გონივრულად გამოიყენეთ ფული
გონივრულად გამოიყენეთ ფული
ბევრს მიაჩნია, რომ გამონათქვამი „ფული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ ბიბლიიდან არის აღებული. თუმცა სინამდვილეში ბიბლიაში ნათქვამია, რომ ‘ფულის სიყვარულია ყოველგვარი ბოროტების ფესვი’ (1 ტიმოთე 6:10). ზოგს მართლაც განუვითარდა ფულის სიყვარული და მთელი ცხოვრება სიმდიდრის დაგროვებას მიუძღვნა. ზოგიერთი ფულის მონა გახდა და ბევრი სადარდებელი გაიჩინა. მაგრამ ფულს თუ გონივრულად გამოვიყენებთ, ის დიდ სამსახურს გაგვიწევს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ფულს ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია“ (ეკლესიასტე 10:19, „წმინდა ბიბლია — ადვილად გასაგები თარგმანი“).
ბიბლია არ არის ფინანსური ცნობარი, თუმცა ფულის გონივრულად გამოყენებასთან დაკავშირებით ის პრაქტიკულ რჩევებს შეიცავს. ქვემოთ მოყვანილია ხუთი რჩევა, რომლებსაც ძირითადად იძლევიან კონსულტანტები ფინანსურ საკითხებში. ეს რჩევები ეთანხმება ბიბლიაში დიდი ხნის წინათ ჩაწერილ პრინციპებს.
გადაინახეთ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ძველ ისრაელებს უნდა ესწავლათ ფულის გადანახვა. ღმერთმა უთხრა მათ, ყოველ წელს თავიანთი შემოსავლიდან გადაედოთ მეათედი ანუ ათი პროცენტი, რომ ეროვნულ დღესასწაულებს დასწრებოდნენ (კანონი 14:22—27). მოციქულმა პავლემ მსგავსად მოუწოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს, ყოველკვირა გადაედოთ რაიმე, რომ მოგვიანებით გაჭირვებულ თანაქრისტიანებს დახმარებოდნენ (1 კორინთელები 16:1, 2). ფინანსურ საკითხებში მრჩეველთა უმრავლესობა ხალხს ფულის გადანახვას ურჩევს. ეს რჩევა უყურადღებოდ არ დატოვოთ. აღებული ხელფასის ნაწილი ბანკში შეიტანეთ ან სხვა უსაფრთხო ადგილას შეინახეთ. ეს დაგეხმარებათ, ფულის დახარჯვის ცდუნებას გაუძლოთ.
შეადგინეთ ბიუჯეტი. ეს ერთადერთი პრაქტიკული საშუალებაა, რომ აკონტროლოთ ან შეამციროთ დანახარჯი. კარგი ბიუჯეტი დაგანახვებთ, რაში ხარჯავთ ფულს და დაგეხმარებათ თანხის დაზოგვაში. გამოთვალეთ თქვენი შემოსავალი და ყოველთვის გამომუშავებულ თანხაზე ნაკლები დახარჯეთ. განასხვავეთ ერთმანეთისგან „მინდა“ და „მჭირდება“. იესომაც ურჩია თავის მსმენელებს, რომ ნებისმიერი საქმის წამოწყებამდე ‘გამოეთვალათ ხარჯები’ (ლუკა 14:28). ბიბლია გვირჩევს, რომ მოვერიდოთ ზედმეტი ვალების აღებას (იგავები 22:7).
დაგეგმეთ. იფიქრეთ იმაზე, რაც მომავალში დაგჭირდებათ. მაგალითად, თუ სახლის ყიდვას აპირებთ, ბანკიდან გონიერების ფარგლებში საჭირო იგავების 21:5-ში ვკითხულობთ, რომ „მუყაითის გეგმები წარმატებულია“.
სესხის გამოტანა შეიძლება ურიგო არ იყოს. ასევე ოჯახისთავმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს, დააზღვიოს ოჯახის წევრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სხვა. მომავალში, ალბათ, პენსიაზე გახვალთ, რაც ასევე გასათვალისწინებელია.ისწავლეთ. დაეუფლეთ რაიმე ხელობას და გაუფრთხილდით თქვენს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ეს მომავალში ისევ თქვენთვის იქნება სასარგებლო. ნურასოდეს შეწყვეტთ სწავლას. ბიბლია ძალიან აფასებს სიბრძნისა და ჭკუის შეძენას და მოგვიწოდებს, ყოველთვის ვისწრაფოთ ამისკენ (იგავები 3:21, 22; ეკლესიასტე 10:10).
იყავით გაწონასწორებული. ფულს თქვენს ცხოვრებაში თავისი ადგილი მიუჩინეთ. არაერთი გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ გაცილებით ბედნიერები არიან ისინი, ვისთვისაც ადამიანებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. ზოგი სიძუნწემ იქამდე მიიყვანა, რომ წონასწორობა დაკარგა. როგორ? მას შემდეგ, რაც აუცილებელი იშოვეს, მათ სიმდიდრის დაგროვების სურვილი გაუჩნდათ. დაფიქრდით: განა საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრის გარდა კიდევ სჭირდება რამე ადამიანს?! გასაკვირი არ არის, რატომ თქვა სტატიის დასაწყისში ციტირებული ბიბლიური მუხლის დამწერმა შემდეგი სიტყვები: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8). თუ დავკმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს, არ განგვივითარდება ფულის სიყვარული და მრავალ პრობლემას ავირიდებთ თავიდან.
მართლაც, ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია. თუ ნებას მისცემთ, ის თქვენი ბატონი გახდება. მაგრამ, თუ გონივრულად გამოიყენებთ, ფული ხელს ვერ შეგიშლით, რომ უფრო მნიშვნელოვანისკენ ისწრაფოთ — ახლო ურთიერთობა განივითაროთ ოჯახთან, მეგობრებთან და ღმერთთან. და მაინც, ამ ქვეყნიერებაში შეუძლებელია, ფულზე ფიქრისგან სრულიად გავთავისუფლდეთ. იქნება ფული ყოველთვის ადამიანის საფიქრალი? მოეღება ბოლო სიღარიბეს? ამ კითხვებზე პასუხს შემდეგი სტატია გაგვცემს.
[ჩანართი 5 გვერდზე]
გამოთვალეთ თქვენი შემოსავალი და ყოველთვის გამომუშავებულ თანხაზე ნაკლები დახარჯეთ
[ჩანართი 5 გვერდზე]
განასხვავეთ ერთმანეთისგან „მინდა“ და „მჭირდება“
[ჩანართი 6 გვერდზე]
განა საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრის გარდა კიდევ სჭირდება რამე ადამიანს?!
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
ასწავლეთ შვილებს ფულის გონივრულად გამოყენება
დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს ხვდება, ამიტომ სპეციალისტები ურჩევენ მშობლებს, ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ შვილებს ფულის ყადრი. ბავშვებს შეიძლება ჰგონიათ, რომ მამიკოს ფული არასოდეს გამოელევა. თუ ასწავლით შვილებს, გაარჩიონ, რა სჭირდებათ და რა უნდათ, როგორ გადაინახონ ფული და რაში დახარჯონ, დაეხმარებით, რომ თავიდან აირიდონ ვალებით გამოწვეული გულისტკივილი და ფინანსური მონობა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
1. მიეცით კარგი მაგალითი. თქვენი შვილი თქვენს სიტყვებზე მეტად თქვენს საქმეებს აკვირდება.
2. მოილაპარაკეთ, რამდენს დახარჯავთ. წინასწარ უთხარით შვილს, რამდენს დახარჯავთ თქვენ და რამდენს — ის. თუ ზედმეტს მოგთხოვთ, უარი უთხარით.
3. მიეცით საშუალება, თავად გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს თავისი ფული. ჯიბის ფულთან ან გამომუშავებულ თანხასთან დაკავშირებით შვილს გარკვეული მითითებები მიეცით. შემდეგ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ გამოიყენებს ამ თანხას.
4. ასწავლეთ, იყვნენ გამზიარებლები. ასწავლეთ შვილს, სხვებსაც გაუნაწილოს ის, რაც აქვს, და რეგულარულად გადადოს ფული ღვთის განსადიდებლად.