხრა დედმამიშვილი ვიყავით, შვიდი ძმა და ორი და. მე და ჩემი და-ძმები ხშირად ვრჩებოდით ბებიასთან. ბებიაჩემი შრომისმოყვარე ქალი იყო. ის მამაპაპისეულ ტრადიციებს გვინერგავდა. ბებია გვასწავლიდა კენკრის შეგროვებას, ეროვნული კერძების მომზადებასა და ბაღში მუშაობას. პაპასა და მამას სანადიროდ და სათევზაოდ დავყავდი. ვნადირობდით ირმებსა და ლოსებზე. მათ ხორცს გემრიელად შევექცეოდით, ტყავებს კი საყოფაცხოვრებო მიზნით ვიყენებდით. მშობლები ბევრს შრომობდნენ, რომ ჩვენთვის არაფერი მოეკლოთ. იმ წლებს სიამოვნებით ვიხსენებ.

საუბედუროდ, 1963 წელს ბებიაჩემი გარდაიცვალა და მას შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. მაშინ ხუთი წლისა ვიყავი, არ მესმოდა, რატომ მოკვდა ბებია და ვერც ვერავინ მანუგეშა. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევდა კითხვები: სად არის შემოქმედი, თუკი არსებობს? რატომ კვდება ადამიანი? გულგატეხილი ზოგჯერ მწარედ ამოვიკვნესებდი ხოლმე. როდესაც მშობლები მეკითხებოდნენ, რაშიაო საქმე, ხან რის ტკივილს მოვიმიზეზებდი და ხან — რის.

თეთრკანიანებთან ურთიერთობა

ბებიაჩემის სიკვდილამდე თეთრკანიანებთან თითქმის არ გვქონდა ურთიერთობა. მათ დანახვაზე ხშირად ამბობდნენ: „აი, კიდევ ერთი ბოროტი სული, გაუმაძღარი, გულქვა თერთკანიანი. ესენი ხომ ადამიანები არ არიან!“ ბავშვობიდანვე მინერგავდნენ, რომ თეთრკანიანები სანდო ხალხი არ იყვნენ. მართალია, მინდოდა მათი გაცნობა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგან ისინი ჩვენს ხალხს ხშირად მასხარად იგდებდნენ და ამცირებდნენ.

ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა სმა დაიწყეს. ის წლები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წლები იყო. რვა წლისა ვიყავი, როცა ორი მორმონი გვესტუმრა. კარგი ხალხი ჩანდა. ჩემი მშობლები დასთანხმდნენ მათ შემოთავაზებას, რომ მონაწილეობა მიმეღო თეთრკანიანთა გაცნობის პროგრამაში. როგორც მივხვდი, ამ პროგრამის მიზანი ის იყო, რომ თეთრკანიანებთან ერთად გვეცხოვრა, რათა მათზე წარმოდგენა შეგვეცვალა. როგორც ჩანს, ჩემმა მშობლებმა იფიქრეს, რომ მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ დროებით სხვა ოჯახში ვიცხოვრებდი. გაოგნებული და იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან მშობლებისგან სულ ის მესმოდა, რომ თეთრკანიანების ნდობა არ შეიძლებოდა. სახლიდან წასვლა არ მინდოდა, ყველანაირად ვცდილობდი თავის დაძვრენას. მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი, რაც მშობლებმა დამარწმუნეს, რომ ჩემთან ერთად ჩემი უფროსი ძმაც წამოვიდოდა.

ვანკუვერში (ბრიტანეთის კოლუმბია) რომ ჩავედით, მე და ჩემი ძმა ერთმანეთს დაგვაშორეს. მე ვანკუვერიდან 100 კილომეტრის მოშორებით წამიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგ ოჯახში მოვხვდი, შინაგანად განადგურებული ვიყავი. საბედნიეროდ, ათ თვეში სახლში დავბრუნდი.

შინ დაბრუნება

ოჯახში ყველაფერი ძველებურად დამხვდა, მაგრამ შინ დაბრუნება მაინც მიხაროდა. მშობლებმა სმას თავი მხოლოდ მაშინ დაანებეს, როცა 12 წლის ვიყავი. ამან კი ძალიან გამახარა, მაგრამ იმ დროისთვის მე უკვე ცუდ წრეში ვიყავი მოხვედრილი, ნარკოტიკებს ვიღებდი და ვსვამდი. მშობლები მირჩევდნენ, რომ სხვა რამით დავკავებულიყავი — იმით, რაც ძალიან მიყვარდა, მაგალითად როდეოთი (კოვბოების ოსტატობის ჩვენება). თუმცა შეჯიბრების ეს სახეობა დიდ გამბედაობას მოითხოვდა: ვჯდებოდი გახელებულ ხარზე და, სულ ცოტა, რვა წამს ვჩერდებოდი, თანაც ხარის მუცელზე ამოდებული თოკი მხოლოდ ერთი ხელით მეჭირა.

დაახლოებით 15 წლისა ვიყავი, როცა ჩვენი ტომის უხუცესებმა ინდიელთა რელიგიას მაზიარეს. ამ რელიგიამ დამაინტერესა, რადგან თეთრკანიანთა რელიგიებს დიდ პატივს არ ვცემდი. ვფიქრობდი, რომ ბლექფუტის ტომის ადათ-წესები ხალხს სამართლიანობისა და სიკეთის სიყვარულს უნერგავდა, რასაც ქრისტიანულ რელიგიებში ვერ ვხედავდი. ჩემს ხალხთან თავს კარგად ვგრძნობდი, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ვხალისობდი და მათთან ახლო ურთიერთობით ვტკბებოდი.

იმ დროს პირველად გავიგე, როგორ ჩაგრავდნენ ჩემს ხალხს საუკუნეების განმავლობაში. ისიც გავიგე, რომ თურმე თეთრკანიანებს ინდიელებში რაღაც დაავადება გაევრცელებინათ, ამასთანავე, გაეწყვიტათ ბიზონებიც, რაც ჩვენი საარსებო წყარო იყო. ერთ ამერიკელ პოლკოვნიკს, რიჩარდ დოჯს, თავისი ჯარისკაცებისთვის შემდეგი ბრძანებაც კი მიუცია: „გაწყვიტეთ ბიზონები. ერთი მოკლული ბიზონი ერთი ინდიელის სიკვდილს ნიშნავს!“ ასეთმა დამოკიდებულებამ გატეხა ბლექფუტის ტომი, რის გამოც სრულიად უმწეოდ იგრძნეს თავი.

თუმცა მხოლოდ ეს როდი გვაკმარეს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თავიანთ მოკავშირეებთან, სასულიერო პირებთან ერთად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენ, ინდიელები, ვისაც ველურ ხალხად მიგვიჩნევდნენ, სხვა ხალხებს შევრეოდით და მენტალიტეტი შეგვეცვალა. უფრო მეტიც, მათ უნდოდათ, რომ ყველაფერი შეგვეცვალა — კულტურა, რელიგია, ენა, საქციელი. მათი მთავარი მიზანი ის იყო, რომ თეთრკანიანებს დავმსგავსებოდით. რელიგიურ სკოლებში ინდიელ ბავშვებს საშინლად ავიწროებდნენ. მათგან ზოგიერთმა ნარკოტიკების მიღება დაიწყო, ზოგი ჩხუბისთავი გახდა, ზოგმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ეს პრობლემები ჩვენს რეზერვაციაში დღემდე არსებობს.

ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ზოგმა ინდიელმა თავის კულტურაზე უარი თქვა. ისინი შვილებთან ინგლისურად ლაპარაკობდნენ და თეთრკანიანთა კულტურის გადაღებასაც ცდილობდნენ. მაგრამ თეთრკანიანებმა არ მიიღეს ისინი, უფრო მეტიც, დაცინვაც კი დაუწყეს. მასხრად იგდებდნენ მათ ინდიელებიც და „ვაშლებს“ ეძახდნენ, რომლებიც გარედან წითელია, შიგნიდან კი — თეთრი.

ძალიან მიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩემი ხალხი ასე იტანჯებოდა. მინდოდა, უკეთეს პირობებში ეცხოვრა კანადისა თუ შეერთებული შტატების რეზერვაციებში მცხოვრებ როგორც ბლექფუტის ტომის ხალხს, ისე სხვა ინდიელებს.

კვლავ პასუხების ძიებაში

როცა ვფიქრობდი, რომ თეთრკანიანები არასოდეს მიმიღებდნენ, არასრულფასოვნების გრძნობა მეუფლებოდა, რაც ხშირად ჩემი გულისწყრომის მიზეზი ხდებოდა. მათ მიმართ ზიზღიც კი გამიჩნდა. თუმცა მშობლები და მამიდაჩემი ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ბოღმა არ ჩამედო გულში და შურისძიებაზე არ მეფიქრა; პირიქით, სულგრძელი ვყოფილიყავი თეთრკანიანების მიმართ და თვალი დამეხუჭა იმაზე, რომ არაფრად გვაგდებდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს რჩევა ბიბლიურ პრინციპებს ეთანხმებოდა. კვლავ არ მაძლევდა მოსვენებას ის კითხვები, რომლებიც ბავშვობაში მაწუხებდა; ისიც მაინტერესებდა, რატომ ვცხოვრობდით დედამიწაზე და რატომ არ ეღებოდა ბოლო უსამართლობას. არ მესმოდა, რატომ უნდა მეცოცხლა ასე ცოტა ხანს და მერე მოვმკვდარიყავი. ერთი სიტყვით, საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი.

იმ დროს იეჰოვას მოწმეები ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან და ყოველთვის მე ვუღებდი კარს. მათ მიმართ პატივისცემით ვიყავი გამსჭვალული, რადგან ზემოდან არასოდეს გვიყურებდნენ. მართალია, მიჭირდა ჩემი კითხვების ფორმულირება, მაგრამ მათთან ყოველთვის საინტერესო საუბარი გვქონდა. მახსოვს, ერთხელ მოგვინახულა ორმა მოწმემ, ჯონ ბრუსტერმა და ჰარი კალეჰუმ, რომელიც ბლექფუტის ტომიდან იყო. ჩვენ აბიბინებულ ტრამალზე გავედით და საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. მათ მომცეს წიგნი, რომლის ნახევარიც წავიკითხე, მაგრამ შემდეგ სადღაც დავკარგე.

როდეოთი გატაცება

ჩვენს რეზერვაციაში არაერთხელ მიმიმართავს რჩევისთვის უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. მართალია, ვაფასებდი მათ ბრძნულ რჩევას, მაგრამ არასდროს მიმიღია დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო სიცოცხლის აზრი. დაახლოებით 16 წლის ასაკში სახლიდან წავედი და მონაწილეობა დავიწყე როდეოს შეჯიბრებებში. ყოველი შეჯიბრის შემდეგ ეწყობოდა წვეულება, სადაც ჩვეულებრივი რამ იყო გადამეტებული სმა და ნარკოტიკების მიღება. ჩემი საქციელის გამო სინდისი მქენჯნიდა; ვიცოდი, რომ ღმერთს არ მოსწონდა ჩემი ცხოვრების წესი. ხშირად მივმართავდი შემოქმედს, რომ დამხმარებოდა, სწორად მოვქცეულიყავი და მეპოვა იმ კითხვებზე პასუხები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდა.

1978 წელს, სანამ ქალაქ კალგარიში ვცხოვრობდი, ერთი ინდიელი გოგონა, როზა გავიცანი. ის ნახევრად ბლექფუტის ტომს ეკუთვნოდა, ნახევრად კი — კრიების ტომს. საერთო ბევრი გვქონდა; მასთან თავისუფლად ვგრძნობდი თავს და ძალიან გახსნილი ვიყავი. მალე ერთმანეთი შეგვიყვარდა. 1979 წელს დავქორწინდით. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენს ოჯახს ორი ახალი წევრი შეემატა, ჩვენი პატარა გოგონა კარმა და ბიჭუნა ჯერედი. როზა ერთგული მეუღლე, კარგი დედა და მეგობარი აღმოჩნდა. ერთხელ, როდესაც მთელი ოჯახით ჩემს უფროს ძმას ვესტუმრეთ, იქ ვნახეთ წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ *. ამ წიგნმა ძალიან გამიტაცა. რასაც ვკითხულობდი, ყველაფერი ლოგიკური ჩანდა. მაგრამ იმ მონაკვეთამდე რომ მივედი, როცა ბიბლიის ცნობას ჩემთვის მეტ-ნაკლებად ნათელი მოეფინა, ზუსტად იმ ადგილას წიგნს ფურცლები აკლდა. მე და როზამ ამ ფურცლებს ძებნა დავუწყეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, ლოცვა არ შემიწყვეტია.

მღვდელთან შეხვედრა

1984 წლის გაზაფხულზე როზამ მესამე შვილი, თვალხატულა გოგონა კეილა მაჩუქა. ჩვენდა საუბედუროდ, სულ რაღაც ორ თვეში კეილა ხელიდან გამოგვეცალა. მას თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა. ძალიან განვიცადეთ; არ ვიცოდი, რით მენუგეშებინა როზა. ერთხელ მან დამიყოლია, რომ კათოლიკე მღვდელთან გავყოლოდი. როზას იმედი ჰქონდა, რომ ნუგეშს ვპოვებდით და კითხვებზე პასუხებს მივიღებდით.

ჩვენ ვკითხეთ მღვდელს, რატომ მოგვიკვდა პატარა კეილა და სად იმყოფებოდა ახლა. მან მოგვიგო, რომ ღმერთს კიდევ ერთი ანგელოზი სჭირდებოდა. ჩემთვის გავიფიქრე: „რაში სჭირდებოდა ღმერთს ჩვენი გოგონა ანგელოზად, თუკი ის ყოვლისშემძლე შემოქმედია? განა რამის გაკეთება შეეძლო უმწეო ბავშვს?“ მთელი საუბრის განმავლობაში მღვდელს ერთხელაც არ გადაუშლია ბიბლია. სახლში იმედგაცრუებული დავბრუნდით.

ლოცვის გარდა აღარაფერი დაგვრჩენოდა

1984 წლის ნოემბერში, ერთ ორშაბათ დილას დიდხანს ვლოცულობდი. სასოწარკვეთილი ვემუდარებოდი ღმერთს, რომ აეხსნა ჩემთვის მომხდარის მიზეზი და სიცოცხლის აზრი დაენახვებინა; აგრეთვე დახმარებას ვთხოვდი, რომ უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი. ზუსტად იმ დილით ორმა იეჰოვას მოწმემ, დიანა ბელემიმ და კარენ სკოტმა ჩვენს კარზე მოაკაკუნეს. მათ გულთბილად გამიზიარეს ბიბლიის ცნობა. ყურადღებით მოვუსმინე და გამოვართვი ბიბლია და წიგნი „გადარჩენილები იცხოვრებენ ახალ დედამიწაზე“ *. მათ მითხრეს, რომ მომდევნო კვირასაც მომაკითხავდნენ, რაზეც უარი არ მითქვამს.

მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო. იმდენად ავღელდი, რომ როზას დაბრუნების მოლოდინში წინ და უკან სიარული დავიწყე. ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნდებოდა როზა სამსახურიდან, რომ მისთვის მომხდარის შესახებ მომეყოლა. ჩემდა გასაოცრად, როზამ მითხრა, რომ წინა ღამით ისიც ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ სწორი რელიგია ეპოვა. იმავე კვირას, პარასკევ დღეს ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. მოგვიანებით გავიგეთ, რომ იმ დღეს, როცა კარენმა და დიანამ მოგვინახულეს, თურმე ვერ მიაგნეს იმ სახლებს, სადაც ქადაგებას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ რატომღაც გადაწყვიტეს, ჩვენს კარზე დაეკაკუნებინათ.

როგორც იქნა, კითხვებზე პასუხები მივიღე!

ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს არ მოეწონათ, რომ ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ცხოვრებას ვინგრევდით და ჩვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს სრულად არ ვიყენებდით. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ზურგი არ გვექცია ახალშეძენილი მეგობრისთვის, შემოქმედი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ძალიან ძვირფასი რამ ვიპოვეთ — ჭეშმარიტება და წმინდა საიდუმლო, რომელიც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია (მათე 13:52). 1985 წლის დეკემბერში მე და როზა მოვინათლეთ. ახლა ჩვენი ნათესავები იეჰოვას მოწმეებს დიდ პატივს სცემენ, რადგან ხედავენ, როგორ შევიცვალეთ ნათლობის შემდეგ.

მე ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. მნიშვნელოვან კითხვებზე ბიბლიიდან მარტივი და ლოგიკური პასუხები მივიღე. როგორც იქნა, გავიგე, რა არის სიცოცხლის აზრი და რატომ კვდება ადამიანი. მიხაროდა, რომ იეჰოვა აღადგენდა ჩვენს გოგონას, კეილას, რომელიც სრულყოფილ გარემოში გაიზრდებოდა (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 21:4). დროთა განმავლობაში იმასაც მივხვდი, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შევუქმნათ და სახიფათო შეჯიბრებებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა (გალატელები 5:26). იეჰოვასთვის რომ მესიამოვნებინა, გადავწყვიტე, როდეოსთვის თავი დამენებებინა, თუმცა ეს ადვილი არ იყო.

ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნის წყალობით გავთავისუფლდით ცრურწმენისგან, რაც დღემდე ტვირთად აწევს ინდიელ ხალხს. მათ სჯერათ, რომ ეზოში თუ ბუ შეფრინდება ან ძაღლი ყმუილს დაიწყებს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაიღუპება. ჩვენ აღარ გვეშინია უხილავი სულების, რომლებიც ვითომცდა ცოცხალ ქმნილებებში ან უსულო საგნებში არიან და ადამიანებს უბედურებას ატეხენ (ფსალმუნი 56:4; იოანე 8:32). ახლა ჩვენ ვაფასებთ იეჰოვას სასწაულებრივ ქმნილებებს. დღეს მე სხვადასხვა ეროვნების მეგობრებიც მყავს, რომლებსაც და-ძმებს ვეძახი. ჩვენ ერთად ვემსახურებით იეჰოვას და ერთმანეთს ზემოდან არ ვუყურებთ (საქმეები 10:34, 35). ბევრი მათგანი ეცნობა ინდიელთა კულტურას და მრწამსს, სწავლობს ბლექფუტის ტომის ენას, რათა ბიბლიის ცნობა მათ გულებამდე მიიტანოს.

ჩვენ ვცხოვრობთ კანადის ერთ-ერთ რეზერვაციაში, ალბერტის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, სადაც პატარა რანჩო გვაქვს. დღემდე არ დაგვვიწყებია ჩვენი კულტურა, ეროვნული კერძები, სიმღერები და ცეკვები. თუმცა იშვიათად ვცეკვავთ, ქრისტიანისთვის მისაღებ ცეკვებს სიამოვნებით ვუყურებთ. შვილებს ჩვენს კულტურას ვაცნობთ და ბლექფუტის ტომის ენას ვასწავლით. ბევრ ინდიელს შესანიშნავი თვისებები აქვს, ისინი გამოირჩევიან თავმდაბლობით, გულკეთილობითა და სიყვარულით; ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მზრუნველობას არ აკლებენ; არიან სტუმართმოყვარეები და პატივს სცემენ სხვადასხვა წარმოშობის ხალხს. დღემდე ძალიან ვაფასებ მათ ამის გამო.

ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის არის, რომ მთელ ჩვენს ენერგიას და შესაძლებლობებს იმისთვის ვიყენებთ, რომ სხვებს გავაცნოთ იეჰოვა და მისი სიყვარული ჩავუნერგოთ. ჩვენი ვაჟი ჯერედი ტორონტოს მახლობლად იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მოხალისედ მსახურობს, მე კი წილად მხვდა პატივი, რომ ჩვენს კრებაში უხუცესად ვიმსახურო. როზა, კარმა და მე სრული დროით ვმსახურობთ და სიამოვნებას გვანიჭებს მშობლიურ ენაზე ქადაგება. დიდ სიხარულს გვანიჭებს იმის დანახვა, თუ როგორ ეცნობიან ადამიანები შემოქმედს და მისი განზრახვების თანახმად ცხოვრობენ.

იეჰოვას შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს“ (1 მატიანე 28:9). მადლიერი ვარ, რომ იეჰოვამ შეასრულა თავისი დაპირება და მე და ჩემს ოჯახს გვაპოვნინა ის, რასაც ვეძებდით.

[სქოლიოები]

^ აბზ. 22 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ იბეჭდება.

^ აბზ. 27 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ იბეჭდება.

[ჩანართი 13 გვერდზე]

სად არის შემოქმედი, თუკი არსებობს? რატომ კვდება ადამიანი?

[ჩანართი 16 გვერდზე]

ბევრი ინდიელი გულკეთილი და თავმდაბალია

[სურათი 12 გვერდზე]

ბებიაჩემი, რომელიც მამაპაპისეულ ტრადიციებს მინერგავდა

[სურათი 15 გვერდზე]

ერთი პერიოდი როდეოთი ვიყავი გატაცებული

[სურათი 15 გვერდზე]

სპეციალური ტრაქტატი „შემოქმედი ჩვენს ნდობას იმსახურებს“ ბლექფუტის ტომის ენაზე

[სურათი 15 გვერდზე]

სიხარულით ვუზიარებ სხვებს ბიბლიის ჭეშმარიტებას

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ჩემი ოჯახი დღეს