რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ მარჯნის წარმომქმნელი სახეობების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მათი ერთ-ერთი სახეობის 32,8 პროცენტს „გადაშენება ემუქრება“, რაც განპირობებულია კლიმატის ცვლილებით და ადამიანთა ჩარევით („საიენსი“, აშშ).
▪ ათენის (საბერძნეთი) პედიატრიულ კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა 2 000-ზე მეტ ბავშვს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ბავშვების დაახლოებით „65 პროცენტის ერთი ან ორივე მშობელი თამბაქოს ეწეოდა“ („კათიმერინი“, ინგლისური გამოცემა, საბერძნეთი).
▪ „ნავთობზე ფასების ზრდა, საქონლის გაძვირება . . . ეკონომიკის ვარდნა . . . და სტიქიური უბედურებები ცხადყოფს, რამდენად უმწეოები ვართ. აშკარაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემის გადაჭრა მცირე ან დიდი ხნის მანძილზე“ (ლუის მარია დე პუჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი).
▪ პოლონეთში 15 წლის ვაჟების 17 პროცენტსა და გოგონების 18 პროცენტს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული ნარკოტიკი („ჟიჩე ვარშავი“, პოლონეთი).
ადამიანებმა ლომები გადაიმტერეს
აფრიკაში მოსახლეობის რიცხობრივმა ზრდამ გარეულ ცხოველთა საარსებო არეალის შემცირება გამოიწვია. შედეგად, „ადამიანების მსხვერპლმა იმატა . . . მათზე ძირითადად ლომები ნადირობენ“, — ნათქვამია კეიპტაუნში გამომავალ ჟურნალ „აფრიკა ჯიოგრეფიკში“. მაგალითად, ტანზანიაში 1990 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს, სულ მცირე, 70 ადამიანი ხდება ლომების მსხვერპლი. ჟურნალში ნათქვამია, რომ ლომები არაფერს უშინდებიან და ზოგჯერ „ადამიანებს წინკარიდან იტაცებენ ან ნადავლის ხელში ჩასაგდებად ქოხში ჩალის სახურავიდან თუ ტალახით გალესილი კედლებიდან იჭრებიან“.
ძველი ეგვიპტური ბეღლები
ჩიკაგოს უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში აღმოაჩინეს უძველესი ბეღლის შვიდი სათავსო, რომელიც ყველაზე მეტად იყო ცნობილი იმ მხარეში. ამ ბეღლის მახლობლად აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლების საფუძველზე არქეოლოგებმა დაასკვნეს, რომ ეს ბეღელი ძვ. წ. 1630—1520 წლებში უნდა ყოფილიყო აშენებული. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ ბეღელი მოსეს დროს უკვე არსებობდა. აგურისგან აშენებული ამ მრგვალი სათავსოს დიამეტრი 5,5—6,5 მეტრია, ხოლო სიმაღლე, სულ მცირე — 7,5 მეტრი. შესაძლოა, ეს იყო ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი, საიდანაც საკვების განაწილება ხდებოდა. ამ აღმოჩენის შესახებ უნივერსიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეგვიპტელები ასეთ ადგილებში „აგროვებდნენ ნილოსის ველზე აღებულ მოსავალს. მარცვლეული, როგორც ვალუტა, ფარაონის ძალაუფლებას აძლიერებდა“. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია: „მარცვლეული ფულის, ხოლო ბეღლები ბანკების როლს ასრულებდა და ის საკვების წყარო იყო“.
რკინასავით მყარი ქაღალდი
შვედეთის სახელმწიფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეიმუშავეს ხის ცელულოზისგან ქაღალდის დამზადების ისეთი მეთოდი, რომლის დროსაც მისი ბოჭკოები ბუნებრივ სიმტკიცეს ინარჩუნებს. ქაღალდის დამზადებისთვის ხის პულპის დამუშავების ჩვეულებრივი მეთოდის გამოყენებით ზიანდება ცელულოზის ნაზი ბოჭკოები და მათი სიმტკიცე საგრძნობლად მცირდება. მაგრამ შვედმა მკვლევარებმა პულპა ფერმენტების მეშვეობით დაშალეს და ცელულოზის ბოჭკოები წყალში ფაქიზად გააცალკევეს, რისთვისაც სპეციალური მიქსერი გამოიყენეს. გაშრობის შემდეგ დაუზიანებელი ბოჭკოები ერთმანეთს ეწებება, წარმოქმნის ქაღალდის ფურცელს, რომლის დენადობის ზღვარი თუჯზე მაგარია და ფოლადის კონსტრუქციაზე მტკიცე.