არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავეხმაროთ უნარდაქვეითებულ ბავშვებს?

როგორ დავეხმაროთ უნარდაქვეითებულ ბავშვებს?

როგორ დავეხმაროთ უნარდაქვეითებულ ბავშვებს?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

სტივენს კითხვა უჭირს. როგორც კი კლასში ხმამაღლა წაკითხვას დაავალებენ, მაშინვე მუცელი სტკივდება.

მასწავლებლის მხრიდან წახალისების მიუხედავად, მარია გარკვევით მაინც ვერ წერს. საშინაო დავალებების მოსამზადებლად მას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

ნოეს არაერთხელ უწევს საშინაო დავალების წაკითხვა. მაგრამ წაკითხულ მასალას ვერ იმახსოვრებს, რის გამოც დაბალ ნიშნებს იღებს.

სტივენს, მარიასა და ნოეს დაქვეითებული აქვთ სწავლის უნარი. ასეთი ბავშვების უმეტესობას კითხვა უჭირს. ზოგს დისლექსია აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვიზუალურად მსგავსი ასოები ხშირად ერთმანეთში ერევათ, ზოგს — დისგრაფია, ანუ უჭირთ გარკვევით წერა, ზოგს კი — დისკალკულია, ანუ მათემატიკური უნარი აქვთ დაქვეითებული. მიუხედავად ამისა, უნარდაქვეითებულ ბავშვებს აზროვნების უნარი შეზღუდული არა აქვთ.

უნარდაქვეითებულ ბავშვებს შემდეგი სიმპტომები ახასიათებთ: გვიან იწყებენ ლაპარაკს, არასწორად წარმოთქვამენ ბგერებს, პატარებივით ჩლიფინებენ, უჭირთ ასოებისა და ციფრების სწავლა, მარტივი ბგერებისგან შემდგარი სიტყვების წარმოთქმა, მსგავსი ჟღერადობის სიტყვების ერთმანეთისგან გარჩევა და მითითებების გათვალისწინება. *

როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები ასეთ ბავშვებს?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეჭვობთ, რომ თქვენი შვილი უნარდაქვეითებულია? უპირველესად, დარწმუნდით, რომ ბავშვს მხედველობა და სმენა არა აქვს დაქვეითებული. * შემდეგ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად სპეციალისტს მიმართეთ. თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვს სწავლის უნარი აქვს დაქვეითებული, აუცილებლად დასჭირდება თქვენგან ემოციური მხარდაჭერა. გახსოვდეთ, რომ, თუ თქვენს შვილს სწავლის უნარი აქვს დაქვეითებული, აზროვნების უნარი არა აქვს შეზღუდული.

ისარგებლეთ ყველა იმ სპეციალური პროგრამით, რომელიც შეიძლება თქვენი შვილის სკოლაში მოქმედებს, მაგალითად გაკვეთილების შემდეგ ბავშვებისთვის გათვალისწინებული დამატებითი სწავლებით. სთხოვეთ მასწავლებელს, რომ თქვენთან ითანამშრომლოს. მან შეიძლება თქვენი შვილი წინ დასვას და დავალებების გასაკეთებლად შედარებით მეტი დრო მისცეს. მასწავლებელს შეუძლია დავალების შესასრულებლად მას მითითებები წერილობითაც მისცეს და სიტყვიერადაც, მაგრამ ბავშვმა ზეპირად ჩააბაროს. უნარდაქვეითებული ბავშვები ხშირად გულმავიწყები და არაორგანიზებულები არიან, ამიტომ სასურველია, რომ მათ სახელმძღვანელოების ორ-ორი ეგზემპლარი ჰქონდეთ. ასეთ ბავშვებს დაეხმარება ისეთი კომპიუტერული პროგრამაც, რომელიც ორთოგრაფიულ შეცდომებს პოულობს.

ბავშვმა, რომელსაც დისლექსია აქვს, დღეში ცოტ-ცოტა უნდა იკითხოს. უკეთესია, თუ ხმამაღლა წაიკითხავს. ეს მშობელს იმის საშუალებას მისცემს, რომ წაკითხვის დროს დაშვებული შეცდომები შეუსწოროს. თავიდან მშობელმა თავად უნდა წაიკითხოს და ბავშვმა თვალყური მიადევნოს, შემდეგ ორივემ ერთად — ხმამაღლა, ბოლოს კი თვითონ ბავშვმა — დამოუკიდებლად. მშობელმა ყოველი წასაკითხი წინადადების ქვემოთ სახაზავი უნდა დაუდოს ბავშვს, რთული სიტყვები კი მოუნიშნოს. ასეთი მეცადინეობა დღეში 15 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

იმ ბავშვებს, ვისაც დისკალკულია აქვს, მშობლებმა შეიძლება მარტივად ასწავლონ ანგარიში, მაგალითად, მათ შეუძლიათ საჭმლის მომზადების დროს ინგრედიენტები ბავშვს ააწონინონ, ხეზე მუშაობის დროს სახაზავით რაიმე გააზომვინონ ან საყიდლებზე წაიყვანონ. მათემატიკური უნარის განვითარებაში ბავშვს შეიძლება დაეხმაროს უჯრედებიანი რვეული და დიაგრამები. თუ მას ასოების გამოწერა უჭირს, კარგი იქნება, თუ ცალხაზიან რვეულს და მსხვილწვერიან ფანქარს გამოიყენებს. შეუძლია აგრეთვე ისარგებლოს რკინის დაფითა და მაგნიტური ასოებით.

უიმედო მდგომარეობაში არც ის ბავშვები არიან, რომლებსაც ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსური მოქმედება ახასიათებთ. ბავშვს, რომელსაც ყურადღება ადვილად ეფანტება, თვალებში უყურეთ და ისე ელაპარაკეთ; მეცადინეობისთვის მყუდრო გარემო შეუქმენით და ხშირ-ხშირად მიეცით შესვენების საშუალება. თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, ისეთი რამ გააკეთებინეთ, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგალითად ძაღლი გაასეირნებინეთ.

მდგომარეობა გამოუვალი არ არის

დაარწმუნეთ ბავშვი, რომ მისი ძალისხმევა უშედეგო არ იქნება. ნებისმიერი უმნიშვნელო წარმატებისთვისაც კი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ. ბავშვმა კმაყოფილება რომ იგრძნოს, დავალება ნაწილ-ნაწილ გააკეთებინეთ. საქმის ბოლომდე მიყვანაში რომ დაეხმაროთ, მოიშველიეთ სურათები ან დიაგრამები.

მართლაც აუცილებელია, რომ ბავშვმა იცოდეს წერა-კითხვა და ანგარიში. დარწმუნებული იყავით, რომ თუ წაახალისებთ ბავშვს და დაეხმარებით, მას განუვითარდება სწავლის უნარი, ოღონდ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად გააკეთოს და ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 უნარდაქვეითებულობას თან სდევს ერთ-ერთი სახის მოშლილობა, რომელსაც ახასიათებს ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსური მოქმედება. იხილეთ 1997 წლის 22 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 5—10 (რუს.).

^ აბზ. 9 ვაჟებში სამჯერ უფრო ხშირია დისლექსიისა და ჰიპერაქტიურობის გამოვლენის შემთხვევები, ვიდრე გოგონებში.

[ჩარჩო 11 გვერდზე]

როცა ნაკლი წარმატების საწინდარი ხდება

„როდესაც ტექსტს ვუყურებდი, სიტყვებს უსწორმასწორო ხაზებად აღვიქვამდი, თითქოს ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაწერილ ტექსტს ვუყურებდი. თუ ხმამაღლა არ წამიკითხავდნენ, ვერაფერს ვიგებდი. მასწავლებლები ფიქრობდნენ, რომ ზარმაცი და უპასუხისმგებლო ბავშვი ვიყავი და განზრახ არ ვუსმენდი მათ, მაგრამ ეს ასე არ იყო. ვუსმენდი კიდეც და ვცდილობდი კიდეც, რომ წერა-კითხვა მესწავლა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. თუმცა ტექნიკური საგნები, მაგალითად მათემატიკა, არ მიჭირდა. პატარაობიდანვე ადვილად ვუღებდი ალღოს სპორტულ თამაშებს, მეხერხებოდა ხატვა და სხვადასხვა ხელობა.

როცა წამოვიზარდე, ხელობას დავეუფლე. ამან შესაძლებლობა მომცა, მონაწილეობა მიმეღო იეჰოვას მოწმეთა ხუთ სამშენებლო პროექტში. მართალია, კითხვა დიდი ძალისხმევის ფასად მიჯდება, მაგრამ რასაც ვკითხულობ, ადვილად ვიმახსოვრებ. ამის წყალობით, ადვილად მამახსოვრდება სასარგებლო აზრები ბიბლიიდან. ეს უნარი განსაკუთრებით მსახურებაში მადგება. მე ამას ნაკლად არ ვთვლი, ეს ჩემი წარმატების საწინდარია“ (პეტრე, რომელსაც დისლექსია აქვს; ის იეჰოვას მოწმეა და სრული დროით მსახურობს).

[სურათი 10 გვერდზე]

ყურადღებით მოსმენა და ჩანახატების გაკეთება ათვისების უნარს აუმჯობესებს