არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარილის საბადოები საჰარაში

მარილის საბადოები საჰარაში

მარილის საბადოები საჰარაში

უდაბნოს ქვიშიან გზას ორხიდიანი მანქანით მივუყვებით. გზადაგზა გზის მაჩვენებელ ნიშნებს ვხედავთ. ეს ნიშნები ქვიშიანი ქარიშხლის შემდეგ მგზავრებს გზას უჩვენებს. ასეთი ქარიშხალი საჰარის უდაბნოსთვის ჩვეულებრივი რამ არის.

ეს გზა უძველეს საქარავნო გზას მიუყვება და ნიგერის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აგადესს ალჟირის საზღვართან აკავშირებს. ჩვენ მივემართებით ცივილიზაციისგან მოწყვეტილ სოფელ ტეგიდან-ტესუმისკენ, რომელიც ქალაქ აგადესიდან ჩრდილო-დასავლეთით 200 კილომეტრშია. აქ 50 ოჯახი საჰარის თიხოვანი ნიადაგიდან უძველესი მეთოდით იღებს სუფთა მარილს.

ხელოვნური გორები და ოდნავ შეფერილი გუბეები

უეცრად ჩვენ თვალწინ პატარ-პატარა გორები წამოიმართა. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის დასათვალიერებლადაც წამოვედით. გიდის მითითებით მანქანა გორაკიდან 10 მეტრის მოშორებით გავაჩერეთ. გორაკს ფეხით ავუყევით, რომ სოფლისთვის ზემოდან გადაგვეხედა. გზადაგზა გიდმა გვითხრა, რომ ეს და სხვა გორაკები მრავალი წლის მანძილზე მარილის მოპოვების დროს ხელოვნურად შეიქმნა.

ჩვენ თვალწინ უჩვეულოდ ლამაზი პეიზაჟი გადაიშალა. სოფელში თითქმის ყველაფერი — მიწა, სახლის კედლები თუ სახურავები — გამომწვარი თიხის ფერია. კონტრასტს მხოლოდ სოფლის თავსა და ბოლოში აღმართული ორი ხის მწვანე ფოთლები ქმნის. ღობეები და სახლები თიხითაა ნაგები. ერთფეროვანი სახლების ფონზე ასობით მკრთალად შეფერილი მარილოვანი გუბე მოჩანს. სოფელში ყველა, კაცი, ქალი თუ ბავშვი, ფუტკრებივით შრომობს.

მარილის მოპოვების უჩვეულო მეთოდი

გორაკიდან ვეშვებით. გზადაგზა გიდი გვიხსნის, როგორ იღებენ იქაურები უძველესი მეთოდით სუფთა მარილს. „აქ, ძირითადად, ორი სახის გუბეა, — გვიხსნის ის. — შედარებით დიდ გუბეებში, რომლის დიამეტრიც თითქმის 2 მეტრია, მლაშე წყალია დაგროვილი; პატარა გუბეებიდან კი, საიდანაც მარილს იღებენ, წყალი ორთქლდება. ახლომახლო 20 წყარო მოჩუხჩუხებს, რომლის წყალიც საკმაოდ მლაშეა. მაგრამ საინტერესოა, რომ მარილს წყლიდან კი არა, ნიადაგიდან იღებენ. ამიტომაცაა მარილის მოპოვების ეს მეთოდი უჩვეულო“. როგორ იღებენ მარილს ნიადაგიდან?

თვალს ვადევნებთ, როგორ ყრის ერთი კაცი წყაროს წლით სავსე დიდ გუბეში მიწას; შემდეგ შიგ დგება და, როგორც ყურძენს ჭყლეტენ, ისე ზელს მიწას. აზელილ მასას რამდენიმე საათით ტოვებს, რომ დაილექოს. გარშემო ასეთივე მასით სავსე არაერთი მსგავსი ღრმულია. თითოეული ღრმულის ზედაპირს აზელილი მასის დალექვის შედეგად სხვადასხვა ტონალობის ყავისფერი დაჰკრავს.

იქვე ახლოს სხვა კაცი გუბიდან მარილიან წყალს იღებს ორშიმოთი (აყიროსგან დამზადებული ჭურჭელი) და შედარებით პატარა გუბეში ასხამს. ამ კაცებსვე ევალებათ გუბეების მოვლა. ზოგი ასეთი გუბე ბუნებრივად არის ჩაღრმავებული, სხვებს კი თვითონ თხრიან. როცა ქვიანი ნიადაგის გათხრა შეუძლებელია, იმ ადგილას თიხას ყრიან, ქმნიან ხელოვნურ ღრმულს და კეტით მანამდე ტკეპნიან, სანამ არ გამაგრდება. ასეთ ღრმულებს ყოველ წელს სჭირდება შეკეთება.

ქალებს როგორღა შეაქვთ ამ საქმეში თავიანთი წვლილი? ისინი მძიმედ შრომობენ — მარილიანი მიწით ამარაგებენ კაცებს. წყლის აორთქლების შემდეგ გუბეებიდანაც ქალები იღებენ მარილის კრისტალებს, ბოლოს კი ღრმულებს საფუძვლიანად ასუფთავებენ.

ამ დროს არც პატარები სხედან „გულხელდაკრეფილი“. ისინი გუბეებს შორის დახტიან და წყლის აორთქლებას აკვირდებიან. როდესაც გუბეებიდან წყალი ორთქლდება, ზედაპირზე მარილის კრისტალები ჩნდება. თუ ყურადღებას არავინ მიაქცევს, მარილოვანი საფარი დარჩენილი წყლის აორთქლებას შეუშლის ხელს. ამიტომ ბავშვები მარილოვან საფარს ცოტ-ცოტა წყალს ასხამენ, რომ საფარი ჩატყდეს და მარილის კრისტალები ფსკერზე დაილექოს. წყლის მთლიანად აორთქლების შემდეგ ფსკერზე სუფთა მარილი რჩება.

რატომ არის გუბეები ლამაზ-ლამაზი ფერებით შეფერილი? ჩვენი გიდი გვიხსნის: „ამ მხარეში სამი სახის თიხაა და თითოეული თავისებურ ფერს აძლევს წყალს. გარდა ამისა, ფერების სიმრავლეს წყლის სიმლაშეც განაპირობებს. თავისებურ ელფერს გუბეებს წყალმცენარეებიც აძლევს“. ისიც შევამჩნიეთ, რომ გუბეები სხვადასხვაფრად ელვარებს, როცა თაკარა მზის სხივები მათ ზედაპირზე ირეკლება.

მარილი, როგორც „ფულის ერთეული“

სახლში დაბრუნებული ქალები არარაფინირებულ მარილს პურის ფორმას აძლევენ და მზეზე აშრობენ. ისინი მარილს მინარევებისგან არ ასუფთავებენ, ამიტომაც პურის ფორმის მარილს ყავისფერი დაჰკრავს. მარილის „პურს“ ოვალურ, მრგვალ ან სამკუთხედის ფორმას აძლევენ. ერთმა ქალმა გვითხრა, რომ ოვალური და მრგვალი ფორმის მარილის „პურებს“ გასაყიდად ამზადებენ, სამკუთხედის ფორმისას კი — საჩუქრად.

ვინ ყიდულობს მათგან მარილს? მომთაბარეები და მარილით მოვაჭრეები. მათ ტეგიდან-ტესუმში საკვები და სხვა საქონელი ჩამოაქვთ და მარილზე ცვლიან. დიდი რაოდენობით მარილი ახლომდებარე დიდი ქალაქების ბაზრებშიც იყიდება. გამოუმშრალ მარილს სოფელში მხოლოდ შინაურ ცხოველებს აჭმევენ.

მანქანასთან ვბრუნდებით და ვხედავთ, როგორ იღებს კაცი დამშრალი გუბიდან დარჩენილ თიხას და ყრის მიწის გროვაზე. ამგვარად, მას თავისი წვლილი შეაქვს ხელოვნური გორაკის შექმნაში. ბოლოს ვემშვიდობებით ტეგიდან-ტესუმის გორაკებს, რომლებიც იმაზე მოწმობენ, რომ ამ მხარეში არაერთ თაობას დაუღვრია ოფლი მარილის მოსაპოვებლად (გამოგზავნილია).

[ჩანართი 22 გვერდზე]

„მარილს წყლიდან კი არა, ნიადაგიდან იღებენ, ამიტომაცაა მარილის მოპოვების ეს მეთოდი უჩვეულო“

[რუკა 21 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

საჰარა

ნიგერი

აგადესი

ტეგიდან-ტესუმი

[საავტორო უფლება]

Based on NASA/Visible Earth imagery

[სურათი 23 გვერდზე]

საჰარის თიხოვანი ნიადაგიდან სუფთა მარილის მოპოვება

[საავტორო უფლება]

© Victor Englebert

[სურათი 23 გვერდზე]

წყლის აორთქლების დროს სხვადასხვაფრად შეფერილი გუბეები

[საავტორო უფლება]

© Ioseba Egibar/age fotostock

[სურათი 23 გვერდზე]

მზეზე გამომშრალი მარილის „პურები“