არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევაჩეროთ სიმსუქნის ეპიდემია ბავშვებში

როგორ შევაჩეროთ სიმსუქნის ეპიდემია ბავშვებში

როგორ შევაჩეროთ სიმსუქნის ეპიდემია ბავშვებში

მრავალ ქვეყანაში ბავშვების სიმსუქნე მწვავე პრობლემად იქცა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მთელ მსოფლიოში ხუთ წლამდე ასაკის 22 მილიონ ბავშვს ჭარბი წონა აქვს.

ესპანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ყოველი მესამე ბავშვი მსუქანია ან ჭარბი წონა აქვს. ავსტრალიაში ბოლო ათი წლის მანძილზე (1985—1995) ასეთი ბავშვების რიცხვი გასამმაგდა. გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში 6—11 წლამდე ასაკის მსუქან ბავშვთა რაოდენობამ სამზე მეტჯერ იმატა.

მსუქან ბავშვთა რიცხვი განვითარებად ქვეყნებშიც გაიზარდა. სიმსუქნის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო გაერთიანების მონაცემების თანახმად, აფრიკის ზოგ ქვეყანაში ბავშვები მსუქნები უფრო არიან, ვიდრე უჭმელები და გამხდრები. 2007 წელს შეერთებული შტატების შემდეგ მექსიკაში ყველაზე მეტი მსუქანი ბავშვი იყო. მხოლოდ მეხიკოში ბავშვებისა და მოზარდების 70 პროცენტს ან ჭარბი წონა აქვს, ან ძალიან მსუქანია. პედიატრი ფრანცისკო გონსალესი აფრთხილებს მშობლებს, რომ „სიმსუქნით გამოწვეული გართულებების გამო ამ თაობის ბავშვები შეიძლება პირველები იყვნენ, რომლებიც მშობლებზე ადრე დაიხოცებიან“.

რა გართულებებს იწვევს სიმსუქნე? ეს შეიძლება იყოს დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და გულის დაავადება. ძირითადად, ეს დაავადებები უფროსი ასაკის ადამიანებს აწუხებდათ. შეერთებული შტატების სამედიცინო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ამ ქვეყანაში 2000 წელს დაბადებული ბიჭების 30 პროცენტსა და გოგონების 40 პროცენტს სიმსუქნის გამო მეორე ტიპის დიაბეტით დაავადება ემუქრებათ.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მდგომარეობა შემაშფოთებელია. მსუქან ბავშვთა რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება მაღალი არტერიული წნევით დაავადებულთა რიცხვიც. ატლანტის (ჯორჯია, აშშ) მორჰაუსის სამედიცინო სასწავლებლის დოქტორმა, რებეკა დინ-ძითჰამმა განაცხადა: „თუ მაღალი არტერიული წნევის მზარდ ტენდენციას არ შევაჩერებთ, ამან შეიძლება ახალგაზრდებსა და მოზრდილებში გულ-სისხლძარღვთა ახალი დაავადებები გამოიწვიოს“.

ხელშემწყობი ფაქტორები

რა უწყობს ხელს ბავშვებში სიმსუქნის ეპიდემიას? თუმცა გენეტიკური ფაქტორი შეიძლება დიდ როლს თამაშობდეს, ბოლო ათწლეულებში მსუქან ბავშვთა რიცხვის საგანგაშო ზრდამ ცხადყო, რომ ამაში მხოლოდ გენები არ არის დამნაშავე. კემბრიჯის უნივერსიტეტის (ინგლისი) ბიოქიმიისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა სტეფან ორაჰილმა განაცხადა: „მსუქან ბავშვთა რიცხვის ზრდა მხოლოდ გენეტიკური ფაქტორით არ აიხსნება, რადგან 30 წლამდე გენების კონტროლი შესაძლებელია“.

სიმსუქნის გამომწვევი მიზეზების შესახებ შეერთებული შტატების მეიოს კლინიკის ანგარიშში ნათქვამია: „თუმცა სიმსუქნეს გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორებიც უწყობს ხელს, ბავშვებში ჭარბი წონის ძირითადი გამომწვევი მიზეზი უზომოდ ჭამა და უმოძრაობაა“. ნორმალური კვების ჩვევების დარღვევას შეიძლება ორი მიზეზი უწყობდეს ხელს.

პირველი: მშობლებს, რომლებიც მუშაობენ, ცოტა დრო რჩებათ საკვების მოსამზადებლად, ამიტომ ასეთ ოჯახებში ძირითადად სწრაფი კვების პროდუქტებს მიირთმევენ. სწრაფი კვების რესტორნები მთელ მსოფლიოშია პოპულარული. ერთი ანგარიშის თანახმად, შეერთებულ შტატებში 4—19 წლამდე ბავშვების თითქმის მესამედი ყოველდღე ჭამს სწრაფი კვების პროდუქტებს. ასეთი საკვები, ჩვეულებრივ, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარსა და ცხიმს და მისი მაცდუნებელი ზომა მადის აღმძვრელია.

მეორე: უალკოჰოლო გამაგრილებელმა სასმელმა რძე და წყალი შეცვალა. მაგალითად, მექსიკის მოსახლეობა ყოველ წელს გამაგრილებელ სასმელებში, განსაკუთრებით გაზიან სასმელებში, უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ათი სახეობის ძირითად საკვებში ერთად. ერთი წიგნის თანახმად, თუ ადამიანი ყოველდღე 600 გრამ უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელს დალევს, მან წელიწადში შეიძლება დაახლოებით 11 კილოგრამი მოიმატოს (Overcoming Childhood Obesity).

გლაზგოს უნივერსიტეტის (შოტლანდია) მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სამი წლის ბავშვები დღეში მხოლოდ 20 წუთს აქტიურობენ ფიზიკურად. კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორმა ჯეიმს ჰილმა ამ გამოკვლევასთან დაკავშირებით თქვა: „ასეთი ტენდენცია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება“.

რა გამოსავალი არსებობს?

დიეტოლოგები არ ურჩევენ მშობლებს მსუქანი ბავშვების მკაცრ დიეტაზე დასმას, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს ბავშვის ზრდა-განვითარება და მას ჯანმრთელობა შეურყიოს. მეიოს კლინიკის ანგარიშში ნათქვამია: „ბავშვში ჭარბი წონის დაძლევის საუკეთესო საშუალება სწორი კვება და ოჯახთან ერთად ვარჯიშია“ (იხილეთ ჩარჩო).

შვილებთან ერთად რეგულარულად ივარჯიშეთ და მიირთვით სასარგებლო საკვები. ბავშვები შეეჩვევიან ასეთი ცხოვრების წესს და ამ ჩვევებს მაშინაც არ დაივიწყებენ, როცა გაიზრდებიან.

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა?

1 ბავშვებს უფრო მეტად ხილი და ბოსტნეული უყიდეთ, ვიდრე სწრაფი კვების პროდუქტები.

2 შეუზღუდეთ ტკბილი, გაზიანი სასმელები და ტკბილეული. დაალევინეთ წყალი, რძე და მოუმზადეთ ან უყიდეთ სასარგებლო დესერტი.

3 საკვები ისე მოამზადეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი გამოიყენოთ, მაგალითად შეწვით მაყალზე, გამოაცხვეთ ჰაერღუმელში ან ორთქლზე მოამზადეთ ნაცვლად იმისა, რომ მოხრაკოთ.

4 აჭამეთ პატარა ულუფები.

5 ნუ დააჯილდოებთ და ნუ მოისყიდით საკვებით.

6 ნუ გამოატოვებინებთ საუზმეს, რადგან მათ შეიძლება მოგვიანებით უზომოდ ჭამონ.

7 ჭამის დროს მაგიდასთან დასვით. ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ ჭამის დროს ბავშვმა შეიძლება დიდი რაოდენობით საკვები მიიღოს და ზომიერების შეგრძნება დაკარგოს.

8 წაახალისეთ, რომ იაქტიუროს ფიზიკურად, მაგალითად ისეირნოს ველოსიპედით, ითამაშოს ბურთით ან სახტუნაოთი იხტუნაოს.

9 შეუზღუდეთ ტელევიზორის ყურების, კომპიუტერთან ყოფნისა და ვიდეოთამაშებით გართობის დრო.

10 მთელმა ოჯახმა დრო ერთად გაატარეთ, მაგალითად ეწვიეთ ზოოპარკს, წადით საცურაოდ ან ითამაშეთ პარკში.

11 დაავალეთ საოჯახო საქმეები.

12 მიეცით მათ სწორი კვებისა და ვარჯიშის კარგი მაგალითი.

[საავტორო უფლება]

წყარო: The National Institutes of Health and the Mayo Clinic