არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უდიდეს მეცნიერულ საიდუმლოს ნათელი მოეფინა

უდიდეს მეცნიერულ საიდუმლოს ნათელი მოეფინა

უდიდეს მეცნიერულ საიდუმლოს ნათელი მოეფინა

მყვინთავებმა 1901 წელს აღმოაჩინეს საბერძნეთის კუნძულ ანდიკითირასთან ახლოს ჩაძირული გემის საგანძური. ხომალდის ნამსხვრევების მიხედვით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გემი რომაელ ვაჭრებს ეკუთვნოდა, რომლებსაც სხვა საქონელთან ერთად პერგამონიდან მარმარილოსა და ბრინჯაოს ქანდაკებები და ვერცხლის ფული გაჰქონდათ. ვერცხლის მონეტების მეშვეობით მათ გამოთვალეს, რომ გემი, რომელსაც შესაძლოა გეზი რომისკენ ჰქონდა აღებული, ძვ. წ. 85-60 წლებში ჩაიძირა.

აღმოჩენისთანავე ხელოვნების ეს ნიმუშები ათენის (საბერძნეთი) ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში მიიტანეს. 2005 წელს მკვლევარები მუზეუმში არც ქანდაკებებისთვის მისულან და არც ლითონის ფულისთვის. მათ აინტერესებდათ ბრინჯაოს მექანიზმი, რომელიც თავდაპირველად ფეხსაცმლის ყუთის ზომის ხის ყუთში იყო მოთავსებული. ამ ნივთმა, რომელიც ანდიკითირის მექანიზმის სახელით გახდა ცნობილი, მკვლევარებს უძველესი მეცნიერული მიღწევების შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა. ამ მოწყობილობას მეცნიერებმა უწოდეს „ძველი მსოფლიოს ყველაზე რთული მექანიზმი“, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

რა არის ეს მექანიზმი და რატომ დაინტერესდნენ მისით მეცნიერები?

საიდუმლოებით მოცული ნივთი

როდესაც ყუთი ზღვის ფსკერიდან ამოიღეს, მექანიზმი ჟანგითა და მინერალებით იყო დაფარული. თითქმის 2 000 წლის განმავლობაში წყალში გდების გამო ის კლდის ხავსმოკიდებულ ნატეხს დაემსგავსა. საიდუმლოებით მოცულმა ამ ნივთმა თავიდან დიდი ყურადღება არ მიიქცია, რადგან მყვინთავები აღმოჩენილი ქანდაკებებით უფრო იყვნენ დაინტერესებული.

1902 წელს ბერძენმა არქეოლოგმა გამოიკვლია ეს ნივთი და აღმოაჩინა, რომ ის პატარა ნაწილებისგან შედგებოდა. ამ ნაწილებს შორის იყო სხვადასხვა ზომის კბილანა, რომელთაც დიდი სიზუსტით დამუშავებული სამკუთხა კბილები ჰქონდა. ეს მექანიზმი საათს ჰგავდა, მაგრამ მკვლევარების აზრით, ეს საათი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ასეთი საათები დაახლოებით 1 300 წლამდე ფართოდ არ გამოიყენებოდა.

ანდიკითირის მექანიზმთან დაკავშირებით ერთ სტატიაში ნათქვამია: «ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ 2000 წლის წინ საბერძნეთში არ იქნებოდა ასეთი სიზუსტით შექმნილი კბილანები. ისინი გამოჭრილი იყო ლითონისგან და ქმნიდა „კბილანების რთულ მექანიზმს“. კბილანებს მოძრაობაში მოჰყავდა ერთმანეთი». ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ასტროლაბის მსგავსი ხელსაწყო. ასტროლაბი არის საზომი ხელსაწყო, რომელსაც ერთ დროს იმისთვის იყენებდნენ, რომ ციურ სხეულთა განლაგების მიხედვით გეოგრაფიული განედი გამოეთვალათ.

და მაინც, ბევრს მიაჩნდა, რომ შეუძლებელი იყო, ეს რთული მექანიზმი 2000 წლის წინ გამოეგონებინათ. აქედან გამომდინარე, ისინი ასკვნიდნენ, რომ ეს მოწყობილობა არ იქნებოდა იმ დროს ჩაძირულ გემზე. თუმცა ერთი მეცნიერის აზრით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო არქიმედეს ლეგენდარული სფერო. ძვ. წ. პირველ საუკუნეში ციცერონმა აღწერა, რომ ეს სფერო იყო მექანიკური მოწყობილობა (პლანეტარიუმის მსგავსი), რომელიც მზის, მთვარისა და სხვა ხუთი პლანეტის მოძრაობის მინიატურულ მოდელს ქმნიდა. ამ პლანეტების მოძრაობის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა. მაგრამ, რამდენადაც ამ თეორიის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, მეცნიერებმა ანდიკითირის მექანიზმი ასტროლაბის მსგავს ხელსაწყოდ მიიჩნიეს.

დეტალური გამოკვლევა

1958 წელს ეს მექანიზმი დაწვრილებით შეისწავლა ფიზიკოსმა და ისტორიკოსმა დერიკ დე სოლა პრაისმა. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ მექანიზმის მეშვეობით შესაძლებელი იყო, განესაზღვრათ ძველი და ახალი ასტრონომიული მოვლენები, მაგალითად სავსემთვარობა. მისი აზრით, ციფერბლატზე გაკეთებული დანაყოფები მიუთითებდა დღეებსა და თვეებზე და ზოდიაქოს ნიშნებზე. მას უნდა ჰქონოდა მოძრავი ისრები, რომლებიც განსაზღვრავდა, როგორ იქნებოდა განლაგებული ციური სხეულები სხვადასხვა დროს.

პრაისმა დაასკვნა, რომ ყველაზე დიდი კბილანის მოძრაობა მზის მოძრაობას ასახავდა და შესაბამისად მისი ერთი სრული ბრუნი ერთ მზისიერ წელიწადს უდრიდა. თუ მეორე კბილანა, რომელიც პირველთან იყო დაკავშირებული, მთვარის მოძრაობას ასახავდა, მაშინ ორივე კბილანის კბილების ერთმანეთთან შეფარდება უნდა დამთხვეოდა მთვარის ორბიტის შესახებ ბერძნების მოსაზრებას.

1971 წელს პრაისმა ეს მექანიზმი რენტგენზე გააშუქა. მიღებულმა შედეგებმა მისი თეორიები განამტკიცა. ეს მექანიზმი რთული ასტრონომიული გამომთვლელი ხელსაწყო აღმოჩნდა. პრაისმა გააკეთა ამ მექანიზმის მუშაობის სავარაუდო ნახაზი და თავისი აღმოჩენა 1974 წელს გამოაქვეყნა. ის წერდა: „მსგავს ხელსაწყოს ვერსად შეხვდებით . . . ელინისტური ეპოქის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის შესახებ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროს სხვა ასეთი მექანიზმი არ არსებობდა“. თავიდან პრაისის ნაშრომებს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, თუმცა ზოგმა განაგრძო მისი წამოწყებული საქმე.

უახლესი გამოკვლევა

2005 წელს სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა მკვლევართა ჯგუფმა ამ მექანიზმის უმაღლესი ხარისხის სამგანზომილებიანი რენტგენული გამოსახულების მისაღებად აქსიალურ-კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენა. ამ გამოკვლევამ მეცნიერებს უფრო ნათლად დაანახვა მექანიზმის მუშაობის პრინციპი. როდესაც ადამიანი სახელურს გადაატრიალებდა, ერთმანეთთან დაკავშირებულ, სულ მცირე, 30 კბილანას მოძრაობაში მოჰყავდა მექანიზმის წინა და უკანა მხარეს გაკეთებული სამი ციფერბლატი. შედეგად შესაძლებელი იყო ასტრონომიული ციკლის გამოთვლა, მაგალითად მზის ან მთვარის დაბნელების განსაზღვრა, იმისათვის, რომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ დაეგეგმათ ოლიმპიური ან სხვა პანელინური თამაშები. ეს თამაშები, ჩვეულებრივ, ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში ათვლის წერტილად ითვლებოდა.

ეს ინფორმაცია ძველად ხალხს ბევრ რამეში ეხმარებოდა. ასტრონომიას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რადგან მზისა და მთვარის მდებარეობის მიხედვით შექმნილი კალენდრით საზღვრავდნენ თესვის პერიოდს. მეზღვაურები სანავიგაციოდ ვარსკვლავებს იყენებდნენ. ბერძნები ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ასტრონომიულ მოვლენებს. არსებობდა კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ იყო ასეთი ინფორმაცია ფასეული.

„ძველი ბაბილონელებისთვის მზისა და მთვარის დაბნელების განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს ცუდის მომასწავებელი იყო, — წერს მარტინ ალენი, ანდიკითირის მექანიზმის ერთ-ერთი მკვლევარი. — ამ მექანიზმს შესაძლოა ქვეყნის მმართველები თავიანთი მიზნებისთვის, ხალხზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებდნენ და მის არსებობას საიდუმლოდ ინახავდნენ. შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ამ მექანიზმის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით“.

ამ მექანიზმის შესახებ რა მოსაზრებაც არ უნდა არსებობდეს, ფაქტია, ეს აღმოჩენა უტყუარი მტკიცებაა იმისა, რომ ძველ საბერძნეთში ასტრონომია და მათემატიკა, რომლებიც ძირითადად ბაბილონელთა მდიდარ გამოცდილებას ეფუძნებოდა, იმაზე მეტად იყო განვითარებული, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ერთ ჟურნალში ნათქვამია: „ანდიკითირის მექანიზმის აღმოჩენამ კიდევ ერთხელ განამტკიცა ჩვენი წარმოდგენა უძველეს ტექნოლოგიურ მიღწევებზე და ახალი თვალით დაგვანახვა იმდროინდელი მსოფლიო“ (Nature).

[ჩარჩო 26 გვერდზე]

ვინ გამოიგონა?

როგორც ჩანს, ანდიკითირის მექანიზმის მსგავსი სხვა მექანიზმებიც არსებობდა. მარტინ ალენი წერს: „ეს მექანიზმი უნაკლოდაა გაკეთებული. ყველა ნაწილი რაღაც ფუნქციას ასრულებს. მას არა აქვს ზედმეტი ნახვრეტები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ მექანიზმის გამკეთებელს უკვე ჰქონდა გამოცდილება. ალბათ, მას არაერთი ასეთი მექანიზმი ექნებოდა გაკეთებული“. ვინ გააკეთა ის და რა იყო მისი სხვა ნამუშევრები?

ახლახან ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ მექანიზმის ციფერბლატზე ეწერა თვეების სახელები, რაც მზისა და მთვარის დაბნელების დროის გამოთვლას ხდიდა შესაძლებელს. ეს სახელები კორინთული წარმოშობისა იყო. ამის საფუძველზე მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ მექანიზმით ერთ კონკრეტულ მხარეში მცხოვრები ხალხი სარგებლობდა. ზემოაღნიშნულ ჟურნალში ნათქვამია: „სავარაუდოა, რომ მას იყენებდნენ საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კორინთის კოლონიებში ანუ სიცილიის სირაკუსაში, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ეს მექანიზმი არქიმედეს დროს უკვე არსებობდა“.

რატომ არ მოაღწია ჩვენამდე მისმა მსგავსმა სხვა მექანიზმმა? „ბრინჯაო ფასეული და ადვილად გადასამუშავებელი ნედლეული იყო, — წერს ალენი. — ამიტომ იშვიათად თუ პოულობენ ბრინჯაოს უძველეს ნაკეთობებს. დღემდე მოღწეული ძველი ბრინჯაოს ნივთები უმეტესწილად ზღვის ფსკერზეა ნაპოვნი, რადგან ასეთ ადგილებში ბრინჯაოს მაძიებლები ვერ აღწევდნენ“. ერთი მკვლევარი ამბობს: „ეს ნივთი მხოლოდ იმიტომ მოვიდა ჩვენამდე, რომ ბრინჯაოს გადამდნობლებს არ ჩაუვარდა ხელში“.

[დიაგრამა⁄სურათები 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ანდიკითირის მექანიზმის მუშაობის პრინციპი

1. წინა ციფერბლატი განსაზღვრავდა მთვარის ფაზებს და მზისა და მთვარის მდებარეობას. ის აგრეთვე უჩვენებდა მზისიერი კალენდრის დღესა და თვეს, ასევე მზის (და ხილული პლანეტების) მდებარეობას ზოდიაქოს თანავარსკვლავედებში.

2. უკანა მხარის ზედა ციფერბლატი უჩვენებდა, მთვარისმიერი თვეებისა და მზისიერი წელიწადების მიხედვით როდის უნდა ჩატარებულიყო პანელინური თამაშები

3. უკანა მხარის ქვედა ციფერბლატის მეშვეობით განსაზღვრავდნენ მზისა და მთვარის დაბნელების დროს

[სურათები]

წინა ხედი

უკანა ხედი

[საავტორო უფლება]

Both photos: ©2008 Tony Freeth/Antikythera Mechanism Research Project (www.antikythera-mechanism.gr)

[სურათი 26 გვერდზე]

მექანიზმის უკანა მხარის ციფერბლატები შესაძლოა ასე გამოიყურებოდა

[საავტორო უფლება]

©2008 Tony Freeth/Antikythera Mechanism Research Project (www.antikythera-mechanism.gr)

[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]

All photos: ©2005 National Archaeological Museum/Antikythera Mechanism Research Project (www.antikythera-mechanism.gr)