არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წყლის დეფიციტი — რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად?

წყლის დეფიციტი — რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად?

წყლის დეფიციტი — რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად?

წყლის უკმარისობამ გლობალურ მასშტაბებს მიაღწია, რის გამოც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. რა კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად?

სამხრეთი აფრიკა: „ქალაქ დურბანის ღარიბ მოსახლეობას დიდი ხნის ნანატრი წყალი უკვე მიეწოდება“, — ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია ჟურნალ „საიენსში“. როგორც სტატიაში იყო აღნიშნული, ყოფილი მთავრობების დროს არსებული აპართეიდის გამო მათ ათწლეულების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ სუფთა წყალი. 1994 წელს „დურბანში დაახლოებით 250 000 კომლს ხელი არ მიუწვდებოდა სუფთა წყალზე და ანტისანიტარიულ პირობებში უწევდა ცხოვრება“, — ნათქვამია სტატიაში.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთმა ინჟინერმა 1996 წელს სპეციალური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა თითოეული ოჯახისთვის ყოველდღიურად 200 ლიტრი წყლის მიწოდებას. „ამ პროექტის წყალობით, დურბანის სამმილიონ-ნახევრიანი მოსახლეობიდან 120 000 კაციღა დარჩა, ვისაც სუფთა წყალი არ მიეწოდება“, — ნათქვამია „საიენსში“. დღეს მათ წყლის მოსატანად ძალიან მცირე მანძილის გავლა უწევთ, რაც საკმაოდ დიდი პროგრესია, რადგან ადრე ერთ კილომეტრზე მეტის გავლა უწევდათ.

აღნიშნულ ჟურნალში აგრეთვე ნათქვამია, რომ ანტისანიტარიული პრობლემების მოსაგვარებლად ეზოს ტუალეტების ნაცვლად მონტაჟდება ორგანყოფილებიანი უნიტაზები, რომლის ერთ ნაწილში შარდი გაედინება, ხოლო მეორეში განავალი გროვდება, მალე რომ გახმეს და შემდეგ გადაიყაროს. დურბანში 2008 წლისთვის 60 000 ასეთი უნიტაზი დაამონტაჟეს. მაგრამ მას შემდეგ კიდევ ორი წელი იყო საჭირო, რომ ყველა სახლი ყოფილიყო მოსახერხებელი უნიტაზებით უზრუნველყოფილი.

ბრაზილია: საკანალიზაციო სისტემისა და ტუალეტების უქონლობის გამო ქალაქ სალვადორში ასობით ბავშვი ავადდება დიარეით *. მდგომარეობის გამოსასწორებლად 300 000-ზე მეტი ოჯახისთვის ქალაქმა 2 000 კილომეტრი სიგრძის საკანალიზაციო მილები გაიყვანა. ამის შედეგად სალვადორში დიარეით დაავადებულთა რიცხვი 22 პროცენტით შემცირდა, ხოლო იქ, სადაც ეს დაავადება განსაკუთრებით მძვინვარებდა, 43 პროცენტით.

ინდოეთი: წელიწადის განსაზღვრულ დროს ზოგ ქვეყანაში წყალი უხვად გროვდება, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ყოველთვის არ იმარაგებს წყალს. თუმცა დოლერას რაიონში (გუჯარათის შტატის ჩრდილო-დასავლეთი) 1985 წელს ინდოელი ქალების ერთმა ჯგუფმა წყლის მომარაგების მეტად საინტერესო მეთოდი შეიმუშავა. მათ გათხარეს სტადიონის ზომის წყალსაცავი და შემდეგ ჩააფინეს მაგარი ცელოფანი, რომ წყალს არ გაეჟონა. ამ მეთოდმა გაამართლა. სეზონური წვიმების დამთავრების შემდეგ ისინი თვეების განმავლობაში თვითონაც სარგებლობდნენ დაგროვილი წყლით და სხვებსაც აძლევდნენ.

ჩილე: ეს ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში 4 265 კილომეტრზეა გადაჭიმული; დასავლეთით მას ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთით — ანდები. ამ ქვეყანაში წყლის სისტემა ცენტრალიზირებულია და კაშხლებისა თუ არხების აგება მხოლოდ სახელმწიფოს ნებართვით ხდება. შედეგად სუფთა წყალი ქალაქის მოსახლეობის 99 პროცენტს, ხოლო სოფლის მოსახლეობის 94 პროცენტს მიეწოდება.

ერთადერთი გამოსავალი

წყლის პრობლემის მოსაგვარებლად თითოეულ ქვეყანას თავისებური მეთოდები აქვს. ზოგ ქვეყანაში, სადაც ქარი ხშირად ქრის, ქარის ტურბინები ნიადაგიდან ქაჩავს წყალს და ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს. მდიდარ ქვეყნებში ერთ-ერთი გამოსავალი წყლის გამტკნარებაა. ბევრ ქვეყანაში უზარმაზარი კაშხლების საშუალებით მდინარისა და წვიმის წყლის დაგუბება ხდება. ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მიუხედავად იმისა, რომ გვალვის დროს რეზერვუარიდან წყლის 10 პროცენტი ორთქლდება.

ამ ჟურნალის გამომცემლებს, იეჰოვას მოწმეებს, ღრმად სწამთ, რომ წყლის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მხოლოდ ღმერთი მოაგვარებს და არა ადამიანი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, მიწა და მასზე მცხოვრებნი. მყარად დააფუძნა ის ზღვებზე და მტკიცედ დაადგინა მდინარეებზე“ (ფსალმუნი 24:1, 2).

ღმერთმა დედამიწა ადამიანებს ჩააბარა (დაბადება 1:28). მაგრამ მათ დედამიწის რესურსები ბოროტად გამოიყენეს, რასაც მწვავე შედეგები მოჰყვა. აშკარაა, რომ „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).

რა ზომებს მიიღებს ღმერთი იმისათვის, რომ დედამიწას თავდაპირველი სახე დაუბრუნოს? როგორც ბიბლიაში წერია, ღმერთს განზრახული აქვს, რომ ‘შექმნას ყველაფერი ახალი’ (გამოცხადება 21:5). წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც არ იქნება სიღარიბე, გვალვა, წყლის დეფიციტი, სადაც სეზონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობები არ მოუსწრაფებს სიცოცხლეს ათასობით ადამიანს. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ღვთის ყველა დაპირება შესრულდება. თავად იეჰოვა გვარწმუნებს: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).

გინდათ, გაიგოთ ბიბლიის ფურცლებიდან, თუ როგორ დაუბრუნებს ღმერთი დედამიწას თავდაპირველ სახეს? მაშინ წაიკითხეთ შემდეგი სტატია.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ ექვსასი ათასი ბავშვი იღუპება დიარეით. ეს ციფრი ბევრად აღემატება შიდს-ით, ტუბერკულოზითა და მალარიით დაღუპულთა საერთო რაოდენობას.

[ჩანართი 5 გვერდზე]

„სადაც წყალი არ არის, იქ არც სიცოცხლეა . . . ჩვენ წყლის წყალობით ვცოცხლობთ“. მაიკლ პარფიტი, „ნეშნლ ჯიოგრეფიკის“ ჟურნალისტი

[ჩანართი 6 გვერდზე]

ერთი ტონა ხორბლის მოსაყვანად საჭიროა ათასი ტონა წყალი.

[ჩანართი 6 გვერდზე]

„დედამიწის წყლების 70 პროცენტი სარწყავად გამოიყენება“. ლესტერ ბრაუნის „გეგმა B 2.0“

[დიაგრამა/სურათები 7 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მტკნარი წყლის რამდენი პროცენტია ხელმისაწვდომი?

წყლის საერთო რაოდენობა

97,5% მლაშე წყალი

2,5% მტკნარი წყალი

მტკნარი წყალი

99% არის მყინვარებში, აისბერგებსა და მიწის ქვეშ

1% ხელმისაწვდომია თითქმის შვიდი მილიარდი ადამიანისთვის და მილიარდობით სხვა ცოცხალი არსებისა თუ ორგანიზმისთვის

[სურათი 7 გვერდზე]

მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მისაწოდებლად გაჰყავთ მილები (დურბანი, სამხრეთი აფრიკა)

[საავტორო უფლება]

Courtesy eThekwini Water and Sanitation Programme

[სურათი 7 გვერდზე]

ქალების ჯგუფი წვიმის წყლის ათვისების პროექტზე მუშაობს (რაჯასტანი, ინდოეთი, 2007 წელი)

[საავტორო უფლება]

© Robert Wallis/Panos Pictures

[სურათი 7 გვერდზე]

კოპანის (ჰონდურასი) მახლობლად ადგილობრივი მოსახლეობა წყლის ახალ სისტემას ამონტაჟებს

[საავტორო უფლება]

© Sean Sprague/SpraguePhoto.com