პიცის გურმანები
პიცის გურმანები
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან
ამბობენ, რომ მეფე ფერდინანდ I (1751—1825) ხშირად გადაიცვამდა ხოლმე მდაბიოთა ტანსაცმელს და ყველასგან უჩუმრად ნეაპოლის ღარიბთა უბანს სტუმრობდა. რატომ აკეთებდა მეფე ამას? ერთი მონათხრობის თანახმად, მას სურდა, კბილი გაეკრა იტალიური ღვეზელისთვის — პიცისთვის, რომლის ჭამაც დედოფლის ბრძანებით, სამეფო კარზე აკრძალული იყო.
ფერდინანდს დღეს რომ ეცხოვრა, ძალიან გაიხარებდა, რადგან დღეისათვის იტალიაში 30 000-მდე პიცერიაა. ამ პიცერიებში ყოველწლიურად იმდენი პიცა ცხვება, რომ თითო კაცს 45-ჯერ შეუძლია პირის ჩაგემრიელება.
ერთ დროს ღარიბთა ულუფა
ფიქრობენ, რომ პიცის სამშობლო ნეაპოლია. პიცა პირველად სადღაც 1720 წელს გამოჩნდა ნეაპოლის ქუჩებში. ის თავიდან ღარიბთა საჭმელი იყო. ამ სწრაფი კვების გემრიელ პროდუქტს ქუჩებში დაატარებდნენ და ხმამაღალი შეძახილებით ხალხს სთავაზობდნენ. რომ არ გაციებულიყო, პიცას სპილენძის სპეციალურ ჭურჭელში ინახავდნენ. გამყიდველებს ეს ჭურჭელი თავზე ჰქონდათ შემოდგმული და ისე დაჰქონდათ.
ბოლოს მეფე ფერდინანდ I-მა სამეფო კარს თავისი საიდუმლო გაუმხილა. ცოტა ხანში ქუჩის ამ დელიკატესმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მდიდრებიცა და სამეფო კარის წარმომადგენლებიც პიცერიებს შეესივნენ. ფერდინანდის შვილიშვილმა, ფერდინანდ II-მ 1832 წელს კაპოდიმონტეს სასახლეში შეშის ღუმელიც კი ააგებინა, რითაც არისტოკრატი სტუმრების გული მოიგო.
ნოყიერი საკვებია პიცა?
დღეს პიცა განსაკუთრებით ახალგაზრდებს უყვართ, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: პიცა ნოყიერი რომ იყოს, ჯანსაღი ინგრედიენტებისგან უნდა დამზადდეს. მომზადების დროს ზომიერად უნდა იყოს გამოყენებული ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები. ამასთანავე, მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით, მინერალებითა და ამინმჟავებით. კარგი იქნება, თუ ერთ-ერთ ინგრედიენტად ზეითუნის ზეთს გამოიყენებთ. ის ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის, ალფა-ლოპოპროტეიდის (HDL) წარმოქმნას, რომელიც არტერიებს წმენდს.
აღსანიშნავია, რომ კარგად გამომცხვარი პიცა ადვილად მოსანელებელია. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ფქვილში არსებული ნახშირწყლები მოზელვისა და გაფუების დროს კარგად ჯერდება წყლით. ნახშირწყლები ხელს უწყობს ადვილად დანაყრებას, რის გამოც პიცის მოყვარულები თავს არიდებენ გადამეტებულ ჭამას.
სანამ კვლავ შეექცევი შენს საყვარელ პიცას, გაიხსენე მისი ისტორია. გიხაროდეს, რომ მეფე ფერდინანდ I-მა თავისი საიდუმლო გაამხილა.
[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]
▪ პიცა საუკეთესოდ ცხვება შეშის ღუმელში. ღუმელში დატრიალებული კვამლი მას განსაკუთრებულ სურნელებას აძლევს, პიცის ძირზე აკრული ნაცრის თხელი ფენა კი — განუმეორებელ გემოს.
▪ მსოფლიოში ყველაზე დიდი პიცა 1990 წელს გამოაცხვეს. მისი დიამეტრი 37 მეტრს შეადგენდა, წონა კი — 12 ტონაზე მეტს.
▪ პიცის ცომის ჰაერში დატრიალება უძველესი ტრადიციაა, თუმცა ეს მხოლოდ შოუ არ არის. ტრიალის შედეგად, ცომი თანაბრად ბრტყელდება, ნაპირები კი ოდნავ ამოზნექილი რჩება, რაც პიცის მოსამზადებლად საუკეთესო პირობას ქმნის.
[გვერდი 26 დათმობილი აქვს სურათს]