მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ძველი ხელნაწერები — როგორ ხდება მათი დათარიღება? (თებერვალი 2008) გავნაწყენდი, როცა ეს სტატია წავიკითხე. როგორც გავიგე, „ძვ. წ.“ არის „ძველი წელთაღრიცხვის“ შემოკლებული ფორმა, ხოლო „ახ. წ.“ „ახალ წელთაღრიცხვაზე“ მიუთითებს. 70 წლისა ვარ და ასეთი შემოკლებები არსად მინახავს. სადაც კი რამე წამიკითხავს, ყველგან იყენებენ „ქრისტეს შობამდე“ და „ქრისტეს შობით“. ჩემი აზრით, „ძვ. წ.“-სა და „ახ. წ.“-ს გამოყენებით თქვენ აჩვენებთ, რომ გარკვეულწილად აუფასურებთ იესოს შობას.
რ. ვ. (შეერთებული შტატები)
„გამოიღვიძეთ!“- ის პასუხი: მართალია, ქრისტიანულ ქვეყნებში გამოიყენება „ქრისტეს შობამდე“ და „ქრისტეს შობით“, მაგრამ ჩვენ სამი მიზეზის გამო ვარჩიეთ, გამოვიყენოთ შემდეგი შემოკლებები: ძვ. წ. (ძველი წელთაღრიცხვით) და ახ. წ. (ახალი წელთაღრიცხვით). პირველი: მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ სანდო წყაროებზე დაყრდნობით იესოს დაბადების წლად ძვ. წ. 2 წელი ითვლება. მეორე: იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა მხოლოდ ქრისტიანული ქვეყნებისთვის არ იბეჭდება. მესამე: სიტყვა „ქრისტე“ ნიშნავს „ცხებულს“. იესო ახ. წ. 29 წელს გახდა მესია ანუ ქრისტე, როცა მოინათლა და მასზე ღვთის სული გადმოვიდა (მათე 3:13—17). ამგვარად, იესო მხოლოდ ნათლობისას გახდა ქრისტე. აღსანიშნავია, რომ ლექსიკონებსა თუ სხვა ნაშრომებში ძირითადად ძვ. წ. და ახ. წ. გამოიყენება. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ხსნის ერთადერთ საშუალებად მივიჩნევთ. ჩვენ გვწამს, რომ ღვთის განზრახვების შესრულებაში იესოს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ გავუმკლავდე რთულ მდგომარეობას? (თებერვალი 2008) სიტყვებით ვერ გადმოვცემ, იმდენად მადლიერი ვარ ამ სტატიისთვის! ის მართლაც დროულად მივიღე. ავად ვიყავი და სამი კვირა საავადმყოფოში ვიწექი. ის-ის იყო გამომწერეს, რომ ეს ჟურნალიც მივიღე. ჩემთვის ნაცნობია ამ სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდების გრძნობები. დიდი მადლობა შესანიშნავი მაგალითებისთვის და მოცემული რჩევებისთვის.
კ. პ. (კანადა)
ჩემს გულს ძალიან შეეხო ის, რომ იეჰოვა ღმერთი ანუგეშებს მათაც, ვინც ჩემსავით სერიოზულადაა დაავადებული. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ცერებრული დამბლის დიაგნოზი დამისვეს. სიარული არ შემიძლია, მაგრამ დამხმარე პიონერად მსახურებას მაინც ვახერხებ. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ადამიანი სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე „ირემივით იხტუნებს“ (ესაია 35:5, 6).
ჯ. ჯ. (სამხრეთი კორეა)
ეს სტატია არაერთხელ წავიკითხე. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, რადგან იეჰოვა ღმერთის უსაზღვრო სითბო და სიყვარული ვიგრძენი. ეს იმის მსგავსია, თითქოს იეჰოვა თბილ საბანში გვახვევს, რომ ცივმა ნიავმა არ დაგვიბეროს. უღრმესი მადლობა!
მ. თ. (იაპონია)
სიკვდილი — ყველაფრის დასასრულია? (დეკემბერი 2007) სტატიათა ამ სერიაში განხილული საკითხები, განსაკუთრებით კი მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული იმედი, ძალიან შეეხო ჩემს გულს, რადგან რამდენიმე თვის წინ დედა დამეღუპა. დიდი მადლობა ამ მანუგეშებელი და გამამხნევებელი სტატიებისთვის.
მ. რ. (მადაგასკარი)